აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

 „ხაშმის საფერავი“ _ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის ახალი დასახელება

 ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ჯიშურ სიმდიდრეზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.
„ხაშმის საფერავის“ დამატება დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში, უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.
 „ხაშმის საფერავის“ დარეგისტრირების მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ განაცხადით გასულ წელს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მუშაობა შესაბამისი წარმოების სპეციფიკაციების მომზადებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადების მიზნით.
„ხაშმის საფერავი“ ( Saperavi Khashmi) – წითელი მშრალი ღვინო ხაშმის მიკროზონიდან, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ხაშმის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, საფერავის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ხაშმის საფერავის” განსაკუთრებულ ღირსებას.
ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით გაუშენებიათ აქ ვენახი დავით გარეჯელ ბერებს. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებიათ საფერავის ჯიშის ყურძნიდან.
ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი.
ღვინის ეროვნული სააგენტო დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის ფარგლებში „საქპატენტთან“ ერთად მუშაობს განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით.