რა უნდა ვიცოდეთ და როგორ გავუწიოთ დაზარალებულს პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს
გველები ზაფხულის ცხელ დღეებში აქტიურდებიან და გველების მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევებიც ამ სეზონზე ხშირია. ამ პრობლემასთან განსაკუთრებით ხშირად უწევთ შეხება ჩვენს ფერმერებს, ამიტომ საქართველოს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაია ბეჟანიშვილის რჩევა სასარგებლო იქნება როგორც ფერმერებისთვის ისევე მათთვის, ვისაც ბუნებაში გასეირნება და დასვენება იზიდავთ.
როგორც ქალბატონი მაია გვირჩევთ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ და მოვერიდოთ მაღალი ბალახით დაფარულ ტერიტორიას, ასევე ადგილებს, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია, რადგან სწორედ ასეთი გარემო იზიდავს მათ.
გველი ძირითადად მარტის ბოლოდან ოქტომბრის მიწურულამდე აქტიურობს. საკვების მოსაპოვებლად უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.
საქართველოში შხამიანი გველების 4 სახეობაა გავრცელებული და მათგან ყველაზე შხამიანია გიურზა.
გიურზას შხამი მომაკვდინებელია.
აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის.
რა არ უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში და რა მოვიმოქმედოთ მანამ, სანამ კლინიკაში მივალთ?
– გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტმა სასურველია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანტიჰისტამინური და სტეროიდული საშუალებები. ხოლო ძლიერი ტკივილის დროს ანალგეზიური საშუალებების მიღებაა რეკომენდებული. ამ ღონისძიებების მიღების შემდეგ, გართულებებისა და ლეტალობის თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სწრაფი ჰოსპიტალიზება სპეციალიზირებულ კლინიკაში.
გველის კბენის შემთხვევაში ყოვლად დაუშვებელია:
- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
- ნაკბენი არის გაკვეთა;
- მოწვა;
- ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);
- ლახტის დადება;
- ყინულის დადება;
- სპირტიანი სასმელის მიღება.
– რას იწვევს გველის შხამი ორგანიზმში?
– გველის შხამი ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას, მათ შორის ყველაზე მძიმე გართულებაა თრომბოჰემორაგიული სინდრომი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთში იწყება მკვეთრი და ძლიერი ტკივილი, თუმცა ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა შეიძლება უფრო სუსტი იყოს. ნაკბენის ადგილას ნათლად ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი. ადგილობრივად ინტოქსიკაცია გამოვლინდება შეშუპებითა და ერითემით, ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები. ნებისმიერი შხამი, რომელიც ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ბუნებრივია, საშიშროებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როგორც ასაკი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების დროს რისკი იზრდება, ანამნეზში ალერგიის არსებობა. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია დაგესვლის შემთხვევაში პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს კლინიკას.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა კბენის ადგილს?
– მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილის მდებარეობა და დაზიანების სიღრმე.
განსაკუთრებით საშიშია კისერი და სახე.
გველის კბენის შემთხვევაში მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაგიწევენ კვალიფიციურ დახმარებას.