როგორ დავადგინოთ აქვს თუ არა ჩვენს პირუტყვს და ფრინველს ტუბერკულოზი?
ტუბერკულოზი ადამიანის, ცხოველისა და ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოებში სპეციფიკური კვანძების წარმოქმნით ხასიათდება.
ტუბერკულოზით ავადდებიან თითქმის ყველა სახის ძუძუმწოვარი ცხოველი და დაახლოებით 25 სახის ფრინველი. უმთავრესად ეს დაავადება ვლინდება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ღორში, ფრინველში. იშვიათად ვლინდება ცხვარში, თხაში, ცხენში და ძაღლში.
ტუბერკულოზი ადამიანებში
ტუბერკულოზით ავადდება ადამიანიც. ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ავადმყოფი ცხოველიდან მიღებული პროდუქტით, აღმძვრელი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი, ალიმენტალური და პირდაპირი კონტაქტის გზით.
დაავადების გავრცელების ძირითადი წყაროა დაავადებული ცხოველი რომელიც აღმძვრელს გამოყოფს რძესთან, ფეკალიასთან და ცხვირიდან გამონადენებთან ერთად. დაავადების გადაცემა ხდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით, უმი რძის მიღებით. ადუღება ტუბერკულოზის ჩხირებს სპობს 5-10 წუთის განმავლობაში.
ტუბერკულოზის სიმპტომები
ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს ფარული ფორმით. კლინიკური ნიშნების გამოვლინება ხდება ცხოველის დაავადებიდან რამოდენიმე თვის ან წლის შემდეგ. ცხოველს აღენიშნება შემდეგი კლინიკური ნიშნები: სისუსტე, მადის დაქვეითება, წონის დაკლება (კახექსია), ცვალებადი ცხელება, ხველა, დიარეა.
სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების განვითარების ფაზაზე, დაავადება რამოდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. სიმპტომებიდან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება.
ინფექცია იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას რის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს სხვა კლ. ნიშნები როგორიცაა ლიმფური კვანძების გადიდება, წონის დაკარგვა, დიარეა, ხველა.
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში უნდა მოვახდინოთ ცხოველის იზოლირება და მივმართოთ ვეტერინარ ექიმს ტუბერკულინიზაციის ჩასატარებლად.
დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური ნიშნების მიხედვით და ლაბორატორიული კვლევებით. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ტუბერკულინიზაცია (ალერგიული რეაქცია), თუმცა დამადასტურებელ მეთოდით აღიარებულია კულტურის გამოყოფა.
დაავადებული ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. დიაგნოზის დასმის შემდგომ ხდება მათი სასაკლაოში სანიტარული წესით დაკვლა.
ყველა სახის ცხოველებისაგან მიღებულ კახექსიურ ტანხორცში ტუბერკულოზით დაზიანების ნებისმიერი ფორმის აღმოჩენისას ტან-ხორცი ნადგურდება.
ტუბერკულოზის გენერალიზებული ფორმის დროს ტანხორცის ნასუქობის მდგომარეობის მიუხედავად, ასევე თავსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.
ტუბერკულინზე მორეაგირე ცხოველების დაკვლისას ხორცისა და სხვა პროდუქტების სანიტარიულ შეფასებას ახდენენ ტუბერკულოზური დაზიანებების აღმოჩენის მიხედვით. თუ ლიმფურ კვანძებში, ქსოვილებსა და ორგანოებში ტუბერკულოზური დაზიანებები არ აღმოჩნდება, ტან-ხორცსა და დაკვლის სხვა პროდუქტებს უშვებენ შეუზღუდავად.
პრევენცია და კონტროლი
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის იზოლირება ჯანმრთელი სულადობიდან და უნდა დაუკავშირდეს ვეტერინარს, რომელიც მოახდენს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ტუბერკულინიზაციას ხოლო საჭიროების შემთხვევაში მასალის აღებას და გადაგზავნას ლაბორატორიაში მისი შემდგომი კვლევის მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების პრევენციის და კონტროლის მიზნით ქვეყნაში არსებულ სასაკლაოებზე ახორციელებს ვეტერინარულ ზედამხედველობას. დაავადების საეჭვო შემთხვევაში მოხდება ცხოველების მიკვლევადობა და დაინფიცირებაზე საეჭვო ნახირის/ფარის გამოკვლევა ალერგიული მეთოდით (ტუბერკულინიზაცია).
წყარო:http://ihow.ge