მცენარეზე კოსმიურ რიტმების ზეგავლენის პრინციპები
ელემენტები
ათასწლეულების მანძილზე ადამიანებმა შენიშნეს, რომ სხვდასხვა ზოდიაქოს ფაზაში ყოფნისას მზე, მთვარე და სხვა პლანეტები განსხვავებულ გავლენას ახდენდნენ დედამიწაზე. შესაძლებელი გახდა ამ გავლენების კლასიფიცირება და მსგავსების მიხედვით დაჯგუფება. ამის მიხედვით წარმოიქმნა ოთხი სტიქიის ელემენტის ცნება.
როდესაც რომელიმე პლანეტა კუროს, ქალწულის და თის რქის რეგიონში იმყოფება, მაშინ მის მიერ გადმოცემული იმპულსები მშრალის და გრილის მსგავსია, ამიტომაც ანალოგიით ამ რეგიონებს მიწის ელემენტის ზოდიაქოები ეწოდება.
როდესაც რომელიმე პლანეტა ტყუპების, სასწორის და მერწყულის რეგიონში იმყოფება, მაშინ მის მიერ ტრანსლირებული იმპულსები ჰაეროვანისა და ნათელის მსგავსია, ამიტომაც ანალოგიით ამ რეგიონებს ჰაერის ანუ სინათლის ელემენტის ზოდიაქოები ეწოდება.
როდესაც რომელიმე პლანეტა ვერძის, ლომის ან მშვილდოსნის რეგიონში იმყოფება, მის მიერ ტრანსლირებული იმპულსები თბილის მსგავსია. ანალოგიით ამ რეგიონებს ცეცხლის ელემენტების ზოდიაქოები ეწოდება.
როდესაც რომელიმე პლანეტა თევზის, კიბოს ან ღრიანკლის რეგიონში იმყოფება, მის მიერ ტრანსლირებული იმპულსები ნესტიანის, ნოტიოს მსგავსია, ანალოგიით ამ რეგიონებს წყლის ელემენტის ზოდიაქოები ეწოდება.
ამ თეორიის სამართლიანობას სოფლის მეურნეობის სფეროში ადასტურებს მარია თუნის მიერ ჩატარებული ურიცხვი ექსპერიმენტები.
მარია თუნის თეორიის ძირითადი პრინციპები
ათეული წლებია, რაც მარია თუნი თავის საცდელ მეურნეობაში (გერმანია) ატარებს ცდებს, რომელიც მიზნად ისახავს მცენარეებზე კოსმიური რიტმების ზეგავლენის პრინციპის დადგენას. ჩატარებული ურიცხვი ცდების შედეგად მან ასეთი თეორია ჩამოაყალიბა: მცენარის ზრდაზე და განვითარებაზე კოსმიური იმპულსები დიდ გავლენას ახდენს. მცენარეებს ძალუძთ ეს იმპულსები თავიანთი იერით ჩამოყალიბების მეშვეობით ჩვენთვის ხილული გახადონ. ამასთანავე, ისინი მცენარეში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მარილების წარმოქმნაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
ეს კოსმიური იმპულსები ზოდიაქალური თანავარსკვლავედიდან მომდინარეობს, ხოლო მზე, მთვარე და სხვა პლანეტები მათ, კლასიკური ელემენტების მეშვეობით, მცენარეებს გადასცემენ. უფრო ზუსტად რომ ითქვას, იმის მიხედვით თუ რომელი ელემენტის ზოდიაქალურ რეგიონში იმყოფება პლანეტა, ისეთივე ელფერს სძენს იგი იმ იმპულსს, რომელსაც მცენარეს გადასცემს.
იმპულსების გადაცემაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი (მზის შემდეგ) ენიჭება მთვარეს, რადგან იგი დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტაა. ამიტომაც კოსმიური იმპულსების გადაცემას (ტრანსლირებას) ძირითადად მთვარე ახდენს.
როგორც ითქვა, მთვარე თავისი ხილული მოძრაობისას ცარგვალზე გაივლის 12 ზოდიაქალური თანავარსკვლავედის რეგიონს. თითო რეგიონის გავლას მთვარე დაახლოებით 2-3 დღეს უნდება. როდესაც იგი წყლის ელემენტის რეგიონში იმყოფება (თევზები, კიბო, ღრიანკალი), მაშინ ახდენს იმ იმპულსების ტრანსლირებას, რომლებიც მცენარის ფოთლის განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომაც ამ დღეებს „ფოთლის“ დღეები ეწოდება, როდესაც მთვარე ცეცხლის ელემენტის რეგიონს გაივლის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) მის მიერ ტრანსლირებული იმპულსები ნაყოფის განვითარებას უწყობს ხელს და ამ დღეებს „ნაყოფის“ დღე ეწოდება (მთვარის ლომის რეგიონში ყოფნის დრო განსაკუთრებით თესლის წამოქმნისთვისაა ხელსაყრელი და ამ დროს „თესლის“ დღეებიც ეწოდება), როდესაც მთვარე მიწის ელემენტის რეგიონშია (კურო, ქალწული, თხის რქა) _ მის მიერ ტრანსლირებული იმპულსები მცენარის მიწისქვეშა ნაწილების განვითარებას უწყობს ხელს და ამ დღეებს „ფესვის“ დღეები ეწოდება; როდესაც მთვარე სინათლის ანუ ჰაერის ელემენტის რეგიონში იმყოფება (ტყუპები, სასწორი, მერწყული), მის მიერ ტრანსლირებული იმპულსები ყვავილის განვითარებას უწყობენ ხელს და ამ დღეებს „ყვავილის“ დღეები ეწოდება.
ამ წესის მიუხედავად პლანეტების გარკვეულმა განლაგებამ ცარგვალზე ზოგჯერ შესაძლოა „გადაწონოს“ მთვარის გავლენა. ასე მაგალითად, თუ მთვარე წყლის ელემენტის რეგიონში იმყოფება, მაგრამ სხვა პლანეტების უმრავლესობა ცეცხლის რეგიონშია (ამასთან დიდ მნიშვნელობა აქვს პლანეტებს შორის კუთხეს _ ე.წ. კონსტელაციებს.), მაშინ შესაძლოა, იყოს არა „ფოთლის“, არამედ „ნაყოფის“ დღე.
შენიშვნა _ ნებისმიერი მცენარის დარგვა ან დათესვა უმჯობესია დაღმავალი მთვარის პერიოდში
არსებობს აგრეთვე დღეები, რომლის დროსაც (ცარგვალზე მთვარის პოზიციის მიუხედავად) რაიმე აგროღონისძიების ჩატარება არასასურველია. ეს გამოწვეულია ნეგატიური გავლენით, რომლებიც მთელი რიგი მიზეზების გამო ხდება. ასეთია, მაგალითად, აღმავალი და დაღმავალი მთვარის კვანძების მომენტები (როდესაც მთვარე ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს, ან პლანეტების დაბნელება, განსაკუთრებით მზის ან მთვარის დაბნელების მომენტები), ასეთი დღეები მარია თუნის კალენდარში წყვეტილი ხაზით არის აღნიშნული.
მაშასადამე, თესვისა და დარგვის (გადარგვის) დროს დიდ მნიშვნელობა აქვს მცენარის განვითარებისთვის და ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით.
თუ ჩვენ გვსურს, რომ:
- მცენარეს კარგად განუვითარდეს მიწისქვეშა ნაწილი (ე.წ. „ფესვის“ მცენარეების შემთხვევაში_ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა), მაშინ მათი დათესვა, დარგვა და გადარგვა უნდა მოხდეს „ფესვის“ დღეებში.
- თუ გვინდა რომ მცენარეს კარგად განუვითარდეს ფოთოლი (ფოთლოვანი მცენარეების შემთხვევაში) მათი თესვა, დარგვა და გადარგვა საჭიროა „ფოთლის“ დღეებში.
- შესაბამისად უნდა მოვიქცეთ „ნაყოფის“ და „ყვავილის“ მცენარეების შემთხვევაში.
თესვის და დარგვისთვის ხელსაყრელი დროა აგრეთვე დაღმავალი მთვარის პერიოდი. კალენდარში ეს დრო აღნიშნულია, როგორც „თესვის“ და დარგვისთვის ხელსაყრელი პერიოდი.
ამდენად საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ ორივე პირობას შეასრულებთ (ე.ი დათესავთ, დარგავთ და გადარგავთ შესაბამის დღეს, დაღმავალი მთვარის პერიოდში.).
ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ნიადაგის დამუშავების, გათოხნის და მოსავლის აღების დროსაც. ამ შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიების ჩატარება უნდა მოხდეს იმ დღეს, რა დღის მცენარეც გაქვთ დათესილი (მაგ: „ნაყოფის“ მცენარეებს ეს აგროღონისძიებები ნაყოფის დღეს უნდა ჩაუტარდეს, „ფესვის“ მცენარეებს _ „ფესვის“ დღეს და ა.შ.). სწორედ ამ დღეს მოკრეფილი მცენარეები უფრო დიდხანს ინახება (მაგალითად „ნაყოფის“ დღეს მოკრეფილი ვაშლი უფრო გვიან დალპება, „ყვავილის“ დღეს მოწყვეტილი ყვავილები უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სურნელებას და ა.შ.)
„ყვავილს“ დღეს მოკრეფილი ყვავილები გაცილებით უფრო დიდხანს ძლებენ ლარნაკში და უფრო ინტენსიური სურნელებაც გააჩნიათ, სხვა დღეს მოკრეფილ ყვავილებთან შედარებით.
მარია თუნის კალენდარი იძლევა მხოლოდ რჩევას თუ რა დღეს რა სამუშაოს ჩატარებაა უმჯობესი, უფრო კარგი მოსავლის მისაღებად (ხარისხის და ოდენობით); დავუშვათ სასურველ დროს დათესვა ვერ მოხერხდა, არაფერია, ამის გამოსწორება შეიძლება იმით, რომ თქვენ საუკეთესო დღეს ჩაატარებთ სხვა ღონისძიებებს. აგრეთვე მავნე იმპულსების გავლენას ამცირებს ბიოდინამიკური პრეპარატების გამოყენება (განსაკუთრებით ჰორნმისტ პრეპარატის).
მარია თუნის „თესვის დღეები“ ყოველ წელიწადს გამოიცემა (წელიწადში ერთხელ). სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების კალენდართან ერთად. მასში მოცემულია ბოლო წელს ჩატარებული ცდების აღეწერა და შედეგები. ეს გამოცემა მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება. ბოლო წლებში მას ქართულ ენაზე დავით მორგოშია თარგმნის და გამოსცემს.
ჰორნკიზელ პრეპარატის შესხურების საუკეთესო დრო
(მარია თუნის მიხედვით)
ჰორნკიზელ პრეპარატი კოსმიურ რიტმებთან ერთად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მისი შესხურების ხელსაყრელი დრო იგივეა, რაც თესვისა (ე.ი. „ფოთლის“ მცენარეს, როგორიცაა მაგ: სალათა, ჰორნკიზელ პრეპარატი უნდ შესხურდეს „ფოთლის“ დღეს და ა.შ.)
მარია თუნი ჩატარებული ცდების შედეგების საფუძველზე დამატებით გვირჩევს:
- კომბოსტოს ხანგრძლივი დროით შესანახად მოსავლის აღების წინ ჰორნკიზელ პრეპარატი „ყვავილის“ დღეს შეასხურეთ.
- სტაფილოს ხანგრძლივად შესანახად მოსვლის აღების წინ ჰორნკიზელ პრეპარატი შეასხურეთ მაშინ, როდესაც მთვარე იქნება ვერძის ან სასწორის რეგიონში. შესხურება ამ შემთხვევაში უმჯობესია დღის მეორე ნახევარში.
ზურა კარბელაშვილი