2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასზე ზრდის ტენდენცია აღინიშნა
2025 წლის მონაცემები მიუთითებს, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციებს ამყარებს და ნელ-ნელა პრემიალურ სეგმენტში ინკვიდრებს თავს. საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა არა მხოლოდ მოთხოვნის, არამედ ხარისხზე ორიენტირებული სტრატეგიის შედეგია, რომელიც ვენახიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე ყველა ეტაპს მოიცავს.
საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მიანიშნებს, რომ ქართული ღვინო თავს იმკვიდრებს პრემიალურ სეგმენტში.
2025 წელს, ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა და 2.98 აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 2.91 აშშ დოლარს შეადგენდა.
სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და 6,17 აშშ დოლარს შეადგენს, მას მოჰყვება იაპონია – 5,77 აშშ დოლარი, სამხრეთ კორეა – 5.26 აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი – 5.19 აშშ დოლარი, გერმანია – 4.73 აშშ დოლარი, ჩინეთი – 3.14 აშშ დოლარი და პოლონეთი – 2,5 აშშ დოლარი.
„ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქართული ღვინის ხარისხი, რასაც შესაბამისად უნდა მოჰყვეს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა. ქართული ღვინო, გლობალურ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული, უმაღლესი ხარისხის, უნიკალური თვისებების მატარებელი. ამ ყველაფერზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ ვენახიდან და გავაგრძელოთ წარმოების პროცესში“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
ქართული ღვინის საექსპორტო ფასის მატება ცხადყოფს, რომ ხარისხზე, უნიკალურობაზე და კონკურენტუნარიანობაზე ორიენტირებული პოლიტიკა შედეგს იძლევა. სტრატეგიულ ბაზრებზე დაფიქსირებული მაღალი ფასები ადასტურებს, რომ სწორად შერჩეული მიმართულება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატების მთავარი წინაპირობაა.

