აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

თესლისა და სარგავი მასალის წარმოება, შენახვა და მომზადება დასათესად და დასარგავად

თესლისა და სარგავი მასალის წარმოებაში ნებისმიერი მინდვრის კულტურის სათეს მასალას თესლს უწოდებენ. საჭიროა განვასხვავოთ ბოტანიკური ცნებები ,,თესლი” და ,,ნაყოფი”.
თესლი წარმოიქმნება თესლკვირტის (კვერცხუჯრედის და ცენტრალური უჯრედის) ორმაგი განაყოფიერების შედეგად. ის შედგება ჩანასახისაგან, სამარაგო ნივთიერებებისა და თესლის გარსისაგან. ეს უკანასკნელი წარმოიქმნება თესლკვირტის კედლებისგან.

ნაყოფი ფორმირდება ბუტკოს ნასკვისაგან. შედგება ერთი ან რამდენიმე თესლისაგან, რომელიც გარდა თესლის გარსისა დაფარულია ნაყოფის გარსითაც. ეს უკანასკნელი წარმოიქმნება ნასკვის კედლისაგან (ხორბალი, ქერი, ესპარცეტი, მზესუმზირა და სხვა). თუ ნაყოფის წარმოქმნაში მონაწილეობს კიდევ სხვა ნაწილები (გვირგვინის ფურცლები, მტვრიანები, კილი და ა.შ.), მას ცრუ ნაყოფს უწოდებენ (გოგრა, საზამთრო და სხვ.).

იმის მიხედვით, თუ საკვები ნივთიერება, რომელსაც თესლი იყენებს ჩანასახის განვითარებისათვის, თესლის რომელ ნაწილშია დაგროვილი ანსხვავებენ სამ ტიპს; ენდოსპერმიანი თესლი–საკვები ნივთიერება დაგროვილია ენდოსპერმში (ხორბალი, ქერი, სიმინდი, ჭვავი, ყაყაჩო და სხვა), უენდოსპერმო–საკვები პლასტიკური ნივთიერება ლოკალიზებულია ჩანასახის ლებნებში (ბარდა, ოსპი, ლობიო, ბამბა და სხვ.) და პერისპერმიანი თესლი–საკვები ქსოვილი ფორმირდება ნუცელიუსის უჯრედებისაგან და მოთავსებულია თესლში (მაგალითად, ჭარხალი).

მინდვრის კულტურის ნაყოფების კლასიფიკაცია და სათესლე მასალის ფორმა, მათში სამარაგო ნივთირებების დაგროვება

მცენარის გენერაციული განვითარება იწყება ყვავილობის ფაზიდან თვითდამტვერვის (ხორბალი, ქერი, ბარდა და სხვა), ან ჯვარედინი დამტვერვით (სიმინდი, ჭვავი, წიწიბურა, სამყურა და სხვა) და ორმაგი განაყოფიერებით წარმოიქმნება თესლი (ნაყოფი). მომწიფებულ ჩანასახის პარკში ერთი სპერმია უჯრედი შეერწყმის კვერხცუჯრედს და წარმოიქმნება თესლის ჩანასახი, ხოლო მეორე სპერმია უჯრედის მეორად უჯრედთან შერწყმით სამარაგო ნივთიერება-ენდოსპერმი.

მარცვლოვან კულტურებში მარცვლის წარმოქმნა.

თესლი და ნაყოფი წარმოადგენენ მცენარის ემბრიონალურ განვითარების ეტაპს. გამონასკვიდან სიმწიფის დაწყებამდე თესლი რთულ გარდაქმნებს განიცდის. ეს პროცესი ცნობილია თესლის განვითარების ფაზების სახელწოდებით. დააზუსტდა, რომ მარცვლოვან მცენარეებში მარცვლის წარმოქმნა მოიცავს სამ ეტაპს: მარცვლის ფორმირება, ამოვსება და მომწიფება. მარცვლის წარმოქმნის ეს ეტაპები დაყოფილია ფაზებად: ლაბისებრი, რძისებრი და ცომისებრი; სანთლისებრი და სრული სიმწიფე.

თესლის განვითარების თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა და მათი სპეციფიკა დამოკიდებულია კულტურის, თვით ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებზე და იმ პირობებზე, რომლებშიც მიმდინარეობს თესლის განვითარება.

მცენარეებს თესლისა და ნაყოფწარმოქმნის ერთნაირი, ზოგადბიოლოგიური კანონზომიერება ახასიათებს. თესლის წარმოქმნის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენიანობას. თუ ის 40–35%- მდე დაქვეითდა, რაც ბიოლოგიურად ტენიანობის ქვედა ზღვარს წარმოადგენს, მცენარეში იწყება ცილოვანი ნივთიერებების კოაგულაცია, რომლის შემდეგ თესლში ვეღარ აღდგება ტენის შეთვისება და პლასტიკური-სამარაგო ნივთიერებების დაგროვება.

მარცვლის ფორმირების პირველ ეტაპზე აზოტოვანი ნივთიერებების დაგროვება 40–50% აღწევს. რძისებრ სიმწიფეში ეს პროცესი კიდევ უფრო ძლიერდება და სანთლისებრი სიმწიფის ფაზაში პრაქტიკულად წყდება.

მარცვალში ცილის შემცველობის 2/3 სინთეზდება მცენარის ვეგეტატიურ ორგანოებში, ხოლო 1/3 ფესვებსა და მარცვალში დაგროვილი აზოტის რეუტილიზაციის ხარჯზე. მცენარეში კი აზოტის 50% ფოთლების, 20–30% ღეროსა და 10–30% ფესვებისა და თავთავის მეშვეობით შეითვისება.

მარცვალში ცილის სინთეზი ხორციელდება აზოტოვანი ნივთიერებების ნაკადით მარცვლის შევსების დაწყებამდე. სახამებლის დაგროვება კი ფოტოსინთეზის მეშვეობით მარცვლის ამოვსების პერიოდში.

ნიშანდებული ატომების მეთოდით დადგენილია, რომ მარცვალში პლასტიკური ნივთიერებების დაგროვება სანთლისებრი სიმწიფის ფაზის დასაწყისშიც მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა. მარცვალი თავისი

მასის მაქსიმუმს აღწევს სანთლისებრი სიმწიფის შუა პერიოდში და მას ინარჩუნებს სრული სიმწიფის დაწყებამდე. სრულ სიმწიფეში გადასვლიდან 5–6 დღის შემდეგ მარცვლის მასა დაქვეითებას განიცდის.

მარცვლის შევსებაზე და პლასტიკური ნივთიერებების დაგროვებაზე დიდ გავლენას ახდენს ამინდის და აგროტექნოლოგიური პირობები. მშრალი და ცხელი ამინდისა და ნიადაგის ტენის უკმარისობის პირობებში მარცვლის შევსების პროცესი ნელდება და ამოვსებული თესლის დასრულება ფერხდება. ტენიანი ამინდის პირობებში კი თესლის დასრულების პერიოდი ხანგრძლივდება და სრული და მსხვილი თესლი მიიღება, თუმცა ასეთი პირობები აგვიანებს მოსავლის აღებას.

ავთანდილ კორახაშვილი,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, 

„მემინდვრეობა“