ჩაის კულტურის , სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა
დღეს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში თხილის კულტურა ლიდერობს, შემდეგ _ ციტრუსები და ჩაი, თუმცა, ფერმერულ მეურნეობებში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში აქტიურად აშენებენ კენკროვნებს (ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო), კაკლოვნებს, კურკოვნებს, თესლოვნებს, რომელიც სახელმწიფოსაგან 70%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
ამ პროგრამით სასარგებლო საქმე კეთდება, თუმცა, კარგი იქნებოდა ამ საქმეში ჩაის ახალი პლანტაციების გაშენებაც ყოფილიყო ჩართული.
სახელმწიფოსაგან მეჩაიეობის დარგისადმი ასეთმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მძიმე დაღი დაასვა სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და სოფლად დარჩენილი მოსახლეობის ის მცირე ძალაც კი სეზონურად თურქეთში გადის ჩაისა და თხილის საკრეფად. დღეს ყველა ვაღიარებთ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ დარგში რადიკალური გარდაქმნები ვერ ხორციელდება, არადა ჩაის კულტურის პროპაგანდა, დარგისადმი ხელშეწყობა ამ ზონის გაღატაკებული მოსახლეობის უკუმიგრაციის, მათი დასაქმებისა და მატერიალური კეთილდღეობის ძირითად პირობად მიგვაჩნია. ბევრი შეიძლება წერო ჩაის კულტურის დადებით მხარეებზე, თუმცა, ჩვენი ფერმერებისათვის, გლეხებისათვის და ზოგადად მოსახლეობისათვის კარგი იქნებოდა, თუ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მეჩაიეობის დარგის სამეურნეო, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და ფასეულობებზე:
ა) სამეურნეო ასპექტები:
ჩაის კულტურის ადაპტირების მაღალი უნარი გლობალური კლიმატური ცვლილებების მიმართ;
ყოველწლიური გარანტირებული და სტაბილური მოსავალი;
დასავლეთ საქართველოს მჟავე წითელმიწა, ეწერმიწა, ყვითელმიწა ნიადაგებისადმი დიდი შემგუებლობა;
პლანტაციების ხანგრძლივი (80-100 წელი) საექსპლუატაციო ვადა;
მუშახელის დატვირთვის ხანგრძლივობა (7-8 თვე);
ყინვაგამძლეობა, ზამთარგამძლეობა, მავნებელ-დაავადებათა მიმართ მდგრადობა;
მცენარის ბიოპოტენციალის მაქსიმალური-უდანაკარგო გამოყენება (ნაზი, მოუხეშო, უხეში ნედლეული).
ეკოლოგიური ასპექტები:
ჩაის მცენარის ფესვთა სისტემა, როგორც ნიადაგდამცავი, ეროზიული მოვლენების შემაკავებელი ფაქტორი;
ჩაის ბუჩქის შეკრული ვარჯი, როგორც წყალშეკავების უნარისა და ნიადაგის მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცვის საშუალება;
ჩაი, როგორც მარადმწვანე მცენარე _ წლის ყველა პერიოდში ატმოსფეროს სუფთა ჟანგბადით გამდიდრების საშუალება;
ჩაის ნარგაობა, როგორც მზის სხივური ენერგიის აკუმულირებისა და ზამთრის პერიოდში რბილი მიკროკლიმატური პირობების შექმნის საშუალება;
ჩაის ნარგაობა, როგორც ნიადაგის გამაკეთილშობილებელი საშუალება;
ჩაის ხავერდოვანი მწვანე ზედაპირი, როგორც ეგზოტიკურ-დეკორაციული განაშენიანების საუკეთესო ობიექტი, დასვენებისა და ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობა.
ეკონომიკური ასპექტები:
ერთი ჰექტარი სრულმოსავლიანი პლანტაციის საშუალო მოსავლიანობა: 6-7 ტონა ნედლეული (1,5-2,0 ტონა მზა პროდუქცია);
ნედლეულის საშუალო სარეალიზაციო ფასი: კგ. 2,0-2,5 ლარი;
მზა პროდუქციის საშუალო სარეალიზაციო ფასი: კგ. 20-25 ლარი;
ერთი კგ მზა პროდუქციის საშუალო თვითღირებულება: 13-15 ლარი;
ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციისაგან მიღებული მზა პროდუქციის ღირებულება: 30-40 ათასი ლარი;
სუფთა მოგება: 20-22 ათასი ლარი; პროდუქციის შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის მთელი წლის განმავლობაში შესაძლებლობა.
აი, იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალი, რომლითაც ეს კულტურა გამოირჩევა და აღიარებას პოულობს მსოფლიო მასშტაბით. თუ ამას დავუმატებთ ჩაის, როგორც სასმელის სამკურნალო-პროფილაქტიკურ და დიეტურ მნიშვნელობას, მაშინ ამ კულტურის ღირსება შეუდარებლად გაიზრდება. საბედნიეროდ, როგორც ადრინდელი გამოცდილება გვიჩვენებს, ჩვენი ქვეყნის ნიადაგურ -კლიმატური პირობები იძლევა ამ კულტურის ინდუსტრიული განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მაქსიმალურ გარანტიას.
ზაურ გაბრიჩიძე