მებოცვრეობის თავისებურებანი _ როგორ დავიწყოთ ბოცვრის მოშენება

ბოცვერი – სასოფლო-სამეურნეო ცხოველებიდან თავისი მიმზიდველობით, ყველაზე მეტად იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

დღეს ცნობილია ბოცვრის მრავალი ჯიში და ჯიშური სახესხვაობა. სოფლის მეურნეობაში ბოცვრის მოშენება იძლევა კარგ ფინანსურ მოგებას. ამ საყვარელ ცხოველს აშენებენ ორმოებში, სააგარაკე ნაკვეთებზე და ოჯახურ პირობებშიც კი.

ბოცვერი გამოირჩევა მოვლა-შენახვისა და კვების ინდივიდუალური თავისებურებებით, ამიტომ ამ ბიზნესის ყველა ნიუანსის ცოდნა აუცილებელია.

რა უნდა ვიცოდეთ ბოცვრის შესახებ

ბოცვერი სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს შორის ყველაზე მალმწიფადი და ნაყოფიერი ცხოველია. ერთი დედლისგან თავისი ნამატით წლის განმავლოვაში შესაძლებელია მივიღოთ 50 კგ ხორცი და 30 ტყავი. ბოცვრის ტყავი გამოიყენება, როგორც ნატურალური სახით, ასევე სხვა ძვირფასი ბეწვეულის საიმიტაციოდ.

ბოცვერი მიეკუთვნება კურდღლისებრთა ოჯახს ( Oructolagus cuniculus). მიუხედავად მისი კურდღელთან დიდი გარეგნული მსგავსებისა, იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან თავისი ბიოლოგიური თავისებურებებით.

კურდღლის მაკეობა გრძელდება 50 დღე, ბოცვრის – 30. ბოცვრის ბაჭიები იბადებიან თვალდახუჭულები, ტიტვლები, ორი-სამი კვირის განმავლობაში იმყოფებიან დედასთან ერთად, მაშინ როდესაც კურდღლისა სულ რაღაც 4-5 დღე. ბოცვრის ახლადდაბადებული ბაჭიების ცოცხალი მასა დამოკიდებულია ბუდეში არსებული ბაჭიების რაოდენობაზე, კვებაზე და ჯიშზე. მათი მასა მერყეობს 60-დან 90 გ-მდე. დედალ ბოცვერს ოთხი წყვილი სარძეო ცური აქვს. იგი დღე-ღამეში გამოყოფს 50 – დან 200 გ-მდე რძეს, რომელიც მაღალი ყუათიანობით ხასიათდება.

ბოცვრის რძე შეიცავს 10-20 % ცხიმს, 13 -% ცილას, 1,8-2,1 % რძის შაქარს, 0,64 % კალციუმს, 0,4 % ფოსფორს.

ბოცვრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-7 წელია. სამეურნეო მიზნით გამოიყენება 3-4 წლის ასაკამდე.

გარეული ბოცვერი შინაურთან შედარებით პატარა ტანისაა, საშუალოდ 2კგ-ს იწონის. იკვებება მცენარეული საკვებით, ცხოვრობს კოლონიებად. ითხრის ორმოს და შიგ ბინადრობს. იგი ღამის ცხოველია – ღამით იკვებება და ნაშიერსაც ღამით ყრის. მოშინაურების შედეგად ბოცვერს მნიშვნელოვნად შეეცვალა ცოცხალი მასა, სხეულის სიგრძე, ექსტერიერი, ბეწვოვანი საფარველის შეფერილობა და ა. შ.

ბოცვრის ცოცხალი მასა მერყეობს 2-დან 8 კგ-მდე, ნაყოფიერება საშუალოდ 7-8 ბაჭია. აქვს წაგრძელებული ფორმის სხეული, მოკლე კუდი, გრძელი ყურები 5-7 სმ. ახალშობილ ბაჭიას აქვს 16 სარძეო კბილი, ზრდასრულ ცხოველს – 28 კბილი. წვრილი ნაწლავის სიგრძე მერყეობს 250-300 სმ-ის ფარგლებში, ხოლო მსხვილი ნაწლავის სიგრძე 120-140 სმ-ს შეადგენს. ბოცვრის კუჭი ერთკამერიანია, 6-8 სმ სიგრძის. ბალახს ინელებს 2-3 საათის, ხოლო კონცენტრირებულ საკვებს 3-5 საათის განმავლობაში.

ტყავის მასა, ცხოველის საერთო მასის 18 %-ს შეადგენს. ტყავის სიდიდის მიხედვით არჩევენ: მსხვილი, რომლის ფართობია 1900 კვ.სმ , წვრილი -1300კვ.სმ-ზე ნაკლები ფართობით. ბოცვრის ბეწვი გამოიყენება საგალანტერიო ნაწარმის დასამზადებლად. სათივთიკე ჯიშის ბოცვერი თივთიკის მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. ზრდასრული ცხოველი წელიწადში 600-800 გრ. თივთიკს იძლევა.

ბოცვრის სხეულის ნორმალური ტემპერატურა მერყეობს 38-390C-მდე. ზამთარში დახურულ შენობაში შენახვის პირობებში სხეულის ტემპერატურა იკლებს 370C-მდე, ხოლო ზაფხულში მატულობს 40-410C-მდე.

ბოცვერს ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებს – კოპროფაგია (ჭამს ღამის ფეკალს). ღამის ფეკალური მასა, როგორც გარეგნული, ასევე ქიმიური შემადგენლობით განსხვავდება დღის ფეკალისაგან. ღამისა შედარებით რბილი და ტენიანია, მდიდარია A ვიტამინით, დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინს (27-28%).

კოპროფაგია არის ბოცვრის ბიოლოგიური უნარი ორგანიზმში დააგროვოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიტამინები და უკეთესად გამოიყენოს პროტეინები.

რატომ უნდა მოვაშენოთ ბოცვერი

მებოცვრეობით დაინტერესებულმა პირმა უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეს, რომ ბოცვრის მოშენების სამი ძირითადი მიზეზი არსებობს. ესენია:

დიეტური ხორცი – ადვილადმოსანელებელი დაბალკალორიული ბოცვრის ხორცი, გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობითა და ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებლით. იგი რეკომენდებულია ბავშვებისათვის. მოხუცებისათვის და იმ პირთათვის, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ასევე უჩივიან ჭარბწონიანობას.

ძვირფასი ტყავ-ბეწვეული – ბოცვრის მაღალხარისხიანი ქურქი არაფრით არ ჩამოუვარდება წავისას, თუმცა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია სპეციალური ჯიშების მოშენება (რუხი გოლიათი, შინშილა).

სახლის ბინადარნი – ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან დეკორატიული და ჯუჯა ბოცვრები, რომლებსაც ყველაზე ხშირად სახლის პირობებში აშენებენ. ისინი კარგად ეწყობიან ბავშვებს და ამასთანავე ადვილად მოსავლელებიც არიან.

რა არის აუცილებელი ბოცვრის მოსაშენებლად

ვიდრე ბოცვრის მოშენებით დავკავდებით, უნდა დავრწმუნდეთ იმაში თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ისინი სოფლის თუ სახლის პირობებში. ამისათვის უნდა მომზადდეს წარმატებული ბიზნესის აუცილებელი შემადგენლები.

შენახვის სისტემები

ბოცვრის მოსაშენებლად შესაფერისი შენობა-ნაგებობის შერჩევა ხდება მისი რაოდენობიდან და ჯიშური თავისებურებიდან გამომდინარე. ძირითადად ეს საკვებურებითა და სარწყულებლებით აღჭურვილი დიდი ზომის ხის საიმედო გალიებია.

სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ბოცვრის ნაყოფიერი მოშენებისათვის აგებენ ბადით შემოსაზღვრულ სპეციალურ ვოლიერებს, რათა ცხოველმა თავი ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში იგრძნოს. ზოგიერთი მებოცვრე უპირატესობას ბოცვრის ორმოში მოშენებას ანიჭებს. ამისათვის ითხრება დიდი ზომის სორო და ეწყობა უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის ყველა წესის შესაბამისად.

კვება

კვების საამქრო სავსე უნდა იყოს ბოცვრის სპეციალიზირებული საკვებით, 2-3 თვეზე გათვალისწინებული მარაგით.

ბოცვერი ბალახისმჭამელი ცხოველია. აღნიშნულის გამო მისი შენახვა ადვილია. ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ძირითად საკვებად სასურველია გამოყენებული იქნას მწვანე საკვები, ბუნებრივი და ნათესი ბალახის სახით. მწვანე საკვები აკმაყოფილებს ბოცვრის ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულფასოვან ცილებზე, ნახშირწყლებზე, ვიტამინებზე, და მინერალურ ნივთიერებებზე. ამ სახის საკვებს შორის განსაკუთრებით კარგია პარკოსანი და პარკოსან-მარცვლოვანი ბალახნარევი, რომელთა შორისაა იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, ცერცველა და სხვ. მათი შეტანა ბოცვრის ულუფაში საშუალებას იძლევა შემცირდეს მარცვლის მიცემა ორჯერ და ამით გაიაფდეს ბოცვრის კვება.

გაზაფხულზე ბოცვერს ბალახი უნდა მიეცეს მცირე დოზით, მოზარდს – 60 გ-ის ოდენობით, ხოლო ზრდასრულს – 150 გრამი.

შემოდგომით ბოცვრის საკვებად შესაძებელია გამოყენებული იქნეს კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლის ფოთლები.

ზამთარში ბოცვერს საკვებად უნდა მოუმარაგდეს თივა და სხვადასხვა მარცვლეული. იმისათვის, რომ ცხოველთა კვება სრულფასოვანი იყოს, ხოლო მათი ხორცი განსაკუთრებულად გემრიელი, მას დამატებით კვებავენ სპეციალიზირებული კომბინირებული საკვებით.

უხეში საკვებიდან ბოცვერს თივის გარდა, ეძლევა ნამჯაც. განსაკუთრებით კარგია პარკოსანთა თივა, რომელიც ზრდასრულ ინდივიდს დღე-ღამეში ეძლევა 100-200გ.

წვნიანი საკვებიდან აღსანიშნავია სტაფილო, ჭარხალი, მიწავაშლა, კომბოსტო. ზამთრის პერიოდში ამ ტიპის საკვები ავსებს ვიტამინების დანაკლისს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ზრდასრულ ბოცვერს წვნიანი საკვები შეიძლება მიეცეს 500-600 გ, ხოლო მოზარდს – 350-400 გ.

კონცენტრირებული საკვებიდან ძირითადია მარცვლეული – ქერი, შვრია და სიმინდი. მცირე რაოდენობით შეიძლება საკვებად გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახის კოპტონი, ქატო და კომბინირებული საკვები. ბოცვრის კვებაში კონცენტრატების დამატების საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, თუ რამდენად კარგად იქნება უზრუნველყოფილი იგი ძირითადი საკვებით – ზაფხულში მწვანე ბალახით, ხოლო ზამთარში თივით.

დაგრილების წინა პერიოდში ბოცვერს უნდა ჰქონდეს კარგი ნასუქობა. მამლის სქესობრივი აქტივობა და სპერმის ხარისხი დამოკიდებულია საკვებში ცილების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების არსებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკვები მდიდარი უნდა იყოს პროტეინებით (კოპტონი, მარცვალი 20-30 გ), ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით (ხორცის და ძვლის ფქვილი 2-4 გ).

საყუათო ნივთიერებების ნაკლებობა აფერხებს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას, ამიტომ ულუფაში შეტანილი ინდა იქნეს კომბისაკვები, შვრია, პარკოსნის მარცვალი (80-100გ), მწვანე საკვებიდან სტაფილო, სილოსი. ვიტამინებიდან – თევზის ქონი (2გ). ბოცვრის კვება ლაქტაციის პერიოდში უნდა წარიმართოს ძირითადად სხვადასხვა კონცენტრატული და წვნიანი საკვებით. ულუფაში კონცენტრატების წილი უნდა გაიზარდოს 60-70%-მდე, ბოცვერს უნდა მიეცეს შვრია, სიმინდი, ხორბლის ქატო (60-80 გ), ძვლის ფქვილი (3-4გ). ბაჭიების ასხლეტა ხდება _ 30-45 დღის ასაკში. აღნიშნულ პერიოდში მოზარდის ულუფა უნდა შედგებოდეს მაღალი ყუათიანობის და ადვილად ასათვისებელი საკვებისაგან, ასეთებია ახლად წამოზრდილი ბალახი ან ვიტამინებით მდიდარი პარკოსანი, თივა, შვრია და ა.შ.

ბოცვრის შეძენა

ბოცვრის შესაძენად საუკეთესო ადგილია ფერმა. გასაყიდი ბოცვერი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფიზიკურ მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს:
• სხეულის კარგი ნასუქობა;
• ნათელი (სიმღვრივის გარეშე) თვალები;
• მბრწყინავი მჭიდროდ განლაგებული ბეწვი;
• აქტიური ქცევა;
• მშრალი ცხვირი
• სუფთა ვარდისფერი ყურები და სხვ.
ჯანმრთელობა – მთავარი ფაქტორია ბოცვრის წარმატებული მოშენებისათვის. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ერთ დაავადებულ ბოცვერს შეუძლია ადვილად დაასნებოვოს სხვა დანარჩენები. ამიტომ დაავადებული სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი ცალკე გალიაში. ინფექციის საწინააღმდეგო სამკურნალო პროფილაქტიკა კი განურჩევლად, ყველა ბოცვერს უნდა ჩაუტარდეს.

მოსალოდნელი ხარჯები დამწყები ფერმერისათვის

ბოცვრის მოშენებისათვის ფერმაში ან სახლის პირობებში საჭიროა გარკვეული ფულადი დანახარჯების გაწევა. ზუსტი თანხის განსაზღვრა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ბოცვრის მოშენებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი შენაძენების განსაზღვრა. ესენია:

ბოცვრის სადგომების დასამზადებლად საჭირო მასალა ან მზა გალიები. იმისათვის რომ ცხოველი მოვაშენოთ, მას უპირველეს ყოვლისა ესაჭიროება შენახვის საიმედო პირობები. ამისათვის კი საჭირო იქნება იარაღები, ხის მასალა, მავთულის ბადე ან მეტალის მავთული, საკეტები, ლურსმნები, ქანჩები. თუ მოსაშენებლად გამოყებენული იქნება ორმოები, მაშინ კედლები უნდა შემოიღობოს შიფერით, იმისათვის რომ არ ჩამოიშალოს.

ბოცვრის შესყიდვა. იმისათვის, რომ ბოცვერი იძლეოდეს არამარტო ძვირფას ბეწვს, არამედ ადვილადმოსანელებელ ხორცს, საჭიროა შეძენილი იქნეს ბოცვრის საუკეთესო ჯიშების (რუხი გოლიათი, შინშილა, ქართული სახორცს-ტყავ-ბეწვეული) მოზარდი. მაშინ მათი მოშენებაDდროთა განმავლობაში საკმაოდ მომგებიანი გახდება.

საკვების შეძენა. ბოცვრის მოშენება საჭიროებს მისთვის სპეციალიზირებული საკვების შეძენას საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით. თივა, მარცვალი, კომბინირებული საკვები – ყოველივე ეს დამატებითი ხარჯებია.

ვეტერინარული მომსახურეობა. დროულად ჩატარებული აცრები და ვეტერინარის დაკვირვებები – ცხოველთა ჯანმრთელობის და ნაყოფიერების გარანტია.

ბოცვრის გადაყვანაც საჭიროებს ხარჯებს – ესაა ბენზინი, სპეციალიზირებული ავტომობილის არენდა.

ბოცვრის მსხვილი საწარმოები საჭიროებენ მიწისა და შენობების არენდის გადასახადს.

დაქირავებული მუშების ხელფასი. თუ დაგეგმილია ბოცვრის დიდი რაოდენობით მოშენება ფერმაში ან ორმოში, სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება მომსახურე პერსონალის გარეშე. სახლის პირობებში შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოების საკუთარი ძალებით შესრულება.
სტაბილური ბაზრის პირობებში პირველადი დანახარჯების ამოღება შესაძლებელია 2-3 წლის განმავლობაში.

მებოცვრისეობისათვის აუცილებელი ინვენტარის შესახებ

გალია _ ზემოთ უკვე იყო საუბარი გალიის შემადგენელ დეტალებზე. აღსანიშნავია, რომ ბოცვრის ხორცის ხარისხი პირდაპირ კავშირშია გალიაში არსებულ სისუფთავესა და კეთილმოწყობასთან. გალიასა თუ ორმოში უნდა იყოს კარგი ვენტილაცია, ექსკრემენტების გასატანი მოწყობილობა და უნდა ხერხდებოდეს ჰაერის ტემპერატურის რეგულაცია. გალიაში უნდა იყოს:

საკვებური _ მოზარდისათვის მისი სიგრძე უნდა შეადგენდეს 5-7 სმ-ს, ზრდასრულთათვის – 10 სმ, ხოლო მაკე ბოცვრისთვის – 40 სმ.
საწყურებელი. იმისათვის რომ ცხოველთა ექსკრემენტები არ მოხვდეს საწყურებლებში ისინი მოთავსებული უნდა იყოს 7-8 სმ-ის სიმაღლეზე ბაჭიებისთვის და 10-12 სმ-ის სიმაღლეზე მოზრდილებისთვის.

ბოცვრის დასაკლავი მოწყობილობა

ბოცვრის მოშენების დროს, ნაკლავის ჩამოსაკიდად სპეციალური მოწყობილობის არსებობა ისევე აუცილებელია, როგორც გალია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბეცვერს ხორცისა და ტყავის მისაღებად აშენებენ. შინაურ პირობებში იყენებენ სპეციალურ საკიდარს. იგი წარმოადგენს ლითონის მილს ორი წაწვეტებული ბოლოთი და უმაგრდება კაუჭს.
ბოცვრის წარმოებაში მოშენების დროს დასაკლავად იყენებენ სპეციალიზირებულ მოწყობილობას. ჯერ ახდენენ ბოცვრის ელექტრო-გათიშვას, შემდეგ კი მოძრავ კონვეირზე ნაკლავის სისხლიდან დაცლას.

ტყავის გამოსაყვანი მოწყობილობა

ეს ინვენტარი ესაჭიროება იმ მებოცვრეებს, რომლებსაც ბოცვრის მოშენება და საკუთარი ბიზნესის წამოწყება ტყავ-ბეწვეულის გაყიდვით სურთ. ტყავის გამოსაყვანად საჭიროა შემდეგი პროცესების ჩატარება: დასველება, ცხიმის მოცილება, თრიმლვა, ჩალბობა, შრობა.
ორმოს აგება
იმისათვის, რომ ბოცვერი ორმოში მოვაშენოთ, საჭიროა მისი სწორად მოწყობა. სიღრმე უნდა იყოს დაახლოებით 1 მ, სიგანე – სურვილისამებრ. ორმოში მოშენებას გააჩნია როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებებიც:
უპირატესობებია:
• არ საჭიროებს დიდ ფინანსურ დანახარჯებს;
• მცირე ფართობის ორმო ბოცვრის დიდი ოდენობით სულადობას იტევს;
• არის კარგი ვენტილაცია და სრულადაა აღკვეთილი ორპირი ქარი;
ნაკლოვანებებია:
• მრავალრიცხოვანი დაავადებებით გამოწვეული ზრდის დაბალი ინტენსივობა;
• მკვდარი ნაყოფის შობა და ერთმანეთის დასახიჩრება;
• მამრებს შორის ხშირი ჩხუბი;
• დაავადებული ბოცვრების გამოვლენასთან დაკავშირებული სირთულეები.

ბოცვრის მოშენების თავისებურებანი

ბოცვრის მოშენება საჭიროებს არამარტო ფინანსურ დანახარჯებს, არამედ საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და დროს. გარკვეული სახეობები საჭიროებენ სპეციალიზირებულ კვებასა და მოვლა-პატრონობას. ამიტომ, ვიდრე ბოცვრის ახალ სახეობას შეიძენდეთ, საჭიროა დაწვრილებით გაეცნოთ მათი მოვლა-შენახვისა და მოშენების თავისებურებებს.
• კომფორტული საარსებო პირობები – ხარისხიანი შეწყვილებისა და ჯანმრთელი შთამომავლობის მიღებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
• მაღალხარისხიანი დაბალანსებული კვება – მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
• მინიმალური სტრესები – უზრუნველყოფს შეწყვილების მრავალრიცხოვნებას.

ბოცვერი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3,5-4 თვის ასაკში, თუმცა ამ ასაკში მათი შეწყვილება არ არის რეკომენდებული. უმჯობესია დაველოდოთ მათი ორგანიზმის სრულ განვითარებას და მხოლოდ მაშინ ვიფიქროთ შთამომავლობის მიღებაზე.

შეწყვილების ჩასატარებლად ჯანმრთელ მდედრს სვამენ მამრთან. შეწყვილების დასრულების შემდეგ, მას იმეორებენ 5-6 დღის შემდეგ. თუ მდედრი მამრს აღარ მიიკარებს, ეს იმას ნიშნავს რომ იგი განაყოფიერდა. მაკე ბოცვერი უნდა იყოს ცალკე გალიაში, სადაც მოგვიანებით იგი ბაჭიებს გამოზრდის.

ბოცვრის მოშენებით მიღებული სარგებელი

მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა სუფევს ოპტიმისტ-თეორეტიკოსებსა და პესიმისტ-პრაქტიკოსებს შორის, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბოცვრის მოშენება მომგებიანია. სამი თვის ასაკში, ბოცვერი შეიძლება იწონიდეს 3 კგ-ს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არცერთი ცხოველი არ იძლევა ხორცის ამხელა სუფთა წონამატს.

ბოცვერი მრავლდება მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ხდება შთამომავლობის რიცხოვნობის მუდმივი ზრდა. თუ 1 მდედრი წელიწადში 45-60 ბაჭიას შობს და თითოეული მათგანი 3 თვის შემდეგ აღწევს 3 კგ-ს, მაშინ გამოდის, რომ 60 ბაჭია – ეს 180 კგ ხორცია.

მებოცვრეობის რენტაბელობა პირდაპირკავშირშია საკვების ღირებულებასთან და ცხოველთა მოვლა-შენახვასთან. მინიმალური ფულადი დანახარჯებით ბოცვრის სათანადო მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის შემთხვევაში, ეს ბიზნესი იძლევა მნიშვნელოვან მოგებას.

ჯემალ გუგუშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი,
მარინე ბარვენაშვილი,
სოფლის მეურნეობის დოქტორი