დარგებიმემცენარეობა

უძველესი ქართული საკულტო და ტრადიციული სანელებელი

ნარკოტიკული საშუალებების შესახებ აეროს ერთიანი კონვენციით (1961), მცენარე კანაფი, ცნობილი როგორც კანაბისი, იგივემარიხუანა“, ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაშია შეტანილი.  კონვენციის ხელმომწერ მხარეებს საკუთარ ქვეყნებში მისი მოყვანარეალიზაციის მკაცრი კონტროლი ევალებათ!

ნარკოტიკული კანაფის კულტურული ფორმები, გენმოდიფიცირებული ჯიშები და ჰიბრიდები დიდი ოდენობით შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს – კანაბინოიდებს. მათი ზემოქმედება იწვევს მკაფიო ფსიქოტროპულ ეფექტებს, ცნობიერების მძიმე დარღვევებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს!

ჩვენს სტატიაში მოთხრობლია სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის კანაფზე – კულტურაზე, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა ხალხების მიერ საყოფაცხოვრებო, საკვებ-სანელებელი, სარიტუალო, თუ სამკურნალო მიზნით.

კანაფს (Cannabis) უხსოვარი დროიდან იყენებენ საქსოვი ბოჭკოს (ქერელის), კულინარიული დანიშნულების თესლებისა და ზეთის მისაღებად, აგრეთვე სამკურნალოდ.

საქართველოში ბუნებრივად გვხვდება ჩვეულებრივი კანაფი Cannabis sativa და ველური კანაფი Cannabis ruderalis.

კანაფის ბოჭკოსგან ამზადებდნენ ქაღალდს, ქსოვილს, ხომალდის იალქნებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თოკებს, ბაგირებს. შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი ეგზემპლარები დაბეჭდილია კანაფის ქაღალდზე. ფართოდ გავრცელებული, ყველასთვის საყვარელი „ჯინსის“ ქსოვილი კი პირველად სწორედ კანაფის ბოჭკოსგან მიიღეს.

სამრეწველო დანიშნულების მცენარის აღწერილობის პირველი ჩანაწერები გვხვდება ძვ.წ.აღ. 2800 წლით დათარიღებულ ხელნაწერებში. პლინიუს უფროსი კანაფს აღწერს როგორც დასაწნავ, საკვებ და სამკურნალო მცენარეს, რომლის თესლები უებარი საშუალებაა პირუტყვის შეკრულობისას, წვენი კურნავს ოტიტს, ფესვი კი გამოიყენება როგორც საფენი სახსრების ტკივილის, პოდაგრისა და დამწვრობის დროს.

დიოსკორიდეს მიხედვით, კანაფის თესლების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს უნაყოფობას, მწვანე მცენარის წვენის ჩაწვეთება კი ხსნის ყურის ტკივილს.

კანაფს სარიტუალო მიზნით იყენებდნენ ნეოლითური ხანიდან. ინდოეთში (VIII—VI საუკუნეში ძვ.წ.აღ.) ბრაჰმანები კანაფის ნახარშს ღვთაებასთან მისაახლოვებლად. მას წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ, მიცვალებულთა მეგზურად, რომელიც სულს სხვა სამყაროში გადასვლაში ეხმარებოდა.

აღმოსავლურ კულტურაში მცენარე დასაფლავების რიტუალების აუცილებელი ატრიბუტი იყო. ჰეროდოტეს აღწერილი აქვს სკვითების დასაფლავების ცერემონიალი, სადაც მიცვალებულს კანაფის ბოლს უკმევდნენ.

აღმოსავლეთში მცენარე ტკივილგამაყუჩებელ, ანტიეპილეფტიკურ, ღებინების, კრუნჩხვის და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებად მიაჩნდათ. მისი გამოყენება სამკურნალო მიზნით პირველად ძველ ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ.აღ. მეორე ათასწლეულიდან არის ცნობილი.

შუა საუკუნეებში მეზღვაურები ჰაშიშს ეწეოდნენ ზღვის დაავადების (ღებინების) თავიდან ასაცილებლად, მეუდაბნოეები და მექარავნეები კი – სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად გაუსაძლისი სიცხეების დროს.

აიურვედას მედიცინაში ტკბილეული დაფქვილი ბხანგით (ინდური კანაფისგან მიღებული ფსიქოტროპული საშუალება) ფართო მოქმედების სპექტრის პოპულარულ წამლად ითვლება, რომელშიც კანაბინოიდების ფსიქოტროპული ეფექტი განეიტრალებულია კოთხუჯის ფესვებით. ევროპულ მედიცინაში კანაფის შესახებ ცნობები XIX საუკუნის შუა წლებიდან მოდის.

დღეს მისი გამოყენება სამედიცინო მიზნით შეზღუდულია, რამდენადაც, მცენარისგან ადამიანისთვის მიყენებული ზიანი ბევრად აღემატება სარგებლიანობას!

რაც შეეხება საქართველოს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში კანაფი ცნობილია როგორც ტრადიციული სანელებელი კულტურა, განსაკუთრებით, სვანეთში. მისგან ხდიდნენ ზეთს. მოხალულ თესლებს ქვიჯაში ნაყავდნენ, საცერში ატარებდნენ და მიღებულ მასას ზეთის მისაღებად ხელით ზელდნენ ან ტომარაში ჭყლეტდნენ. კანაფის ზეთს არომატის მისაცემად უმატებდნენ კერძებს.

გარდა ამისა, კანაფის თესლებს საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. სადღესასწაულო და სარიტუალო დღეებში აცხობდნენ კანაფისგულიან ქადებს, კანაფის მხლოვანებს და ტრადიციულ საკულტო პურებს „გიმბშარ ლუკვნე“ და „ღიმიმბაშ ქუთ“. სვანეთში ველური კანაფი დღემდე ატარებს სარიტუალო დატვირთვას.

საქართველოში კანაფისგან წნავდნენ თოკებს, ქსოვდნენ ტილოს, ხალხურ მედიცინაში კი იყენებდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კრუნჩხვებისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას.

დღეს კანაფის ბუნებრივი ბოჭკო სხვადასხვა სინთეზური ნაწარმითაა ჩანაცვლებული და სამრეწველო მიზნით მას თითქმის აღარ იყენებენ.

ნინო გოცაძე,

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

წყარო: sputnik-georgia.com