პაჩული (Pogostemom patchoule Pellet)
პაჩული მრავალწლიანი ბუჩქბალახა მცენარეა, რომელიც კულტურაში შეიტანეს ფოთლებში მაღალი ღირსების ეთერზეთის შემცველობის გამო. მის ეთეროვან ზეთს იყენებენ საპარფიუმერიო, კოსმეტიკურ და საპნის სახარშ წარმოებაში. მის ეთერზეთს, გარდა სასიამოვნო სურნელებისა, აქვს თვისება, ხანგრძლივად შეუნარჩუნოს სიმყარე სხვადასხვა ეთეროვანი ზეთების შერევის შედეგად წარმოქმნილ სურნელებას. ე.ი. აქვს ფიქსაციის უნარი, რის გამოც პაჩულის ეთეროვან ზეთზე მოთხოვნილება მსოფლიოში ძალზედ დიდია, განსაკუთრებით საპარფიუმერიო მრეწველობაში.
პაჩული ეკუთვნის პოგესტემონის გვარს, ტუჩოსანთა ოჯახს. პოგესტემონის გვარიდან ეთერზეთების მისაღებად მხოლოდ ორ სახეობას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა, ესენია: ნამდვილი პაჩული და პაჩულის ინდური ფორმა. პირველის სამშობლოა ფილიპინების კუნძულები, ხოლო მეორესი ინდოეთი. კულტურაში პაჩულს აწარმოებენ: ფილიპინების კუნძულებზე, სინგაპურში, მალაზიაში, იავაზე, სუმატრაზე, ბორნეოზე, შრი-ლანკაზე, რეუნიონზე და სხვა.
პაჩულის ხმელ ფოთლებს იყენებენ ბეწვეულისა და შალეულის ჩრჩილისაგან დასაცავად. ფოთლებიდან დამზადებულ ნაყენს იყენებენ ხველების საწინააღმდეგოდ. დაბალი ხარისხის ეთერზეთი გამოიყენება თამბაქოს არომატიზაციისათვის. პაჩულის ეთერზეთის მისაღებად იყენებენ პოგესტემონის სახეობიდან რამდენიმე გვარის მცენარეთა ფოთლებს, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ნამდვილ პაჩულს და პაჩულის ინდურ ფორმას.
ნამდვილი პაჩული მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 60-70 სმ, ოთხწახნაგოვანი ღეროთი. ის ჩვენთან თესლს ვერ ივითარებს, რადგანაც ტროპიკული კლიმატის პირობებშია წარმოქმნილი, სადაც მთელი წლის განმავლობაში მაღალი საშუალო დღიური ტემპერატურაა, ნალექები უხვია და თანაბრადაა განაწილებული. მას საზამთრო შესვენების პერიოდი არ აქვს და ტროპიკებში იზრდება მთელი წლის განმავლობაში. მასზე 10-ზე დაბალი ტემპერატურა დამღუპველად მოქმედებს, ხოლო 12-130-ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე ზრდას შეწყვეტს. ის ვერ ეგუება ტენის სიჭარბეს და მძიმე მექანიკური თვისებების ნიადაგს. მოითხოვს ასევე პირდაპირ განათებას. ქარები ძლიერ უარყოფითად მოქმედებენ მასზე, ამიტომ მისი მოყვანა კოლხეთის დაბლობის რაიონებში აუცილებლად მოითხოვს ქარებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარებას.
პაჩული ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის პირდაპირ განათებას მოითხოვს. დაჩრდილვისას მწვანე მასის მოსავალი და ეთეროვანი ზეთის გამოსავლიანობა მკვეთრად ეცემა. მასზე უარყოფითად მოქმედებს მშრალი და ცხელი ქარები. პაჩულის სარგავი მასალა უნდა გამოიყვანონ დახურულ გრუნტში, სათბურებში, სადაც შესაძლებელია ტემპერატურული პირობების ხელოვნური მართვა.
დასაფესვიანებლად კალმები უნდა აჭრან ჯანსაღი, კარგად განვითარებული და უხვად შეფოთლილი სადედე ბუჩქებიდან სექტემბერ-ოქტომბერში. პაჩულის კალმები ადვილად ინვითარებს ფესვებს, რისთვისაც არ არის აუცილებელი ქვედა ჭრილობა მუხლის ფუძეს დაემთხვას.
დასარგავ ნაკვეთს გეგმავენ 70×70 სმ კვების არით, მცენარეთა დასარგავად მონიშნულ ადგილზე იღებენ ორმოებს ბარით 20×20 სმ-ზე, ურევენ მიწაში 1-1,5 კგ გადამწვარ ნაკელს, 20-25 გ სუპერფოსფატს და ნახევრად ავსებენ ორმოებს. სანერგეში თხრიან ნერგებს ბელტიანად, მწვანე ზედაპირსა და ფესვთა სისტემის 1/3-ით შემცირების შემდეგ გადააქვთ დასარგავად. ნერგებს, რომლებსაც ვერ იღებენ ბელტიანად, საჭიროა მისი ფესვთა სისტემა დარგვამდე ამოავლონ ნაკელთიხის წუნწუხში.
პაჩულის დარგვის ვადაა 15 აპრილიდან 15 მაისამდეა. რგვა უმჯობესია საღამოს საათებში. პლანტაციის მოვლა გამოიხატება რიგთაშორისების სისტემატურ გაფხვიერებაში, სარეველებთან და მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
აზოტიანი სასუქებიდან გამოიყენება შარდოვანა, ამონიუმის გვარჯილა და სულფატამონიუმი, რომელიც შეაქვთ პაჩულის ზრდის დაწყების შემდეგ ორი დოზით 120 კგ ერთ ჰექტარზე სუფთა ელემენტებზე გადაყვანით, აქედან 40% შეაქვთ პირველი გათოხნის დროს, ხოლო დოზის 60% პირველი დოზის შეტანიდან ერთი თვის შემდეგ.
ფოსფორიანი სასუქებიდან ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციის ნიადაგებში შეაქვთ სუპერფოსფატი, ხოლო მჟავე რეაქციის პირობებში – თომასის წიდა ან ფოსფორიტის ფქვილი, 120 კგ ერთ ჰექტარზე სუფთა ნივთიერებაზე გადაყვანით.
კალიუმიანი სასუქებიდან იყენებენ 40%-იან კალიუმის მარილს სუფთა ელემენტებზე გადაყვანით – 90 კგ-ს 1 ჰაზე. ხელსაყრელ პირობებეში პაჩული დარგვიდან 15-20 დღის შემდეგ იწყებს ზრდას, ჯერ ნელი ტემპით, ხოლო შემდეგ ზრდის ინტენსივობა თანდათან ძლიერდება და რაც უფრო ხანგრძლივად ექნება ვეგეტაციისათვის ხელსაყრელი პირობები, მით უფრო დიდი ზომის ბუჩქი იზრდება. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მთელი ენერგია და მცენარის მიერ შექმნილი პლასტიკური ნივთიერებანი ხმარდება მხოლოდ ზრდას და ყვავილობაზე მცენარეს ის არ ეხარჯება.
პაჩული სამშობლოში ორ-სამ მოსავალს იძლევა, ჩვენში კი მხოლოდ ერთს. მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს სანამ გარემოს ტემპერატურა +150 –ზე ქვემოთ დაეცემოდეს. ყოველი შემდეგი დაგვიანება იწვევს მოსავლის შემცირებას და ნედლეულიდან ეთერზეთის გამოსავლის კლებას, რადგანაც ბუჩქის ქვედა ხნიერი ფოთლები ადვილად ყვითლდება და სცვივა. საქართველოში წარმოებული პაჩულის ნედლეულიდან მიღებული ეთეროვანი ზეთის კონსტანტები მაღალი ღირსების აღმოჩნდა. პაჩულის ეთერზეთი წარმოადგენს ყვითელ-მომწვანო ან მოყავისფრო, ნაკლები სიბლანტის სითხეს, მის მთავარ კომპონენტს პაჩულის სპირტი შეადგენს, რომელიც 45-55%-ის ფარგლებში მერყეობს, გარდა ამისა ის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს პაჩულინს.
დასავლეთ საქართველოში, პაჩულის ზრდისათვის არახელსაყრელი ტემპერატურული პირობები სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის პირველი ნახევრიდან იწყება, ამიტომ მოსავლის აღება ამ დროისათვის უნდა დაამთავროს. მოსავლის აღების წინ უნდა აჭრან კალმების ის რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს ნერგების გამოყვანის სახელმწიფო დავალების შესრულებას. შემდეგ კი, ბაღის მაკრატლით ან ნამგლით, ფესვის ყელზე უნდა აჭრან მოსავალი.
პაჩულის ეთეროვანი ზეთის მისაღებად ნედლეულად იყენებენ მცენარის ფოთლებს, რომელიც მცენარეზე დაახლოებით 50 %-ია, რომლის გადამუშავება ხდება, როგორც მშრალი ისე ნედლი სახით. პაცულის ეთეროვანი ზეთი ყვითელი, მოყავისფრო, ხანდახან კი მუქი მწვანე შეფერილობის სითხეა. სუნი ძალიან ძლიერი და მდგრადი აქვს.
პაჩულის ეთეროვანი ზეთის ღირსება განისაზღვრება მასში პაჩულინის, სპირტის როდენობით, რომელიც გვხვდება როგორც კრისტალურ, ისე თხევად მდგომარეობაში. ჩვეულებრივად პაჩულის ეთერზეთი შეიცავს 38-40 პროცენტ კრისტალურ და 15-18 პროცენტ თხევად პაჩულის სპირტს, სადაც ეთეროვან ზეთს ფიქსატორის თვისება ახასიათებს, რის გამოც იგი კომპოზიციაში მდგრად სურნელებას განაპირობებს, სწორედ ამიტომ მისი ზეთი უაღრესად ძვირფასი ნედლეულია საპარფიუმერიო მრეწველობაში. არ არის არც ერთი სუნამო და ოდეკოლონი, რომლის შექმნაშიც იგი არ იღებდეს მონაწილეობას; ამასთან გამოირჩევა თავისი ძვირფასი მდგრადი სურნელებით.
რეზო ჯაბნიძე, სსმმეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დოქტორი, პროფესორი;
სულიკო ბერიძე, სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი;
ნანა ჯაბნიძე, სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი.