საქართველოს მეაბრეშუმეობის საინვესტიციო შესაძლებლობები
მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და გახდა ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუში, მოსახლეობის მასიური დასაქმების საშუალება, ფულადი შემოსავლის წყარო და მუდმივი ზრუნვის საგანი.
მაღალხარისხოვანი ქართული აბრეშუმი დიდი მოწონებით სარგებლობდა მსოფლიო ბაზარზე. აბრეშუმის დიდი გზა საქართველოზეც გადიოდა.
საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში მეაბრეშუმეობის სისტემაში წარმოებული იყო 4,0-4,5 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,0-4,5 ტონა გრენი, 450-500 ტონა აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5-5,0 მილიონი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი და სხვა პროდუქცია, რომლის რეალიზაციით წარმატებით ივსებოდა ყველა დონის ბიუჯეტი.
სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა თუთის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც გაანადგურა 15 მილიონ ძირზე მეტი ჯიშიანი თუთის მცენარე, რამაც სხვა სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად დარგის განადგურება გამოიწვია. დაიკარგა 15-16 ათასი სამუშაო ადგილი და 18 მილიონ მანეთამდე შემოსავალი, რამაც მეტად დააზარალა სოფლის მოსახლეობა.
საქართველოში განადგურებული მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-აღორძინების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოოპერირების საფუძველზე საკარმიდამო მეაბრეშუმეობის გამოცოცხლებას, ადგილობრივი გრენის წარმოების და სააბრეშუმო მრეწველობის აღდგენას (ჩამოყალიბებას), რაც საჭირო ინვესტიციების გარეშე ძნელად განსახორციელებელი იქნება.
ინვესტიციების დაბანდება მყარი უკუგების თვალსაზრისით მრავალი მიმართულებით შეიძლება, მაგრამ აქ მხოლოდ სამ პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას:
1. ინვესტიციების რაციონალური გამოყენების თვალსაზრისით მეტად საინტერესოა კულტურული მეაბრეშუმეობის დიდი ტრადიციების მქონე ხონის რაიონი.
ხონი ყოველთვის გამოირჩეოდა მეაბრეშუმეობის მაღალი კულტურით, კარგად განვითარებული კუსტარული წარმოებით და სიახლეთა დანერგვით. საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებამდე ხონში მოქმედებდა კარგად განვითარებული ძაფსახვევ-საგრეხი ქარხანა, მეაბრეშუმეობის სასელექციო სადგური და სხვა დაწესებულებები, რაც დღეისათვის განადგურებულია. მაგრამ ხონელთა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ მაინც შენარჩუნებულია (თუმცა დაყადაღებულია) ხონის მეთუთეობის მეურნეობის 30 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მ.შ. 10 ჰა თუთის პლანტაცია და ყოფილი სასელექციო სადგურის შენობა-ნაგებობა, რაც კარგ სასტარტო პირობებს ქმნის დარგის აღორძინებისათვის. ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არიან ყოფილი მეაბრეშუმეობის სადგურის და პლასტმასის ქარხნის კვალიფიციური მუშები (სპეციალისტები), რომელთა დასაქმება შეიძლება პროფილის მიხედვით გრენის, ცახების, ლასტების და სხვა ინვენტარის დასამზადებელ საწარმოებში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დამუშავებულია უაღრესად საინტერესო „საინვესტიციო პროექტი მეაბრეშუმეობის საკვები ბაზის, პარკის წარმოების და კუსტარული რეწვის ეტაპობრივი აღდგენა ხონის რაიონში” 2025 წლამდე პერიოდისათვის, რამაც საყოველთაო ყურადღება და აღიარება დაიმსახურა (განსაკუთრებით ხონის რაიონის მოსახლეობაში). მასში განხილულია:
— მეთუთეობა — სათესი განყოფილება, თესლნერგების და ნერგების წარმოება,
ნარგაობის (ერთეული პლანტაცია) გაშენება, ფოთლის წარმოება (სოფლების მიხედვით), თვითღირებულება, მოგება, რენტაბელობა და ა.შ.
— გაანგარიშებულია პარკის წარმოება, პირველადი დამუშავება, ხამი ძაფის ამოხვევა—რეალიზაცია, შედეგები (მოგება, თვითღირებულება, რენტაბელობა) და სხვა მაჩვენებლები;
— ცალკეა წარმოდგენილი გრენის დამზადების შესაძლებლობა (სასელექციო სადგურის აღდგენის შემთხვევაში), თვითღირებულება, მოგება და ა.შ. პროექტში წარმოდგენილია სხვა მაჩვენებლები, პარამეტრები და შესაბამისი დასკვნები. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის განხორციელებით (იგი სანიმუშოა სხვა რაიონებისთვისაც) ხონის მეთუთეობის მეურნეობა გახდება დარგის აღორძინებისა და მეცნიერული კვლევის აღიარებული კერა.
2. მეაბრეშუმეობაში საკვები ბაზის განმტკიცების საქმეში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თუთის ნერგების გამოზრდის ყველა მეთოდი, მათ შორის — საკუთარფესვიანიც. განსაკუთრებით საინტერესოა თერმული წყლით გამთბარ გრუნტში გამძლე თუთის ჯიშების ნაზამთრი კალმით დაფესვიანება, საიდანაც მიღებული ნერგების გამოზრდის დრო ნამყენთან შედარებით მცირდება 2 წლით, ხოლო თვითღირებულება — 2,5-3,0 ჯერ (იხილე რეკომენდაცია „თერმული წყლით გამთბარ სუბსტრატში თუთის გამძლე ჯიშების ნაზამთრი კალმით დაფესვიანება და ეკონომიკური ეფექტიანობა”, ავტორები გ. ნიკოლეიშვილი, ე. შაფაქიძე, თ. დალალიშვილი და იგივე ავტორების სტატია ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში”, #12(44), 2014 წელი).
აღნიშნული მეთოდით საკუთარფესვიანი ნერგის წარმოების სიმარტივე, და უაღრესად მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობა მეტად ხელმისაწვდომია როგორც მცირე მეწარმეებისათვის (5-10 ათასი ლარის ფარგლებში), ისე მსხვილი ინვესტორებისათვის (წარმოების მასშტაბის გათვალისწინებით).
3. თუთა მეაბრეშუმეობის განვითარების საფუძველია. ამასთან, თუთა მრავალმიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით უპირველესია დედამიწაზე მცენარეთა შორის.
განვლილ ათასწლეულში, თუთის უამრავი სასარგებლო თვისებაა შესწავლილი, მაგრამ, როგორც ირკვევა, მისი შესაძლებლობები თითქმის ამოუწურავია.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია ქართველ მეცნიერთა მიერ დამუშავებული წინადადება შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლისაგან (ყლორტები, ტოტები) მეცხოველეობის არატრადიციული საკვების წარმოების მიზანშეწონილობისა და მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობის შესახებ. სრულყოფილი მასალები წარმოდგენილია რეკომენდაციაში „შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლისაგან მეცხოველეობის არატრადიციული საკვების (ნეკერი) დამზადების შესაძლებლობა, ტექნოლოგიები და ეკონომიკური ეფექტიანობა”, ავტორები გ. ნიკოლეიშვილი, ე. შაფაქიძე, თ. დალალიშვილი და იგივე ავტორების სტატია ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში”, № 10(42), 2014 წელი).
აღნიშნული მეთოდი წარმატებით ინერგება ქედის რაიონის ფერმერულ მეურნეობებში, ხოლო მომავალში, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის შემთხვევაში. მეაბრეშუმეობის ყველა რაიონში გავრცელდება. ამით ხელი შეეწყობა როგორც მეაბრეშუმეობის აღორძინების, ისე მეცხოველეობის (სახორცე მეფრინველეობა, სატბორე მეთევზეობა) არატრადიციული საკვების წარმოების გადიდებას, მცირე ბიზნესის გაჯანსაღებას და სოფლების მომძლავრებას.
სტატიაში განხილული საკითხების განხორციელებისათვის აუცილებელია ხელისუფლების მხარდაჭერა, რომელიც სოფლ;ის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ნათლად იგრძნობა, სადაც მუშავდება მეაბრეშუმეობის განვითარების პროგრამა და იქ ალბათ ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხებიც იქნება გათვალისწინებული. მიგვაჩნია აგრეთვე, რომ ქვეყნის ინტერესებისა და დარგის თავისებურებათა გათვალისწინებით უპირველესად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ინვესტიციები, რისთვისაც მიზანშეწონილია ამ საკითხებზე კონსულტაციების მისაღებად გამოგვეხმაურონ მეაბრეშუმეობის დარგით დაინტერესებული ყველა მეწარმე და ორგანიზაციები.
გიორგი ნიკოლეიშვილი,
სსმმ აკადემიის წ`კორესპონდენტი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ელგუჯა შაფაქიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 59