ქვევრის ღვინის ბუმი საქართველოში
ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
უცხოელების უმრავლესობა საქართველოდან წაღებულ ქვევრში დაყენებული ღვინის ეტიკეტზე პატიოსნად უთითებს, რომ ღვინო ქართულ ქვევრშია დაყენებული. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც, გარკვეული მიზნებისთვის, თავს არიდებენ ქვევრის იდენტურობის მითითებას.
უცხოელების ქართული ქვევრით დაინტერესება შეიძლება იმ ტენდენციის გაგრძელებად მივიჩნიოთ, რაც დასავლეთში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მეღვინეობა ძველ ფესვებს დაუბრუნდეს. ღვინო ბუნებრივი, ყოველგვარი ”ალქიმიისაგან” თავისუფალი სასმელი გახდეს. სუთა და ხარისხიან ღვინოს ყველგან აფასებენ. აქედან გამომდინარე, უცხოელები მალევე მიხვდნენ ქვევრის ღვინის ღირსებებს და ქართული ქვევრების ყიდვაც მასობრივად დაიწყეს.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი ფრანფი სომელიე და ღვინცის სპეციალისტი ქალი, იზაბელ ლეჟერონი. მას განსაკუთებით აინტერესებდა ქართული ქვევრი. ლეჟერონმა საქართველოში გადაღებული დოკუმენტური ფილმი ”ღვინის აკვანი” უმეტესად ქვევრში დაყენებულ ქართულ ღვინოსა და ბიო-მეღვინეებს მიუძღვნა. იზაბელას დიდი დაინტერესება არ გამოუთქვამს კასრებში, ან სხვა ტიპის ჭურჭელში დაყენებული ღვინისადმი.
უცხოელი მეღვინეებისა და ღვინის სპეციალისტების მხრიდან ქართული ქვევრით დაინტერესებამ გარკვეული ზეგავლენა უკვე იქონია ქართული ღვინის ბიზნესზე.
მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, საქართველოში თითქმის ყველა თანხმდება, რომ ევროპელი მეღვინეების მიერ ქართული ქვევრებით დაინტერესება მომავალში, შესაძლოა ბევრი ტენდენციის წინაპირობაც გახდეს.
წყარო: allwine.ge