აგრარული განათლებააგროსიახლეებირუბრიკებისტატიები

აგრობანკი როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების ლოკომოტივი _ რა გამოცდილება აქვთ განვითარებულ ქვეყნებს

ნაწილი I

2016 წლის II კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 9,4%-იდან 10,6%-მდე გაიზარდა. მატება გამოწვეული იყო არა წილის ზრდით, არამედ სხვა დარგებში დაფიქსირებული კლებით.

სახელმწიფოს თუ უცხოეთიდან მოზიდული ინვესტიციების, დახმარებების, გრანტების, პროგრამების მიუხედავად, დასამალი არ არის, რომ საქართველოში გლეხს უჭირს, უჭირს სოფელს, საოჯახო მეურნეობებსაც, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის ხერხემალს წარმოადგენს. გამოსავალი არ ჩანს. იქნებ ყველა ერთად დავსხდეთ,  ვიმსჯელოთ, და როგორმე მოვახერხოთ, გადავარჩინოთ სოფლები დაცარიელებას და ქართული მიწა – გაყიდვას.

სოფლის მეურნეობის ჩამორჩენილობა ბევრმა ახლა წარმატებულმა ქვეყანამ ათეული წლების, ზოგჯერ საუკუნის წინ დაძლია. დავინტერესდი ჩემს მიერ განხილული ქვეყნების (საფრანგეთი, კანადა, ჰოლანდია) შემთხვევაში რა გახდა ამ პროგრესის ძირითადი მასტიმულირებელი იარაღი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში  უმნიშვნელოვანესი როლი აგრარულმა ბანკებმა და  პრობლემების გადასაჭრელად გლეხთა გაერთიანებამ შეასრულეს.

საფრანგეთი

 „Groupe Crédit Agricole“ (აგრარული კრედიტის ჯგუფი) საფრანგეთის ეკონომიკის  წამყვანი ფინანსური ჯგუფია და ევროპის საბანკო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი აქტორი. იგი ამჟამად დარეგისტრირებულია როგორც სააქციო საზოგადოება და  აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ ბანკებს და მათ ფილიალებს.

დაარსებიდან თითქმის საუკუნენახევრის შემდეგაც, ორგანიზაცია ინარჩუნებს იმ ძირითად პრინციპებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად დაფუძნდა. ესენია:   პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და ხალხთან სიახლოვე.

პატარა ბანკი, რომელმაც თავისი საქმიანობა გლეხებისთვის მოკლევადიანი სესხების გაცემით დაიწყო, ამჟამად მუშაობს როგორც საცალო, ისე საინვესტიციო და საბაზრო მიმართულებით, აქტიურად მონაწილეობს სადაზღვევო საქმიანობაში, ფინანსური აქტივების განკარგვაში, დაკავებულია ფაქტორინგით, ლიზინგით და ა.შ. და წარმოდგენილია 70 ქვეყანაში.

2015 წელს ბანკს 32 მილიარდიანი ბრუნვა ჰქონდა და დასაქმებული ჰყავს 150 000-მდე თანამშრომელი.

„Groupe Crédit Agricole“ უზარმაზარი როლი შეასრულა მთელი XX საუკუნის განმავლობაში საფრანგეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არნახული ზრდის საქმეში. წარმატების მიზეზი საოჯახო მეურნეობების პროგრესული რესტრუქტურიზაცია და წარმოების ტექნიკის მოდერნიზაცია იყო, რაც შესაძლებელი გახდა  „Groupe Crédit Agricole“ მიერ გაცემული ფინანსებით და მთავრობის მიერ წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ბაზარზე გლეხისთვის ხელსაყრელი ფასების სტაბილიზაციას და კრედიტის ღირებულების შემცირებას უჭერდა მხარს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო

საფრანგეთში ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში მთავრობამ ჩათვალა, რომ სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით ჩამორჩენილობას კრედიტების ხელმიუწვდომლობა განაპირობებდა.

ამ პერიოდში ქვეყანას მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი ნაპოლეონ III (ნაპოლეონ ბონაპარტის ძმის შვილი) განაგებდა. მისი მმართველობისას გატარებული  ეკონომიკური პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მოდენიზაციით და წინსვლით გამოირჩეოდა. ნაპოლეონ III აზრით, აუცილებელი იყო ქვეყანაში  სურსათის უვნებლობის საკითხი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით მოეწესრიგებინათ.

აი, რას წერდა იგი თავის სახელმწიფო მინისტრ არშილ ფულს (Achille Fould):

”ბატონო მინისტრო,

მიუხედავად იმ გაუგებრობის, რომელიც საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულებით სუფევს, გაბედულად უნდა მივიღოთ მშვიდობიანი გადაწყვეტილება. უკვე დროა წარმატებებს მივაღწიოთ ეროვნულ სიმდიდრედ შერაცხულ სხვა დარგებშიც. ამ მიზნით, გიგზავნით პროგრამის საფუძვლებს, რომლის რამდენიმე ნაწილი პარლამენტის თანხმობას საჭიროებს და რომელთა შესახებაც თქვენს კოლეგებთან უნდა გამართოთ კონსულტაციები. ეს საჭიროა რათა შეიმუშავოთ ისეთი ზომები, რომელიც ძლიერ იმპულსს მისცემს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებას. {…}

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა და გავათავისუფლოთ მრეწველობა ყოველგვარი შიდა დაბრკოლებებისგან, რომელიც მის ჩამორჩენილობას იწვევს. დღესდღეობით არამარტო ჩვენი ფერმებია შეწუხებული მკაცრი რეგულაციებით, არამედ იმათი კეთილდღეობაც, რომლებიც შრომობენ, მაგრამ შორს არიან იმგვარი წინსვლისგან, რომელიც სხვა ქვეყნებში მსგავს სიტუაციაში მიაღწიეს. შევქმნათ პოლიტიკური ეკონომიის საერთო სისტემა, რომელსაც უნარი შესწევს ქვეყნის სიმდიდრის შექმნისას ეს აყვავება მშრომელთა კლასამდე მიიყვანოს. 

ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ სამსახურს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობისთვის აუცილებელი მასალების ტრანსპორტირების ხელშეწყობა წარმოადგენს; ამ მიზნით, საზოგადოებრივი სამუშაოთა მინისტრი რაც შეიძლება სწრაფად დააკავშირებს ერთმანეთთან არხების, გზებისა და რკინიგზის ხაზებს, რათა მოხდეს ნახშირისა და სასუქების დანიშნულების ადგილზე მიტანა და ის შეეცდება შეამციროს ტარიფები არხებს და რკინიგზებს შორის სამართლიანი კონკურენციის დამყარების ხარჯზე.“

ამ კუთხით, პირველი გადადგმული ნაბიჯი ნაპოლეონ III  მმართველობის დროს მიწის ბანკის (Credit Foncier) დაარსება იყო.

პარიზის მიწის ბანკი 1852 წელს მთავრობის ინიციატივით, XVIII საუკუნეში გერმანიაში დაარსებული ბანკების მსგავსად შეიქმნა. ბანკი გასცემდა გრძელვადიან იპოთეკურ სესხებს.  1854 წელს პარიზის მიწის ბანკი საფრანგეთის მიწის ბანკად ჩამოყალიბდა, რომელის მიზანს წამოადგენდა მასიურად ჭარბვალიანი გლეხებისა და ფერმერების მდგომარეობის შემსუბუქება. 

ს ინიციატივა დაარსებიდან თითქმის 17 წელიწადში კრახით დასრულდა, რის მთავარ მიზეზადაც დასახელდა ის ფაქტი, რომ ბანკი მაინც პარიზში იყო ცენტრალიზებული, საბანკო სისტემიდან ან საქმიანი წრეებიდან შერჩეულ თანამშრომლებს არასოდეს არ უცდიათ რეალური კავშირები დაემყარებინათ სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებთან, ამის გამო იპოთეკური სესხი გაცემა ძალიან რისკიანი გახდა, კრედიტორებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იპოთეკაში ჩადებული ქონება იყო თუ არა სხვა დონორთან ადრე ჩადებული ან დაყადაღებული.

ამის შემდგომ, გაჩნდა იდეა ადგილობრივი კოოპერატივების სალაროების (Caisses coopératives locales) დაარსების შესახებ. მათ მიზანს წარმოადგენდა დამკვიდრებულიყო ურთიერთდახმარების ტრადიცია გლეხებს შორის. იდეა უფრო დაიხვეწა 1885 წელს და შეიქმნა ბანკი პოლინის ორმხრივი აგრარული კრედიტის (Crédit Agricole mutuel de Poligny) სახელწოდებით. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მიეცათ ფერმერებისთვის შესაძლებლობა ერთობლივი დანაზოგი და საკრედიტო ფულადი სახსრები აგრარული ტექნიკური პროგრესის სამსახურში გამოეყენებინათ შემდგომში უფრო დიდი წარმატების მიღწევის მიზნით.

მესამე რესპუბლიკის დროს მდგომარეობა ცოტათი შეიცვალა. საოჯახო მეურნეობების წასახალისებლად და სანაცვლოდ გლეხთა ხმების მისაღებად, 1894 წლის 5 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟულ მელინმა შექმნა კანონი რეგიონებში აგრობანკების დაარსების შესახებ. ბანკები ადგილობრივი ელიტით უნდა დაკომპლექტებულიყო – აგრონომებით, მასწავლებლებით, მესაკუთრეებით, ისე რომ გლეხები ჯერ კიდევ უმცირესობაში იყვნენ.

არსებობის პირველ ხანებში ბანკი მთავარ ფუნქციას მოსავლამდე მოკლევადიანი სესხების გაცემა წარმოადგენდა, რაც გლეხებს უკეთ ცხოვრების საშუალებას აძლევდა. შემდეგ სესხების საშუალო და გრძელვადიანიც გახდა, ეს კი საჭირო აღჭურვილობის და მსხვილფეხა ცხოველის შეძენის საშუალებას იძლეოდა. 1897 წელს სახსრების უკმარისობის გამო, აუცილებელი გახდა სახლმწიფოს ჩარევა. მთავრობამ დაავალა საფრანგეთის ბანკს (Banque de France) დოტაციის სახით მათთვის გადაეცა 40 მილიონი ოქროს ფრანკი და ყოველწლიურად 2 მილიონი დოლარი. ამ პოლიტიკის წყალობით, გლეხებს არამარტო გაჭირვებიდან თავის დაღწევის, არამედ ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცათ.

მეოცე საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ბანკი ავტონომიაზე და თავისი სერვისების გაუმჯობესება-გაფართოებით იყო დაკავებული. ნელ-ნელა უშუალოდ აგრარულ მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმიანობის დაფინანსებას სოფელში მცხოვრები ხელოსნების წახალისებაც დაემატა. ჯგუფი ხელს უწყობდა სოფლების ელექტროფიკაციას და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას.

1945 წლიდან ინტენსიურად დაიწყო რეგიონული ბანკების შექმნა და კლიენტებისთვის უამრავი ახალი ფინანსური პროდუქტის შეთავაზება. ამასთან, ბანკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დანგრეული საფრანგეთის აღორძინების საქმეში აქტიურად იყო ჩართული.

1988 წელს ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელმაც ბანკს სააქციო საზოგადოებად გადაქცევის და სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელად არსებობის საშუალება მისცა. 2001 წელს იგი დარეგისტრირდა საფონდო ბაზარზე და მიიღო სახელწოდება აგრარული კრედიტი სააქციო საზოგადოება (Crédit Agricole SA).

ბანკი არსებობის მანძილზე იცვლიდა სლოგანებს, ძირითადი დაპირებების სიტყვიერ გამოხატულებას, რომელიც შემდეგნაირად იცვლებოდა

1976-1987 წწ. – „საღი აზრი თქვენთან ახლოსაა“

1987-1994 წწ. – „საღი აზრი მოქმედებაში“

1994-2005 წწ. – „ჯანსაღი წარმოსახვა“

2005-2011 წწ. – „ხანგრძლივი ურთიერთობა ცხოვრებას გიცვლის

2011-2016 წწ. – „მომავალი აქვს საღ აზრს“

2016-და მოყოლებული – “მთელი ბანკი თქვენთვის“.

ასეთია საფრანგეთში აგრარული ბანკის დაარსების მოკლე ისტორია. მომდევნო ნაწილში, კანადის და ჰოლანდიის შესახებ მოგითხრობთ.

თამარ ფხაკაძე, მკვლევარი

გამოყენებული წყაროები:

http://oise-agricole.reussir.fr/actualites/le-second-empire-l-age-d-or-des-campagnes:FFIQZAV2.html

http://www.archivesnationales.culture.gouv.fr/camt/fr/egf/donnees_efg/2001_026_CreditFDF/2007_058_INV.pdf

https://www.philisto.fr/doc-18-la-politique-economique-de-napoleon-iii.html

https://www.creditagricole.info/upload/docs/application/pdf/2015-02/dossier-presse-130ans.pdf

https://www.andlil.com/societe-credit-agricole-126574.html

http://eugeorgia.info/ka/latestarticle/189/vachrobis-wili-ekonomikashi-mcirdeba-soflis-meurneobis-ki—izrdeba/