მეთესლეობის განვითარების მნიშვნელობა და შესაძლებლობები საქართველოში
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თანამედროვე, უხვმოსავლიანი ჯიშების და ჰიბრიდების გამოყვანას და წარმოებაში დანერგვას სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და ხარისხის გაზრდაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. რაშიც გადამწყვეტ როლს მეთესლეობის სწორად დაგეგმილი სისტემა ასრულებს.
რაც არ უნდა კარგი ჯიში ან ჰიბრიდი იყოს, თუ მისი მეთესლეობა სწორად არ იქნება დაგეგმილი, ის ძალიან სწრაფად გაქრება წარმოებიდან, რისი ამისი უამრავი მაგალითი არსებობს.
მეთესლეობა მეცნიერების დარგია, რომლის ძირითად ამოცანას ჯიშთა გამოცდისა და ჯიშთა განახლებისთვის მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის გამრავლება შეადგენს. მეთესლეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჯიშის ჯიშობრივი ნიშან-თვისებების შენარჩუნება და მისი შემდგომი გაუმჯობესება. მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა კომპლექსში მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.
მეთესლეობის მეცნიერულად სწორი წარმართვა გენეტიკურ კანონზომიერებათა გამოყენებას, გასავრცელებელი ჯიშებისა და ჰიბრიდების ბიოლოგიურ ცოდნას ეფუძნება. მაღალი სათესი ღირსებისა და უხვმოსავლიანი, ჯიშიანი თესლის მიღება მხოლოდ და მხოლოდ მიწათმოქმედების მაღალი კულტურის პირობებში, მეცნიერულად დასაბუთებული აგროწესების დროული და კომპლექსური გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.
მეთესლეობის განვითარება მაღალორგანიზებული ღონისძიებაა, სამწუხაროდ თანამედროვე პირობებში დარღვეულია ჯიშთა ცვლის და ჯიშთა განახლებას შორის კავშირი, აქედან გამომდინარე აუცილებელია დამუშავდეს მეთესლეობის ახალი სისტემა.
სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ქვეყანაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მეთესლეობის დარგიც თანდათანობით იგნორირებული იქნა და ბოლოს მთლიანად დაიშალა და განადგურდა, როდესაც საბოლოოდ გაიყიდა მიწათმოქმედების ინსტიტუტი და მასში შემავალი საცდელი სადგურები. პირადად მივწერე წერილი ყოფილ პრეზიდენტს სადაც ვწერდი: „კარგი ბატონო, თუ მაინცდამაინც უნდა გაიყიდოს საცდელი ბაზები, სადაც ხდებოდა (დარაიონებული) გასავრცელებელი ჯიშების და ჰიბრიდების პირველადი და შემდგომი რეპროდუქციის თესლის წარმოება, მაშინ გამოიძებნოს ისეთი ინვესტორი, რომელიც საცდელ ბაზებს შეუნარჩუნებს პროფილს, ასეთი მიდგომა მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვისაც და ინვესტორისათვის, რადგანაც მეთესლეობა საჭირო და მომგებიანი დარგია“. თუ ვინმე დაინტერესდებით, მიბრძანდით და ნახეთ, რა მდგომარეობაშია დღეს მიწათმოქმედების ინსტიტუტის ტერიტორია და შენობა ნაგებობანი. ვის ხელშია კახეთის საცდელი სადგური, რა მდგომარეობაშია აჯამეთის საცდელი სადგური, წყალტუბოს საცდელი სადგური და სხვა. ქვეყანაში ასეთი 13 საცდელი სადგურია მოქმედებდა, რომელიც გაჩანაგდა, განადგურდა და დაკარგა ფუნქცია. ამავე პერიოდში გაუქმდა ჯიშთა გამოცდის სადგურები. გაუქმდა კანონი მეთესლეობის შესახებ. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანაში მეთესლეობის კუთხით სრული ქაოსი და განუკითხაობა შეიქნა, ვის რა ჯიში შემოაქვს, ვინ რას თესავს, გაუგებარია. განუკითხაობა დღემდე გრძელდება. მაგალითისთვის განვიხილოთ სტრატეგიული კულტურის საშემოდგომო ხორბლის მეთესლეობის საკითხი თუ რა მდგომარეობა გვაქვს, ამ სფეროში.
დღევანდელი მონაცემებით, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს, ქვეყანაში საშემოდგომო ხორბალი შეიძლება დაითესოს 120-დან 140 ათას ჰექტარამდე. იყო პერიოდი, როდესაც ხორბალი 200-216 ათას ჰა-ზე ითესებოდა, მთლიანად კი თავთავიანი კულტურები 300 ათასი ჰექტარი (ქერი, შვრია, ჭვავი და სხვ.) ითესებოდა.
ამით იმის თქმა გვინდა, რომ აღნიშნული ფართობები უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი კონდიციური თესლით და ქვეყანაში მეთესლეობის სისტემა გამართულად მუშაობდა. დავანებოთ თავი იმას რაც იყო, ვილაპარაკოთ დღევანდელ მდგომარეობაზე.
მოგეხსენებათ, 140 ათასი ჰექტარი ხორბლის ფართობი რომ დაითესოს, 30-35 ათასი ტონა თესლია საჭირო. ბუნებრივად ისმება კითხვა, სად არის ამ რაოდენობის თესლი, ვინ აწარმოებს, საიდან შემოდის, რა ჯიშებია და რა ითესება. ვინ უწევს ამას მონიტორინგს, რა რაოდენობის თანხა გაედინება ქვეყნიდან?
მისასალმებელია, რომ ქვეყანაში აღდგა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიშთა გამოცდის სამსახური, რომელიც ალბათ ეტაპობრივად დაარეგულირებს ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების ვარგისიანობის საკითხს. ასევე მისასალმებელია, რომ შეიქმნა კანონი სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ. კი ბატონო, ქვეყანაში შეიქმნა კანონი მეთესლეობის შესახებ, მაგრამ აქვე ისმება კითხვა ვართ მზად იმისათვის, რომ კანონი რეალურად ამოქმედდეს და პრაქტიკული შედეგი მოიტანოს?
როგორ შეიძლება საკითხისადმი ასეთი მიდგომა. არის კანონი ამით ყველაფერი მოგვარებულია და ვისაც უნდა იმან აწარმოოს თესლი? ჩემი აზრით, ეს მცდარი შეხედულებაა. თესლის წარმოება ყველგან და ყველას არ შეუძლია, ის სპეციფიკური დარგია და მის წარმოებას ცოდნა სჭირდება.
ასევე ისმება კითხვა, ჯიშთა გამოცდაში გამოცდილი ჯიშები, რომლებსაც ეძლევა რეკომენდაცია, რომ გავრცელდეს (დარაიონდეს) ვინ უნდა აწარმოოს მისი პირველადი მეთესლეობა? ვინ უნდა მიაწოდოს ფერმერს (დარაიონებული) გასავრცელებელი ჯიშის პირველადი მასალა, რომ მოხდეს მისი შემდგომი გამრავლება და წარმოებაში დანერგვა.
როგორ გვგონია, ფერმერს ეყოფა იმის ცოდნა ან კომპეტენცია, ან აქვს მას იმის დრო და საშუალება რომ ამა თუ იმ ჯიშის პირველადი თესლი აწარმოოს?!
პირველადი მეთესლეობის წარმოება ეს მეცნიერებაა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ადგილობრივი და შემოტანილი გასავრცელებელი ჯიშების და ჰიბრიდების პირველადი მეთესლეობა უნდა აწარმოოს და კოორდინაციას უნდა უწევდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ახლად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ამის განსახორციელებლად სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გააჩნია ყველა საშუალება რეგიონების მიხედვით არსებული საცდელი ბაზები სწორედ პირველადი მეთესლეობის წარმოების კუთხით უნდა დაიტვირთოს. რისთვისაც საჭიროა ადგილებში მოეწყოს ინფრასტრუქტურა შეირჩეს კადრები და სხვა.
ამ მხრივ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში უნდა შეიქმნას პირველადი მეთესლეობის სამსახური, რომელიც იმუშავებს ეტაპობრივად არა მარტო თავთავიანი კულტურების პირველად მეთესლეობაზე, არამედ სხვა კულტურებზეც, როგორიცაა მარცვლეული, მარცვლოვან-პარკოსანი, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახების და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების პირველად მეთესლეობაზე მუშაობის ასეთი მიმართულება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სისხლხორცეული საქმეა. ხოლო შემდგომი სამრეწველო მეთესლეობის განვითარება, მისი წარმოება უნდა ხდებოდეს წინასწარ შერჩეულ კერძო თერმულ მეურნეობებში (ელიტიდან I-II-III რეპროდუქციამდე).
მეთესლეობის პროგრამის განსახორციელებლად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით რეგიონების (ზონების) მიხედვით უნდა შეირჩნენ ფერმერები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ფერმერს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე 100 ჰა სახნავი მიწა;
გააჩნდეს სასაწყობო მეურნეობა;
სასურველია ჰქონდეს მარცვალსაწმენდი, თესლის დამკალიბარებელი დანადგარი (პიტკუსი) თესლის შესაწამლი აპარატი და სხვა საჭირო ინვენტარი.
ასეთი ფერმერების შერჩევა უნდა მოხდეს სამინისტროსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით, რომელიც მეთესლეობის პროგრამის მიმდინარეობას, გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვას თესვიდან მოსავლის აღებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში
(2-3 წ.) გაუწევს მეთოდურ დახმარებას.
ზონების მიხედვით შერჩეულ სპეციალიზებულ მეთესლეობის ფერმერულ მეურნეობებში, მეთესლეობის წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, თავთავიანი კულტურების გარდა პარალელურად განვითარდება მარცვლეული, მარცვლოვან-პარკოსანი, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახების და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების მეთესლეობაც.
მეთესლეობის განვითარებას აუცილებლად სჭირდება მოეწყოს თესლბრუნვა, რის შედეგადაც ეტაპობრივად ამაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება. ამაღლდება მიწათმოქმედების კულტურა, შესაბამისად გაიზრდება მოსავალი და პროდუქციის ხარისხი. რეგიონებში ასეთი სანიმუშო ფერმერული მეურნეობის შექმნა გადამდები იქნება სხვებისთვისაც, რომლებმაც აუცილებელი არ არის აწარმოონ თესლი, ჩვეულებრივი თესლბრუნვის პირობებში განავითაროს თავისი მეურნეობა. ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად მოხდება მცირე მიწის ფერმერების გაერთიანება კოოპერატივების ჩამოყალიბება და სხვა. რატომ არ შეიძლება ქვეყანაში მეთესლეობის განვითარების კუთხით ამუშავდეს მსგავსი პროექტი, როგორიცაა დანერგე მომავალი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში.
ამიტომ ვთავაზობთ ქვეყანას გასავრცელებელი (დარაიონებული) უხვმოსავლიანი თესლის ადგილზე წარმოებას, ჩვენთან ამის გამოცდილება არსებობს და თუ სახელმწიფოს სურვილი და ნება იქნება, ქვეყანა სავალუტო რეზერვებსაც დაზოგავს, ადგილობრივ წარმოებასაც განავითარებს, ახალგაზრდა სპეციალისტებსაც გაზრდის და ასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსაც შექმნის.
ამ საქმის დაწყება და ბოლომდე მიყვანა რეალურია. მეტიც, აუცილებელიცაა, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიშთა გამოცდის სამსახური, გვაქვს კანონი სერტიფიცირებისა და მეთესლეობის შესახებ.
ბატონებო, პატივცემულო, მკითხველო, არავინ გამიგოს ისე, თითქოსდა ვინმეს ჭკუას ვარიგებდე, ან ახალ ველოსიპედს ვიგონებდე. მეთესლეობა ეს დიდი ხნის დავიწყებული, თავის დროზე უგუნურად გაჩანაგებული დარგია, რომელსაც აღდგენა სჭირდება და დღეს ქვეყანას ამის გაკეთება შეუძლია.
საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია 120-დან 140 ათას ჰექტრამდე თავთავიანი კულტურები დაითესოს და საშუალო მოსავლიანობის პირობებში 360-დან 450 ათასი ტონა მარცვლის მივიღოთ, რაც მოთხოვნილების 50-დან 60%-ზე მეტს შეადგენს.
2017 წელს საქართველო მევენახეობის და მეღვინეობის ქვეყნად იქნა აღიარებული მსოფლიოში, რაც მისასალმებელია და ვულოცავ დარგში მომუშავე ყველა სპეციალისტს დიდ აღიარებას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ასევე ხორბლის წარმოშობის ქვეყნადაც ითვლება, რასაც მოვლა-პატრონობა სჭირდება.
რა აზრი აქვს ქვეყანაში ჯიშთა გამოცდის სამსახურის შექმნას. თუ არ მოგვარდება გასავრცელებელი (დარაიონებული) ჯიშების პირველადი მეთესლეობის საკითხი და არ შეიქმნება ქვეყანაში სპეციალიზებული, თესლის მწარმოებელი კერძო ფერმერული მეურნეობები, რომლებიც აწარმოებენ ელიტურ და შემდგომი რეპროდუქციის თესლებს და სერტიფიცირებული თესლი თუ არ მიეწოდება მარცვლის მწარმოებელ ფერმერებს.
PS. ფერმერები რომლებსაც სურვილი გაუჩნდებათ აწარმოონ გასავრცელებლად რეკომენდებული (დარაიონებული) ჯიშების და ჰიბრიდების თესლი, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 595 94 12 12
ადოლ ტყეშელაშვილი
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი აგრონომი