ფერმერი, რომელსაც თუნდაც ერთი ღორი ჰყავს, ან ახლა აპირებს მათ მოშენებას, ვეტერინარის ამ რჩევებს გულისყურით უნდა გაეცნოს!
მეღორეობა მეცხოველეობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ღორების მოშენება და გამოზრდა, საკმაოდ მომგებიანი და რენტაბელური საქმეა, თუმცა იმისათვის, რომ ფერმერმა მაქსიმალური სარგებელი ნახოს, აუცილებელია კარგად იცნობდეს ინფექციურ თუ არაგადამდებ დაავადებებს, რომლებიც ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნიან მეღორეობის დარგის განვითარებას.
ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გამოგვეპაროს ცხოველის დაავადების პირველი, ადრეული ნიშნები:
◊ უმადობა აუცილებელად დასაფიქრებელი საბაბია ეჭვისა, რომ ცხოველი ავად არის, თუმცა მიზეზი შეიძლება ასე მარტივიც არ იყოს.
ცხოველს თუ საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი არ აქვს, მან შეიძლება საკვები არ მიიღოს;
წყალი როცა საკმარისი რაოდენობით არის სადგომში, მაგრამ ღორი მაინც არ ჭამს, უკვე დიდია ეჭვი, რომ ის ავადაა;
ცალკე ბოქსებში ცხოველების შენახვის პირობებში, ამის გაკონტროლება ადვილია, ხოლო როცა ის ჯგუფური შენახვის პირობებში გვყავს, ცოტა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი;
◊ უმოძრაობა ან მოძრაობის გაძნელება, ცხოველის უმეტეს შემთხვევაში დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა და მისი სისუსტე – არის ადრეული, უტყუარი ნიშანი ავადმყოფობისა;
◊ აბურძგნილი ბეწვის საფარი ცხოველის სხეულზე – ამ შემთხვევაში საჭიროა გულდასმით იქნას გამოკვლეული ცხოველი;
◊ გოჭები წვანან მუცელზე, კანკალებენ, აქვთ ფაღარათი – უნდა ვიეჭვოთ სეპტიცემიაზე (სისხლში ბაქტერიების არსებობა);
◊ ცხოველი კარგავს წონას, ხდება, ან არ იმატებს წონაში – პნევმონიაზე მიგვანიშნებს;
◊ პრობლემები ცხვირთან და თვალებთან დაკავშირებით – მიგვანიშნებს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებზე;
◊ნერწყვის ძლიერი და უხვი გამოყოფა – ამ დროს ეჭვი ვეზიკულარულ დაავადებებზე უნდა მივიტანოთ;
◊ ნეზვებში ვულვიდან გამონადენი – მიზეზი შეიძლება იყოს ცისტიტი, ვაგინიტი, პიელონეფრიტი ანდა ენდომეტრიტი;
◊ ფეკალურ მასაში ლორწოს და სისხლის მინარევები – შეიძლება საქმე გვქონდეს დიზენტერიასთან, პარაზიტების არსებობასთან, ჰემორაგიულ ენტეროპათიასთან; ასევე,
შეიძლება ვიეჭვოთ სალმონელოზზე ან კუჭის წყლულზე;
◊ ღებინება – ნიშანია ისეთი დაავადებისა, როგორიცაა გასტროენტერიტი, ხოლო თუ საქმე ეხება მოზარდებს (გოჭებს) ,უნდა ვიცოდეთ,რომ გოჭებში ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა
გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება;
◊ კიდურების ციანოზი – მიგვანიშნებს მწვავე ვირუსულ ინფექციაზე, მწვავე ბაქტერიალურ სეპტიცემიაზე ან ინტოქსიკაციაზე; ასევე, შეიძლება ამ დროს საქმე გვქონდეს მწვავე პნევმონიასთანაც;
◊ ღრმა და ძლიერი სუნთქვა – პრობლემა ფილტვებშია, ან ცხოველს ჟანგბადის ნაკლებობა აქვს ზერელე (მუცლით) სუნთქვა – შეიძლება პლევრიტთან გვაქვს საქმე და ცხოველს
ტკივილები აწუხებს;
◊ ღორი ცდილობს განცალკევდეს ჯგუფისგან, ანდა სხვა ღორები ცდილობენ მისი ჯგუფიდან გაგდებას – ეს უკვე დაავადებაზე მიგვანიშნებს.
იმისათვის, რომ არ გამოგვეპაროს დაავადების ადრეული ნიშნები, საჭიროა სისტემატურად ვადევნოთ თვალი:
◊ გარემოს ტემპერატურას;
◊ ნესტიანობას;
◊ ვენტილაციის მდგომარეობას ცხოველთა სადგომში;
◊ სუნს (ხომ არ არის სპეციფიკურის გარდა კიდევ სხვა, რაიმე უცხო სუნი);
◊ ღორების ქცევას, მათ რეაქციებს სხვადასხვა გამღიზიანებელზე;
◊ მადას;
◊ ამიაკის შემცველობას ჰაერში (სუნის და თვალზე მისი მოქმედების მიხედვით);
◊ ქვეშსაფენის მდგომარეობას.
ამირან კოჩალიძე,
ვეტერინარი