პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების გამოყენება მეცხოველეობაში
ცხოველთა სულადობის დიდი რაოდენობის კონცენტრაცია შეზღუდულ სივრცეში ამწვავებს ვირუსულ, ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პრობლემებს.
სამრეწველო წარმოების პირობებში პრაქტიკულად მუდმივი მოვლენაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველის დისბაქტერიოზის პრობლემა. გარკვეულ წილად ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყენება შესაბამისი ვეტპრეპარატები, ძირითადად ანტიბიოტიკები. თუმცა, საფუძვლიან საზრუნავს იწვევს პათოგენური მიკროორგანიზმების რეზისტენტული ფორმების ფართო გავრცელება, რომლებიც მდგრადები არიან თანამედროვე ანტიბიოტიკური საშუალებების მიმართ, და სამკურნალო პრეპარატების აქტიური ნივთიერებების დაგროვება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში. მზარდი მოთხოვნა პროდუქციის ხარისხისადმი გვაიძულებს ალტერნატიული მეთოდების მოძიებას ცხოველის ორგანიზმში ანტიბიოტიკური დატვირთვის მოხსნის მიზნით. ანტიბიოტიკების გამოყენებაზე უარის თქმის საკითხი მეცხოველეობის პრაქტიკაში საკმაოდ მწვავედ დგას. ეს დაკავშირებულია არამარტო სულადობის რაოდენობის შენარჩუნებასა და მის პროდუქტიულობასთან, არამედ ბაზარზე ანტიბიოტიკების თუნდაც ნაწილობრივ ჩანაცვლებადი პრეპარატების არსებობასთან.
თანამედროვე მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მეურნეობების ეფექტური წარმართვისათვის აუცილებელი პირობაა ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდა, რის განუყოფელ მახასიათებლებად პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად ითვლება ორგანიზმის საერთო რეზისტენტობის გაზრდა საკვების მაღალი კონვერსიის პირობებში და წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოება. ცხადია, ამ ამოცანის შესრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი ქმედებების გატარება, რომლებიც მიმართულია ცხოველთა და ფრინველთა იმუნიტეტის გაზრდაზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მიმართ.
ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი განვითარებადი მიმართულება არის ბაქტერიული პრობიოტიკური და პრებიოტიკური პრეპარატების შექმნა და გამოყენება კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებისათვის. ისინი წარმოადგენენ ბუნებრივ ბარიერს ორგანიზმში პათოგენური ორგანიზმების შეღწევის დროს. ეს პრეპარატები ასრულებენ იმუნომოდულატორის როლს, ხელს უწყობენ ორგანიზმის დამცავი სისტემების ამუშავებას. პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების გამოყენება მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებაზე გადასვლისას.
მეცხოველეობაში სულ უფრო ხშირად იხმარება პრებიოტიკები და პრობიოტიკები. ამ საკვები დანამატების პოპულარობის ზრდის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს მათ მაღალ ეფექტურობაში, დაბალ ფასში და აბსოლუტურ უვნებლობაში ადამიანებისა და ცხოველებისათვის.
ეფექტური მეცხოველეობის საფუძველი არის ცხოველთა კვება. პრობიოტიკები მნიშვნელოვანი კომპონენტია ფარმაკოლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზაციისას სამრეწველო მეცხოველეობაში. პათოგენეტიკური ფაქტორები იწვევს სხვადასხვა სისტემების და ორგანოების უკმარისობას. დიდ მეურნეობებში, სადაც შეზღუდულ სივრცეში მოთავსებულია ცხოველთა დიდი რაოდენობის სულადობა, აუცილებელი ხდება მრავალი ვაქცინაციის ჩატარება. ვაქცინაცია, თავის მხრივ, იწვევს ანტიგენურ დატვირთვას. მიკრობიოცენოზის დარღვევა შეუძლიათ არამარტო ანტიბიოტიკებს, არამედ დაუბალანსებელ საკვებს და გაუარესებულ ეკოლოგიას. გამოდის, რომ საკვები, წყალი, ჰაერი ტოქსიკური ნივთიერებების დამატებითი წყარო ხდება.
პრობიოტიკები — პრეპარატებია, რომლებიც შეიცავს მიკროორგანიზმებს. ეს მიკროორგანიზმები ორგანიზმის ნორმალური მკვიდრნი არიან. პრობიოტიკები დადებითად მოქმედებენ მონელებაზე, ამაღლებენ იმუნიტეტს, უფრო ეფექტურს ხდიან ვაქცინაციას. პრობიოტიკების გამოყენება ხელს უწყობს დაავადებების მნიშვნელოვან შემცირებას და, შესაბამისად, ზრდის მეცხოველეობის რენტაბელობას. ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ, რომ პრობიოტიკების შერჩევას ესაჭიროება პროფესიული ცოდნა, რადგან მათ მოხმარების სხვადასხვა დანიშნულება და ფარმაკოლოგიური მოქმედების მიმართულება გააჩნიათ.
პრობიოტიკები აღადგენენ მონელების პროცესს, ამაღლებენ იმუნურ სისტემას, ადიდებენ ვაქცინაციების ეფექტურობას. პრობიოტიკების გამოყენება ხელს უწყობს დაავადებების შემცირებას, და როგორც წესი, ამცირებს მატერიალურ ხარჯებს. პრობიოტიკები განსხვავდებიან ხარისხით და შემადგენლობით. მათ სხვადასხვა მოხმარების წესი და ფარმაკოლოგიური მოქმედება გააჩნიათ.
პრობიოტიკების მოქმედება:
აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ინფექციის საწინააღმდეგო დამცავ მექანიზმებზე;
მოქმედებს როგორც იმუნომოდულატორი;
არის ბარიერული ფუნქციების ხელშემწყობი;
აქვს მეტაბოლიზმის ეფექტი;
გავლენას ახდენენ ნაწლავების ფუნქციისა და მოტორიკის შეცვლაზე.
პრებიოტიკები არის პრეპარატების კლასი ნაწლავის მიკროფლორის რეგულაციისათვის, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პრებიოტიკებს უწოდებენ სუბსტრატებს, რომლებიც ბუნებრივი მიკროფლორის სტიმულირებას ახდენენ. პრებიოტიკები არ მოინელება კუჭში, ხოლო მსხვილ ნაწლავში გამოიყენება ნორმალური მიკროფლორისთვის როგორც საკვები არე. ძუძუმწოვრები მიიღებენ დედის რძესთან ერთად პრებიოტიკ ლაქტულოზას, რომელიც შედის რძის შემცველობაში.
როდესაც ახალგაზრდა ცხოველები გადაჰყავთ შერეულ კვებაზე, ისინი პრებიოტიკებს ღებულობენ მცენარეების და ბოსტნეულის უჯრედების მემბრანებიდან. ბოჭკოვანი საკვები ახდენს მოტორიკის ნორმალიზებას და თავიდან იცილებს კუჭის შეკრულობას. პრებიოტიკებს ასევე აქვთ უნარი შთანთქონ ტოქსინები.
სინბიოტიკები წარმოადგენენ პრობიოტიკების და პრებიოტიკების კომბინაციას. სინბიოტიკებს მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომლებიც შედგება მიკრობული წარმოშობის უჯრედების ცალკეული სტრუქტურებისაგან, ასევე ორგანული მჟავეები და ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ ნორმალური მიკროფლორის აღდგენას. პრობიოტიკის გამოყენებამდე უნდა განხილულ იქნას მისი შემადგენლობა და ცნობილი იყოს მოხმარების წესი.
პრებიოტიკები წარმოადგენენ სხვადასხვა წარმოშობის ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნიათ მასტიმულირებელი ეფექტი ორგანიზმის მიკროფლორის ზრდაზე. ამ ჯგუფის ბიოპრეპარატების მოქმედების პრინციპი ხასიათდება სხვადასხვა მიკროორგანიზმების არჩევითობით გარემოს კომპონენტებთან. ამრიგად, ცხოველთა რაციონში ამა თუ იმ ბიოპრეპარატების შეყვანისას შესაძლებელი ხდება კუჭ-ნაწლავის ნორმოფლორის ნორმალიზება. მიკროორგანიზმების ბალანსის შენარჩუნება და აღდგენა ცხოველთა ორგანიზმში ხელსაყრელად მოქმედებს ჯანმრთელობის ყველა მაჩვენებელზე, მდგრადობაზე და ცხოველების ზრდაზე, დაბადებისა და საკვები ნარევის მიღების მომენტიდან. გარდა ამისა, პრებიოტიკული პრეპარატების გამოყენება დადებით გავლენას ახდენს მონელებაზე და საყუათო ნივთიერებების ათვისებაზე, რაც დადებითად იმოქმედებს წონამატის გადიდებაზე.
ამრიგად, პრებიოტიკების ძირითადი დანიშნულებაა სასარგებლო მიკროფლორის არჩევითი სტიმულირება და პათოგენური მიკროფლორის დათრგუნვა. პრებიოტიკებიც ასევე თავიდან აცილებენ კუჭის შეკრულობას, ნორმალიზებულს ხდიან ნაწლავების მოტორიკას და კრავენ ტოქსინებს. როგორც პრებიოტიკი, ყველაზე ფართოდ გამოიყენება ინულინი, ლაქტულოზა, გალაქტოოლიგოსახარიდები, აკაციის ფისოვანი, პოლიდექსტრაზა და სხვა.
ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელი ხდება დაკვირვება ორგანიზმის რეზისტენტობაზე, საჭიროებს სიფრთხილეს ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებაზე და ნაკლებად ეფექტური და არასასურველია ანტიბიოტიკების მთლიანად გამოთიშვა. საბოლოო მიზანია ინფექციაზე ეფექტური კონტროლის დაწესება და ანტიბიოტიკების ნაცვლად ალტერნატიული საშუალებების გამოყენება.
მაგალითად, ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ფრინველის ვაქცინაციამ ერთი სახეობის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს მეორე სახეობის ფორმირება. მაგალითად, ფრინველში სალმონელას შტამის შალმონელლა გალლინარუმ განადგურებამ გამოიწვია ახალი შტამის სალმონელა ენტერიტიდის ფორმირება, რომელიც ადამიანისთვის საშიში აღმოჩნდა.
ვაქცინაციას თან ახლავს სხვა გვერდითი ეფექტიც. იმუნიტეტის სტიმულაციისათვის ფრინველის ორგანიზმში უნდა შევიყვანოთ ანტიგენი (ცოცხალი ან მკვდარი სალმონელას შესუსტებული შტამი). ფრინველის ორგანიზმი მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიმუშავებს საპასუხო დამცავ რეაქციას, რაც არ არის ეკონომიური, ვინაიდან ეს ანტიგენები უნდა შეგვყავდეს ფრინველის ორგანიზმში მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
პრობიოტიკები რძემჟავა ბაქტერიების წყაროა, რომლებსაც აქვთ უნარი ებრძოლონ პათოგენებს და ფიზიკურად ან ქიმიურად გაანადგურონ ისინი. პრობიოტიკების გამოყენების შემდგომ გათვალისწინებულია პრებიოტიკების გამოყენება. ერთდღიან წიწილებს უკეთებენ რამდენიმე სახეობის ბაქტერიების ვაქცინას, რომლებიც შემდგომში ხელს უწყობენ ჯანსაღ და პროდუქტიულ სასიცოცხლო ფუნქციას.
რატომ არ არის პრობიოტიკები 100%-ით ეფექტური? ნაწლავის წინა განყოფილება უფრო ოპტიმალურია ბაქტერიების განვითარებისათვის, ამიტომ რძემჟავა ბაქტერიები, ანუ პრობიოტიკები, ამ მონაკვეთს ადვილად ითვისებენ. მაგრამ სალმონელა, რომელიც ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, როგორც წესი, არ ქმნის კოლონიებს ნაწლავის ამ მონაკვეთში. სალმონელას ზრდას უფრო ესადაგება ბრმა ნაწლავის ნექტრალური არე. პრებიოტიკები კი კარგად ეგუებიან და არსებობენ ბრმა ნაწლავში, რადგან აწარმოებენ უფრო მეტ ბაქტერიებს, ვიდრე ჩვეულებრივი პრობიოტიკი. ამიტომაც ეს ბაქტერიები ერთმანეთის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ტენდენციით ხასიათდებიან. არსებობს პრებიოტიკების ასეულობით სახეობა. შეინარჩუნებენ რა ტოლერანტული მჟავის მიმართ მიკროფლორას, ისინი თვითონ იწყებენ ორგანული მჟავეების გამოყოფას, რაც ნაწლავის PH-ის შეცვლის და პათოგენების განადგურების საშუალებას იძლევა. ორგანული მჟავეები მოქმედებენ ნაწლავის ჩხირზე და სხვა ენტეროპათოგენურ ინფექციაზე. კვლევებით დადასტურებულია ეს ეფექტური მოქმედება და ამიტომ უფრო მეტი სარგებელისთვის საჭიროა მათი მოქმედების პრინციპის შესწავლა. პათოგენური მიკროფლორა ანადგურებს ნაწლავების ხაოებს, რომლის მეშვეობითაც ხდება წყლის და საყუათო ნივთიერებების შეწოვა. პათოგენების შემცირება ხელს უწყობს ნაწლავის ხაოების სრულყოფილ განვითარებას, რაც აძლიერებს და ადიდებს ნაწლავის შეწოვის ზედაპირს, ყოველივე კი თავისთავად ამცირებს მოთხოვნას ანტიბიოტიკებზე.
პრებიოტიკებში არსებული ბაქტერიების უმრავლესობა ჯანსაღ კუჭნაწლავში გრამ-დადებითი აღმოჩნდა. PH-ის დონის შემცირება ნაწლავებში ბაქტერიების ხარჯზე, რომლებიც ინარჩუნებენ რძემჟავის დონეს, საგრძნობლად ამცირებს ენტეროპათოგენების რაოდენობას. ანტიბიოტიკები, როგორც წესი, დამთრგუნველად მოქმედებენ გრამ-დადებით ბაქტერიებზე. აქედან გამომდინარე, იკვეთება ანტიბიოტიკების შეუთავსებლობა პრებიოტიკებთან.
რა თქმა უნდა, გარკვეულ პირობებში უარს ვერ ვიტყვით ანტიბიოტიკებზე და ვაქცინაციებზე, მაგრამ მათი გამოყენების შემდეგ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკვები კომპონენტები უბრალოდ არ იქნება ათვისებული და, შესაბამისად, წარმოება არ იქნება ეფექტური.
რ. ბარკალაია, კ. ნაცვალაძე,
ლ. ტაბატაძე