ბაზები (BUMBUS) _ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ეფექტური დამამტვერიანებლები
ფუტკრებთან ერთად, ბაზები ითვლებიან ერთ-ერთ საუკეთესო დამამტვერიანებელ მწერებად, რითაც მცენარეთა პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად იზრდება.
როგორც ცნობილია, ყვავილოვან მცენარეთა 80% იმისათვის, რომ მოგვცენ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი დამოკიდებულია მწერებზე. ასეთებს მიეკუთვნება 20 ათას სახეობაზე მეტი, მათ შორის ფუტკრები, ბაზები, პეპლები, ხოჭოები, კრაზანები და სხვა. მსოფლიოში ცნობილია ბაზების 250-მდე სახეობა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზედა განედზე, თუმცა აღინიშნება რამდენიმე ტროპიკული სახეობაც. ბაზები არიან საზოგადოებრივი მწერები, რომლებიც ქმნიან კოლონიებს ერთი მდედრით. თითოეული კოლონია მცირეა და საშუალოდ შეიცავს 50-მდე ინდივიდს. ისევე, როგორც ფუტკრები, ბაზები იკვებებიან ნექტრით, რისთვისაც იყენებენ თავის გრძელ ბეწვიან ენას, რითაც ყვავილის სითხეს იღებენ და კვებავენ თავის ბუდეში არსებულ ახალგაზრდა ინდივიდებს.
საქართველოში ბაზების რამდენიმე სახეობაა გავრცელებული, ესენია: Bumbus pratorum, B. hypnorum, B. sylvarum, B. subterraneus, B. hortorum, B. pascuorum, B. distinguendas, B. lapidarus, B. terrastri.
ბაზები ბუდეს იკეთებენ მიწაში, იყენებენ რა ამისათვის თაგვის ძველ სოროებს ან სხვა დაცულ ადგილებს, ერიდებიან მზით განათებულ ადგილებს, რომ არ გამოიწვიონ სხეულის გადახურება. ზოგიერთი სახეობა ბუდეს იკეთებს მიწის ზედაპირზე, ბალახში ან ხის ჩრდილში. ადრე გაზაფხულზე „დედოფალი” გამოდის დიაპაუზიდან და ეძებს შესაბამის ადგილს თავისი კოლონიის დასაფუძნებლად,. შემდეგ აშენებს ცვილის ბუდეს, სადაც წინა წელს განაყოფიერებულ კვერცხებს დებს. გამოჩეკილი მატლები აქტიურდებიან და იმ დროს, როდესაც „დედოფალი” კვერცხებს დებს, მუშები კვებავენ ახალგაზრდებს, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.
ახალგაზრდა „დედოფლები” შემდეგში ტოვებენ ბუდეს (შემოდგომით) და წყვილდებიან, ხშირად რამდენიმეჯერ. მამრები კოლონიიდან ძალით იდევნებიან, ხოლო „დედოფლები” შემდეგში ნიადაგში თბილ ადგილებს ეძებენ, სადაც იზამთრებენ.
იმისათვის, რომ მატლი განვითარდეს, საჭიროა მისი გამოკვება შაქრით და ყვავილის მტვერით. ისევე როგორც სხვა სოციალური მწერები, ბაზების მუშა მწერები არიან ფერტილურები და დებენ გაუნაყოფიერებელ კვერცხებს, რომლებიც იძლევიან მხოლოდ მამრებს. განაყოფიერებული „დედოფალი” კი იძლევა კვერცხებს, რომლებიდანაც შემდეგში იჩეკებიან მუშები და ახალი „დედოფალი”.
საკვების (ნექტარის) საძებნელად ბაზები ჩვეულებრივ 1-2 კმ მანძილზე მიფრინავენ და მათი სიჩქარე 15 წამში მეტრია (ანუ 54 კმ/სთ.).
ბაზები არ არიან აგრესიულები, მაგრამ მათ შეუძლიათ ადამიანის დანესტრა, თუმცა ნესტრის აგებულებიდან გამომდინარე არ იღუპებიან.
ბაზების პრაქტიკული გამოყენება ძალზედ მაღალია. არიან ფირმები, რომლებიც მათ სპეციალურად ამრავლებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასამტვერიანებლად. ერთ-ერთი ასეთია „ბიობესტი” (ბელგია), რომელიც კომერციული მიზნით ახდენს ამ სასარგებლო მწერის მოშენებას და შემდეგში მის პრაქტიკულ გამოყენებას.
ისმის კითხვა, რატომაა ბაზების გამოყენება აუცილებელი მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ფუტკარიც დიდ როლს თამაშობს მცენარეთა განაყოფიერებაში. ქვემოთ გიჩვენებთ ბაზების იმ დადებით თვისებებს, რაც მათ აძლევს გარკვეულ უპირატესობას ფუტკართან შედარებით. ესენია: ბაზები არიან ეფექტურები დაბალ ტემპერატურაზე, ისინი ფრენენ 50C-ზე, მაშინ როდესაც ფუტკრები მხოლოდ 150C-ზე მეტ ტემპერატურაზე იწყებენ აქტივობას. ჩვენი დაკვირვებით შავი მოცხარის ყვავილობის პერიოდში ოქროყანის პირობებში უკვე მარტის დასაწყისიდან შეიმჩნევა ბაზების აქტივობა, ხოლო ფუტკრების გამოჩენა უკვე შემდეგ, განსაკუთრებით ალუბლის ყვავილობის დროს აღინიშნება.
ბაზები აქტიურები არიან ღრუბლიან დღეებშიც. ბაზები ფრენენ ქარიანი ამინდის პირობებშიც, მაშინაც კი, როდესაც ქარის სიჩქარეა 70 კმ/სთ., ფუტკარი კი 30 კმ/სთ დროს წყვეტს ფრენას. ბაზები არ არიან აგრესიულები, ისინი მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებენ ნესტარს, ისიც მხოლოდ „დედოფლები” და მუშები, ხოლო მამრებს ნესტარი არა აქვთ. მისი შხამი ლოკალური ხასიათისაა, თუმცა აღინიშნება მისგან გამოწვეული ალერგიაც.
ბაზები მათი სხეულის ბეწვიანი და დიდი აგებულებით უფრო ეფექტურად ახდენენ მცენარეთა განაყოფიერებას. ბაზები ძალზედ ეფექტურად მუშაობენ სათბურის ან ცელოფანის გადახურვის პირობებში, რადგან მათზე სინათლის დიფუზია არ ახდენს უარყოფით გავლენას. და ბოლოს, ბაზები დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო მეტ მცენარეს ამტვერიანებენ, ვიდრე ფუტკრები.
ამრიგად, ჩვენს სათბურებში, სადაც გათბობის საშუალება ხშირად შეზღუდულია, ხარისხიანი და მაღალი მოსავლის მიღების საწინდარია ბაზების ხელოვნური გამრავლება და მათი პრაქტიკული გამოყენება.
გურამ ალექსიძე, თინათინ ეპიტაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია