დარგებიმემარცვლეობა

ევგენოლის რეჰანი (Ocimum gratissimum L.)

 ევგენოლის რეჰანი ეკუთვნის ტუჩოსანთა ოჯახს და ოციუმის გვარს. აღნიშნული გვარი 150 სახეობას და 700-მდე სახესხვაობას შეიცავს. მრავალწლიანი ბუჩქბალახა მცენარეა, ევგენოლის რეჰანი, რომლის ვეგეტაცია 80-ზე წყდება, ხოლო 00-ზე მცენარე მთლიანად იღუპება. მისი ფოთლებისა და ყვავილების გადამუშავებით მიღებულ ეთეროვან ზეთს, ევგენოლის შემცველობის გამო, სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში იყენებენ.

ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, 1,0-დან 1,7 მეტრი სიმაღლის. სრულ ზრდამდე მწვანე, უხვწვნიანი და სუსტად შებუსული, ხნოვანებასთან ერთად ძლიერდება ღეროს გახევება და მწვანე შეფერვა იცვლება რუხით, ან ღია მწვანე შეფერვით. ღერო იტოტება, წარმოქმნის პირველი, მეორე და შემდეგი რიგის ტოტებს, რომელიც ბოლოვდება თავთავისმაგვარი ყვავილედით და შედგება 10-12 სმ სიგრძის 3-9 ცალი თავთუნებისაგან. პლანტაციის გაშენების წესის და მოვლის პირობების მიხედვით მწვანე მასის დაახლოებით 30-45 პროცენტს ღერო შეადგენს და მასში ზეთის შემცველობა უმნიშვნელოა.

ფოთოლი საშუალო ზომისაა, ელიფსური ფორმის, ღეროზე ღონიერი ყუნწით, მოპირდაპირედ გაწყობილი, ფირფიტა ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, ქვედა მხარეზე – უფრო ღია, კიდე ძლიერ დაკბილული, შებუსვა – ძლიერი, განსაკუთრებით, ქვედა მხარეზე, მდიდარია ეთეროვანი ზეთით.

ევგენოლის მიღების ერთ-ერთი წყარო უხსოვარი დროიდან ტროპიკული ქვეყნის მცენარე, მიხაკის ხე იყო, მაგრამ მიხაკის ხის ბიოლოგიური თვისებები მისი კულტივირებისა საშუალებას არ იძლევა ჩვენს კლიმატურ პირობებში. იყო მცდელობა, სხვა მცენარეების ამ მიმართულებით გამოყენებისა, მაგრამ დადებითი შედეგები ვერ მიიღეს. საქართველოში უმთავრესად გვხვდება სამი სახის რეჰანი: ევგენოლი, ქაფურის და ბოსტნის. ქაფურის რეჰანის მშრალი ნედლეული შეიცავს 2 პროცენტამდე ეთეროვან ზეთს, მასში 70 პროცენტამდე ქაფურია. ბოსტნის რეჰანს ძირითადად იყენებენ სანელებლად და მას, როგორც ეთერზეთოვან მცენარეს, გავრცელება არ აქვს. ჩვენში ევგენოლური რეჰანის ორი სახეობა გავრცელდა: ჰიბრიდული და საიუბილეო. 

ძირითადად ვარდისებრი გერანის ზეთს იყენებენ საპარფიუმერიო და საკოსმეტიკო მრეწველობაში სხვადასხვა სურნელოვანი პროდუქციის დამზადებისას, სახელდობრ: სუნამოს, ოდეკალონის, სურნელოვანი საპნის, კბილის ფხვნილისა და სხვათა დამზადების დროს, აგრეთვე გემოკვების მრეწველობაში – სასმელებისა და საკონდიტრო ნაწარმებისათვის არომატის მისაცემად და სხვა.

ევგენოლის რეჰანის მწვანე მასა, ღერო-ფოთლები და ყვავილები შეიცავს 0,35%-მდე ეთეროვან ზეთს, რომელშიაც ევგენოლის შემცველობა 50-80%-მდე მერყეობს. იგი თესლით მრავლდება. რეჰანს თავის სამშობლოში მიწისზედა ნაწილები უხმება და მისი აღდგენა ხდება ფესვის ყელის ამონაყრით. ზრდა ინტენსიურად მიმდინარეობს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 22-260-ის ფარგლებშია.

ნიადაგის ტენის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს ზრდის ენერგიაზე და ნედლეულის მოსავალზე. ნედლეულის ტექნიკური სიმწიფისათვის საჭიროა 100-120 დღე. ევგენოლის რეჰანი ჩვენში მოჰყავთ, როგორც ერთწლიანი კულტურა და თესლით ამრავლებენ. მისი თესლი საკმაოდ წვრილია და ჩითილების გამოსაყვანად თესენ დახურულ გრუნტში-ერთქანობიან კვალსათბურში.

დათესვამდე საჭიროა დეზინფექცია-ფუმიგაცია სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგოდ.

თესვის წინ, აღმოცენების დაჩქარების მიზნით, საჭიროა თესლის დამუშავება, გაღივებული თესლი მეორე-მესამე დღეს ერთდროულად აღმოცენდება, ხოლო მშრალი თესლი კი – მხოლოდ 8-9 დღის შემდეგ იძლევა არათანაბარ აღმონაცენს.

ცნობილია თესლის გაღივების ორი ხერხი: ტენიან სილაში და ამონიუმის გვარჯილის ხსნარში. თესლის ყოველ მოცულობით ერთეულზე უნდა აიღონ წვრილი, სუფთა სილის ორი ერთეული და წყლის ერთი ერთეული. თესლი და სილა ერთმანეთში უნდა აურიონ. ნარევი ყუთში 10 სმ სისქით უნდა ჩაყარონ, მინით დახურონ და მოათავსონ 30-350 ტემპერატურის პირობებში, თესლი იწყებს გაღვივებას და როცა 2-3% გაღვივდება, იგი მზადაა სათბურში დასათესად.

საქართველოს დასავლეთ რაიონებში რეჰანისათვის უნდა შევარჩიოთ საშუალო და მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის, საკვები ნივთიერებით მდიდარი ნიადაგი. მშრალ სუბტროპიკებში რეჰანი კარგად იზრდება მძიმე და საშუალო მექანიკური შედგენილობის ღრმა სახნავი ფენის მქონე სტრუქტურულ ნიადაგებზე მათი მორწყვის შემთხვევაში. ის ვერ ეგუება ნიადაგში ჭარბ ტენს, რისთვისაც გამოყოფილ ნაკვეთზე არ უნდა გუბდებოდეს ზედაპირული წყალი.

რეჰანის დარგვის საუკეთესო ვადაა აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე. ოპტიმალურ კვების არედ კი ითვლება 70×35 სმ. ამ შემთხვევაში ერთ ჰა ფართობზე თავსდება 40800 ძირი მცენარე.

მოქმედი აგროწესები ითვალისწინებს რეჰანის მოსავლიანობის გადიდების შემდეგ ღონისძიებას, პლანტაციაში მინერალური სასუქების შეტანას: ფოსფორი და კალიუმი შესაბამისად 600 და 300 კგ ერთ ჰექტარზე, ხოლო სრული დოზის ორი მესამედი ძირითადი ხვნის დროს უნდა შეიტანონ. ფოსფორის დანარჩენი რაოდენობა და აზოტის დოზის 1/3 კვლებში დარგვის წინ; აზოტის დოზის მეორე მესამედი ნიადაგის მეორე გაფხვიერების დროს; აზოტისა და კალიუმიანი სასუქების დანარჩენი რაოდენობა-ნიადაგის მესამე გაფხვიერების დროს.

განსაკუთრებული ყურადღება მორწყვას უნდა მიექცეს, რადგანაც წყლის ზედმეტი რაოდენობით მიცემის დროს ახლად გაღივებული თესლი ლპება, ხოლო ნაკლებობის შემთხვევაში, თუ ნიადაგი ოდნავ გამოშრა, აღმონაცენი ხმება. ამიტომ თესლის დათესვიდან აღმოცენების დამთავრებამდე ნიადაგი ნორმალურ ტენიან მდგომარეობაში უნდა ვიქონიოთ, ისე რომ ნიადაგის ზედაპირი არ გაშრეს. უნდა აღინიშნოს, რომ ევგენოლის რეჰანის კულტურის სამუშაოებიდან ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე ჩითილების გამოყვანაა.

მოსავლის აღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც თესლი მომწიფებას იწყებს. ეს ხდება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ ნახევარში. აგვისტოში აღებული რეჰანის პლანტაციიდან სათანადო ღონისძიებების გატარებისას, შეიძლება მეორე არასრული მოსავლის მიღებაც. თუ ერთ მოსავალს იღებენ, მაშინ ღერო ფესვის ყელიდან 10-15 სმ სიმაღლეზე უნდა აჭრან, ხოლო თუ მეორე მოსავლის მიღებაა გათვალისწინებული, მაშინ 15-20 სმ სიმაღლეზე.

ამრიგად, რეჰანის ნედლეული შედგება შეფოთლილი რეჰანის ღერო-ტოტებისაგან და ყვავილედებისაგან, რომელიც მშრალია, არაა ჩახურებული და არ შეიცავს გარეშე მინარევს. თუ რეჰანის ნედლეული შეიცავს ნაგვიან მინარევს 8%ზე მეტს, ან ურევია 5%-ზე მეტი გაშავებული, ჩახურებული რეჰანის მასა და შეუფოთლავ ღეროთა რაოდენობა 10%-ს აღემატება, ასეთი ნედლეული გადასამუშავებლად არ მიიღება. ჩვენს პირობებში რეჰანის პლანტაციების სათანადო მოვლის პირობებში ერთ ჰექტარ ფართობზე რეჰანის მწვანე მასის 8-10 ტონა მოსავალს ღებულობენ.

ევგენოლის რეჰანის პლანტაციაში სარეველების მოსპობის მიზნით და ნიადაგის წყლის აორთქლების შესამცირებლად სისტემატიურად უნდა ტარდებოდეს კულტივაცია ან ხელით გათოხნა, მეტადრე ყოველი მორწყვისა და წვიმის შემდეგ. ევგენოლის რეჰანი თავისი ვეგეტაციის პირველ პერიოდში ნელი ზრდით ხასიათდება, ამიტომ თუ სარეველა ბალახები დროულად არ მოვაცილეთ მას ნიადაგის გაფხვიერებით, ახალგაზრდა მცენარე დაიჩაგრება და შეიძლება სრულიადაც დაიღუპოს. პლანტაციაში პირველი კულტივაცია რეჰანის დარგვიდან 2-3 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, ხოლო მეორე-პირველი კულტივაციიდან მეათე-მეთორმეტე დღეს. შემდეგი დამუშავება ჩატარებული უნდა იქნეს საჭიროების მიხედვით.

ევგენოლის რეჰანის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა სათბურებსა და პლანტაციებში უნდა წარმოებდეს. სათბურებში ყველაზე საშიშ მავნებლად მახრა და თაგვი ითვლება, დაავადებებიდან კი – სიდამპლე, რომელიც ჩითილის სიდამპლეს იწვევს.

მავნებლებთან ბრძოლიდან პირველ რიგში აუცილებელია სისუფთავის დაცვა. ამიტომ სასათბურე მეურნეობაში არ უნდა იყოს ნაკელისა და ნაგვის გროვები, რომლებიც მახრასა და თაგვის თავშესაფარს წარმოადგენენ.

ევგენოლური რეჰანის ეთეროვანი ზეთის მისაღებად ნედლეულად იყენებენ მცენარის შეფოთლილ ტოტებს, რომელსაც იღებენ თესლის რძისებრ სიმწიფეში. რეჰანის ეთეროვანი ზეტის მიღება ხდება გამოხდის მეთოდით, რისთვისაც ნედლეული იტვირთება 1500 ლიტრიან კუბებში. ნედლეულის ჩატვირთვის ნორმა შეადგენს 450-650 კილოგრამს.

ეჰანი თითქმის ერთადერთი ნედლეულია, რომელიც ორი სახის ზეთს შეიცავს, ერთი წყალზე მსუბუქია, ხოლო მეორე წყალზე მძიმე. ჩვეულებრივ პირობებში მსუბუქი და მძიმე ზეთის გამოსავალი ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1:1. წარმოებას უფრო აინტერესებს მძიმე ზეთი, რომელშიც ევგენოლის შემცველობა 80-90 პროცენტია, მსუბუქში კი მხოლოდ 40-60 პროცენტამდე.

 რეზო ჯაბნიძე – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

სულიკო ბერიძე – სმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი;

ნანა ჯაბნიძე – სმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი