წითელი ბუდეშური
წითელი ბუდეშური, შავი ბუდეშური, თამარეული აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ჯიშია.
ახალგაზრდა ყლორტს გვირგვინსა და ფოთოლაკების ირგვლივ აქვს მოვარდისფრო არშია, სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსებით და მორუხო თეთრი ფერით, ქვემოთ მდებარე ფოთლები (მეოთხიდან დაწყებული) კარგავს ზედა მხრიდან ბუსუსებს და იღებს მოყვითალო-მწვანე ფერს მოვარდისფრო იერით, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას და მასთან დაკავშირებულ მორუხო-თეთრ ფერს.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე დიდი (22X20სმ), მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სამნაკვთიანი, იშვიათად. ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ღია თაღისებრი ან კვადრატული ფორმისაა, მომრგვალო ფუძით. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმის. ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად განვითარებული, შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმის. კბილები სამკუთხედისებრია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სუსტია. ფოთლის ყუნწი მუქი ღვინისფერია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (18X10 სმ), უფრო ხშირად დიდი. კონუსისებრი ფორმის, დატოტვილი, ხშირად ფრთიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. ყუნწი 5-7სმ სიგრძის, ხშირად ბალახისებრი, ყუნწის მიმაგრების ადგილზე მერქნდება.
მარცვალი: ვარდისფერი, არათანაბარი სიმწიფის გამო ხშირად ჭრელი, ხოლო გადამწიფებისას მუქი ვარდისფერი ან თითქმის შავი. საშუალოზე მსხვილი, 1,75X1,45სმ ზომის, ოვალური. რბილობი ოდნავ მკვრივი. წვენი უფერული. კანი თხელი, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. მარცვლები საკმაოდ მჭიდროდ სხედს ყუნწზე.
ყურძნის ტკბილი: შაქრიანობა 16-20%, მჟავიანობა 4,0-6,8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,8-3,6 კგ/ძირზე, რაც შეადგენს 9,2-16,8 ტ/ჰა.
მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,15.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ახასიათებს ჰარმონიული გემო და სასიამოვნო არომატი.
დამატებითი ინფორმაცია: მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის სასუფრე ჯიშების ჯგუფს.
რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალოზე მეტი. გამძლეობა სოკოვან დაავადებათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. ზამთრის ყინვებისა და გვალვის მიმართ წითელი ბუდეშური საშუალო გამძლეობით ხასიათდება.
დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში.