დარგებიმებაღეობა

ხილის კრეფის წესები

ხეხილის ბაღებში ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია. უდროო და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია დიდი დანაკარგები გამოიწვიოს და პროდუქციის ხარისხი შესამჩნევად დააქვეითოს. მაგალითად, ვაშლის ერთი დეკადით (10 დღე) ადრე კრეფა მოსავლიანობას 10-15-%-ით ამცირებს. ხილი ამ დროს უფრო წვრილია და ცუდად ინახება, ხოლო დაგვიანებით კრეფისას  ნაქარის რაოდენობა იზრდება, ნაყოფი გადამწიფდება და ასევე ცუდად ინახება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს კრეფის ვადა, ტარის საორიენტაციო რაოდენობა და საჭირო სამუშაო ძალა, რათა კრეფა ჩატარდეს ორგანიზებულად და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.

საჭირო ინვენტარის და მუშახელის რაოდენობის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია სავარაუდო მოსავლის წინასწარი შეფასება. ამისთვის მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე ბაღში შეარჩევენ 10-15 ტიპურ ხეს და მოახდენენ ნაყოფის ათვლას. ნაყოფის რაოდენობა მრავლდება ნაყოფის საშუალო მასაზე და მიიღება საორიენტაციო საშუალო მოსავალი 1 ხეზე, რომლის მიხედვით იანგარიშება საჰექტარო მოსავლიანობა. თუ ხე დიდი ზომისაა ან ხილია მცირე ზომის (მაგალითად ქლიავი, ბალი, გარგარი), ნაყოფს თვლიან ხის მხოლოდ ერთ სამოდელო დედატოტზე ან ვარჯის გარკვეულ ნაწილზე. მიღებული ნაყოფების რაოდენობა მრავლდება იმ ნაწილზე, რასაც შეადგენს მოდელური ნაწილის მოსავალი.

ხილის კრეფის სიმწიფე დგება მაშინ, როდესაც ნაყოფი მიაღწევს ჯიშისთვის დამახასიათებელ ზომას, ფორმას, ადვილად წყდება ყუნწს, ხოლო თესლი დამახასიათებელ ყავისფერს იღებს (თესლოვანი ხილის შემთხვევაში). ასეთ სტადიაში მოკრეფილ ხილს შეუძლია შენახვის დროს დაასრულოს დამწიფება და ჯიშისთვის დამახასიათებელი გემო, არომატი და კონსისტენცია მიიღოს.

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,