ნიადაგის ნიმუშების აღება აგროქიმიური გამოკვლევისათვის
ნიადაგის ნიმუშების აღება ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან მის სწორად აღებაზე დამოკიდებულია ჩატარებული ანალიზის სიზუსტე, რომლის შედეგების საფუძველზე წარმოებს საკვები ელემენტების ნორმების გაანგარიშება და დაზუსტება, სასუქების ფორმების, მატი შეტანის ვადების და ხერხების შერჩევა, მჟავე ნიადაგების მოკირიანება და ბიცობი ნიადაგების მოთაბაშირება. აქედან გამომდინარე, ნიმუშის აღებისას დაშვებული შეცდომა შეიძლება გახდეს არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
ნიადაგის შერეული ნიმუშის აღების სიხშირე დამოკიდებულია ნიადაგის სიჭრელეზე, ნაკვეთის რელიეფზე, მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, გამოყენებული სასუქების ნორმაზე და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, მჟავე ნიადაგზე მარცვლეული კულტურების ქვეშ ერთი შერეული ნიმუში აიღება 5-8 ჰა-ზე, კარბონატულ ნიადაგებზე – 10-15 ჰა-ზე. ერთნაირი რელიეფისა და თანაბარი ნაყოფიერების მქონე სავარგულიდან ერთი შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 15-20 ჰა ფართობიდან. ბოსტნეული და მრავალწლიანი კულტურებისათვის მჟავე ნიადაგზე ერთი შერეული ნიმუშის აღება წარმოებს 2-5 ჰა-ზე, კარბონატულ ნიადაგზე – 5-8 ჰა-ზე.
ერთწლიანი კულტურების ქვეშ ერთი შერეული ნიმუშის აღება წარმოებს ორ სიღმეზე 0-20 და 20-40 სმ სიღრმეზე. მრავალწლიანი კულტურების ქვეშ სამ 0-20, 20-40 და 40-60 სმ სიღრმაზე.
ნიადაგის ნიმუშის აღება უმჯობესია გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, სასუქების შეტანისა და საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების თესვის წინ. სასუქების შეტანის შემდეგ ნიადაგის შერეული ნიმუშების აღება დასაშვებია 3-4 თვის შემდეგ.
ნიადაგის შერეული ნიმუშის ასაღებად შევდივართ ნაკვეთში, ვყოფთ მას დიაგონალებით ოთხ ნაწილად და დიაგონალებზე ვიწყებთ ნიმუშის აღებას.ნიმუშის აღებამდე ორმოს ამოსაჭრელ ადგილს ვასუფთავებთ ბალახებისაგან და სხვა ჩანართებისაგან. ერთწლიანი კულტურებისთვის ელემენტარული ნაკვეთის სიდიდის მიხედვით ნიადაგის ნიმუშების აღებისას მინიმუმ 5-12 ადგილიდან. ამისათვის ვჭრით 40 x 40 სმ სიგრძე სიგანისა და 40 ან 60 სმ სიღრმის ორმოს და თითოეული ორმოდან ცალ-ცალკე ფრთხილად ვიღებთ ნიადაგის ნიმუშს. თავდაპირველად სახაზავის დახმარებით ორმოში გამოვყოფთ ფენებს, შემდეგ ჩავაფენთ ორმოს ძირში ცელოფანს და დანის დახმარებით ნიმუშების აღებას ვიწყებთ 40-60 სმ ფენიდან (მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში), შემდეგ 20-40 სმ და ბოლოს 0-20 სმ სიღრმიდან. აღებულ ნიმუშებს ცალ-ცალკე ვათავსებთ პოლიეთილენის პარკებში.ხუთივე ორმოდან ამოღებული ნიადაგის ყველა 0-20 სმ-იან ფენას ვათავსებთ ერთ პარკში, 20-40 სმ-იან ფენას – მეორე პარკში და 40-60 სმ-იან ფენას – მესამე პარკში. შერეულ ნიმუშს ვუკეთებთ ეტიკეტს, რომელზედაც ფანქრით ვაწერთ: რაიონის, სოფლის და ნაკვეთის სახელწოდებას, ნიმუშის ნომერს, მის სიღრმეს, აღების თარიღს და ამღების გვარს.
დიდ ფართობზე, რომელიც შედგება ორზე მეტი ელემენტარული ნაკვეთისგან, ნიმუშის აღებამდე საჭიროა საკადასტრო რუკის გამოყენებით ნაკვეთი დავყოთ ელემენტარულ ნაკვეთებად და დავნომროთ, რის შედეგადაც ზემოთ აღწერილი წესით ავიღოთ ნიადაგის ნიმუშები და ეტიკეტზე გადავიტანოთ ელემენტარული ნაკვეთის და ნიმუშის ნომრები და მისი აღების სიღრმე. აღებული ნიმუშები შესაბამისი ეტიკეტებით გადაეცემა ლაბორატორიას.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოში დამლაშებული ნიადაგების ზონაში ნიადაგის ნიმუშების აღებისას საჭიროა მინიმუმ ერთი 1,0-1,5 მ სიღრმის ჭრილის გაჭრა, რათა ვიზუალურად შემოწმდეს დამლაშებულია თუ არა ნიადაგი. დასავლეთ საქართველოში მიწისქვეშა წყლის დგომის სიმაღლის ან ნიადაგის გალებების დასადგენად საჭიროა 1,0 მ სიღრმის ორმოს გაჭრა და დაკვირვების ჩატარება.
ლ. ალფაიძე,
ე. მოთიაშვილი,
ნ. ჭანკვეტაძე