ბოლნისის ოქრო – “ღვინო კეთილი”, ანუ რა უნდა ვაკეთოთ მეორედმოსვლამდე
კატერინენფელდის დაარსების შესახებ არსებობს ლეგენდა, რომელსაც ისტორიული წყაროები სხვაგვარად, ბოლნისელები კი სრულიად განსხვავებულად ყვებიან. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ოფიციალური ვერსია ასეთია: – 1815 წელს ინდონეზიაში ამოხეთქილმა ვულკანმა „ტომბორამ“ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში „ვულკანური ზამთარი“ გამოიწვია, მზე სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა ცის კაბადონზე, რის შედეგადაც, მოსავლიანობამ იკლო და სასოწარკვეთილებასთან ერთად მოიმატა პროტესტანტული ეკლესიის ერთი რადიკალური მიმართულების „ჰილიაზმის“ მიმდევრების რიცხვმა. აღნიშნული სექტა, მეორედ მოსვლისა და მსოფლიო წარღვნის მოახლოების შესახებ ქადაგებდა და თანამოაზრეები ჰყავდა არა მხოლოდ პროტესტანტულ, არამედ ბუდისტების, ინდუისტების, ისლამისტების, იუდაისტების და ტაოისტების შორისაც კი. გერმანელი „ჰილაისტები“ კავკასიისკენ დაიძვრნენ, რადგან მათი რომელიღაც სულიერი წინამძღოლის ქადაგებით, მეორედ მოსვლა კარს იყო მომდგარი და ამ უდიდეს მოვლენას, სხვაგან სად, თუ არა არარატის მთასთან, უნდა შეგებებოდნენ.
ისტორია ამბობს, რომ გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლა უცნაურად დაემთხვა ეკატერინე პირველის მანიფესტს, გენერალ ერმალოვს და რუსული იმპერიის პოლიტიკას ჩამოესახლებინათ გერმანელი მშრომელი და უპრეტენზიო ხალხი ახალდაპყრობილ კოლონიებში, მათ შორის საქართველოშიც.
116 გერმანელი მორმუნე და ფუტკარივით მშრომელი ოჯახის ჩამოსვლას და დარჩენას კი ბოლნისელი გურამ ავქოფაშვილი ასეთ ლეგენდას უსადაგებს:
მოჟამული, უმზეო ამინდი იდგა (ლოგიკურია, რომ საქართველოშიც დაიმალებოდა მზე, ზემოთაღნიშნული ვულკანის გამო), დაღლილი გერმანელები მაშავერას ნაპირთან დაბანაკდნენ, დილით კი, ახალგაღვიძებულზე ნახეს მზესავით განათებული მდინარე, რომელიც ოქროსავით ანათებდა, ეს მართლაც ოქრო იყო, მდინარის მოტანილი ოქრო და გერმანელებმაც პირველი ბარი სწორედ იქ დაჰკრესო.
გერმანელმა კოლონისტებმა, რომელთან თითქმის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ ვაზის კულტურის და მეღვინეობის, პირველი, რაც საქართველოში წამოიწყეს, ღვინის მასობრივი წარმოება იყო და სწორედ აქედან უნდა გაიშალოს ჩემი დაკვირვებები და იმედები ბოლნისური ღვინისა და პოტენციის შესახებ.
წელს, ბოლნისში 35 000 ბოთლი ქვევრის ღვინო ჩამოისხმება. ერთი შეხედვით, ეს ძალიან პატარა ციფრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ათწლეულები ბოლნისური ვაზის სიკეთეზე აღარავის უსაუბრია და მეტიც, ყველას დაგვავიწყდა, განსაკუთრებული კლიმატის გამო სამეფო ღვინო სწორედ ბოლნისსა და ქიზიყში რომ ღვინდებოდა.
კომუნიზმისდროინდელმა მასობრივმა წარმოებამ და ღვინის რაოდენობაზე და არა ხარისხზე გაკეთებულმა აქცენტმა, სიმძიმის ცენტრი კახეთისკენ გადაიტანა, ბოლნისი კი ერთგვარ ჩრდილში აღმოჩნდა, ბევრმა ადგილობრივმა ვაზის მოვლა შეწყვიტა და სხვა „უფრო სარფიან“ საქმეს მიჰყო ხელი.
მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლნისური ღვინო, რომელსაც ძალიან სწორი მარკეტინგული სვლის და გადაწყვეტილების შედეგად, სავარაუდოდ, საერთო „ქუდის ქვეშ“ – „ღვინო კეთილი“ ვიხილავთ ხოლმე, წარმატებული და ძალიან მაღალი დონის ქართული ღვინის მარათონს უბრუნდება.
კარგი ღვინო საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ საუკეთესო ღვინოების აღმოჩენას, დრო, ლოდინი და მოთმინება სჭირდება.
წელს რამდენიმე ბოლნისული მარნის საფერავისა და რქაწითელის გასინჯვა მომიხდა (მომიხდა არცაა სწორი სიტყვა, პატივი მერგო უფრო კარგი აქცენტი იქნებოდა). „შალას მარანი“, „ძმების მარანი“ აი, მარნები, რომლის ოქროსავით უზადო ღვინოები დავაგემოვნე. ორივე მარანი განსაკუთრებულ ადგილასაა – სწორედ იქ, სადაც 2 საუკუნის წინ, გერმანელი კოლონისტები ღვინის მასობრივი ჩამოსხმისა და ბოთლით გაყიდვის ტრადიციას საფუძველს უყრიდნენ.
„შალას მარნის“ ღვინო უფრო მეტად ტრადიციული გემოვნებისაა, უხვად აქვს ხილის და კენკროვანების არომატები, „ძმების მარნის“ რამდენიმე ოქროს მფლობელი რქაწითელი კი შედარებით რბილი და შემპარავი ხასიათისაა, საკუთარ თავს მოწრუპვიდან რამდენიმე წუთის მერე გაცნობს და დიდხანს გამახსოვრდება. ორივე მეღვინე, გარდა იმისა, რომ სწორად და პასუხისმგებლობით აგრძელებს ტრადიციული ღვინის დავარგების ტექნოლოგიას, განსაკუთრებული, ორმაგი მოშურნეობით ცდილობს როგორც საკუთარ, ისე რეგიონის ღვინოების პრესტიჟზე.
თუ კახელ მეღვინეს არ ჭირდება მტკიცება, ჩვენი ღვინო დიდი ტრადიციისაა და მხოლოდ გემოვნებაზეა დამოკიდებული, ჩემი მარნის უფრო მოგეწონება, თუ აგერ, მეზობლისო, ბოლნისელ მეღვინეებს, ორმაგი სირთულე აქვთ გადასალახი: ჯერ ის უნდა დაამტკიცონ, რომ ბოლნისური ვაზი და ღვინო ისეთივე ძველია, როგორც იქაური „სიონის“ ტაძარი და მერე კიდევ ის უნდა დაგვაჯერონ, რომ აქაური ღვინო არაფრით ჩამოუვარდება დანარჩენი საქართველოს კეთილშობილ სითხეს და მეტიც, ჩემთვის, სრულიად განსაკუთრებულად მაგარია.
ბოლნისურ ღვინოს უდიდესი და უძველესი ტრადიცია აქვს, „შალას“ და „ძმების“ მარნებს (იმედია სხვებსაც, რომლებიც გურამ ავქოფაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა ძალიან მიქეს) კი უდიდესი პოტენციალი. ასეთი „გასაგები“ ღვინო ბევრი არ ისხმევა საქართველოში, ასეთი ნალოლიავები ვენახი და ქვევრი კი უკვე იშვიათობაა.
და მე მაქვს გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლებისა და დარჩენის ჩემი ვერსიაც, რომელიც, უნდა ვაღიარო, ყველაზე მეტად მომწონს:
1: „ტომბორამ“ ნამდვილად ამოხეთქა;
2: მზე ნამდვილად დაბნელდა. კაი 2 წელი ნისლიც იდგა;
3: „ჰილიასტები“ ნამდვილად დაიძრნენ „არარატის“ მთისაკენ.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ გერმანელმა კოლონისტებმა, იქ იარეს, აქ იარეს, ის ნახეს, ეს ნახეს, იქ დალიეს, აქ დალიეს, იქ იტირეს, აქ ილოცეს, პორტუგალიაშიც იყვნენ, ავსტრიაშიც, საფრანგეთშიც და სომხეთშიც, მაგრამ მაინც ბოლნისის გავლა მოუწიათ ბოლოს. გაჩერდნენ მაშავერას ნაპირთან, სულიერი წინამძღოლი (მაგალითად იოჰანი) დაემხო სალოცავად სადმე ბანაკისგან ცოტა მოშორებით, გაიარა ადგილობრივმა გლეხმა, ნახა სტუმარია, ღვინო მიაწოდა, გაასინჯა, ილაპარაკეს.
გათენდა მეორე დღე, შეაკითხა კარავში რომელიმე ჰანსმა ჩვენ იოჰანს, ადექი, ცოტა ადრიანად გავუდგეთ არარატის სევდიან და უმზეო გზასო.
წამოჯდა იოჰანი, არც ნაბახუსევი იყო, არც მთვრალი, სახე მზესავით უნათებდა და იყო ბავშვივით მხიარული და კეთილი „ფეხსაც არსად გავადგამ აქედან, თქვენი შუბაც დავხიე. ეს ღვინო უნდა ვსვათ მეორედ მოსვლამდეო“, ჩაილაპარაკა და დარჩნენ.