შაქრის და შაქრის ჭარხლის წარმოების აღდგენაში მოსახლეობის დასაქმების დიდი რეზერვი დევს
დაბა აგარაში გვაქვს შაქრის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც საზღვარგარეთ ნაყიდ ნახევარფაბრიკატზე მუშაობს. ქარხანას ჰქონდა და გაუნადგურეს ჭარხლის პირველადი გადამუშავების ხაზი, სადაც ქართლის ტერიტორიაზე მოყვანილ შაქრის ჭარხალს გამუშავებდნენ. იყო წლები ჭარხალი საქართველოში 5 ათას ჰექტარზე ითესებოდა და საკუთარი ნედლეულით 50 ათას ტონაზე მეტ შაქარს ვაწარმოებდით. დღეს ქარხანა შემოტანილი ნედლეულით საშუალოდ 150 ათას ტონა სასაქონლო შაქარს აწარმოებს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას შაქარზე.
ბოლო წლებში შაქარშემცველი კულტურების გამოყენება ბიობენზინის წარმოებაში მსოფლიოში მასობრივად დაიწყეს, ამიტომ შაქრის ნახევარფაბრიკატი ყოველწლიურად ძვირდება და დეფიციტი ხდება. აუცილებელია აღვადგინოთ ქვეყანაში შაქრის ჭარხლის წარმოება და გლეხმა ქარხანას ჭარხალი ჩააბაროს.
ეს საკითხები განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში ქარხნის მეპატრონესა და გლეხს შორის მოლაპარაკების გზით წყდება, ჩვენ კი ასეთი საბაზრო ურთიერთობებისაგან ჯერჯერობით შორს ვართ, ამიტომ ორივე მხარის გარანტორად ხელისუფლება უნდა დადგეს. მით უმეტეს გლეხს და ფერმერს წარმოების გამართვისათვის სახელმწიფოსგან დახმარება დასჭირდება.
ჩემი გათვლებით საკმარისი რაოდენობის ჭარხლის მოყვანას 15-18 ათასი ჰექტარი მიწის სავარგული ესაჭიროება, დანარჩენებისაგან მიიღება მაღალი ხარისხის სპირტი და ლიმონმჟავა, საბოლოო ნარჩენები კი გამოიყენება მეცხოველეობაში.
ასე რომ, საბოლოო ჯამში ამ სფეროში 20 ათას კაცზე მეტი დასაქმდება.
აი, სულ ესაა, პატივცემულო მკითხველო. როგორც ხედავთ, ამ გამოუყენებელი რეზერვის ამოქმედებით, რომლის ფეხზე დაყენებას არც ისე დიდი თანხა სჭირდება (ქვეყნის მასშტაბით), შეუძლია ათი ათასობით კაცი დაასაქმოს და ღირსეული შემოსავალი გაუჩინოს.
აგარის შაქრის ქარხანა 1932 წელს მშიერმა ქვეყანამ მაშინ შაქრის ქარხნის აშენებაც შეძლო და შიშველი ხელებით და კავით შაქრის ჭარხლის (ქვეყნისათვის ახალი კულტურა) მოყვანაც ისწავლა.
ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას დღეს რა გვემართება?!
ჟორა გაბრიჭიძე