მედიარუბრიკები

ფერმერის დღიური _ პატარ-პატარა „სასწაულები“

ქრისტე აღსდგა, საქართველო!
ქრისტე აღდგა დიდისა და პატარასთვისაც, მდიდრისა და ღარიბისთვისაც, ქალისა და კაცისთვისაც, ქალაქელისა და სოფლელისთვისაც, ავადმყოფისა და ჯანმრთელისთვისაც, აღდგა და დაგვანახა თანასწორობა, მარადიულობა, მოყვასისთვის თავდადების აუცილებლობა და კიდევ ათასი რამ, რაც ჯერ ვერც კი აღგვიქვამს. ეს ალბათ იმიტომ რომ უკვე დანახულიც არ გაგვითავისებია სათანადოდ.
ჭეშმარიტად აღსდგა!

დღიურების მესამე ნაწილი სასიხარულო ამბით მინდა დავიწყო. მგონი გაზიფიცირება სრულდება სოფელში და გვეშველა, გამოვედით ქვის ხანიდან! რაც აქ დავსახლდი, მას შემდეგ გვპირდებიან გაზს, თან, ამ დაპირებას აუცილებლად ურთავდნენ: „აი, გაგვყავს გაზი და აბა, მეტი რაღა გინდათ?!“ ჰოდა, ამ ძახილში, რაც მე ვიცი, მეორე წელი იწურება უკვე. შარშან ზაფხულში, როგორც იქნა, ჩაყარეს მილები და თქვეს, სექტემბერში თუ არა, ახალ წელს აუცილებლად დასრულდება „გაზის ბალონებიო.“ გავიდა სექტემბერი… ოქტომბერი… მერე ახალი წელიც… არადა როგორ მიხაროდა, ზამთარში ცხოველებისთვის ისე აუცილებელია თბილი წყალი, საჭმლის მოხარშვა. ჩემთვისაც, ცხოველებისთვისაც, ეს უკვე ერთი ბალონია 2 კვირაში. ქალებიც, მათ შორის დედაჩემიც, დიდ მოლოდინში იყვნენ, მორჩება ამ „გამორწყული გაზით“ კერძების მომზადებაო. ახლა უკვე გაზაფხულის მეორე თვე დადგა და გვითხრეს:  „დიდი, დიდი _ აპრილის შუა რიცხვებშიო!… ღმერთმაც ქნას! რა დაშავდება, ამ გაზაფხულზე რომ მაინც აგვიხდინონ უკვე ამდენ ახალ წელს ასახდენი სასწაული ჩვენი სოფლის „გაზის მესვეურებმა“? ვფიქრობ _ არაფერი.

გაზის სასწაულის რა გითხრათ, მაგრამ ახალგაზრდა მეწარმეებისათვის დანიის სამეფოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის მოლოდინში ნამდვილად ვიყავი. ჯერ კიდევ დეკემბერში დაამტკიცა პარლამენტმა (დეიდაჩემმა მითხრა, თვითონაც ეიმედებოდა). ჰოდა, ვიფიქრე, ვიღაცა მაინც მოგვაქცევს ყურადღებას და იმას დააფინანსებენ, რაც ნამდვილად სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული-მეთქი.  დიდხანს იფიქრეს ძალიან, თითქმის 3 თვე და ბოლოს 40/60 ვარიანტი შემოგვთავაზეს. 40%-ს ისინი დაფარავენ და 60% ჩვენ უნდა გადავიხადოთ, თან თანხის ჩვენებით. როგორ გითხრათ და ძალიან სასაცილო კია! არადა, ვიფიქრე ახალგაზრდა ფერმერების მოთხოვნების შესაბამისი რაიმე იქნებოდა. ვინ დაეხმარათ ნეტა ასეთი სქემის შემუშავებაში, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები? ნეტა საერთოდ თუ იციან, რა ხდება საქართველოში სოფლად ან ახალგაზრდა ფერმერების საჭიროებებს თუ იცნობენ? თუ ახალგაზრდაა,  დამწყებია და რაღაც საქმეზე ხელი აქვს მოკიდებული, თან თუ სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობა უნდა, რომ პროფესიად გაიხადოს, 60%-ს როგორ დაფარავს? ეს იმ 5 ათასიანი მცირე მეწარმეობის გრანტს წააგავს, ინოვაციას რომ ითხოვდნენ და სოფლის მეურნეობასაც რომ მოიცავდა, მაგრამ არა საღორის და ბოსლის მშენებლობას _ ეგ არც კი უნდა გეხსენებინა თურმე. არადა მე ეს მჭირდებოდა (ახლაც მჭირდება). უარის თქმის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის ვიკითხე, – აბა, სოფელში სხვას რას აკეთებენ ძირითადად-მეთქი, მიპასუხეს (უკვე მერამდენედ), – მაგ შემთხვევაში, კენკროვანებზე უნდა იმუშაოო. არ მინდა, ბატონო, ეს კენკროვანი კულტურები, მეცხოველეობა მინდა-მეთქი, – ამაზე პასუხი არა აქვთ. მერე გავიგე, ხონში საშაურმე დაუფინანსებიათ, ცინცხალი ინოვაცია!. ასეთ დროს სულ დავით კლდიაშვილის ცნობილი ფრაზა მიღიტინებს თავში _ ტყუილი, ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი!

ერთი საინტერესო ასოციაციის „მომავლის ფერმერის“ გლეხების გულშემატკივარმა ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა თავის გვერდზე დაწერა, გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა, _ ევროკავშირის სიკეთეები მიიტანეთ ფერმერამდეო.

_ ნეტა რას გულისხმობდა, ჰა?!

ძალიან მინდა რაღაც ისეთი არსებობდეს -მედიატორული ორგანიზაცია – როგორიც ფრანგებს აქვთ, მაგალითად, შუამავალი ფერმერებსა და მთავრობას შორის. ეს ის არის, მთავრობას ოლიმპოს სიმაღლეებიდან ფრთხილად დაშვებაში რომ ეხმარება და მიწაზე დარჩენილი ფერმერების რეალურ პრობლემებს რომ აცნობს. ოღონდ ფერმერების მხარეს მსხვილი ქალაქების ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები კი არა, ვისაც უშუალოდ ეხება ეს საკითხები, ისინი წარმოადგენენ. ერთად ბჭობენ, კამათობენ და ააშენეს კიდეც თავიანთი სოფლები, ჩვენ ჯერ კიდევ ასაშენებელი გვაქვს და აბა, ასეთი „ბოლით“ და უმოქმედობით რა აშენდება?!

ახლა ხელოვნური „სასწაულებიდან“ ბუნებრივზე გადავალ და ჩემი ცხოველების შესახებაც მოგიყვებით. 5 დედა ღორი და ერთი ტახი მყავს, ყველას თავისი სახელი ჰქვია. ერთ-ერთ ნეზვს „გრიალას“ ვეძახით. ეს სახელი იმიტომ შევურჩიეთ, რომ როცა შია, შვილებს აქეთ-იქეთ მიფანტ-მოფანტავს, გავარდება და ყველაზე პირველი ჩაეშვება გობში, მერე ისეთი კმაყოფილი სახით დგას, რესტორნიდან გამოსულ კაი „ნაგრიალებ“ „ვაჟკაცსაც“ შეშურდება. ამიტომაც ჰქვია გრიალა.

 

ჰოდა, ჩვენს გრიალას გოჭები გაუჩნდა, ჯანსაღები და პუტკუნები. ერთი იყო მხოლოდ ნახევარი ყურით, განუვითარებელი ნიჟარებით და სუსტი ჯანით. შემეცოდა, ვიფიქრე, იქნება სითბომ უშველოს-მეთქი და პატარა ყუთში ჩავსვი, სახლში შევიყვანე, დავათბუნე; მერე ძროხებთან ვიყავი გასული და რომ დავბრუნდი, დავინახე, ჩემი ორივე კატა ზედ არ წვანან გოჭზე. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მოგუდეს-მეთქი, სასწრაფოდ გავწიე ორთავე და რას ვხედავ?! ეს ჩვენი, უკვე მოფერიანებული, გოჭი სუსტი ხმით, მაგრამ მაინც ღრუტუნებს. სანამ ბოლომდე არ მოიკეთა, კატები გოჭს არ მოშორებიან, ჰოდა, ცხოვრობს ახლა ჩვენი „ჯამბო“ კატებთან და ლეკვთან ერთად და თავი ხან ლეოპოლდი ჰგონია, ხანაც უყურო თეთრი ბიმი… თუმცა ორივე შემთხვევაში, დედა მე ვარ, ხელში საწოვარიანი რძის ბოთლით.

ასეთ მეგობრულ და თბილ ოაზისს ვაწყობ აქ, სოფელში, რომლის ამბებსაც აუცილებლად გავუზიარებ მთელ საქართველოს.     

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, ჟურნალის რედაქტორს, რომ ვთხოვე, ეს ამბავიც ჩაემატებინა: ნამდვილად გვექნება გაზი! დღეს ხელოსნები მოვიდნენ და მითხრეს ერთი წერტი (ერთი მოწყობილობის დაერთება გამანაწილებელ გაზსადენთან) 400 ლარი ჯდება, თუ მეორე წერტიც გინდა, მიუხედავად იმისა რომ კომპეტენტურ ხელოსანს მოიყვან და მრიცხველში დაწერილი თანხის მიხედვით პირნათლად გადაიხდი გადასახადს, თუნდაც ელემენტარული კომფორტისთვის, მაინც უნდა მოიყვანო პატივცემული სოკარის წარმომადგენელი და თანხა დაამატო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმასაც დაგაკისრებთ, ჩვენ ასეთი წესები გვაქვსო, მიპასუხა უკვე მერამდენე დარეკვის შემდეგ ცხელ ხაზის იქეთ მყოფმა სოკარის ოპერატორმა. 

ასეც მოვიქცევი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, ჩემზე, როგორც თანხის გადამხდელზე, იზრუნა ვინმემ, როცა მსგავსი ხელშეკრულება ფორმდებოდა? დავუშვათ, სოფელში მარტო ერთი წერტის გადასახადის გადახდა თუ მოახერხა გლეხმა, ისიც განვადებით და მეტის ვერა, თავისი კერძი და ღორის სალაფავიც ერთ გაზქურაზე უნდა მოამზადოს, თუ გლეხია და არა უშავს?!

ეეეჰ, როდის იქმნება ბნელის შთანმთქმელი ნათელი ჩვენს აგრარულ ქვეყანაში…

ირაკლი სოხაძე