ბატკნების გამოზრდა ინტენსიური მეთოდით
ბოლო პერიოდში საქართველოში ცხვრისა და ცხვრის ხორცის ექსპორტი გაიზარდა, რაც მეცხვარე ფერმერებს კარგ პირობას უქმნის თავიანთი მეურნეობები გააძლიერონ და დარგის განვითარებასაც დაადგეს საშველი, თუმცა, სირთულეები იმაზე მეტია, ვიდრე ჩანს.
ერთ-ერთი, ცხვრის ხორცზემოთხოვნილების გაზრდის პარალელურად, არაკონდიციური ცხვრის რეალიზაციის პრობლემაა, რის გამოც ფერმერი ზარალობს, რადგან, როცა მას საბაზისო ბატკანი ჰყავს და აქედან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს, ბატკნის გაყიდვით, იმ მოგებას, რასაც ბატკნის გამოზრდით ორ-სამ თვეში ნახავდა, კარგავს.
ფირმა „ლომთაგორამ“ ამ პრობლემის გადაჭრის საკმაოდ მოხერხებულ და მომგებიან მეთოდს მიაგნო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ჯერ ანალოგიური მეთოდით ბატკანი არავის გამოუზრდია, რაც სამი თვის განმავლობაში ბაგურ კვებაზე ბატკნის დაყენებასა და წონამატის მაქსიმალურ მიღებას ითვალისწინებს.
— ჩვენ საქართველოში ბატკანი პირველად გადავიყვანეთ ბაგურ კვებაზე — მეუბნება ფირმა „ლომათაგორას“ დამფუძნებელი კახა ლაშხი. — აქ სულ 2000 ბატკანია და ისინი ბაგური, ინტენსიური ზრდა-გამოკვებისათვის ერთ შენობაში გვყავს მოქცეული. დახურულ სივრცეში მათთვის საჭირო მიკროკლიმატია შექმნილი. გარეთ როგორც არ არ უნდა ცხელოდეს, შენობაში ტემპერატურა 23 გრადუსზე მაღლა არ იწევს, რაც მკაცრად კონტროლდება.
ბატკნები თავისუფლად არიან, ნებიერად იკვებებიან, რაციონი დაბალანსებულია პროტეინით, ნახშირწყლებითა და ყველა საჭირო მინერალებით. მუდმივად აქვთ სუფთა, გრილი წყალი, სათავსო მუდმივად ნიავდება და სუფთავდება, არ არის შემაწუხებელი სუნი და ცხოველებსაც, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, სრული კომფორტი აქვთ შექმნილი და მთელ ამ მეურნეობას 3 ადამიანი ემსახურება.
შენობის საერთო ფართობი 1500 კვადრატული მეტრია, რომელიც დაყოფილია უჯრედებად და ყოველ უჯრედში 60 ბატკანია მოთავსებული.
— ამ შემთხვევაში, როცა წონამატის გაზრდაზე გვაქვს აქცენტი გადატანილი, ამათი მოძრაობა სულ არ გვაინტერესებს, მთავარია მეტად მოიმატონ წონაში, ნაკლები იმოძრაონ და იქით-აქეთ სირბილზე ენერგია არ დახარჯონ.
თეორიულად ყველაფერი გათვლილი გვაქვს, მაგრამ თეორია ყოველთვის, მითუმეტეს, როცა პირველად აკეთებ და თან სწავლობ, ბოლომდე არ ამართლებს და პროცესში რაღაცის შეცვლა გვიწევს. მომგებიანი საქმე რომ არის, ფაქტია. საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ, ჯერ არ ვიცით, ამას ბოლოს ვნახავთ.
— საქართველოში ვინმეს აქვს გამოყენებული ბატკნის გამოზრდის მსგავსი მეთოდი, რა გამოცდილებას ეყრდნობით?
— საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობს, უცხოეთში მოვიძიეთ. არც იქ აქვთ ასეთი ტიპის ფერმები, იქ უფრო გადახურული, ღია ფერმები (ფიდლოტები) აქვთ გაკეთებული. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამას საბროილერო ბატკნის გამოზრდის მეთოდი უფრო ჰქვია.ალბათ, ასეთი რამ უცხოეთშიც ნაკლებადაა, მე არსად მინახავს, უფრო სხვა მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი ტიპის გამოსაზრდელი ფერმა გაგვეკეთებინა და ახლა ვაკვირდებით, გზადაგზა ბევრ ნიუანსს ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ.
გამოსაზრდელად დაყენებული გვყავს 7-10 კილოგრამიანი ბატკნები, რომლებმაც 35-40 კილოგრამამდე უნდა მოიმატონ წონაში. ამაზე მეტი, როგორც ლიტერატურა გვეუბნება, რენტაბელური აღარ არის, რადგან ხორცი ქონში გადადის და ნაკლებად კონდიციურია.
— რამდენ დღეში უნდა მიაღწიონ ბატკნებმა ამ წონას?
— თავიდან დაგეგმილი გვქონდა ამ წონამდე 70 დღეში გამოგვეზარდა, მაგრამ შევფერხდით, პირველია და ვსწავლობთ. საერთოდ ეს სამთვიანი პროექტია. დასახული გვაქვს ამოცანა დღეში ბატკნის წონამატი საშუალოდ 300 გრამი იყოს. ამასაც მივაღწევთ ბოლო თვეში, მანამდე მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ. ცხვარს სჭირდება მომზადება, ერთი თვე მაინც. რადგან შეზღუდულები ვართ, ცხვარი ცოცხალი მასის 6 პროცენტზე მეტ საკვებს ვერ ითვისებს. ნელ-ნელა ვაჩვევთ, რომ მეტი შეჭამოს და ბროილერის პრინციპით მეტი ხორცი მოგვცეს.
ამ მეთოდით გამოზრდის უპირატესობა ისიც არის, რომ ცხოველები დაცულნი არიან დაავადებისგან, ყველა აცრილი და ჯანმრთელია. აქედან მიღებული ხორცი გაივლის ნებისმიერ კონტროლს, მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს და იქნება უმაღლესი კატეგორიის.
— აქ ძირითადად თუშური ცხვრის ბატკნები გყავთ?
— სამოც პროცენტამდე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სუფთა გენეტიკური მასალა გვყავს, თუმცა, საქართველოში ამ მხრივ საქმე კარგად არ არის, შეჯვარებები ხდება და ჯიშები აღრეულია, ამიტომ არ არის სუფთა თუშური.
— ამას არც უნდა ვამბობდე — მეუბნება ბატონი კახა, — მაგრამ ეს საქმე მისახედია, სასელექციო სამუშაოები ჩასატარებელია. თუშური ჯიში არის სამატყლე და სახორცე მიმართულების, წესით მან, ვიდრე ჩვენ გავთვალეთ, უფრო მეტად უნდა მოიმატოს წონაში, მაგრამ სუფთა სისხლის ნაკლებად გვყავს, ამიტომ კარგი იქნება, თუ პოპულაციებს გავასუფთავებთ. იგივე ითქმის იმერულ ცხვარზეც, არც იქ არის უკეთესად საქმე.
ამ ტიპის მეურნეობაში ჯიშური გასუფთავებაც უფრო იოლი მისაღწევია, ვიდრე ფარაში, მომთაბარეობის პირობებში.
ვფიქრობთ, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სხვა ფერმერებსაც დააინტერესებს, გაიზიარებენ ჩვენ გამოცდილებას და თავიანთ მეურნეობებს უფრო რენტაბელურს გახდიან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, რაც მეტი კარგი საქმე გაკეთდება, ჩვენთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც.
ნესტან გუგუშვილი