ვაზის საყრდენი სისტემა

ვაზის  საყრდენი სისტემა  მწკრივში 5-7 მეტრის დაშორებით, ნიადაგში 50 სმ-ს სიღრმეზე ჩასობილ, 5სმ. დიამეტრის ან 5×5 განიკვეთის მქონე 2მ. სიგრძის ბოძებს წარმოადგენს, რომელზეც სამ რიგად დამაგრებულია კავები, 3მმ დიამეტრის გაჭიმული მავთულებითა და მათზე მიმაგრებული ვაზით (კავები დამაგრებულია ბოძების  იმ ზედაპირებზე  რომელიც მწკრის პარალელურია).

მცენარეზე წარმოქმნილი ყველა სახის დატვირთვას (მტევნების წონა, ქარი) მავთულების მეშვეობით გადაეცემა  საყრდენი სისტემას, რომილის დანიშნულება მავთულებზე მიმაგრებულ ვაზის, ქარისა თუ სხვა დატვირთვის  პირობებში, ვერტიკალური მდებარეობის შენარჩუნებაა. კიდურა ბოძებზე ხისტად დამაგრებული და რიგით ბოძების კავებზე განლაგებული მავთულის ფუნქცია მხოლოდ მცენარის დაჭერა არ არის, იგი იმავდროულად ვენახის საყრდენი სისტემის მდგრადობასაც უზრუნველყოფს, რისთვისაც აუცილებელია:

1) ბოძების (კავების)  ერთ ხაზზე განლაგება და კავებზე განთავსებული მავთულების დაჭიმულობის შენარჩუნება – რთველის დამთავრებამდე.

2)  კიდურა ბოძების მდგრადობა.

ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შპალერზე ქარის და მტევნების წონით გამოწვეული დატვირთვა შეიძლება  ყველა ბოძს ერთდროულად და თანაბრად არ გადაეცეს, რის შედეგადაც კი შესაძლებელია ნიადაგის არაერთგვაროვნების გამო, რომელიმე  ნაკლებად მყარად დამაგრებულმა ბოძმა ვერ გაუძლოს დატვირთვას და მწკრივის მართებულად გადაიხაროს.  აღნიშნულის შედეგად კიდურა ბოძებს შორის მავთული დაგრძელდება. მაგალითად 100მ. სიგრძის მწკრივის შემთხვევაში, ბოძის წვერის 30 სმ-ით გადახრის დროს,  მავთული 1,8 სმ-ით ანუ 0,018% გრძელდება, რაც იმდენად უმნიშვნელოა მწკრივის სიგრძესთან შედარებით, რომ  ნებისმიერი მცირე  დატვირთვა საკმარისია ასეთი შედეგის მისაღებად  ნიადაგის, ბოძის და მავთულის დეფორმაციების ხარჯზე. (1,8 სმ-ით გრძელდება ბოძის წვეროებზე განთავსებული მავთული, ხოლო ქვედა მავთულები შესაბამისად 0,8 და 0.18 სმ-ით.   იხ. ნახაზი1.)  სწორედ ამან განაპირობა ბოლო პერიოდში საყრდენი სისტემების  მავთულების დამჭიმი მოწყობილობებით აღიჭურვა. თუმცა მავთულების საჭირო ხანგრძლივობით დაჭიმვას ეს კონსტრუქციაც კი  ვერ უზრუნველყოფს.

მავთულის გაჭიმვა , მავთულისა და კიდურა ბოძების სიმტკიცის პირობების გათვალისწინებით  გარკვეულ  ზღვარამდე შეიძლება (უკეთეს შედეგს მივიღებდით ალბათ მავთულების დაჭიმულობის შესანარჩუნებლად,  თუ მის ერთ მხარეს სიმძიმეებს ჩამოვკიდებდით).

მწკრივის სიგრძე როგორც წესი 100-150მ და უფრო მეტიცაა, 100მ სიგრძის მწკრივში სამ რიგად გაჭიმულ მავთულებზე ყურძნის მტევნების, დაახლოებით, 200 კგ. წონის და ქარით გამოწვეული დატვირთვები ზემოქმედებს (ჰექტარზე-50 მწკრივი საშუალოდ 10 ტონა მოსავალი). მწკრივის სიგრძის ზრდასთან ერთად შესაბამისად მატულობს ჯამური  დატვირთვა მავთულებსა და ბოძებზე. მავთულების დაჭიმვის მოქმედი მეთოდების გამოყენებისას  შპალერზე ქარით გამოწვეული დინამიური დატვირთვის პირობებში დროთა განმავლობაში ხდება კიდურა ბოძებს შორის გაჭიმული მავთულების   დაგრძელება,   რის გამოც რთველის წინა პერიოდში ყურძნის მტევნების სიმძიმის ძალით  მავთულები ჩაიღუნება ვერტიკალურ სიბრტყეში, ხოლო შპალერზე ქარის მოქმედებით მავთულები იღუნებიან ჰორიზონტალურ სიბრტყეში. იკარგება მავთულების სწორხაზოვნება, ამ დროს შესაძლოა შპალერზე ქარით გამოწვეული დატვირთა მავთულების მეშვეობით ერთ ან რამდენიმე ბოძს გადაეცეს და გამოიწვიოს მისი, (მათი) გადახრა. ბოძების გადახრა გრძელდება მავთულების ხელახლა დაჭიმვამდე, რის შემდეგაც აღდგება საყრდენი სისტემის  მდგრადობა, დეფორმირებული შპალერით. (რთველის დროს ზვარში ხშირად შეხვდებით მსგავს სურათს) აღნიშნულის გამო ყოველწლიურად გაზაფხულზე აუცილებელი ხდება ბოძების ვერტიკალურ მდგომარეობაში მოყვანა, მათი გასწორება და მავთულების ხელახლა დაჭიმვა. ეს კი ნიშნავს რომ მოქმედი საყდენი სისტემის კონსტრუქცია არ არის სრულყოფილი, იგი ვერ იძლევა  მდგრადობის მყარ  გარანტიას.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება თუ  კიდურა ბოძების ნაცვლად მავთულებით დავაკავშირებთ ერთმანეთთან მეზობელ ბოძებს. (n-1)-ჯერ (n მწკრივში ბოძების რაოდენობაა) მცირდება მტევნების წონით  და ქარით გამოწვეული მავთულებზე მოსული დატვირთვის სიდიდე, კერძოდ 100 მეტრიან მწკრივის შემთხვევაში  იგი 20-ჯერ მცირდება ანუ ბოძებს შორის გაჭიმულ 3 მავთულზე 10კგ. მტევნების წონა მოდის, ამდენჯერვე მცირდება ქარით გამოწვეული დატვირთაც-შესაბამისად  მცირდება საყრდენ სისტემაში დატვირთებისაგან გამოწვეული დეფორმაციები.

შესაძლებელი ხდება 3 მილიმეტრიანის ნაცვლად გამოვიყენოთ  1.5-2მმ დიამეტრის მავთულები, რომელთა გაჭიმვა 5-7 მეტრზე ხელითაც შესაძლებელია და რაც მთავარია მნიშვნელოვნად იზრდება  საყრდენი სისტემის მდგრადობა, რადგან ბოძების გადახრას ზღუდავს არა მარტო საკუთრივ ბოძის მდგრადობა ნიადაგში, არამედ მეზობელ ბოძებთან დამაკავშირებელი 5მეტრის სიგრძის  მავთულების  დაჭიმულობაც, (სუფთა გაჭიმვის დეფორმაცია) და დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ბოძებსა და მავთულებზე.

ისინი ერთობლივად უზრუნველყოფენ სისტემის მდგრადობას, მაშინ  როდესაც მოქმედ სისტემაში ბოძის გადახრა  იზღუდება   100მ სიგრძის  მავთულების  დაჭიმულობით  და სისტემის მდგრადობა ძირითადად განისაზღვრება ბოძების მდგრადობით.  შემოთავაზებულ ვარიანტში მდგრადობის უზრუნველსაყოფად  მავთულების ფუნქცია მნიშვნელოვნად იზრდება.

საყრდენი სისტემის მოწყობის ამ ვარიანტში კიდურა ბოძებზე მოსული დატვირთვებიც   მცირდება, თუმცა მისი მდგრადობის უზრუნველყოფა აუცილებელია, რისთვისაც  ცნობილი მეთოდების გარდა  შეიძლება ბოძის მიწისქვეშა ნაწილზე მწკრივის მართობულ ზედაპირზე  ხისტად  მივამაგროთ ლითონის ან პოლიეთილენის ფურცელი ზომით სიგრძე 50სმ. სიგანე 10-12სმ  ნიადაგის კატეგორიის გათვალისწინებით (ჟურნალი „მეცნიერება და კულტურა“2013წ. 11 სტატია „სიახლე ვაზის ჭიგოსთან  დაკავშირებით“).

საყრდენი სისტემის კონსტრუქცია კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება თუ საქართველოს პატენტის u1988 მოთხოვნის  შესაბამისად  კავებს დავამაგრებთ ბოძების სიმეტრიის ღერძზე მწკრივის მართობულ ზედაპირებზე და მავთულებით დავაკავშირებთ მეზობელ ბოძებთან. შეიცვლება მტევნების სიმძიმისაგან ბოძებზე მოსული დატვირთვის ხასიათი, ღუნვის ნაცვლად  ამ ძალების მოქმედებით ბოძები  იმუშავებს კუმშვაზე, რაც ზრდის მათ მდგრადობას და  აუმჯობესებს მუშაობის პირობებს,   მთლიანობაში კი განაპირობებს საყრდენი სისტემის ხანმედეგობის ზრდას.

მავთულის დაჭიმულობა  მეტნაკლებად ერთნაირი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქარის დატვირთვა შეიძლება მოვიდეს ერთ მავთულზე და  გაწყვიტოს იგი. (იხ.ნახაზი2)  შესაძლებელი ხდება გაიზარდოს ბოძებს შორის მანძილები, შემცირდეს  მათი რაოდენობა მწკრივში.  ამასთან უნდა  აღინიშნოს რომ საყრდენი სისტემის მონტაჟის  სამუშაოები  გარკვეულად  ძვირდება,  თუმცა იგი კომპენსირდება 3მმ-ანი  და   1,5-2 მმ-ანი მავთულების ფასთა სხვაობით, ასევე საგაზაფხულო სამუშაოთა მოცულობის შემცირებით

 

კავებიც იცვლის ფორმას (იხ.ნახაზი 3.) შემოთავაზებული კონსტრუქციის საყრდენი სისტემის ბოძების. მათ შორის მანძილის  და მავთულების განიკვეთის ზომების კორექტირება უნდა მოხდეს ბუნებრივ პირობებში ზვარში მათი გამოცდის  შედეგების მიხედვით.

ზაურ კაჭარავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *