11 მეწარმეს, საგრანტო თანადაფინანსებით, 440 ათას დოლარამდე ღირებულების ინვენტარი გადაეცემა
საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულ 11 მეწარმეს, საგრანტო თანადაფინანსებით, 440 ათას დოლარამდე ღირებულების ინვენტარი გადაეცემა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)“ ფარგლებში, საგრანტო თანადაფინანსების გამარჯვებული მეწარმეების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის (SQIL) ხელშეწყობით, ბენეფიციარებს, თანადაფინანსების პრინციპით, მათი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო 440 ათას დოლარამდე ღირებულების ტექნიკა-დანადგარები გადაეცემათ. აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თანადაფინანსება საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულმა 11-მა ფერმერმა მოიპოვა, ჯამში, SQIL პროექტის საგრანტო მიმართულებას 930 ათასი დოლარის ღირებულების 36 გრანტი აქვს გაცემული.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, აღნიშნა, SQIL პროექტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საგრანტო მიმართულებას, არამედ საგანმანათლებლო ასპექტებს, მათ შორის, ტრენინგებს, სახელმძღვანელოების მომზადებასა და ფერმერთა გადამზადებას, ხელს უწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მესაქონლეობის დარგის განვითარებას.
5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მიზანია, საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.