მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობა საქართველოში
სასურსათო უსაფრთხოება, მისი არსი, სასურსათო უსაფრთხოების 4 კომპონენტი
სასურსათო უსაფრთხოება არის ნებისმიერ დროს, თითოეული ადამიანის ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო და ხარისხიან საკვებზე, რომელიც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს საკვებზე მისი მოთხოვნები ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესის წარმართვისათვის (მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის განმარტება).
შედარებით უფრო რაციონალური მიდგომით:
ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურ უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით.
მოსახლეობის სურსათით სრულფასოვანი უზრუნველყოფის დროს მიიღწევა პიროვნების, საზოგადოებისა და მთლიანად სახელმწიფოს ნორმალური სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადი განვითარება. ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველად სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას, რომელიც იძლევა სიცოცხლის გარანტიას. აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოება საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტთაგანია.
ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ 4 კომპონენტს შეიცავს:
- მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სურსათით. ეს მიიღწევა როგორც ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის წარმოებით (თვითუზრუნველყოფა), ასევე დეფიციტური პროდუქციის იმპორტით. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ძირითადი როლი ენიჭება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუმცა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამონაწილეობაც (ინვესტიციების მოზიდვა, მწარმოებელთა ხელისშეწყობა იაფი კრედიტებით, ტექნიკით, სასუქებით, შხამქიმიკატებით, წარმოებული პროდუქციის ბაზრის მოძებნა, დაზღვევის ორგანიზაცია, ასევე იმპორტით დაინტერესებული ბიზნესმენების ხელშეწყობა და სხვა).
- მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი, ბალანსირებული სურსათით.
მოსახლეობისათვის შეთავაზებული სურსათი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ სასურსათო პროდუქტის მიღებას ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად. ეს ნიშნავს სხვადასხვა პროდუქციის იმ რაოდენობით მიღება-მოხმარებას, რაც განაპირობებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის საჭირო ინგრედიენტებით: ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით შევსება-გამდიდრებასა და მათი ურთიერთშეფარდების ბალანსის დაცვას.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პრიორიტეტული როლი ენიჭება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსაც.
- მოსახლეობის უზრუნველყოფა უვნებელი სურსათით.
შესაძლოა სურსათი რაოდენობრივად საკმარისი იყოს და დაცული იყოს მისი მოხმარების ბალანსი, მაგრამ შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს და მიკრობიოლოგიურ დამბინძურებლებს (რადიონუკლიდები, მძიმე ლითონები, პესტიციდების, ნიტრატების ნარჩენები, სხვადასხვა ნეგატიური მოქმედების მიკრობები, ბაქტერიები და სხვ.).
სურსათის უვნებლობა გულისხმობს სურსათით გამოწვეული რისკებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.
ამ პრობლემის მონიტორინგი და სურსათის უვნებლობის დაცვა სოფლის მეურნეობისა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების პრეროგატივაა, რაც უნდა განხორციელდეს სურსათის უვნებლობის კანონის შესაბამისად. კერძოდ, შესაბამისი სამსახურის მიერ (სურსათის ეროვნული სააგენტო) უნდა წარმოებდეს სისტემატური მონიტორინგი (ლაბორატორიული შემოწმება) სურსათის წარმოების ადგილზე, ასევე ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესში და სავაჭრო ქსელში, ანუ „მინდვრიდან თეფშამდე“, რამაც უნდა უზრუნველყოს ე.წ. საფრთხისა და რისკის „მიკვლევადობის“ განხორციელება.
- მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათით.
ხელმისაწვდომობა თავისთავად არსებობს: ფიზიკური და მატერიალური.
ფიზიკური გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის ნებისმიერი რეგიონისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი მისთვის საჭირო სურსათი. მაგალითად, ახალქალაქს უნდა მიეწოდოს აჭარაში მოწეული ციტრუსი და პირიქით, ახალქალაქიდან აჭარას — კარტოფილი. ამის განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს თუ პირდაპირი არა, ირიბი მონაწილეობა მაინც მოვაჭრეთა ხელის შეწყობის გზით.
მატერიალური ხელმისაწვდომობა გულისხმობს იმას, რომ სასურსათო პროდუქცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის ეკონომიკურად, შეეძლოს მომხმარებელს მისი შესყიდვა, რაც კი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მსყიდველობითი უნარი, რაც დამოკიდებულია მის შემოსავალზე, ეს უკანასკნელი კი მის დასაქმებაზე.
სასურსათო უსაფრთხოების როლი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში
სასურსათო უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზედაც ბევრადაა დამოკიდებული ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და შენარჩუნება.
თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების აზრი ერთმანეთს ემთხვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ახლო მომავალში წარმმართველი ძალა და ჰეგემონია იმ სახელმწიფოს ექნება ხელში, რომელიც ეკონომიკურად იქნება ძლიერი და დამოკიდებული არ იქნება სხვებზე.
XVIII საუკუნის გამოჩენილი მეცნიერს ფრანსუა კანეს მიხედვით: სურსათი არა მხოლოდ სიცოცხლის საფუძველია, არამედ ის არის ერის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების პირობა.
„სასურსათო უსაფრთხოების“ განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს ჯერ კიდევ 1898 წელს იაპონიის ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლის გამონათქვამი, რომ „სასურსათო დამოუკიდებლობა უფრო გადაუდებელი საქმეა, ვიდრე დამოუკიდებლობა სამხედრო თვალსაზრისით“.
ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ საერთაშორისო დონეზე პირველად 1972-73 წლებში გაჟღერდა, ხოლო 1974 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს გაეროს „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) მიერ შემუშავებული რეზოლუცია: „მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ“, 1985 წლიდან ფუნქციონირებს კანონი „აშშ-ის სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“, ხოლო 1996 წელს კი მიღებული იქნა რომის დეკლარაცია სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე, რომლის თანახმად სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის თითოეული მოქალაქის ხელმისაწვდომობას საკმარისი რაოდენობის ისეთ სურსათზე, რომელიც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობასა და სოციალურ განვითარებას.
ამავე დეკლარაციით: „თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს საკუთარი სტრატეგია მისი რესურსებიდან და ინდივიდუალური მიზნების მიღწევის უნარიდან გამომდინარე, თანაც პარალელურად უნდა მონაწილეობდეს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობაში სასურსათო უსაფრთხოების გლობალური პრობლემების თაობაზე კოლექტიური გადაწყვეტილებების გამოსამუშავებ-ლად, უნდა გაატაროს კვების სფეროში ისეთი პოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება სიღარიბისა და უთანაბრობის აღმოფხვრა, ყველასთვის და ყოველთვის საკმარისი სასურსათო კალათით და უსაფრთხო კვებით უზრუნველყოფა, შესაბამის სურსათზე ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა“.
ამ ვალდებულებების განხორციელებას წინ ეღობება მთელი რიგი პრობლემები, როგორიცაა: მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, სახნავი მიწის ფართობების შემცირების (ურბანიზაციის პროცესების მიმდინარეობის შედეგად), მთელ რიგ ქვეყნებში მიწების ეროზიისა და გამოფიტვის გამო სურსათის წარმოების შემცირება და ყოველივე აქედან გამომდინარე საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უმუშევრობა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაქვეითება, მათი გაღარიბება, ასევე უთანაბრობის კიდევ უფრო გაღრმავება ცალკეულ ქვეყნებში კვების პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის კუთხით.
ამასთან ერთად სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა და მისი განმტკიცება დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკებთან:
— მაკროეკონომიკური რისკები, რასაც განაპირობებს: 1. დაბალი ინვესტიციები, ინვესტორებისათვის ნაკლებ საინტერესო გარემო; 2. სამამულო პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა; 3. ქვეყნის სხვადასხვა დარგების საგარეო-ეკონომიკური კონიუნქტურის მიმართ დამოკიდებულება (დამოუკიდებლობის დეფიციტი);
— პოლიტიკური და სოციალური რისკები, რასაც განაპირობებს: პოლიტიკური დაძაბულობები, შეიარაღებული კონფლიქტები, ხელისუფლების შეცვლა, სამოქალაქო ომები, სოციალური დაძაბულობები და სხვ.;
— ტექნოლოგიური რისკები, რასაც განაპირობებს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის დაბალი დონე;
— აგროეკოლოგიური რისკები, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მოულოდნელი მოვლენებით: სტიქიური კლიმატური ცვლილებები (სეტყვა, წყალდიდობა, გვალვა, მცენარეთა ან ცხოველთა დაავადებები, მიწისძვრები და სხვა საგანგებო სიტუაციები);
— საგარეო-ეკონომიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო საბაზრო კონიუნქტურის ცვლილებასთან (სურსათზე ფასების ზრდა, ვალუტის კურსის ცვლილება და სხვ.).
საყურადღებოა, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხების რეგულაციის ვალდებულება აქვთ ფაჴ-სა და საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტს, რომელთა მიზანია ცალკეულ ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით.
საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების საკითხის შესწავლა, გაანალიზება და დანერგვა დაიწყო შედარებით გვიან, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში. მიუხედავად ამისა, ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტისათვის ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა:
საქართველო FAO-ში გაერთიანდა 1995 წელს, ხოლო NATO-ს პროგრამის: „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა 1999 წელს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს მდგომარეობა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფისა და გლობალურად სასურსათო უსაფრთხოების ხაზით (წარმომადგენელი შ. ჩხეიძე) 1999-2005წ.წ.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან (1991წ.) არცერთს არ გაუთვითცნობიერებია ამ სერიოზული პრობლემის მნიშვნელობა და იგი თვითდინებაზე იყო მიშვებული. მაგალითად, 2005 წელს პარლამენტის მიერ მიღებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საერთოდ არ არის მოხსენიებული სასურსათო უსაფრთხოება. ასევე იგნორირებულია ეს საკითხი აღნიშნული კონცეფციის განახლებულ ვარიანტშიც, რომელიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ 2011 წელს (იქ აღნიშნულია ეკონომიკური, დემოგრაფიული, ენერგეტიკული, სოციალური, ჯანმრთელობისა და სხვა უსაფრთხოების შესახებ).
ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში, რასაც ამ კონცეფციაში შესაბამისი, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს სასურსათო უსაფრთოებას, რაც გულისხმობს მოსახლეობის სტაბილურ უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით, რაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. თანამედროვე გლობალიზაციის, მოსახლეობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის, სასურსათო რესურსების მასთან შეუსაბამობის, ნიადაგის სავარგულების კატასტროფული შემცირებისა და გარემოს ბუნების ეკოლოგიურად განადგურების პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭება თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სურსათით თვითუზრუნველყოფას, ნაკლებ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ სურსათზე. ეს პრობლემა გათვითცნობიერებული აქვს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას და ყველანაირად ცდილობს თავისი თავი თავისივე სურსათით შეინახოს, რაც ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის გარანტიას წარმოადგენს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას მიმართულება აღებული ჰქონდა იმპორტზე და სრულიად მივიწყებული იყო აგრარული ქვეყნის (გეორგია) სოფლის მეურნეობა (80% სურსათისა შემოგვქონდა, ამდენივე პროცენტი სახნავ-სათესი მიწისა დაუმუშავებელი იყო).
მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ტერმინის ქვეშ საქართველოში ძირითადად გულისხმობენ სურსათის უვნებლობას (სასურსათო უსაფრთხოების მე-3 კომპონენტი) და შედარებით ნაკლებად — სურსათის საკმარისობას (1-ლი კომპონენტი), რადგან ეს უკანასკნელი გულისხმობს სურსათის წარმოებას, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფას, სურსათის მოხმარების დონეს, ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას (მე-2 კომპონენტი), მოსახლეობის მიერ რეალური საარსებო მინიმუმის ათვისებას, ეს ყურადღების მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი უმნიშვნელოვანესი საკითხებია და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უმთავრესია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მთელი რიგი უპრეცედენტო ღონისძიებების გატარებისა, რაც 2013-2015 წლებში განხორციელდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით (უსასყიდლოდ მიწების დახვნა 700-800 ათასზე მეტი ოჯახური მეურნისათვის, მათთვის უსასყიდლოდ თესლის, სასუქების, შხამქიმიკატების, პესტიციდების, ვეტ. პრეპარატების, სასოფლო-სამეურნეო იარაღების გადაცემა, დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფა კოოპერატივებისა და კვების გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოების შექმნისათვის, სოფლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების გაყვანა, ელ. დენით, ბუნებრივი აირით, სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და სხვა, გაკვირვებას იწვევს „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ პროექტში (რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსმა (გააღდ) მოამზადა) სასურსათო უსაფრთხოების თემისა და მისი მნიშვნელობის არადამაკმაყოფილებლად და არასრულყოფილად გაშუქება.
სამწუხაროდ, ეს პროექტი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ სასურსათო უსაფრთხოების 2 კომპონენტზე, როგორიცაა: საკვების ფიზიკური არსებობა (საკმარისობა) და მისი ხელმისაწვდომობა. არაფერია ნათქვამი ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა საკვების მოხმარება, რასაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
სასურსათო უსაფრთხოება არ არის მოხსენიებული არცერთ სამთავრობო პროგრამაში და არ განიხილება ის ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში სხვა უსაფრთხოებების გვერდით, მაგალითად, ისეთ დოკუმენტშიც კი, როგორიცაა „საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო 2020“, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოქმედ დებულებაში არ ფიგურირებს სასურსათო უსაფრთხოება როგორც ასეთი, თუმცა ამ სამინისტროში არსებობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფა ანუ სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი (მე-3) კომპონენტი. ასეთივე მოვლენას აქვს ადგილი ამავე სამინისტროსთან არსებულ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც მხოლოდ სურსათის უვნებლობის მონიტორინგს ანხორციელებს და იქ არ მიდის სასურსათო უსაფრთხოების სხვა კომპონენტებზე მუშაობა (სურსათის საკმარისობა, სრულფასოვნება, დაბალანსებული კვება, ხელმისაწვდომობა). იგივე ითქმის ამავე სამინისტროსთან შექმნილი სამეცნიერო ცენტრის მიმართაც, სადაც არის რისკის ანალიზის დეპარტამენტი, რაც სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ კომპონენტს (ისევ მე-3) სურსათის უვნებლობას ეხება. გლობალურად, სასურსათო უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ საკითხებზე კი სამეცნიერო ცენტრი არ მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტშიც: „სოფლის მეურნეობის სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის“ სასურსათო უსაფრთხოება სტრატეგიული დანიშნულების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მე-5 ადგილზეა მოხსენიებული და ბოლო მე-6-ზე კი მისგან ცალკე სურსათის უვნებლობა მაშინ, როცა თვით სამინისტროს საქმიანობა: ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოების ორგანიზაციის უზრუნველყოფა ერთ-ერთია იმ ფართო ღონისძიებებში, რასაც სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ არსებობს სასურსათო უსაფრთხოება იმ შინაარსით, რა შინაარსითაც ესმით ის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ტერმინი სასურსათო უსაფრთხოება ხშირად გაიგივებულია სურსათის უვნებლობასთან, რაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ერთ-ერთ მის შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს.
ამ მიმართებით ჩატარებულმა კვლევებმა (ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ეგიდით) პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მიერ აჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობს სასურსათო უსაფრთხოების არა მარტო ერთიანი სტრატეგია, პროგრამა და მისი განმახორციელებელი ინსტიტუტი, არამედ სასურსათო უსაფრთხოების სისტემის სახელმწიფოებრივი გაგება. სასურსათო უსაფრთხოების ელემენტები მიმოფანტულია რაიმე სერიოზული შემკრები კომუნიკაციის გარეშე სხვადასხვა სამინისტროებში, უწყებებში, მათ ნორმატიულ აქტებში და არ არსებობს მათ შორის კომუნიკაცია, რაც არ იძლევა ერთი ცენტრიდან კოორდინაციის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგია ის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით სასურსათო უსაფრთხოება საქართველოში არ არსებობს, რის საფუძველსაც იძლევა ის ფაქტიური მდგომარეობაც, რაც მისი ოთხივე კომპონენტის უხეში დარღვევითაა გამოხატული, კერძოდ:
- საქართველოში სურსათის წარმოება 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 194 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა (FAO). ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის დიდი უმრავლესობა არ იწარმოება მისი ფიზიოლოგიური ნორმის მესამედითაც კი (გამონაკლისია კარტოფილი) და მოსახლეობა ძირითადად იკვებება იმპორტირებული სურსათით (სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი 80%-ს შეადგენს). ყოველივე ეს შედეგია იმ მცდარი აგრარული პოლიტიკისა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მიერ იგნორირებული იყო სოფლის მეურნეობა და პრიორიტეტულ დარგად მიიჩნეოდა ტურიზმი (2004-2012წ.წ.). სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა მხოლოდ 0,4-1%, რითაც ბოლო ადგილზე ვიყავით მსოფლიოში აგრარული სექტორის დაფინანსების მხრივ.
2013 წლიდან ახალი ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და დაიწყო მთელი რიგი პროექტების განხორციელება მის სარეაბილიტაციოდ (2013-2015 წლებში სოფლის მეურნეობაში მობილიზებული იქნა საქართველოსთვის უპრეცედენტო თანხა 1,8 მილიარდი ლარი).
მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებებისა, დღეისათვის აგრარულ სექტორში მდგომარეობა ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია და შორსაა ნორმალურისაგან, მაგრამ აღსანიშნავია მდგომარეობის გამოსწორების ტენდენცია, რაც სასურსათო პროდუქციის ყველა სახეობის წარმოების ზრდაში გამოიხატება (თუმცა, ეს ზრდა ძალზე „მოკრძალებულია“) რაც, ჩვენი ვარაუდით, შრომის არასრულფასოვანი ორგანიზაციის, მოძველებული აგროწესებისა და ტექნოლოგიების გამოყენების, თესლის დაბალი კონდიციურობის, მიწის დაბალი ნაყოფიერების და სხვა მიზეზების არსებობით უნდა აიხსნას. ეს ცალკე თემაა, რითაც მაღალი დონის აგროსპეციალისტები და მეცნიერები უნდა დაინტერესდნენ.
- სასურსათო უსაფრთხოების მე-2 კომპონენტი: მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი, დაბალანსებული სურსათით ძალიან შორსაა სასურველისაგან. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დაბალი სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებს ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად საკვების შეძენას და მოხმარებას, რის გამოც უხეშადაა დარღვეული სასურსათო უსაფრთხოების ეს კომპონენტიც (მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკია, მათი 35% შიმშილობს). განსაკუთრებით თვალშისაცემია იაფი პროდუქტის — პურის გაორმაგებული რაოდენობით მოხმარება (საკვები რაციონის 60-70%) და ცილოვანი პროდუქტების (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები) მოხმარების დაბალი მაჩვენებლები (ფიზიოლოგიურ ნორმებზე 2,5-3-ჯერ და მეტად ნაკლები). ეს პროცესი არახალია, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის (1991წ.) პერიოდიდან მიდის და ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებების (ახალი საწარმოების შექმნა, ძველების რეაბილიტაცია, მოსახლეობის ნაწილის დასაქმება, სოციალური პროგრამების განხორციელება: ხელფასების, პენსიების, შემწეობების გაზრდა და სხვ.) მიუხედავად მდგომარეობა ჯერ კიდევ სავალალოა. გასათვალისწინებელია ის, რომ ადამიანთა დაავადებების 50% არასრულფასოვანი კვების შედეგია, რაც საგანგაშოა და დღის წესრიგში დგება მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა (!).
აქვე უნდა აღინიშნოს 2003 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ფიზიოლოგიური ნორმების ხელოვნურად შემცირება და დაყვანა სასურსათო პროდუქციის ფაქტიური მოხმარების დონეზე, დამაკმაყოფილებელი ვიზუალური სურათის შექმნისა და ე.წ. საარსებო მინიმუმის გასაიაფებლად, რათა მისი ღირებულება როგორმე დაახლოებოდა მოსახლეობისათვის გაცემულ პენსიებსა და შემწეობებს. სამწუხაროდ, ასეთი არაადეკვატური, „კასტრირებული“ საარსებო მინიმუმი (160 ლარი თვეში) დღემდე შემორჩა, რაც აბსურდულია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს (აღნიშნული თანხა მარტო კვებასაც კი არ ყოფნის, რაც ჩვენი გათვლებით, დღეს 255 ლარი ჯდება, რომ არაფერი ვთქვათ არასასურსათო ხარჯებზე: პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები, გადასახადები, მომსახურების სხვადასხვა სახეები).
- აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მონიტორინგი 2005 წლის ჩათვლით ხორციელდებოდა სახელმწიფოს მიერ, როგორც საწარმოებში, ისე საბაჟოზეც (იმპორტული პროდუქციისათვის) ქვეყანაში დამკვიდრებული საბჭოთა სტანდარტის — ГОСТ-ის შესაბამისად. 2006 წლიდან მაშინდელი ხელისუფლების მიერ საერთოდ გაუქმდა კონტროლი სასურსათო პროდუქციაზე, რამაც გზა გაუხსნა იმპორტიორებს შემოეტანათ საქართველოში სხვაგან დაწუნებული, ფალსიფიცირებული, მიკრობებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული, ასევე გენმოდიფიცირებული, დაბალი ღირებულების პროდუქტები, რამაც, გამოიწვია არამარტო მომხმარებელთა მასიური დაავადებები (განსაკუთრებით ავთვისებიანი სიმსივნით 7-8 ათასი ადამიანი წელიწადში), არამედ სურსათის ადგილობრივი წარმოების პარალიზება. მცირე მეწარმეების მიერ მოყვანილმა ადგილობრივმა პროდუქციამ კონკურენცია ვერ გაუწია შედარებით იაფფასიან იმპორტულ პროდუქციას და ფაქტიურად სამამულო წარმოება მოკვდა (2013 წლამდე საქართველოში სახნავ-სათესი მიწების 80% ყოველწლიურად დაუმუშავებელი რჩებოდა). ყოველივე ამან განაპირობა სოფლის მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება და მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიატოვა სოფელი და სამუშაოსა და სარჩოს საძებნელად ქალაქს მიაშურა (ასეულობით სოფელი დაცარიელდა და ყველაზე შეძლებულად სოფელში პენსიონერი ითვლება).
2013 წლიდან ინტენსიურად დაიწყო სახელმწიფოს მიერ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლი, რასაც საწარმოებში და სავაჭრო ქსელში ანხორციელებს სურსათის ეროვნული სამსახური, ხოლო საბაჟოზე — ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საგულისხმოა ის, რომ 3 წელიწადში მონიტორინგის (სასურსათო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა) რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა და 2015 წელს 6 ათასს მიაღწია, რაც მისასალმებელია, თუმცა, მონიტორინგის მასშტაბები ჯერ კიდევ არასაკმარისია (ჩვენი ქვეყნის ტოლ ლატვიაში წელიწადში 0,5 მილიონი ლაბორატორიული კვლევა ტარდება). საჭიროა ამ სამსახურისათვის დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს, რომ სასურსათო უსაფრთხოების ამ კომპონენტს ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა ხელისუფლების მხრიდან (რაც ზემოდაც აღინიშნა). ამ მიმართულებით მუშაობს: სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის რისკის მართვის დეპარტამენტი, ასევე ქვეყანაში სპეციალურად შექმნილი 11 ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტ — ISO-ს შესაბამისად.
- მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათით. სასურსათო უსაფრთხოების ეს კომპონენტიც უხეშად იყო დარღვეული და ჯერჯერობით თითქმის ისეთივე მდგომარეობაა, რადგან ზემოთ აღნიშნული დაბალი სოციალური პირობების გამო მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მისთვის საჭირო რაოდენობის სურსათის შეძენას. ამ მიმართებით საყურადღებოა 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, რაც აღნიშნული იყო 7-ე გვერდზე და ასევე მე-2 კომპონენტის განხილვისას (გვ. 10).
სამწუხაროდ, იმდენად დაბალი იყო საქართველოს მოსახლეობის სოციალური პირობები წინა წლებში, რომ ჯერჯერობით ცხოვრების დონით მსოფლიოში ისევ უღარიბესი ქვეყნების ბოლო ხუთეულში ვართ სირიის, ავღანეთის, კუნძულ ჰაიტის და უგანდის გვერდით (საერთაშორისო ორგანიზაცია „გელაპი“-ს მონაცემები, 2014წ.).
სასურსათო უსაფრთხოების ოთხივე კომპონენტის მოკლე განხილვიდანაც ნათლად ჩანს, რომ სასურსათო უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობა საქართველოში კრიტიკული და საგანგაშოა (ეს მაშინ, როცა ექსპერტების დასკვნით ჩვენს ქვეყანას თავისი რესურსებით შეუძლია გამოკვებოს არა თუ 4 მილიონი, არამედ 12 მილიონი ადამიანი!).
ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული სასურსათო უსაფრთხოების დაცვის სრულფასოვნად უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, რათა დაცული იქნას ადამიანების ჯანმრთელობა და კონსტიტუციით მინიჭებული უმთავრესი პირობა — სიცოცხლის უფლება.
ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისათვის
განსახორციელებელი ღონისძიებები
- სურსათის ადგილობრივი წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდა, რესურსების მაქსიმალურად გამოყენება თვითუზრუნველყოფის მიღწევის მიზნით. სასურსათო პროდუქციის მწარმოებელთა მატერიალური ხელშეწყობა, აგროდაზღვევის სისტემის ფართოდ დანერგვა.
- სურსათის ექსპორტის უპირატესი განვითარება იმპორტის მიმართ.
- სასურსათო ბალანსის დარეგულირება. სურსათის წარმოება — მოთხოვნა — მოხმარების დინამიკის შესწავლა, ანალიზი.
- სურსათის უვნებლობის დაცვის ღონისძიებების ფართო მასშტაბით განხორციელება. სურსათის მონიტორინგის „მინდვრიდან — თეფშამდე“ სრულყოფილად დანერგვა.
- სრულფასოვანი, დაბალანსებული სურსათის მოხმარების, ფიზიოლოგიური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და საარსებო მინიმუმისათვის რეალური სასურსათო კალათის შედგენა.
- სურსათზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მაქსიმალური მიღწევა (მოსახლეობის დასაქმება, ხელფასების, პენსიების, შემწეობების გაზრდა, ფასების შესაძლო შემცირება სურსათზე, საწვავზე, კომუნალურ გადასახადებზე, მედიკამენტებზე, საყოფაცხოვრებო საგნებზე და სხვ.).
- აგრომეცნიერების სათანადო დაფინანსება.
- ინვესტიციების მოზიდვა. სოფლის აღორძინების პროექტების განხორციელება.
- ქვეყანაში სასურსათო რეზერვების შექმნა.
- მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით მოსახლეობის პერიოდული ინფორმირება დაბალანსებული კვების მნიშვნელობისა და საკვებ პროდუქტებში ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველობის შესახებ. სასურსათო უსაფრთხოებისა და ჯანსაღი, დაბალანსებული კვების ელემენტების სწავლების დანერგვა სკოლებში.
- სოფლად ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების ქსელის გაფართოება და მათი ხელშეწყობა.
- სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების ბაზაზე ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რომელიც სისტემატურად შეისწავლის საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფას, სასურსათო უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს ღონისძიებებს პრობლემების დასაძლევად და მონიტორინგს გაუწევს მათ შესრულებას.
ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გაბნეული სასურსათო უსაფრთხოების ელემენტების კოორდინაციას და სასურსათო უსაფრთხოების სრულფასოვან გააზრებას, მოსახლეობაში სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების აუცილებლობის საჭიროების დამკვიდრებას, მათი ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.
შოთა ჩხეიძე,
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში