დარგებიმეთევზეობა

კალმახის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია

თევზის ინფექციური დაავადებებისაგან გამოწვეული პრობლემები მრავალ ქვეყანას აწუხებს. მათ შორის გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის მეკალმახეობის განვითარებას ხელს ის გარემოებაც უშლის, რომ უცნობი ეტიოლოგიის მქონე ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკაზე მომუშავე სპეციალიზებული ლაბორატორიები აღარ ფუნქციონირებენ.

იქთიოპათოლოგიის სამსახურში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ვეტერინარულ — ვირუსოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ცხოველთა სხვა დაავადებებთან ერთად სწავლობდა თევზის დაავადებების გამომწვევ მიზეზებს და სახავდა პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონიძიებებს. აღნიშნული ლაბორატორია დაიხურა და კვლევის შედეგად მიღებული ყველა ის დადებითი შედეგი, რომელიც მეთევზეობის პრაქტიკული თუ სამცენიერო საქმიანობისთვის იყო გამიზნული (მათ შორის, კალმახის ჰემორაგიული სეპტიცემია) დავიწყებას მიეცა.

მეთევზეობაში აღწარმოების საკითხის დაქვეითებამ, განაყოფიერებული ქვირითის, თევზისა და სხვა ჰიდობიონტების განსხვავებული გეოგრაფიული თუ კლიმატური ზონებიდან შემოყვანამ, წყალსატევების სასუქებით დაუსაბუთებელმა ინტენსიურმა გამდიდრებამ და სხვა გარემოებებმა გამოიწვია ჩვენში აქამდე უცნობი დაავადებების გაჩენა და არსებულის გააქტიურება.

თევზის დაავადებებიდან დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა კალმახის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია, რომლის დიაგნისტიკა მხოლოდ კლინიკური ნიშნებითა და ეპიზოოტოლოგიური მონაცემების მიხედვით შეუძლებელია. აღნიშნული დაავადების გამოვლენა — დადასტურებისათვის სამეთევზეო ობიექტებიდან საკვლევ — სადიაგნოსტიკო ნიმუშის აღების გეგმები და დიაგნოსტიკის მეთოდები საქართველოს მთავრობის განკარგულებით დღეისათვის რეგლამენტირებულია, ხოლო მისი შესრულება, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიას აქვს მინდობილი, მხოლოდ ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და მომუშავე პერსონალის მიერ სათანადო ტრეინინგის გავლის შემდგომ იქნება შესაძლებელი.

კალმახის ჰემორაგიული სეპტიცემიის დიაგნოსტიკა უჯრედოვანი კულტურის მეშვეობით ვირუსის გამოყოფა-გაზრდას ითვალისწინებს. ვირუსი, რომელიც პირველად დანიაში არსებული დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო საკალმახე მეურნეობიდან იქნა გამოყოფილი, რეგისტრირებულია ევროპის მრავალ ქვეყანაში. მან გავრცელება ჰპოვა აღნიშნულ დაავადებაზე არაკეთილსაიმედო მეურნეობებიდან ცისარტყელა კალმახის დასნებოვნებული ქვირითის კეთილსაიმედო ზონაში შეტანის შედეგად. გამორიცხული არაა, რომ საქართველოში მისი დიაგნოსტიკის შემთხვევაში დაავადების გაჩენა ქვირითისა და ლიფსიტის ვეტერინარული კონტროლის გარეშე შემოტანას დაუკავშირდეს.

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიით ძირითადად ცისარტყელა კალმახი ავადდება. როგორც ლიტერატურული წყაროები მეტყველებენ, ბუნებრივ პირობებში დაავადების სპონტანური შემთხვევები რეგისტრირებულია მდინარის კალმახში, ქარიყლაპიასა და კაპოეტში.

ეპიზოოტიები თევზის მასიური დახოცვით მიმდინარეობს. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა წყლის ტემპერატურა 8-10°C— ის ფარგლებშია. წლის თბილ პერიოდში დაავადება ლატენტური ფორმით მიმდინარეობს. მისი გამოვლინება ცუდი კვების შემთხვევაში წყლის 15-20°C პირობებშიც შეიძლება მოხდეს. ძირითადად ავადდება 5-7 სანტიმეტრი სიგრძის 1-2 წლამდე ასაკის თევზი. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დახოცილი თევზი, მისი გამონაყოფები და სხვა. ინფექციის გადაცემა ხდება ჯანმრთელი თევზის პირდაპირი კონტაქტის გზით: წყალში მცურავ ფრინველებთან, წყალთან, ინვენტართან, სამეთევზეო ტარასთან და უხერხემლო ცხოველებთან, რომლებიც დაავადების მატარებლებს წარმოადგენენ.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურულ პირობებზე, ვირუსის ვირულენტობასა და თევზის ორგანიზმის რეზისტენტობაზე. დაავადებაგადატანილი კალმახი იძენს მყარ იმუნიტეტს. არჩევენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფორმას, ფიქსირდება ზემწვავე და უსიპტომო მიმდინარეობაც. მწვავე ფორმის მიმდინარეობისას დაავადებას ახასიათებს პათოლოგიური პროცესის სწრაფი მიმდინარეობა და სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი. თევზი ღებულობს მუქ ყავისფერს, ხასიათდება ცალმხრივი ან ორმხრივი ეგზოფთალმიით, ხდება ანემიური და ლაყუჩებზე უჩნდება ჰემორაგიული ხაზები. უწითლდება საცურაო ფარფლის ძირები და სხვა. ქრონიკული ფორმით დაავადების მიმდინარეობისას კალმახი ღებულობს მუქ, თითქმის შავ ფერს, ხასიათდება ძლიერ გამოხატული ეგზოფთარმიითა და ანემიით. ლაყუჩები ღებულობს ღია ვარდისფერ ან მოთეთრო-მორუხო ფერს, ზოგ შემთხვევაში სრულიად თეთრს. ზემწვავე და ნერვული ფორმით დაავადების მიმდინარეობისას თევზები ასრულებენ სპირალუ მოძრაობებს ძირითდად აუზის ძირზე ან ცურავენ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ახასიათებთ იმპულსური მოძრაობები და ხშირად ერღვევათ სივრცეში კოორდინაციის უნარიც. ეპიზოოტიები გრძელდება 1-2 თვის განმავლობაში

პათოლოგო — ანატომიური ნიშნებიდან ძირითდი მახასიათებელია: პერიოკულარულ კონიუქტივზე, მუსკულატურაზე, საცურაო ბუშტზე და პერივისცერალურ ცხიმოვან ქსოვილზე გაშლილი სისხლჩაქცევები. ჰემორაგიული კერების არსებობა დამახასიათებელია დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობისას, როცა ღვიძლი ჰიპერემიულია და წითელი. ქრონიკული ფორმით მიმდინარეობის შემთხვევაში — ფერმკრთლი ან მორუხო. ჰისტოლოგიური კვლევისას ადგილი აქვს ნეკროზული კერების არსებობას. თირკმლები მწვავე ფორმით მიმდინარეობისას წითელია და თხელი, ქრონიკული მიმდინარეობისას მორუხო და გოფრირებული. თავის ტვინის არეში ფიქსირდება ვირუსის არსებობა და პერიფერიულ სისხლში იცვლება ერითროციტების რიცხვი, ქრონიკული მიმდინარეობისას სწრაფად ვითარდება ანემია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაავადების ამღძვრელი თევზის ორგანიზმში ლაყუჩების გზით ხვდება, ხოლო გამრავლების შემდეგ მთელ ორგანიზმში გადადის, ვირუსის ტოქსინებით გამოწვეული ცვლილებები იმდენად იზრდება, რომ იწვევს სიკვდილს.

დიაგნოზი ისმევა ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათოლოგოანატომიური, ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე, რასაც აუცილებლად უნდა ადასტურებდეს ქსოვილოვან კულტურაზე გამოყოფილი ვირუსი. მისი იდენტიფიკაცია სეროლოგიური რეაქციისა და დაავადების ამთვისებელი თევზის ბიოლოგიური ცდის მეშვეობით ხდება.

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა და ღვიძლის ცეროიდული დეგენერაციის დიფერენცირებისათვის აუცილებელია კვლევის ყველა მეთოდის გამოყენება.

მეცნიერთა აზრით, არსებობს ვირუსის რამდენიმე ტიპი, რომელთაც ახასიათებს ორაგულისებრთა ოჯახის თევზების მიმართ არჩევითობა. დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური საშუალებები შემუშავებული არ არის. ცნობილია, რომ დაავადების ამღძვრელი ვირუსი მგრძნობიარეა ეთერის, ქლოროფორმისა და გლიცერინის მიმართ. ულტრაიისფერი სხივები, 2 % მწვავე ნატრიუმის და 3 % ფორმალინის ხსნარი ვირუსს კლავს 5-10 წუთის განმავლობაში, რაც მხედველობაშია მისაღები სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დროს.

დღეისათვის სურსათის ეროვნული სააგაენტოს მიერ დაგეგმილი საექსპედიციო სამუშაოები ითვალისწინებს ზონასა და აუღიარებელი ზონის ფერმებში თევზის კლინიკურ შემოწმებას, ლაბორატორიაში გამოსაკვლევი მასალის მოპოვებას, სათანადო დამუშავებას და ლაბორატორიულ კვლევას. ყოველივეს წინ უძღვის: სამეთევზეო ობიექტების ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია, რაც ერთ-ერთი წინაპირობა იქნება საქართველოში წარმოებული თევზისა და თევზ-პროდუქტების სერტიფიცირებისათვის.

დემნა ხელაია, ვეტერინარიის დოქტორი;

თამაზ გავაშელი, ვეტერინარიის დოქტორი