დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„სომელიეს უმთავრესი მიზანი ღვინის სახეობების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი გაყიდვაა“

ზაზა გრიგალაშვილს ღვინო ყოველთვის აინტერესებდა. 2014 წლიდან, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სკოლაში 1-წლიანი კურსი გაიარა, სადაც საჭირო პროფესიული უნარების ათვისებასთან ერთად, ყურძნის წარმოება, მევენახეობა და სერვირება შეისწავლა, რის შემდეგ, ღვინოზე წარმოდგენა მკვეთრად შეეცვალა.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სომელიედ მუშაობა ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში (რომელიც ბარის ფუნქციასაც ასრულებს) დაიწყო. მაღაზიაში მუშაობის პარალელურად, „ღვინის სკოლა“ დააფუძნა, სადაც ღვინის მოყვარულები, მეღვინეები და დასაქმების მსურველები პროფესიას ეუფლებიან. მას უკვე 3000-ზე მეტი სახეობის ღვინო აქვს დაგემოვნებული.

პროფესიული განვითარება

– პროფესიონალად ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. დარგის სპეციალისტები მუდმივ ძიებაში არიან: მსოფლიოში არსებული ღვინოების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, რაც შეიძლება მეტი არომატის ამოცნობას ცდილობენ და კარგი მეხსიერებით გამოირჩევიან. ღვინის ინდუსტრია სახეობებით საკმაოდ მრავალფეროვანია. ძირითადი ქართული ჯიშებიდან (საფერავი, თავკვერი, რქაწითელი და ა.შ.) საქართველოში მომუშავე სომელიემ ყველა მათგანის ამოცნობა უნდა შეძლოს.

პროფესიის სპეციფიკა

– სომელიეს უმთავრესი მიზანი ღვინის სახეობების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი გაყიდვაა. რამდენიმე ენის ცოდნა სასურველია (მომხმარებელთან მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია გაყიდვის ალბათობას ზრდის). საქართველოში ბევრი რესტორანი და მაღაზიაა, სადაც სომელიეებზე მოთხოვნა იზრდება. მათი საშუალო ხელფასი 500 ევროდან იწყება.

სირთულეები

– ღვინოში ზადების (წუნი) განსაზღვა საკმაოდ რთულია. სომელიემ სწორად უნდა გამოიცნოს, რა არის ღვინოში გამოსასწორებელი, რათა მეღვინემ შეცდომაზე რეაგირება მოახდინოს და მოგვიანებით, მომხმარებელს უკეთესი პროდუქტი შესთავაზოს.

ღირებულებები

– სომელიე ღვინის არაჩვეულებრივი მრჩეველია. მომხმარებლის გემოვნების გარკვევა, ღვინის შერჩევა და საკვებთან შეხამება დარგში მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს. სომელიე მომხმარებლის გემოვნების დაკმაყოფილებას ცდილობს. კმაყოფილი მომხმარებელი წარმატების გარანტიაა.

ქართული ღვინის ინდუსტრია

– იმ მეღვინეებს, რომლებსაც პატარა ვენახები აქვთ, მომხმარებლებისთვის უნიკალური სახეობების მიწოდება შეუძლიათ. დიდ ინდუსტრიაში მყოფი მეწარმეები მილიონობით შეკვეთას იღებენ. ამიტომ ექსპერიმენტების ჩატარებას ვეღარ რისკავენ. გაგვიმართლა, რომ საქართველოში პატარა მეღვინეების რაოდენობა იზრდება. ბაზარზე ბევრი ახალი სახეობის ქართული ღვინო გამოჩნდა. ეს ტურისტების ინტერესს იწვევს. ასეთი სიტუაცია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

წყარო:Foster