ბლოგიმე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკები

კურორტი ბახმარო და მისი ტყეების კურორტოლოგიური მნიშვნელობა

ბახმარო ზღვის დონიდან მდებარეობს 2050 მ. სიმაღლეზე. მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კილომეტრია, ჩოხატოურის რაიონული ცენტრიდან 52 კილომეტრი. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება განდრეკილის მთა ზღვის დონიდან 2722 მ., დასავლეთით საყორნიას მთა ზღვის დონიდან 2752 მ.,ჩრდილოეთით ბახვის მთა ზღვის დონიდან 2193 მ.,ხოლო სამხრეთით ფაფარას მთა ზღვის დონიდან 2616 მ.

ბახმარო ზღვის დონიდან ერთ-ერთი უმაღლესი კურორტია ევროპაში არსებულ ისეთ ცნობილ კურორტებს შორის, როგორიცაა წმინდა მორიცი 1855მ ზღვის დონიდან, აროზა 1720 მ, დავოსი 1560 მ, და ლეზინი. მდინარე ბახვის წყალი, რომლის სათავე იწყება საყორნიას მთიდან, მოედინება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და კურორტის ტერიტორიას თითქმის შუაზე ყოფს.

ბახმარო, ჯანმრთელობის სამჭედლოა, ალპური ჰავის კურორტია თავისი მდიდარი ბუნებით, ძვირფასი წიწვიანი ტყეებითა თვალწარმტაცი ადგილებით.

საშუალო წლიური ტემპერატურა აქ +3.7-ია. სეზონის მიხედვით ზამთრის საშუალო ტემპერატურა-4-ს აღწევს, ხოლო ზაფხულისა +12-ს. ნალექების წლიური ჯამი შეადგენს 1405 მმ-ს, მათ შორის ივნისში მოდის -116 მმ. ივლისში -97 მმ. აგვისტოში-105 მმ, სექტემბერში-136 მმ, ოქტომბერში-164 მმ, საშუალო ფარდობითი ტენიანობა უდრის 70%-ს. (ცხრ. 1). ბახმაროში ზამთარში თოვლის საფარი მაღალია აღწევს 4-5 მეტრს და რჩება შვიდ თვემდე.

მზის რადიაცია 1 სმ ტოლია 1.50 კალ. როცა აბასთუმანში (არაზინდო) მხოლოდ 1.44 კალ. ხოლო ბორჯომში 1.33 კალ. აღწევს.

ცხრილი 1

ბახმაროს მრავალწლიანი საშუალო კლიმატური მონაცემები

ჰავა თვეები საშუალო
წლიური
I II III IV  V VI VII VIII IX X XI  XII
ჰაერის საშუალო
ტემპერატურა
-5.5 -5.5 -2.2 4.4 6.7 9.2 12.4 13.2 9.8 5.6 -3.3 3.7
ჰაერის აბსოლუტური
მინიმალური ტემპერატურა
-25 -25 -23 -15 -10 -3 0 0 -6 -11 -16 -24 -25 25
ჰაერის აბსოლუტური
მაქსიმალური ტემპერატურა
9 12 16 19 21 27 30 30 26 21 17 13
ნალექების რაოდენობა (მმ) 123 125 106 78 94 116 97 105 136 164 135 124
ჰაერის ფარდობითი
ტენიანობა (%)
75 75 79 73 68 80 83 88 85 81 73 79
მზიანი დღეების რაოდენობა 18 21 23 23 31 26 28 24 21 21 25 22

ცხრილი 2

მტვრის ნაწილაკების რაოდენობა ჰაერში ერთ სმ-ზე საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე

ბახმარო  20 – 400
აბასთუმანი (არაზინდო) 400 – 600
აბასთუმანი (ქვედა) 1200
ბორჯომი (პლატო) 600 – 800
ბორჯომი (პარკი) 1000

მზის რადიაცია და ატმოსფეროს გამჭვირვალობა ხარისხობრივად მაღალ მაჩვენებელს იძლევა. ირგვლივ მდებარე მაღალი მთები უშუალო გავლენას ახდენენ კურორტის კლიმატურ პირობებზე. ადგილობრივ წარმოქმნილი ატმოსფერული დინება კურორტის მიდამოებში ქმნის ამინდის კომპლექს, რომელიც ხასიათდება სიმშრალით და მოწმენდილი ცით, ჰაერის მასის სუსტი მოძრაობით. კურორტ ბახმაროში ჰავა რბილია და შეზავებულია ზღვის ჰავასთან. აქ ჰაერის ზღვიდან მთისკენ (ბახმაროზე) და პირიქით მიედინება. კურორტ ბახმაროს დენდროფლორისათვის დამახასიათებელია ნაძვისა და სოჭის შერეული კორომები. სოჭის კორომები ძირითად წარმოდგენილია სამხრეთ ფერდობებზე, ნაძვისა კი ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთის მთის ფერდობებზე.

ძველად ბახმაროს ტყე წარმოდგენილი იყო ფიჭვნარით, მაგრამ ჯიშთა ცვლის შედეგად იგი შეცვალა ნაძვმა და სოჭმა. ფიჭვი მცირე რაოდენობით ახლაც არის შემორჩენილი ბაისურაში. ბახმაროში ნაკლებად არის გავრცელებული წიფელი, ნეკერჩხალი, არყი. საერთოდ ბახმაროს ტყე მცენარეული საფარის ნაირსახეობით ღარიბია, ხელოვნურად გაშენებული ბაღ-პარკები იქ არ არის.

მეცნიერული შესწავლით და პრაქტიკული შემოწმებით დადასტურებულია, რომ ბახმაროს ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვების, ჯირკველების და ძვლების ტუბერკულოზით დავადებული ადამიანებზე, ბახმაროს ჰავის გავლენით მატულობს სისხლის წითელი ბურთულები და ჰემოგლობინები, სოჭისა და ნაძვის ფიტონიციდებით ჰაერის გამდიდრება მნიშვნელოვნად ზრდის კურორტის სამკურნალო ეფექტს. ტყე ერთი მხრივ, ამშვენებს და ალამაზებს გარემოს, საუცხოო შესახედაობას აძლევს კურორტის მიდამოებს, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს მას ჰაერის ცივი მასები შემოჭრისაგან, ალპური ზონებიდან მომდინარე თოვლის ზვავებისგან, თოვლის დნობის დროს წარმოშობილი ნიაღვრებისგან და სხვა.

ბახმაროს ტყეებს კურორტოლოგიური მნიშვნელობის გარდა, უდიდესი წყალდამჭერი  და ნიადაგდამცავი მნიშვნელობა აქვს.

უკანასკნელ წლებში ტყეების გაჩეხვის მიუხედავად, ბახმაროს არ დაუკარგავს თავის მნიშვნელობა და ევროპაში საუკეთესო საკურორტო ზონად რჩება.

ანზორ მესხიშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი