აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ნიადაგის დამუშავების სიტემები

ნიადაგის დამუშავების მთავარი ამოცანაა – სახნავი შრე მოვიყვანოთ ფხვიერ, კოშტოვან მდგომარეობაში; მოისპოს ბალახის კორდს ცხოველმოქმედების უნარი; გაიწმინდოს მინდვრები სარეველებისაგან, კულტურულ მცენარეთა ზოგიერთი დაავადებისა და მავნებლისაგან; ნიადაგში შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები; ნიადაგი მომზადდეს თესლის უკეთესი ჩათესვისათვის და სხვ.

ნიადაგის დამუშავება დიდ გავლენას ახდენს წყლის, ჰაერისა და სითბოს რეჟიმზე, ფიზიკურ ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების დინამიკაზე. ნიადაგის სწორი და დროული დამუშავება უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების პირობების გაუმჯობესებას, აძლიერებს ნიადაგში მცენარეულობის ნაშთებისა და ნეშონპალის დაშლის პროცესებს, ხელს უწყობს საკვები ელემენტების გადასვლას ადვილად შესათვისებელ ფორმაში. ღრმა ფენების გაფხვიერების წყალობით აძლიერებს საკვები ელემენტების ბრუნვას, თავიდან გვაცილებს ეროზიულ პროცესებს. ნიადაგის დამუშავების შედეგად დიდდება მცენარეთა საკვების ბიოლოგიური მიმოქცევა, ძლიერდება ორგანული ნივთიერებების შექმნისა და დაშლის ტემპები. დამუშავებული ნიადაგი კარგად ატარებს წყალს, არა მარტო სახნავ შრეში, არამედ ფესვების გავრცელების ქვესახნავი ფენის ნაწილშიც. ქვესახნავ ფენაში ჩაჟონილი წყალი უფრო მეტ ხანს ინახება და კულტურული მცენარის წყლით მომარაგების იმედიან წყაროს წარმოადგენს. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად მიმართავენ ნიადაგის დამუშავების სხვადასხვა ხერხს.

ვიდრე ნიადაგის დამუშავების ხერხების დახასიათებაზე გადავიდოდეთ, საჭიროა აღინიშნოს ის ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც სრულდება ნიადაგის მექანიკური დამუშავების დროს. ასეთია:

ა) ბელტის გაფხვიერება;

ბ) ბელტის გადაბრუნება;

გ) სახნავი ფენის გადარევა;

დ) ნიადაგის გამკვრივება და

ე) ზედაპირის მოსწორება.

ნიადაგის გაფხვიერება ანუ დაფხვნა 

დამუშავებული ნიადაგი ნალექებისა და საკუთარი წონის მოქმედების შედეგად ჯდება, მკვრივდებადა იტკეპნება. მას მტკიცე კოშტოვანი სტრუქტურაც რომ ჰქონდეს, სახნავ ფენაში კაპილარული შუალედები მაინც ჭარბობენ. საჭიროა ნიადაგის პერიოდულად გაფხვიერება ანუ დაფხვნა ტარდებოდეს წყლის, ჰაერისა და სითბოს რეჟიმის უზრუნველსაყოფად და მიკრობიოლოგიური პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. მიკრობიოლოგიური აქტიურობა უფრო ძლიერად არის გამოსახული სახნავი ფენის ზედა ნაწილში. აქვე გროვდება მეტი ნეშომპალა და საჭირო პირობების არსებობის დროს, საკვების მეტი რაოდენობა. გადაბრუნება საჭიროა საკვები ელემენტების გადანაწილებისათვის სახნავი ფენისათვის მეტი ერთგვარობის მისაცემად. რადგან სახნავი ფენის სხვადასხვა ნაწილი მუდმივ ერთგვარი არ არის ამიტომ გადაბრუნება დროგამოშვებით გავიმეოროთ. მისი სიხშირე და სახნავი ფენის სხვადასხვა ნაწილის გადანაწილების სიღრმე უნდა იცვლებოდეს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და მინდვრის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების თავისებურებათა მიხედვით. მაგრამ ბელტის გადაბრუნება ყოველთვის არაა ხელსაყრელი. გვალვიან პირობებში გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ქვედა უფრო ტენიანი ფენის ამოტანა იწვევს მის სწრაფ გაშრობას, იმ რაიონებში სადაც ეროზიული მოვლენებია გაბატონებული, ნაწვერალისა და სხვა ნარჩენების სრული ჩაფვლის შედეგად, არამხოლოდ ტენი იკარგება ნიადაგიდან, არამედ ქარს მიაქვს ნიადაგის ნაყოფიერი ნაწილიც. სახნავი ფენის გადარევას მიმართავენ საკვები ელემენტების თანაბარი განაწილებისათვის, მიკროორგანიზმების თანაბარი განაწილებისა და მთელი სახნავი ფენისათვის ერთგვარობის მისაცემად. მას უმთავრესად ატარებენ წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, ხოლო ზოგიერთი კულტურისათვის არაშავმიწიან ზოლში თესვის წინ, როცა ანეულების გადახვნა ხდება საშემოდგომო თავთავიანი კულტურებისათვის. სახნავი ფენის გადარევა უნდა ხდებოდეს განსაზღვრულ დროს, ჩვეულებრივ წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რაც ტარდება ისეთი იარაღით, რომელიც ნიადაგს ბელტის ამოუბრუნებლად აფხვიერებს.

ნიადაგის გამკვრივებას ჩვეულებრივად მიმართავენ მინდვრის კულტურების მცენარეთა თესლის გაღვივებისათვის საჭირო ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, მეტადრე გვალვიან რაიონებში. ნიადაგის გამკვრივება ჩვეულებრივად თესვის შემდეგ ხდება, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვანაირად მოწყობილ სატკეპნებს. სახნავი ფენის გაფხვნიერებისა და გამკვრივების გარდა, ხშირად საჭიროა ნიადაგის ზედაპირის მოსწორება, სარეველების მოჭრა, კვლებისა და ბაძოების შექმნა და სხვა.

ნიადაგი რომ სრულყოფილად დამუშავდეს, ამისათვის არაა საკმარისი მისი მოხვნა. ამის შემდეგ საჭიროა მთელი რიგი ოპერაციების შესრულება, რომლებიც მოხვნასთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებ სიღრმეზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ვარჩევთ: ა) ნიადაგის ძირითად ( სრულ სიღრმეზე ) დამუშავებას და ბ ) ნიადაგის ზედაპირულ დამუშავებას.

ნიადაგის ძირითადი დამუშავების ცნებაში იგულისხმება ნიადაგის ყველაზე ღრმად დამუშავება ანუ წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, პირველ ღრმა დამუშავებას. ძირითად დამუშავებას ეკუთვნის ხვნა და ღრმა გაფხვიერება. ზედაპირული დამუშავება კი არის ნიადაგის დამუშავება სხვადასხვა იარაღით არაუმეტეს 12-14სმ. სიღრმეზე. ასეთი დამუშავების ხერხებს ეკუთვნის: აოშვა-აჩეჩვა, კულტივაცია, შემოყრა, ფარცხვა, დაშლეიფება, დატკეპნა, მოშანდაკება. არის კიდევ სპეციალური დამუშავება, რომელიც გამოიყენება სპეციფიური პირობების დროს კონკრეტული მიზინით – წყლის დასაკავებლად ან ასაცილებლად, თოვლის დასაკავებლად და სხვა. სპეციალური დამუშავების წესებს მიეკუთვნება: ფრეზირება, დაბუდნება, დანაპრალება, დაღრუება, დაბაზოება.

ხვნა

 ნიადაგის დამუშავების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და რა პირობებშია ჩატარებული ხვნა. ხვნის დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარებაზე კი დამოკიდებულია სხვა დანარჩენი ოპერაციების ხარისხი. დამუშავების ხარისხი პირველ რიგში დამოკიდებულია თვით ნიადაგის მდგომარეობაზე და უწინარეს ყოვლისა მისი ტენიანობის ხარისხზე – ნიადაგის სიმწიფეზე. ნორმალური ტენიანობა, როდესაც ნიადაგი კარგად ფხვიერდება, მისი სრული ტენტევადობის 50-60%-ს უდრის. ზედმეტი ტენიანობის ან გამოშრობის შემთხვევაში ნიადაგის დამუშავება ძნელდება და მისი ხარისხიც მეტად დაბალია. ნიადაგის დამუშავების წესებიდან მთავარი ადგილი ეკუთვნის ხვნას, რომელიც სრულდება ფრთიანი იარაღებით-გუთნებით. ნიადაგის მოსახნავად იხმარება სხვადასხვა ტიპის გუთანი. ამა თუ იმ გუთნის გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, მის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე, კულტურის მიზანსა და მცენარეთა მოთხოვნილებებზე, მაგრამ რომელი ტიპისაც არ უნდა იყოს გუთანი, მათ გააჩნიათ ძირითადი ორგანოები: საკვეთელი (დანა), სახნისი და ფრთა. 

კულტურულ გუთნებს, გარდა ამისა აქვს წინმხვნელი, ცალკეულ შემთხვევებში კი ნიადაგის გამაღრმავებელიც. ზოგ შემთხვევაში გუთნის ნაწილების დაჯგუფება ხდება – საკვეთელი (დანა), წინმხვნელი და კორპუსი (ტანი). გუთნის კორპუსი კი შედგება სახნისის, ფრთის, ველის ფიცრისა და დგარასაგან. ცნობილია გუთნები შემდეგი ტიპის ფრთებით:

ა) ელიფსური, ანუ კულტურული;

ბ) ცილინდრული, ანუ რუხალდო;

გ) ნახევარხრახნული და

დ) ხრახნული.

ფრთების თითოეული ეს ფორმა უმთავრესად ასრულებს ერთ რომელიმე საჭირო ოპერაციას, დაფხვნას ან გადაბრუნებას, მაგრამ უმჯობესია ორივე ოპერაცია ერთდროულად ხორციელდებოდეს, როგორც ეს ხდება კულტურული ფრთის საშუალებით. კორდიანი ნიადაგის მოხვნას ვიწრო სახნისიან და ხრახნულოვანფრთიანი გუთნით გათერძვა ეწოდება. ამ დროს ბელტის გადაბრუნება ხდება 135°-ზე ბელტი ბელტზე მჭიდროდ ლაგდება – 45°-ით ჰორიზონტის მიმართ. ასეთი ხვნის დროს მრავალწლოვანი ბალახები მთლიანად ისპობა.

ხვნის ვადები

მაღალხარისხოვანი ხნულის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ხვნის ვადას. ცნობილია, რომ მოხვნის შემდეგ ნიადაგი მალე შრება და იგვალვება. განსაკუთრებით ბევრ ტენს კარგავს ნიადაგი, როდესაც ზაფხულში იხვნება და მისი ზედაპირი უსწორმასწორო რჩება. ამ პერიოდში მოსული ნალექები ნიადაგის ტენის მარაგს ვერ ავსებს, ორთქლდება, რის გამოც ტენის რაოდენობა ნიადაგში შეიძლება მკვდარი მარაგის დონემდე დავიდეს. ამიტომ ნიადაგის მოხვნა უკეთესია შემოდგომით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა და შესაბასად ტენის აორთქლებაც კლებულობს. როგორც წესი, შემოდგომაზე მოხნული მინდორი არ იფარცხება და მისი ზედაპირი უსწორმასწორო რჩება, რაც ხელს უწყობს შემოდგომაზამთრის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექების ნიადაგში ჩასვლას და ტენის მარაგის შევსებას. გარდა ამისა, შემოდგომის ხნული ზამთრის განმავლობაში განიცდის ყინვების გავლენას, ბზარებში ჩამდგარი წყალი იყინება და ბელტი იშლება, ნიადაგი კარგად ფხვიერდება, ამის გამო შემოდგომის ხნულის, მზრალს უწოდებენ. მზრალზე ბევრი სარეველა მცენარე და მათი თესლი იღუპება, ისპობა მავნებელ დაავადებათა კერები. ისეთია მოხვნის ვადების მნიშვნელობა მძიმე ნიადაგების შემთხვევაში. რაც შეეხება ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებს, როგორც ზევითაც აღინიშნა, მათი მოხვნის ვადები ნაკლებადაა შეზღუდული, მაგრამ არც იქაა სასურველი ძალზე გამომშრალი ნიადაგის ხვნა.

ხვნის სიღრმე

ნიადაგის ხვნის სიღმეს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგის ღრმა დამუშავებას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად ნიადაგის სახნავ შრეში საჭიროა საკვებ ნივთიერებათა და ტენის რაოდენობით არსებობა. ნიადაგის ღრმა დამუშავება ადიდებს მისი წყალგამტარობისა და ტენტევადობის უნარს, აუმჯობესებს ჰაერგამტარობას, რაც თავისი მხრივ გამოწვეულია მოხვნის შედეგად მისი ფორიანობის გადიდებით. ნიადაგის მოხვნის სიღრმის განსაზღვრის დროს მრავალი გარემოებაა მხედველობაში მისაღები: ნიადაგის ტიპი, კულტურული მცენარის თავისებურება, კლიმატური პირობები და სხვ. ნიადაგის მოხვნის ნორმალურ სიღრმედ 20-22სმ ითვლება; ამაზე ნაკლები სიღრმით ხვნას, ზერელე ხვნას უწოდებენ, მეტ სიღრმეზე კი – ღრმა ხვნას. 3035სმ მოხვნა ითვლება ზღვრულ, ყველაზე უკეთეს და ეკონომიურად ხელსაყრელ სიღრმედ ნიადაგებზე, რომელთა ნეშომპალიანი ჰორიზონტი 30-35სმ სიღრმეს აღწევს. ამაზე მეტ სიღრმეზე ხვნას რაიოლური ხვნა ეწოდება. ხვნის სიღრმე დამოკიდებულია კულტურული მცენარეების თავისებურებაზე: მინდვრის მარცვლოვანი კულტურებისათვის ხნავენ 20-22სმ-ზე, ხოლო ტექნიკური კულტურებისათვის 25-30სმ-ზე, მაგრამ ნიადაგის გამუდმებით ერთსა და იმავე სიღრმეზე დამუშავება მიზანშეუწონელია, რადგანაც ასეთი ხვნის შედეგად კვლის ძირზე სახნავ შრესა და მის ქვედა შრეს შორის იქმნება გამკვრივებული, ე.წ. „კვლის ტერფი“. ეს გამკვრივებული ფენა წყალსა და ჰაერს ცუდად ან სულ არ ატარებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე და მცენარის ზრდაგანვითარებაზე.

ხვნის სიჩქარე

ხნულის ხარისხის გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გუთნის კონსტრუქციას და ხვნის ოპტიმალურ სიჩქარეს, ცხადია, სხვადასხვა ნიადაგისთვის, ტენიანობის მიხედვით, სხვადასხვა იქნება დამუშავების ოპტიმალური სიჩქარე. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ გადიდებული სიჩქარით ხვნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კახეთის შავმიწა ნიადაგების დამუშავების ხარისხს. თუ სტანდარტული კორპუსის მქონე გუთნების მოძრაობის სიჩქარეს გავადიდებთ 6-7 კმ-მდე/სთ-ში, ხოლო სპეციალური კორპუსების მქონე გუთნისას 9-10 კმ-მდე/სთ-ში, ნიადაგის ძლიერი გაფხვიერების შედეგად დიდდება მისი წვრილკოშტოვანი აგრეგატების რაოდენობა, ხნულის ზედაპირი უფრო სწორია, ნაკლებთხემიანი, ბელტების რაოდენობა კლებულობს, კვალი უფრო ფართოა და სუფთა. თუ გუთანი წინმხვნელიანია, მაშინ უმჯობესდება ნარჩენების ჩახვნაც. ამიტომ, შემდგომ ასეთ ხნულზე უფრო მაღალი ხარისხით ტარდება კულტივაცია, აოშვა, გატკეპვნა და ფარცხვა.

ხვნის წესი . ხვნის წესი შეირჩევა გუთნის კონსტრუქციის შესაბამისად. როგორც ვიცით ჩვეულებრივი გუთანი ისეა მოწყობილი, რომ ბელტს აბრუნებს მარჯვნივ, რისთვისაც ხვნა წარმოებს კვალსაქცევებად. არსებობს აგრეთვე საბრუნი და ბალანსირებული გუთნები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ბელტის გადაბრუნება ხდება ერთი მიმართულებით-მარჯვნივ, ხოლო გუთნის მობრუნების შემდეგ-მარცხნივ. ასეთი გუთნები არ საჭიროებენ ნაკვეთის საქცევებათ დაყოფას, ბელტი ყოველთვის ერთი მიმართულებით ლაგდება. ამის გამო მას მარტივ ან ცალმხრივ ხვნას უწოდებენ. მარტივ ან ცალმხრივ ხვნას მიზდევენ ფერდობების დამუშავების დროს, სადაც ხვნა წარმოებს ფერდობის გარდი-გარდმო. მარტივ ან ცალმხრივ ხვნას დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე სარწყავ მიწათმოქმედებაში ასეთი ხვნისათვის ყველაზე შესაფერისია საშუალო წონის და სიმძლავრის შალგიანი ტრაქტორები, რომლებიც წინ და უკან მოძრაობენ და საჭირო არაა საქცევებში მათი შემობრუნება.

ხვნის წინ შემდეგი მოსამზადებელი სამუშაობები ტარდება:

1) მინდორი იწმინდება მცენარეული ნარჩენების და ქვებისაგან;

2) ბორცვები გადასწორდება, მიწით ივსება თხრილები და ორმოები;

3) წესრიგში მოჰყავთ გუთნები და აგრეგატები;

4) ადგენენ ხვნის მიმართულებას, ხვნის წესს, საქცევების სიგრძე-სიგანეს;

5) ახდენენ სასუქების გაშლას ნაკვეთზე;

6) მჟავე ნიადაგების მოკირიანებას და სხვ.

ჩვეულებრივი ხვნის დროს მოსახნავი ფართობი წინასწარ იყოფა კვალსაქცევებათ ანუ ერთი მეორის გასწვრივ მდებარე ნაკვეთებად. ხვნა წარმოებს ნაღარად ან ნაზურგად, ამავე დროს ერთი კვლავსაქცევი თუ ნაღარად იხვნება, მეორე ნაზურგად, მომდევნო წელს კი, ნაკვეთის რელიეფის უსწორმასწორობის თავიდან აცილების მიზნით იხვნება შებრუნებით-ნაღარის ადგილას ნაზურგი შეიკვრება, ნაზურგი კი ნაღარად მოიხვნება. ნაღარად დამუშავების დროს ხვნა იწყება ნაკვეთის მარჯვენა მხრიდან, მთელ სიგრძეზე გაიტანს რა გუთანი კვალს და ბელტს მარჯვნივ მიაწვენს, ნაკვეთის ბოლოს გუთანს აუგდებენ (სატრანპორტო მდგომარეობაში გადაიყვანენ), გადაინაცვლებენ მის მეორე მხარეს და ისევ მთელ სიგრძეზე გაავლებენ კვალს, ბოლოში გუთანს აუგდებენ და გადაინაცვლებენ პირველად გავლებულ კვალში. ასე გრძელდება მთელი საქცევის მოხვნამდე, რომლის შუაში მთელ სიგრძეზე, გუთნის ბოლო ორი ნაფთლეულის აქეთიქით მიწვენის გამო, რჩება ნაღარი, რის გამოც ასეთი წესით მოხნულს, ნაღარი ეწოდება.

აზურგად დამუშავების დროს კვალს ნაკვეთის შუა მთელ სიგრძეზე გაავლებენ, ბოლოში გუთანს აუგდებენ, იქვე შემოაბრუნებენ და მეორე კვალს პირველის გასწვრივ გაიტანენ, რომ ბელტი ბელტს მეორე მხრიდან გადაეფინოს. რადგანაც ამ ორი ბელტის ქვეშ ერთი გუთნის (კორპუსის) გატანის ველი მოუხნავი რჩება და აქეთ იქით ბელტი ბელტზე მიწვება, იქმნება ნაზურგი. ამის შენდეგ ხვნა გრძელდება, ხნული თანდათან ფართოვდება ვიდრე მთელი ნაკვეთი დამუშავდება. ასეთი წესით მოხნულს ნაზურგი ეწოდება. მოსახნავი ფართობის კვალსაქცევებად დაყოფისთანავე აუცილებელია მათ თავსა და ბოლოში აგრეგატის მოსაბრუნებლად გამოიყოს ზოლი. ძველი გუთნისდედები ამ ზოლს, სართულას უწოდებდნენ. ნაკვეთის ამა თუ იმ წესით ხვნის დროს კვალს რომ ბოლომდე გაიტანენ და გუთანს აუგდებენ, ტრაქტორი გუთნიანად სართაულაზე მოტრიალდება ან გადაინაცვლებს ნაკვეთის მეორე მხარისკენ და განაგრძობს ხვნას. საჭიროა ზუსტად იქნეს დაცული, რომ კვლის გატანისას სართაულასთან მისვლისთანავე გუთანი ავუგდოთ და გადანაცვლების შემდეგ ახალი კვლის დაწყებისას გუთანი მოვკიდოთ სართაულას საზღვრიდანვე.

მოსახნავი ფართობის დამუშავება დამთავრებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა კვალსაქცევი გამოიხვნება და ბოლოს შემოიხვნება კვლავსაქცევების თავბოლოც. ნიადაგის კვალსაქცევებად დამუშავების ერთ-ერთ დადებით მხარეს კიდევ ის წარმოადგენს, რომ ნაკვეთი უხარვეზოდ მუშავდება და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვაც ადვილია. მაგრამ მას გააჩნია ნაკლიც. მაგალითად, ნაღარად დამუშავებისას ნაკვეთის შუა გასწვრივ ხაზზე გაჩენილი ამოღარული ადგილი ხელს უწყობს წყლის ჩადგომას და თუ დახრილია ნიაღვრის გაჩენას. ნაზურგი კი პირიქით, ადვილად შრება და იგვალვება, თავს იჩენს სარეველა მცენარეულობა. გარდა ამისა, ასეთი უსწორმასწორობა, თავის მხრივ, მინდვრის კულტურების დამუშავებისას ხელს უშლის სათესების, კომბაინებისა და სხვა მანქანების ნორმალურ მუშაობას.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კვალსაქცევებად დამუშავების დროს ნაღარად და ნაზურგად ხვნისას დიდი დრო იხარჯება ტრაქტორის სართაულებზე უქმი სვლებისა და კვლიდან კვალში გადანაცვლების გამო. უნაყოფოდ იხარჯება ბევრი საწვავი. ეს დამოკიდებულია კვალსაქცევის სიდიდეზე, მის სიგრძესა და სიგანეზე. როგორც ცნობილია, კვალსაქცევის სიგრძე პრაქტიკულად იგივეა რა სიგრძეც მოსახნავ ნაკვეთს გააჩნია. მისი სიგანის დადგენა კი ხდება ტრაქტორის სიმძლავრისა და გუთნების კორპუსების რიცხვის მიხედვით. ვინაიდან ტრაქტორის უქმი სვლები და უნაყოფოდ დროისა და საწვავის ხარჯვა, კვალსაქცევის სიგანეს მიეწერება, მეტად საჭიროა ვიცოდეთ მისი სიდიდის ზუსტი განსაზღვრის მეთოდიც. მოსახნავ ფართობზე ნაზურგებისა და ნაღარების რაოდენობის შემცირების მიზნით ისე, რომ ამით არ გადიდდეს კვალსაქცევების რიცხვი, დამუშავების ასეთ წესს მიმართავენ: კვალსაქცევის პირველი და მესამე ნაკვეთი მოიხვნება ნაზურგად, ხოლო მეორე და მეოთხე ნაღარად. ამ დროს კენტი ნაკვეთების ნაღარი იფარება ლუწი ნაკვეთების უკანასკნელი ნაფრთეულით და მათ შორის აღარ დარჩება არც ნაღარი და არც ნაზურგი. გარდა ამისა, ტრაქტორების მკვეთრი მობრუნების თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ე.წ.

კლაკნილა ხვნა

ასეთ შემთხვევაში პირველი კვალი გაივლება პირველი კვალსაქცევის შუაგასწვრივ სიგრძეზე, შემდეგ აგრეგატი გადადის და მეორე კვალსაქცევის შუა გასწვრივ სიგრძეზე გაიტანს კვალს, შემდეგ მესამისა და ა.შ. ბოლო და უკანასკნელი კვალსაქცევიდან აგრეგატი გადააქვთ თავდაპირველ კვალსაქცევზე და ამავე წესით გააგრძელებენ ხვნას. როდესაც კვალსაქცევებზე პატარ-პატარა მოუხნავი ადგილები დარჩება, მაშინ ისინი ცალ-ცალკე ნაზურგად გამოიხვნება. ნიადაგში ტენის შენარჩუნებისა და ერთობლივი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა ეძლება კვალსაქცევების განლაგებასა და ხვნის მიმართულებას. დაფერდებულ და უსწორმასწორო ადგილებში ხვნა წარმოებს გარდიგარდმო.

გვალვიან რაიონებში, სადაც დიდი ქარები იცის, უპირატესობა ეძლევა გაბატონებული ქარების მოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით ხვნას. ჭარბტენიან ადგილებში ხვნა წარმოებს დაქანების გასწვრივ, ისე რომ ზედმეტი წყალი ადვილად მოსცილდეს ნაკვეთს. გვალვიან რაიონებში ცდილობენ დაქანების გარდიგარდმო მოხნან და ამით უფრო მეტად შეაკავონ წვიმისა და თოვლის წყლის ჩამოდენა (ვაკე ადგილებზე ყველაზე მიზანშეწოლილია ხვნა წარმოებდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით).

აჩეჩვა და აოშვა

ნიადაგის მოვლის თვალსაზრისით, აჩეჩვა ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა და მასში იგულისხმება ნაწვერალის (მოხვნამდე) და აოშვაში ხნულის (მოხვნის შემდეგ) ნიადაგის დამუშავება, რომლის დროსაც ყველაზე ნაკლებად ირღვევა ნიადაგის ზედა ფენების სტრუქტურა. აჩეჩვა წინ უძღვის ძირითად ხვნას და ტარდება მოსავლის აღებისთანავე(ძირითადად თავთავიანების შემდეგ) ან არა უგვიანეს 2-3 დღისა. ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 4-6 სმ. სიღრმეზე დისკოებიანი იარღით, რომელსაც ამჩეჩს (აჩაჩს) უწოდებენ. ნაწვერალის დროული და ხარისხობრივი აჩეჩვა სპობს ნაწვერალის სარეველებს, მოსავლის აღების დროს ნიადაგის ზედაპირზე დაცვენილი მათი თესლი მიწის გაფხვიერებულ მასაში აირევა. ამგვარი გაფხვიერება ნიადაგში დარჩენილი ტენის ორთქლებას აჩერებს. ამ ტენს იყენებს სარეველების თესლი და გაღვივებას იწყებს. აჩეჩვა ხელს უწყობს მოსული ნალექების ნიადაგში უკეთეს ჩაჟონვას.

ნადგურდება მავნებლებისა და დაავადებათა გამომწვევი საწყისები. აოშვის მიზანს შეადგენს ხნულში ამა თუ იმ მიზეზით გაჩენილი გამკვრივებული ქერქის გაფხვიერება, ანეულის დროგამოშვებით გარკვეულ სიღრმეზე გაფხვიერება, სარეველების მოსპობა და სხვა. აოშილ მინდორზე მატულობს ხნულის ფორიანობა, უმჯობესდება ჰაერის რეჟიმი და უკეთესი პირობები იქმნება ნიადაგში მიმდინარე მიკრობილოგიური პროცესებისათვის.

აჩეჩვა და აოშვა ტარდება დისკოიანი ან სახნისიანი ფრთებიანი იარაღებით.

უფრო მეტად გავრცელებულია დისკოებიანი ამჩეჩები.

სათანადო ცდებით დადგენილია, რომ დისკოებიანი იარაღით გადიდებულ სიჩქარეზე 4-დან 9 კმ/სთ-ში ნაწვერალის აჩეჩვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის ხარისხს – უკეთესად იჭრება და იზრდება აგრეგატის მწარმოებლობა.

კულტივაცია

კულტივაცია გამოიყენება ნიადაგის გაფხვიერებისა და სარეველების მოჭრის მიზნით, რაც ხდება გაფხვიერებული ფენის გადმოუბრუნებლად. კულტივაციას ატარებენ, როგორც ხნულის (ანეულის, მზრალისა და სხვ.), ისე ნათესების, მინდვრის, ტექნიკური და სათოხნი კულტურების მწკრივთშორისების დასამუშავებლად. ამ ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება მრავალგვარი იარაღი, რომელთა საერთო სახელწოდებაა კულტივატორები. იმისდა მიხედვით, თუ ნიადაგის გასაფხვიერებლად კულტივატორს როგორი ორგანოები აქვს, როგორაა ისინი დაყენებული და როგორ მოქმედებენ ნიადაგზე, არჩევენ თათებიან, დისკოებიან, ზამბარიან და სხვა კულტივატორებს. ამ კულტივატორებიდან ზოგი ხნულის დასამუშავებლად გამოიყენება, ზოგი კი მწკრივთაშორისების გასაფხვიერებლად კულტივატორად გამოიყენება, აგრეთვე დისკოებიანი ამჩეჩიც, რის შესახებაც ნაწვერალის აჩეჩვის დროს იყო აღნიშნული, მაგრამ ამ იარაღით კულტივაცია რომ შესრულდეს, დისკოები დიდი კუთხით უნდა დავაყენოთ. არის დისკოებმოჭრილი კულტივატორებიც, რომლებიც გამოიყენება დასავლეთ საქართველოს ჭაობიანი ნიადაგების დასამუშავებლად.

ხნულზე სარეველების ზედაპირული (3-5სმ სიღრმეზე) მოსაჭრელად იყენებენ მავთულიან კულტივატორებს. ამისათვის კბილებიანი ფარცხის განაპირა კბილებზე ამაგრებენ და ჭიმავენ ფოლადის მავთულს. დანებიანი კულტივატორები, რომლის მოდების განია 5,0 მეტრია და აფხვიერებს ნიადაგის 16 სმ. ფენას, გამოიყენება გვალვიან რაიონებში. ასეთი იარაღები ჭრიან სარეველა ბალახებს, აგრეთვე ნაწვერალს და სრულებით არ ახდენენ მიწის ამობრუნებას. დანებიან კულტივატორებს ფართოდ იყენებენ ეროზირებულ მიწებზე გაუფხვიერებლად ნაწვერალის მოსაჭრელად. გავრცელებულია აგრეთვე შტანგიანი კულტივატორები, რომლებსაც იყენებენ ანუელის კულტივაციის დროს. მისი ოთხწახნაგოვანი შტანგა კულტივატორის თვლის მეშვეობით საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს და მიწის ამოუბრუნებლად 6-10 სმ სიღრმიდან სარეველებს თხრის და ჰყრის ზედაპირულად. შეხედულება, რომ იგი იწვევს ნიადაგის სტრუქტურის დაშლას, პრაქტიკულად არ მართლდება.

ფარცხვა

ეს ოპერაცია სრულდება ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერებისათვის. ფარცხვის დროს ხდება ნიადაგის ზედაპირის მოსწორებაც და ისპობა ახლად აღმოცენებული სარეველები. ზედაპირული გაფხვიერება სარეველების განადგურება და მოსწორება ანელებს და ზოგჯერ სულაც აჩერებს ნიადაგის ტენის აორთქლებას. არის სხვადასხვა ტიპის ფარცხები-მძიმე, საშუალო და მსუბუქი. ისინი განსხვავდებიან აგრეთვე კბილების ფორმის, თითოეულ კბილზე დატვირთვისა და კბილებს შორის მანძილის მიხედვით უფრო მეტად გავრცელებულია დისკოებიანი და კბილებიანი ფარცხები, რომლებსაც ზოგჯერ გუთნის ფუნქციებსაც აკისრებენ. ეს უკანასკნელნი, სხვა ფარცხებთან უფრო მეტად იწვევენ ნიადაგის სტრუქტურის გაუარესებას. სტრუქტურის დაშლის ხარისხი დამოკიდებულია ფარცხის კბილის ფორმაზე. არჩევენ: დანისებრ, კვადრატულ, რომბულ და მრგვალი ფორმის კბილებს.ყველაზე ნაკლები გამტვერება ხდება დანისებრი კბილების, ხოლო ყველაზე მეტი _ მრგვალი კბილების მქონე ფარცხების მუშაობის დროს. მაგრამ კვადრატული, რომბული და სწორკუთხა კბილები მაშინ იძლევა უკეთეს შედეგს, როდესაც ისინი წიბოთი ეხებიან ნიადაგის მასას, ხოლო თუ სიბრტყით მოქმედებენ, მაშინ გამტვერების ხარისხი ბევრად გადააჭარბებს მრგვალი კბილებით გამოწვეულს. ფარცხის კბილების ნიადაგის დაღრმავება დამოკიდებულია ფარცხის სიმძიმეზე. არსებობს თეფშებიანი ფარცხები, რომელთა სამუშაო ორგანოს წარმოადგენს სფერული თეფში (დისკო), რომლის დაყენება შეიძლება სხვადასხვა კუთხით (კვეთების კუთხე).

თუ კვეთების კუთხეს გავზრდით გაიზრდება ნიადაგის დამუშავების და გაფხვიერების სიღრმე, აგრეთვე სარეველების მოჭრა. პირამოჭრილი თეფშებიანი ფარცხები შედარებით უკეთესად აფხვიერებენ თიხნარ და გაკორდებულ ნიადაგს. ნაკვეთებს ფარცხავენ კვალსაქცევებად და ფიგურული წესით. კვალსაქცევად ფარცხვა წარმოებს ნაფთეურების გასწვრივ, გარდიგარდმო ან დიაგონალების მიმართულებით, მაგრამ ტრაქტორს ბევრი გაცდენა მკვეთრი მოხვევები რომ არ დაჭირდეს ფარცხავენ ფიგურულად -ნაკვეთს ირგვლივ უვლიან. კიდევ უკეთესია დიაგონალური (ერთ კვალად) და დიაგონალჯვარედინი (ორ კვალად) სვლა. ნიადაგი საუკეთესოდ ფხვიერდება, როდესაც მისი ტენიანობა უდრის სრული ტენტევადობის 50-60%-ს. მშრალი ნიადაგის ფარცხვა იწვევს მის ძლიერ გამტვერებას, ზედმეტი ტენიანი ნიადაგი კი არ ფხვიერდება არამედ იგლისება.

დაშლეიფება

დაშლეიფების მთავარი ამოცანაა ხნული ზედაპირის მოსწორება და ამით ნიადაგური ტენის დაცვა აორთქლებისაგან, აგრეთვე ჩათესილი თესლის ლოჟირების მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. დაშლეიფებას გაზაფხულზე ახდენენ ჯერ კიდევ დაფარცხვამდე. ადრე გაზაფხულზე ნიადაგური ტენის აორთქლება იწყება შემშრალი თხემებიდან, ბელტებიდან და მსხვილი გოროხებიდან. შლეიფი შემშრალ თხემსა და გოროხებს აფხვიერებს, ამით ამცირებს აორთქლებას და ზოგავს ნიადაგურ ფენას. დაშლეიფება ტარდება სახნავის დიაგონალების მიმართულებით. მძიმე თიხა, ბიცობი, მლაშობი ნიადაგების დაშლეიფება არ შეიძლება, რადგან ძალიან იქილება და შემდეგ ქერქი უჩნდება.

მოტკეპნა (გაძეკვა)

მოტკეპნა ანუ გაძეკვა ნიადაგის ზედაპირული დამუშავებაა, რომელსაც მიმართავენ ხნულის გამკვრივების, ზედაპირის მოსწორების, ბელტის დაშლის და ქერქის მოსპობის მიზნით. ნიადაგის მოტკეპნის ერთ-ერთ მიზანს შეადგენს დათესილი კულტურის თესლსა და ნიადაგის ნაწილაკებს შორის კონტაქტის დამყარება თესლის ტენით უზრუნველყოფისათვის. ხნულის მოტკეპნას ახდენენ საგორავებით (სატკეპნელებით).

არსებობს სხვადასხვა ტიპის საგორავები:

ა) ცილინდრული გლუვზედაპირიანი, 

ბ) რგოლებიანი, გ) დეზებიანი,

დ) ჭდეული. გლუვზედაპირიანი ცილინდრული საგორავი ხნულზე გორების დროს თავისი სიმძიმით ტკეპნის და ამჭიდროებს ხნულს.

ბრტყელზედაპირიანი რგოლები ნიადაგის გატკეპნის დროს სიმძიმის ძალას ვერტიკალურ სიბრტყეში ავითარებს, მრგვალი ვერტიკალურის გარდა რამდენადმე ჰორიზონტალურ სიბრტყეშიც, სამკუთხა კი უფრო ჰორიზონტალურ სიბრტყეში დეზებიან საგორავს რგოლის გარე წრეზე მოდებული აქვს დეზები. გლუვზედაპირიანი საგორავით ხნულის ზედაპირი სწორი და გატკეპნილი რჩება, რგოლებიანისა და დეზებიანის შემდეგ კი საკმაოდ გაფხვიერებულია და ტენი აღარ იკარგება. გლუვზედაპირიანი საგორავით გატკეპნის შემდეგ კი საჭიროა დაფარცხვა. საგორავების ეფექტი დამოკიდებულია მათ წონაზე, ნიადაგის ტენიანობასა და მექანიკურ შედგენილობაზე. ძლიერ მსუბუქი საგორავები ხნულს ვერ ტკეპნის, ზედმეტად მძიმე კი ისე ამკვირვებს ნიადაგს, რომ მცენარის ზრდა-განვითარება ფერხდება, ისევე როგორც ჭარბტენიანი. აგრეთვე გამომშრალი ნიადაგების გატკპენა არ იძლევა სასურველ შედეგს.

მოშანდაკება (დაკაბადონება)

ხნულის მოშანდაკების დროს იყენებენ შუა რკინის ფურცლით შემოჭერილ ხის ძელს, რომლის სისქეა 10სმ და სიგანე 20სმ და მას მალა ეწოდება. ის ერთსა და იმავე დროს ხნულს კიდეც ამჭიდროებს და კიდეც მოასწორებს. ეს ოპერაცია ტარდება თესვის წინ და ასრულებს შლეიფისა და სატკეპნელის ფუნქციებს. ნიადაგის მოვლის ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნები შემდეგია:

1. ხვნა უნდა ტარდებოდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადასა და სიღრმეზე;

2. ხვნა უნდა წარმოებდეს ლარივით სწორ კვლებად და უხარვეზოდ, სატრაქტორო გუთნის ყველა კორპუსი თანაბარი სიგანისა და სიღრმის კვალს უნდა ავლებდეს;

3. ხნული უნდა ხასიათდებოდეს თანაბარი თხემიანობითა და სიღრმით. ხვნის სიღრმის გადახრა დასაშვებია ±1 სმ-ის ფარგლებში.

ხვნის ხარისხის ძირითადი მაჩვენებლებია: ხვნის დროულობა, სიღრმე, თხემიანობა, ბელტიანობა, კოშტიანაობა, აფუებულობა, მცენარეული ნარჩენების ჩახნულობა, ხარვეზიანობა, თავ-ბოლოს გადახვნა.

აჩეჩვის ან აოშვის ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნებია:

1. ოპერაციები უნდა ტარდებოდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადასა და სიღრმეზე, სათანადო იარაღით;

2. ყველა სარეველა მცენარე უნდა მოიჭრას, მრავალწლოვანთა ფესურები და ძირები კი დაიკუწოს;

3. უნდა სრულდებოდეს უხარვეზოთ, ნიადაგის ზედა ფენა გაფხვიერდეს, უსწარმოსწორობა არ დარჩეს. ჩატარებული ოპერაციის შესრულების დროულობა შეფასდება მოსავლის აღებიდან აჩეჩვამდე გასული დროის ხანგრძლივობით. საუკეთესო შედეგს იძლევა ნაწვერალის მოსავლის აღებისთანავე აჩეჩვა.

კულტივაციის ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნები:

1. კულტივაცია უნდა ჩატარდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადასა და სიღრმეზე, შესაფერის ვადად ითვლება ის დრო, როდესაც ნიადაგი საამისოდ მწიფე იქნება, ე.ი. კი არ აიგლისება, არამედ კარგად გაფხვიერდება; 

2. კულტივაციის დროს ნიადაგის ზედა ფენა თანაბარი სიღრმით უნდა გაფხვიერდეს, წვრილ კოშტებად იშლებოდეს, ხნულის ზედაპირი უსწორ-მასწორო არ რჩებოდეს, თხემების სიმაღლე 3-4სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. სარეველები მოჭრილი უნდა იქნეს მთლიანად და სხვ;

3. კულტივაციის შედეგად უნდა მოისპოს სარეველა მცენარეები, დაზოგილი იქნეს ნიადაგის ტენიანობა, გაადვილდეს მოსული ნალექების შეთვისება, მოწესრიგდეს მცენარეთა ზრდა-განვითარების პირობები;

4. როგორც წესი, პირველი კულტივაცია ტარდება ნახნავის გარდიგარდმო, ყველა შემდგომი კულტივაცია კი მისი უშუალო წინმავალი კულტივაციის გარდიგარდმო. კულტივატორის სამუშაო ორგანოებმა ზედაპირზე არ უნდა ამოაბრუნოს ნიადაგის ტენიანი ქვედა ფენა.

ხარვეზები არ უნდა რჩებოდეს. კულტივაციის ხარისხი მოწმდება მუშაობის პროცესშივე, აგრეგატის მთელ მოდების განზე, ანდა ნაკვეთის დიაგონალების მიხედვით 10-25 წერტილში, ნაკვეთის თავში შუა წელსა და ბოლოში.

ფარცხვის ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნებია:

1. ფარცხვა უნდა ჩატარდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადასა და სიღრმეზე, სათანადო იარაღით ფარცხვის დაგვიანება ყოველთვის ცუდ შედეგს იძლევა-ნიადაგი შრება და იგვალება. ასევე ცუდ შედეგს იძლევა შეუმშრალი ჭარბი ტენის მქონე ნიადაგის ფარცხვა, რადგან ტალახდება და არ ფხვიერდება;

2. დაფარცხვის შემდეგ ხნულის ზედაპირი უნდა გაფხვიერდეს, მოსწორდეს და წვრილკოშტოვანი აგებულებისა დადგეს, არ უნდა დარჩეს ხარვეზები და გოროხები;

3. ფარცხის კბილები უნდა იყოს წვეტიანი და ჩარჩოზე დამაგრებული. ფარცხი გამწევ ძალას ისეთი მანძილით უნდა აებას, მისი ყველა კბილი თანაბრად იტვირთებოდეს და თავის კვალს ამჩნევდეს, არ ხტოდეს, მდორედ გასდევდეს.

ანეულის სახეები

სასოფლო-სამეურნეო კულტურებისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისუფალ მინდორს, რომელიც შენარჩუნებულია სარეველებისაგან სუფთა მდგომარობაში საანეულო მინდორს უწოდებენ.

არჩევენ ანეულებს:

სუფთას (როცა საანეულო მინდორი თავისუფალია კულტურებისაგან და მუშავდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში);

შავს (როცა სუფთა ანეულის ძირითადი დამუშავება იწყება და ტარდება წინა წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე);

ადრეულს (როცა სუფთა ანეულის დამუშავება იწყება გაზაფხულზე), კულისურს(როცა საანეულო მინდორზე დათესილია მაღალმოზარდი მცენარეები ზოლურად თოვლის დაკავების ან ეროზიის საწინააღმდეგოდ);

დაკავებულს (როცა ანეული დაკავებულია კულტურული მცენარეებით, სავეგეტაციო პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში, დანარჩენ დროს იგი მუშავდება);

სიდერალურს (როცა საანეულო მინდორი დაკავებულია პარკოსანი კულტურებით, მწვანე სასუქად ნიადაგში ჩასახნავად).

სუფთა ანეულები კულტურულ მცენარეთა წინამორბედების განსაკუთრებული ჯგუფია. ისინი ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ ნიადაგის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ამცირებენ დასარევლიანებას, მავნებლების და დაავადებების გავრცელებას.

სუფთა ანეულის მინდორზე შეიძლება ყველაზე წარმატებით ჩატარდეს სანიტარული და სარემონტო ღონისძიებათა კომპლექსი წყლის დაგროვებისა და შენარჩუნებისთვის, ორგანული სასუქის, აგრეთვე კირისა და ფოსფორის შეტანისათვის, სარეველებთან, დაავადებების გამომწვევებთან, მავნებლებთან ბრძოლისათვის და ა.შ.

ნიადაგის  მზრალად დამუშავება

ნიადაგის მზრალად დამუშავების სისტემა გულისხმობს საგაზაფხულო მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგის მომზადებას შემოდგომით. ასეთ ხნულს მზრალი ეწოდება. წინათ მზრალს უწოდებდნენ იანვარ-თებერვალში, ანდა ადრე გაზაფხულზე მოხნულსაც. მაგრამ მას მზრალისა მხოლოდ სახელწოდება ჰქონდა მიცემული.

ის ამოცანები კი, რაც მზრალად მოხვნით გადაიჭრება, მიუღწეველი იყო. საქმე იმაშია, რომ შემოდგომის მზრალი ხნულად შეჰყვება ხოლმე ზამთარს და განიცდის გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სუსხის გავლენას, რის გამოც მას „მზრალი“ ეწოდება.

მზრალის შემოდგომით დამუშავება ხელს უწყობს ნიადაგში მეტი ტენისა და საკვები ელემენტების დაგროვებას და ტენით დამუხტვას, მავნებელთა და დაავადებების კერებისაგან უკეთესად იწმინდება სარეველა მცენარეების მინდორი. უმჯობესდება ხნულის ფიზიკური მდგომარეობა.

ნიადაგის მზრალად დამუშავების რამდენიმე სახეობას არჩევენ:

კორდის დამუშავების სი სტემა;

ნაწვერალის და მ უშავების სისტემა;

სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდვრის დამუშავების სისტემა.

ესენი ერთიმეორისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა ამოცანაა პირველ რიგში გადასაჭრელი იმ წინამორბედი კულტურების შემდეგ, რომელიც დასამუშავებელ ფართობზე იყო და შექმნა გარკვეული მდგომარეობა. კორდის (ბუნებრივი კორდი, ხელოვნური კორდი, აგრეთვე ყამირი და სხვა) შემთხვევაში მნიშვნელოვან და პირველ რიგში გადასაჭრელ ამოცანას შეადგენს მრავალწლოვანი ბალახის სიცოცხლის უნარის ჩახშობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადვილად გამოცოცხლდება, მთლად დაფარავს ნაკვეთს და შეუძლებელი იქნება მინდვრის კულტურის მოყვანა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ბელტის სრული გაფხვიერება იმგვარად, რომ არ გამტვერდეს და შერჩეს მტკიცე სტრუქტურა. ნაწვერალის შემთხვევაში, პირველ რიგში გადასაჭრელ ამოცანას შეადგენს ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისაგან, რომელიც რჩება მოსავლის აღების შემდეგ. სათოხნი კულტურების შემდეგ კი (სიმინდი, მზესუმზირა და სხვა) რჩება მათი კაჭაჭები და სხვა ნარჩენები, რომელთაგან ნაკვეთის პირველ რიგში გაწმენდა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.

ბუნებრივი კორდის დამუშავება იწყება ნაკვეთის გაწმენდით და მოსწორებით თესვამდე რამოდენიმე თვით ადრე. გაწმენდის შემდეგ მოასწორებენ და დისკოებიანი ფარცხით დაფარცხავენ ნიადაგის ქვედა ფენების ამოუბრუნებლად გაფხვიერების მიზნით, შემდეგ კი ხნავენ სრულ სიღრმეზე წინმხვნელიანი გუთნით. თუ ბუჩქნარია, ზაფხულის ბოლოს ხნავენ სრულ სიღრმეზე 2-3 ტანიანი საჯაგე გუთნით. მომდევნო გაზაფხულზე მძიმე ფარცხით აფხვიერებენ.

ხელოვნური კორდის დამუშავება, ნიადაგის სტრუქტურის და ნაყოფიერების მაქსიმალურად შენარჩუნებისათვის წარმოებს წინმხვნელიანი გუთნებით. უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური კორდის ძირითადი დამუშავება წინმხვნელიანი გუთნით დამუშავებით შემოიფარგლება, ზოგიერთი შემთხვევის გამოკლებით, თუ ხნული უსწორმასწორო და ბელტიანია, საჭირო ხდება მისი სპეციალური აგრეგატებით დამუშავება იმისდა მიხედვით, თუ რა კულტურა იქნება დათესილი. ცხადია, საშემოდგომო თავთავიანი კულტურების დასათესად ნაკვეთი ჯერ კიდევ ზაფხულში მოიხვნება. საერთოდ, კორდის მოხვნის კონკრეტული ვადების დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები, რელიეფი, კულტურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და სხვ.

ნაწვერალის დამუშავების სისტემა ჩვეულებრივად შედგება მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალის აჩეჩვისა და შემდგომში ნიადაგის სრულ სიღრმეზე კულტურული მოხვნისაგან. ამა თუ იმ მხარის კლიმატური, ნიადაგობრივი პირობებისა და სახნავი მინდვრების დასარევლიანების მიხედვით, ზოგჯერ საჭირო ხდება დამუშავების აღნიშნულ ძირითად ხერხებს დაემატოს ესა თუ ის დამატებითი ღონიძიება, ზოგჯერ კი ღრმა ცვლილებების შეტანაც. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად ითვლებოდა ანეულების სისტემა, რომელიც გულისხმობს ნიადაგის გარკვეული დროით „დასვენებას“ თესვის წინ დამუშავების სხვადასხვა სისტემებით.

ამჟამად ანეულების ეს სისტემა ბევრ ქვეყნებში უარყოფილია, მას პრაქტიკულად არსად აღარ მისდევენ, ვინაიდან უკვე დამუშავებულია ნიადაგის ნაყოფიერების და სტრუქტურის უფრო ეფექტური ღონისძიებები „კულტურა აღმდგენების“ (მაგ. იონჯა) და მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიწათმოქმედებაში მინიმუმადეა შემცირებული დროის დანაკარგები, მემცენარეობის პროდუქცია ყველაზე კონკურენტუნარიანი მიიღება.

მინდვრის სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნიადაგის დამუშავების სისტემა დამოკიდებულია იმაზე, რომ სათოხნი კულტურების აღების შემდეგ ნაკვეთი ჩვეულებრივ უფრო გაფხვიერებულია და სარეველებისაგან გაწმენდილი, მაგრამ ნიადაგში მაინც ბევრი რჩება სარეველების თესლის და მავნებლებისა და დაავადებათა კერები. მოვლის პერიოდში ჩატარებული კულტივაციათოხნის გამო ნიადაგის ზედაფენა გაცილებით უფრო მეტად გამტვერებულია ნაწვერალთან შედარებით.

სათოხნი კულტურების უმეტესობა ნაკვეთს ზაფხულის დამლევს ან გვიან შემოდგომით ათავისუფლებს. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთზე რჩება მათი ნარჩენები, რომელთა ნიადაგში ჩახვნა მიზანშეუწონელია, რადგან ხშირად ისინი იმდენად დიდი ზომისანი არიან, რომ არც ბელიტით იფარება(სიმინდის, მზესუმზირას, თამბაქოს, ბამბის კაჭაჭები) და არც მოკლე ხანში ხდება მათი დაშლამინერალიზაცია.

ამის გამო, ნაკვეთი, როგორც წესი, პირველ რიგში ამ ნარჩენებისაგან უნდა გაიწმინდოს. რაღა თქმა უნდა, აქ გამორიცხულია აჩეჩვის ოპერაცია და ნარჩენებისაგან გაწმენდის შემდეგ ნაკვეთი მოიხვნება მზრალად, წინმხვნელიანი გუთნით. როგორც ცნობილია, წინმხვენილიანი გუთანი ზედა გამტვერებულ ფენას ქვეშ მოაქცევს, ხოლო ქვედა ფენას, სადაც გვხვდება სარეველა მცენარეთა თესლისა და ვეგეტატიური გამრავლების ორგანოთა წინა წლების მარაგი, ზევით ამოიტანს. ნიადაგში არსებული ტენისა და შემოდგომის სითბოს პირობები ხელს უწყობს მათ აღმოცენებას. როდესაც ხნული მოიფინება მათი აღმონაცენებით, მიზანშეწონილია შემოდგომითვე ჩატარდეს ერთი-ორი აოშვა და კულტივაცია.

სათოხნი კულტურები საუკეთესო წინამორბედს წარმოადგენენ საშემოდგომო თავთავიანი კულტურებისათვის. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდდება რთულმინდვრიანი თესლბრუნვების პირობებში. როგორც ზევით იყო აღნიშნული, საქართველოს დაბლობში შემოდგომა იმდენად ხანგრძლივი და თბილია, რომ სათოხნი კულტურების დასათესად მომზადებისათვის დრო საკმარისზე მეტია. ცხადია, ასეთი ნაკვეთები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული საშემოდგომო კულტურების მოსაყვანად.

თესვისწინა დამუშავება

თესვისწინა დამუშავებაში იგულისხმება ნიადაგის დასათესად მოსამზადებლად გარკვეული თანმიმდევრობით შესრულებული დამუშავების წესების ერთობლიობა. იგი (კულტივაცია, დადისკოება, ფარცხვა) უნდა ჩატარდეს მხოლოდ თესვის დღეს, რაც ადიდებს კულტურის კონკურენტუნარიანობას სარეველებთან შედარებით. თუ ერთმანეთს დაშორდება თესვისწინა დამუშავება და თესვა, მაშინ სარეველები ადრე აღმოცენდებიან ვიდრე მოსაყვანი კულტურები და განვითარდებიან.

თუ თესვისწინა კულტივაციის შემდეგ წვიმის მოსვლის ან სხვა მიზეზის გამო, შეუძლებელია თესვა, მაშინ აუცილებელია თესვისწინა დამუშავების განმეორება. თესვისწინა დამუშავებისას არაა რეკომენდირებული ნიადაგის გადაბრუნება.

თესვისწინა დამუშავება მსუბუქ ნიადაგებზე უნდა ჩატარდეს ფარცხვის ჩატარებით, ხოლო მძიმე ნიადაგებზე კულრივაციაფარცხვით.

თესვისშემდგომი დამუშავება

თესვის (დარგვის) შემდეგ დამუშავება მიმართულია სარეველა მცენარეთა განადგურების და ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერებისკენ, თესლის გაღივებისა და აღმოცენებისათვის. მწკრივთაშორისების პირველი გაფხვიერება ტარდება მოცემული პირობებისათვის მაქსიმალურ სიღრმეზე, რადგან ამ სიღრმეზე ჯერ კიდევ არ არის მცენარეების ფესვები. შემდეგ კულტივატორზე კეთდება ბრტყლადმჭრელი თათები და გაფხვიერება ტარდება ნაკლებ სიღრმეზე, მცენარის ფესვებს ზევით.

ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ნიადაგის დამუშავებას, დადებით ზეგავლენასთან ერთად შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის ნაყოფიერებაზე. მძიმე ტრაქტორების და იარაღების გამოყენება ამკვრივებს სახნავ და ზოგჯერ ქვესახნავ ფენას. ძლიერი გამკვრივების შედეგად ირღვევა ნიადაგის სტრუქტურა, ითრგუნება მიკრობიოლოგიური პროცესები, რაც მოსავლის შემცირებას იწვევს.

ხშირი გაფხვიერება ხელს უწყობს ორგანული ნივთიერების მინერალიზაციას, რაც იწვევს აზოტის დაკარგვას და ჰუმუსის შემცველობის შემცირებას, ტენის ნაკლებობისას მნიშვნელოვნად აშრობს ნიადაგს და აძლიერებს მის ეროზიას. დათვლილია, რომ ევროპაში და აშშ-ში ეროზიის გამო წელიწადში იკარგება დაახლოებით 17ტ. ნიადაგი 1ჰა-ზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში -20დან – 60ტ/ჰა. აშშ-ში სასუქის 50%-ს იყენებენ ნიადაგის დეგრადაციის გამო ნაყოფიერების დაკარგვის კომპენსაციისათვის. რუსეთში ნიადაგის მასობრივი დეგრადაცია ხდება მთელ ტერიტორიაზე. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ნიადაგის ნაყოფიერება შემცირდა 2-ჯერ. ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ზონის ნიადაგებში, მაგ. ჰუმუსის რაოდენობა შემცირდა 8-10%-დან 3-4%-მდე. ზოგიერთ ლანდშაფტზე მიმდინარეობს ინტენსიური ბიოლოგიური და ფიზიკური დეგრადაცია: ჰუმუსის შემადგენლობა ჩამოვიდა კრიტიკულ ზღვარზე -1,3-1,4%. სამხრეთ რუსეთის უამრავი საველე ფართობები განიცდიან ქარისმიერი ეროზიის ზემოქმედებას და იქცევიან ნახევარუდაბნოებად.

ეროზიასთან ბრძოლის ძირითადი საშუალებები

ნიადაგის დაშლას და წაღებას გარე ფაქტორების ზემოქმედებით ეროზია ეწოდება. ძირითადად ცნობილია ეროზიის ორი ტიპი:

ქარისმიერი, გამოწვეული ქარისაგან და წყლისმიერი, გამოწვეული წყლის ზემოქმედებით.

ქარისმიერი ეროზია შეიძლება იყოს ძლიერი, როდესაც ქარიშხლებს მიწის ნაწილაკები ასეულობით კილომეტრზე გადააქვს და ადგილობრივი, როცა მიწის ნაწილაკები შორს არ გადაიტანება.

წყლისმიერი ეროზია შეიძლება იყოს ზედაპირული გარეცხვით და ღრმა გარეცხვით გამოწვეული.

ქარისმიერი ეროზიის პირობებში ნიადაგის დამუშავება უნდა მოხდეს ბელტის გადაბრუნების გარეშე, ნაწვერალის დატოვებით. ასევე ეფექტურია ნიადაგის ზოლებად დამუშავება და თესვა, კულისებად თესვა, ნიადაგის მინიმალური დამუშავება-ნულოვანი დამუშავება.

წყლისმიერი ეროზიის დროს მიმართავენ ნიადაგის ხვნას, თესვას და კულტივაციას ფერდობების გარდი-გარდმო. ასევე კარგია ფერდობებზე ღვარეულებისა და ზღუდარების მოწყობა(წყვეტილ ბაძოებად დამუშავება), ნიადაგის დანაპრალება, ფერდობების ზოლებად გამდელოება, სპეციალური თესლბრუნვის დანერგვა. ასეევ მიმართავენ აგრომელიორაციულ ღონისძიებებს: ქარსაფარი ზოლების გაშენება, ფერდობების და ხრამების გატყევება, მრავალწლიანი ბალახების ზოლების მოწყობა, ტყის ზოლების გაშენება.

ჰიდროტექნიკური ღონისძიებებიდან მიმართავენ ჯებირების მოწყობას, ჩამონადენი წყლების დინების შეჩერების მიზნით. ხევებსა და ხრამებში ტერასული ჯებირების მოწყობას.

ლ. ალფაიძე; 

ე. მოთიაშვილი;

ნ. ჭანკვეტაძე