დარგებიმცენარეთა დაცვა

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

რაც დრო გადის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებათა მავნებელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მიუხედავად დღეს არსებული მრავალი ქიმიური საშუალებებისა,  გაგაცნობთ მარტივ გზებს, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენებით მავნებელ დაავადებებს. 

ცნობილია ის ფაქტი, რომ ხახვისა და ნიორის ფოთლების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ხეხილისა და ვაზის აბლაბუდიანი ტკიპებისა და მცენარეული ტილების წინააღმდეგ. 

„აგრო საკონსულტაციო ცენტრი“ გთავაზობთ ნაყენის მომზადების წესს: ხახვის ან ნივრის დაქუცმაცებული მწვანე ნაწილების 200 გრ. ჩაყარეთ ვედროში, დაასხით 10 ლ. თბილი წყალი  და 4-5 დღის შემდეგ გაწურეთ. გირჩევთ, რომ აღნიშნული ნაყენი მცენარის ვეგეტაციის დროს გამოიყენოთ 3-ჯერ ხუთი დღის ინტერვალით, მავნებლების გამოჩენისთანავე.

ნახარში შემდეგნაირად მზადდება: ვედროში ჩაიყრება ხახვისა და ნივრის ფოთლები, ქერცლები, დაესხმება 10 ლიტრი მდუღარე წყალი. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადაიწურება და გამოიყენება შესასხურებლად (1:2 შეფარდებით წყალთან) იმავე მავნებლების წინააღმდეგ და იმავე ვადებში, როგორც ნაყენი.

არსებობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზა მავნებლების წინააღმდეგ. თამბაქოს ფოთლების, ყლორტების ჩამონამტვრევებისა და მტვრის ნაყენის ან ნახარშის სახით, შეგვიძლია დავამზადოთ “შესაწამლი საშუალება”,  რომელიც გამოიყენება ხეხილის მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ. 

ნაყენის მომზადების წესი: 400 გრ. ხმელ ნარჩენს ასხამენ 10 ლიტრ წყალს და ტოვებენ 2 დღე-ღამე. ამის შემდეგ წურავენ საცერში და უმატებენ 10 ლიტრ წყალს, მიმკვრელობის გასაზრდელად უმატებენ 40 გრ. საპონს და ასხურებენ ხეხილის მწვანე მასას 2-ჯერ 15 დღის ინტერვალით.

ნახარშის მომზადების წესი: 400 გრ ხმელ თამბაქოს  ნარჩენებს ასხამენ 10ლ წყალს და აჩერებენ  ერთი დღე-ღამე, შემდეგ ადუღებენ 2 საათს.  გაცივების შემდეგ უმატებენ 10 ლიტრ წყალს და შესხურების წინ უმატებენ 40 გრ. საპონს. ამავე წესით ამზადებენ თამბაქოს მტვრის ნახარშსაც.

წყარო: tomakhalvashi.ge