დარგებიმცენარეთა დაცვა

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზოგიერთი მავნებელ-დაავადებები

ბაქტერიები
ბაქტერიები  მცენარეზე დაახლოებით 200-ზე მეტ ეკონომიკურად მნიშვნელოვან დაავადებებს იწვევენ. მცენარის დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ფიტოპათოგენური ბაქტერიები ეწოდებათ, ხოლო მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს – ბაქტერიოზები.

ბაქტერიები ერთუჯრედიანი უბირთვო მიკროორგანიზმებია, ფიტოპათოგენურ ბაქტერიებს აქვთ ჩხირის ფორმა (საერთოდ კი, როგორც ცნობილია, შეიძლება იყოს სფერული (კოკები), ჩხირისებრი ან კლაკნილი). თუ ჩხირის ფორმის ბაქტერია სპორას ივითარებს, მას ბაცილა ეწოდება.

ბაქტერიები გარსზე ივითარებენ ლორწოვან კაფსულას. ბაქტერიები შეიძლება იყოს უშოლტო ან შოლტიანი (1,2 ან მრავალშოლტიანი).

ბაქტერიების კვება და სუნთქვა ხორციელდება ფერმენტებით. არიან აერობული (ჟანგბადს საჭიროებენ) და ანაერობული (უჟანგბადო გარემოში მცხოვრები) ბაქტერიები. ისინი საჭიროებენ ნეიტრალურ ან სუსტ ტუტე PH-ს. ფიტოპათოგენური ბაქტერიების უმეტესობა ჰეტეროტროფულია, დღეისათვის ცნობილი ყველა მათგანი მრავლდება ხელოვნურ საკვებ არეზეც.

ბაქტერიები მცენარეში იჭრებიან ბაგეებიდან, ბუსუსებიდან ან დაზიანებული ადგილებიდან. განვითარებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა ან წყლის წვეთის არსებობა მცენარის ზედაპირზე. ოპტიმალური ტემპერატურაა 20-250ჩ. ისინი მცენარეში სწრაფად ვრცელდებიან ჭურჭელბოჭკოვანი გზებით. დაავადების გადატანა შეიძლება მოხდეს თესლით, სარგავი მასალით, ნიადაგით, მწერებით, ფრინველებით, ადამიანის მიერ გამოყენებული მანქანა-იარაღებით და სხვ. ბაქტერიების უმეტესობა მცენარეული ნარჩენების განადგურებასთან ერთად ისპობა, მცირე ნაწილი კი რამდენიმე წელს ძლებს ნიადაგში.

მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების ძირითადი სიმპტომებია: ნეკროზები (ლაქები), სველი სიდამპლე, ფერის შეცვლა, ორგანოების პროგრესული ზრდა, ზრდაში ჩამორჩენა, წვენთა დენა, ჭკნობა და სხვ.

მცენარეთა ბაქტერიოზებთან ბრძოლის მეთოდები: საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, ღრმად ხვნა, გადამტან მწერებთან ბრძოლა და სხვ. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი კი ქიმიური პრეპარატებია. ბაქტერიების წინააღმდეგ გამოყენებულ პესტიციდებს ბაქტერიციდები ეწოდებათ.

მიკოპლაზმები

მიკოპლაზმები ერთი მცენარიდან მეორეზე გადადიან ჭიჭინობელების, ყვავილოვან პარაზიტ აბრეშუმას, თრიფსებისა და ტკიპების საშუალებით და იწვევენ ქაჯის ცოცხს და სიყვითლის მსგავს სიმპტომებს. (მაგ. ასტრების სიყვითლე, ბრინჯის ყვითელი სიხუჭუჭე, ჰორტენზიის ყვავილების გამწვანება და სხვ).

მიკოპლაზმები – მიკროორგანიზმების სპეციფიკური ჯგუფია, მათ შუალედური ადგილი უკავიათ ვირუსებსა და ბაქტერიებს შორის. მრგვალი, ზოგი მოგრძო ან ჰანტელის ფორმისაა, 0,1-1 მკმ – ზომის. ბაქტერიისაგან განსხვავებით არ აქვთ უჯრედის ნამდვილი გარსი, აქვთ მხოლოდ სამშრიანი ელემენტარული მემბრანა. ვირუსებისგან განსხვავებით აქვთ უჯრედული აგებულება და მრავლდებიან ხელოვნურ საკვებ არეზე, აქვთ როგორც დნმ ისე რნმ. მიკოპლაზმები ბაქტერიებისაგან განსხვავებით მგრძნობიარეა ტეტრაციკლინის მიმართ.

ძლიერი ფიტოპათოგენები არიან. დაავადებული მცენარე ან საერთოდ არ გვაძლევს მოსავალს ან მკვეთრად მცირდება პროდუქცია. მიკოპლაზმები იწვევენ მცენარის ზრდაში ჩამორჩენას, ქონდარობას, გენერაციული ორგანოების შეცვლას, ფერის ცვლილებებს, ყვავილების გაწვანებას, ქაჯის ცოცხს, აგრეთვე ისეთ სიმპტომებს, რომლებიც ვირუსებს ახასიათებთ: დეფორმაციას, ნეკროზს, ჭკნობას, გაწვრილებას და სხვ. ისინი სახლდებიან ძირითადად ფლომაში, საცრისებურ მილებში. ზოგი ვიწროსპეციალიზებულია, ზოგს კი ფართო სპეციალიზაცია აქვს.

ბრძოლა

საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, სარეველების მიკროპლაზმების რეზერვატორების – განადგურება, დაავადებული მცენარეების განადგურება, ბრძოლა გადამტან მწერებთან, გამძლე ჯიშების დანერგვა, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება, თერმული დამუშავება და სხვ.

ვირუსები

ვირუსები მცენარის მრავალ დაავადებას იწვევენ და საკმაოდ საშიში არიან, რადგან თავდაპირველად ხშირ შემთხვევაში დაავადება შენიღბულ ხასიათს ატარებს. დღეისათვის თითქმის ყველა კულტურაზე რამდენიმე ვირუსული დაავადებაა ცნობილი. ვირუსის სხეულს წარმოადგენს ვირიონი, რომელიც ცილოვანი გარსის ანუ ნუკლეოეკაფსიდისაგან შედგება და შიგ სპირალურად დახვეულია დნმ ან რნმ. ფიტოპათოგენურ ვირუსებს აქვთ ჩხირის, ძაფის, სფერული ან ბაცილის მსგავსი ფორმა და მათ შემადგენლობაში შედის რნმ: ზომა 17-დან 75 ნმ-დე, მრავლდებიან მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში. ვირუსები ხშირად განიცდიან ცვალებადობას და წარმოქმნიან ახალ ახალ შტამებს. მცენარეში იჭრებიან მხოლოდ დაზიანებული ადგილებიდან. ვირუსები გადააქვთ მწერებს, ტკიპებს, ნემატოდებს და სოკოებს. ზოგი გადადის სათესლე და სარგავი მასალით, ზოგი კი ყვავილოვანი პარაზიტ-კელაპტარათი. ვირუსების გადატანა ერთი მცენარიდან მეორეზე შეიძლება იყოს კონტაქტურ-მექანიკური, ვექტორული (გადამტან მწერებს ვიროფორული ეწოდებათ). თესლისა და სარგავი მასალის გზით გადაცემა და სხვ. ინფექციის პირველად წყაროს წარმოადგენენ: მცენარეული ნარჩენები, სათესლე და სარგავი მასალა, ნიადაგი, სარეველები და სხვ.

ვირუსულ დაავადებებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მცენარის ზრდაში ჩამორჩენა, ორგანოების ფერის შეცვლა, დეფორმაცია, ნეკროზები, მოზაიკა, რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა და სხვ. ხშირად, პირველ ეტაპზე დავადება შენიღბულია, ლატენტურია და მოგვიანებით იჩენს თავს.

ფიტოპათოგენურ ვირუსებთან ბრძოლა მიმდინარეობს შემდეგი მეთოდებით:

1) პროფილაქტიკური ღონისძიებები: საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, გამძლე ჯიშების გამოყვანა, ბრძოლა გადამტანებთან, ვაქცინაცია, აგროტექნიკური ღონისძიებები და სხვ;

2) თერაპიული ღონისძიებები: თერმული დამუშავება, ინჰიბიტორების გამოყენება (ანტიბიოტიკები) და პესტიციდები (ვირიციდები).

სოკოები

სოკოები ეკუთვნის უმდაბლეს მცენარეებს. ცნობილია სოკოების დაახლოებით 1 მილიონი სახეობა. ისინი ჰეტეროტროფები არიან. გვხვდებიან როგორც საპროფიტი, ისე პარაზიტი სოკოები, ზოგი კი სიმბიოზურ კავშირშია სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან. თალუსის აგებულების მიხედვით სოკოები იყოფიან პლაზმურ (მათი სხეული წარმოადგენს შიშველ პლაზმას) და მიცელიარულ (აქვთ ძაფნაირი თალუსი ანუ მიცელიუმი) სოკოებად. მიცელიუმის შემადგენელ ძაფებს ჰიფები ეწოდებათ. მიცელიუმი შეიძლება იყოს 1 ან მრავალუჯრედიანი, დატოტვილი ან დაუტოტავი, შეფერილი და შეუფერავი, ერთწლიანი (მცენარის 1 წლიან ორგანოებში) ან მრავალწლიანი (მრავალწლიან ორგანოებში). უჯრედშიდა ანუ ენდოფიტური (სოკოების უმეტესობას), უჯრედგარე ანუ ეგზოფიტური (ნაცროვან სოკოებს) და უჯრედშორისი (მაგ. ჭრაქის, ფიტოფტორის გამომწვევ სოკოებს).

სოკოების გამრავლება

სოკოების გამრავლება ხდება ორი გზით: უსქესოდ და სქესობრივად. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ვეგეტატიურად (მილეციუმის ან მისი სახეცვლილებების ნაგლეჯებით, დაკვირტვით) და უსქესო სპორებით. სქესობრივი გამრავლების ფორმებია: ჰოლოგამი, ჰეტეროგამია, იზოგამი, ზიგოგამია (უმდაბლეს სოკოებში), ოოგამია და აპოგამია (უმაღლეს სოკოებში).

ნაყოფსხეულები

სოკოების ნაწილი წარმოქმნის ნაყოფსხეულებს, რომლებშიც სპორები ვითარდება. ნაყოფსხეული შეიძლება იყოს მიკროსკოპული და მაკროსკოპული. მაკროსკოპული ნაყოფსხეული აქვთ მაგალითად ქუდიან და აბედა სოკოებს, ხოლო მიკროსკოპული ნაყოფსხეული ახასიათებთ ჩანთიან სოკოებს: კლეიტოკარპიუმი, პერიტეციუმი, აპოტეციუმი და უსრულ სოკოებს – პიკნიდიუმი.

სპორა

სპორა სოკოებში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც თესლი უმაღლეს ფარულთესლოვან მცენარეებში ე.ი. გამრავლებას ემსახურება, ოღონდ იგი უფრო მარტივი აგებულებისაა. გარედან აქვს გარსი, შიგნით კი ციტოპლაზმა თავისი ორგანოიდებით და ბირთვი. სპორა შეიძლება იყოს 1,2 ან მრავალუჯრედიანი, შეფერილი ან შეუფერავი, მოძრავი ან უძრავი, სხვადასხვა ფორმის და ზომის, უსქესო ან სქესიანი, შინაგანი წარმოშობის ანუ ენდოგენური და გარეგანი წარმოშობის ანუ ეგზოგენური.

სოკოების კლასიფიკაცია

სოკოების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მაგრამ კლასიფიკაციის საფუძველს ძირითადად წარმოადგენს გამრავლების, კერძოდ, სქესობრივი გამრავლების ფორმა. გარდა ამისა, მხედველობაში იღებენ იმას თუ, როგორია თალუსი:

პლაზმური თუ მიცელიარული.

მიცელიუმი ერთუჯრედიანია თუ მრავალუჯრედიანი, შეფერილია თუ შეუფერავი, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი, ივითარებს თუ არა სახეცვლილებებს, ენდოფიტურია თუ ეგზოფიტური, როგორი წარმოშობის სპორები აქვთ. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სოკოების კვებითი სპეციალიზაცია და სხვ.

სოკოები იყოფიან ორ ჯგუფად: უმდაბლესი და უმაღლესი სოკოები.

რ. ძიძიშვილი

აგრონომიის საფუძვლები