ნიადაგის დეგრადაციის არსი და მისი გამომწვევი მიზეზები
საქართველოში უკანასკნელი 20-35 წლის განმავლობაში ინტენსიურ მეურნეობებში და ბუნებრივ საძოვრებზე ეკოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ქიმიური სასუქების, პესტიციდების ინტენსიურმა გამოყენებამ, ნიადაგების ხშირმა და არასწორად დამუშავებამ, საძოვრებზე არამდგრადმა ძოვებამ, წყლისმიერმა, ქარისმიერმა ეროზიებმა და სხვა, ნიადაგის ფიზიკური და ბიოლოგიური დეგრადაცია და გარემოს ქიმიური დაბინძურება განაპირობა.
ნიადაგზე ზემოქმედების შედეგად დაირღვა მისი სტრუქტურა, დაქვეითდა ჰუმუსისა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა, წარმოიქმნა სახნავი ზოლის ქვედა გამკვრივებული ფენა, გაუარესდა ნიადაგის ფიზიკური თვისებები – წყალგამტარობა, ტენტევადობა, აერაცია და სხვა. დადგენილია, რომ ასეთი სახის დეგრადირებულ – “გადაღლილ” ნიადაგებზე მოსავლიანობა დაქვეითებულია საშუალოდ 55-65%-ით.
ნიადაგების დეგრადაცია არის უარყოფითი პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს _ ჰუმუსს, რის შედეგადაც მცირდება ნიადაგის ნაყოფიერება, განიცდის დეგრადაციას და მისი ეკონომიკური ღირებულება სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად ეცემა.
ნიადაგების დეგრადაცია ძირითადად არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგია და არის თანამედროვეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ამ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი საფრთხეს უქმნის დედამიწის მოსახლეობას საკვებით უზრუნველყოფაში და ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
ნიადაგების დეგრადაციის ძირითადი მიზეზებია:
- მოსახლეობის ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივირების ნაკლებობა;
- სოფლის მეურნეობის წარმოების საკითხებში ნაკლები ინფორმირებულობა;
- სიღარიბე;
- მდგრადი ორგანული სოფლის მეურნეობის ნაკლები განვითარება და სხვა.
საძოვრებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვის, უკონტროლო ძოვების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის არასწორი მშენებლობის, დასახლებების ქაოტური მშენებლობებისა და სხვა ფაქტორების შედეგად ყოველწლიურად ნიადაგების უზარმაზარი ტერიტორიები განიცდიან ეროზიასა და დეგრადაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიწის სწორად მართვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი წარმოადგენს საზოგადოების გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საფუძველს.
არსებობს ნიადაგების დეგრადაციის ხელმშემწყობი ფაქტორები, რომლის გააქტიურებასაც (როგორც ბუნებრივად, ისე ანთროპოგენურად) უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ფაქტორებია:
- ადგილის რელიეფი, რელიეფი განაპირობებს დეგრადაციის ხარისხს და მის ინტენსივობას. ნიადაგის ნაყოფიერი ფენისათვის ერთ-ერთი საშიში პროცესი _ ეროზია რელიეფის დახრილობასა და დანაწევრების ხარისხზე დიდად არის დამოკიდებული.
- ლიმატი, ნიადაგის დეგრადაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ატმოსფერული ნალექები, ჰაერის ტემპერატურა და ქარი სხვა ფაქტორებთან ერთად (რელიეფი, მცენარეული საფარი, ნიადაგების შედგენილობა და სხვა) გადამწყვეტ როლს თამაშობს ნიადაგის ეროზიის განვითარებაში.
- მცენარეული საფარი. რელიეფთან და კლიმატთან ერთად ნიადაგის დეგრადაციის პროცესის ინტენსივობა ბევრად არის დამოკიდებული მცენარეულ საფარზე. მცენარეული საფარი იცავს ნიადაგს ზედაპირული ჩამონადენისა და ქარისმიერი ეროზიის ზემოქმედებისაგან.
- ნიადაგების შემადგენლობა, მდგრადობა არის ნიადაგის უნარი გაუძლოს მის ზედაპირზე სხვადასხვა ფაქტორის უარყოფით ზემოქმედებას. ნიადაგების მდგრადობის ხარისხი დამოკიდებულია მის მექანიკურ და აგრეგატულ მდგომარეობაზე, ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ თავისებურებებზე. ეროზიის მიმართ ნიადაგების მდგრადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აგრეთვე ნიადაგში არსებული ჰუმუსის რაოდენობაზე, კარბონატებისა და კათიონების შემცველობაზე.
- ნიადაგის არასწორი ექსპლოატაცია – მოხმარება, მისი არასწორი გამოყენება დეგრადაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ნიადაგის დეგრადაციის შესუსტების ან სრული შეწყვეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის დამუშავებისა და გამოყენების სწორი რეგულირება. ამჟამად, როგორც წესი მოსახლეობის მიერ სათანადო ყურადღება არ ექცევა ნიადაგის დეგრადაციისაგან დაცვის ტრადიციულ და ეფექტურ ხერხებს, როგორიცაა თესლბრუნვა, ნაკვეთმონაცვლეობა, სხვადასხვა კულტურების შეთესვა, ნიადაგის სწორად დამუშავება, სასუქების არაგეგმაზომიერი და არასწორი გამოყენება, ორგანული სასუქების გამოყენების დეფიციტი, ქარსაცავი ზოლების გაჩეხვა, არასწორი ძოვება, მინდვრების გადაწვა და სხვა.
ნიადაგი და მისი ნაყოფიერება
ნიადაგი ლითოსფეროს ზედა ფხვიერი ფენაა, რომელსაც გააჩნია ნაყოფიერება. ზუსტად ეს ნაყოფიერების თვისება გამოარჩევს მას გეოლოგიური ქანისგან. ჰუმუსი ნიადაგის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება მცენარეული და ცხოველური ნაშთებისა და მათი ცხოველმოქმედების პროდუქტების ხრწნის შედეგად. ჰუმუსის პროცენტული შემცველობა პირდაპირ კავშირშია ნიადაგის ნაყოფიერებასთან.
ჰუმუსი შეიცავს როგორც ორგანულ, ისე მინერალურ ნივთიერებებს მცენარისთვის შესათვისებელ ფორმებში.
ნიადაგში ჰუმუსის შემცველობასთანაა დაკავშირებული წყალმომარაგებისა და სითბური რეჟიმები, ნიადაგის ბიოლოგიური აქტიურობა, ნიადაგწარმოქმნის პროდუქტთა მიგრაცია და სხვა.
ნიადაგებში ჰუმუსის შემცველობა 1-2%-დან 12-15%-მდე მერყეობს, სიღრმით მკვეთრად ან თანდათანობით მცირდება. დიდია ჰუმუსის მნიშვნელობა ნიადაგის პროფილის ფორმირებაში. ჰუმუსში გროვდება და დიდი ხნის განმავლობაში შეინახება მცენარეებისა და მიკროორგანიზმების კვების ძირითადი ელემენტები.
ჰუმუსი აუმჯობესებს ნიადაგში წყლის, ჰაერისა და საკვები ნივთიერებების მდგრადობას და მათ შეთვისებას მცენარეთა ფესვთა სისტემების მიერ. ჰუმუსის შემადგენლობა განსხვავებულია. იგი დამოკიდებულია კლიმატზე, მცენარეულ საფარზე, ნიადაგის ტიპზე და მისი დამუშავების მეთოდებზე-აგროტექნიკაზე.
ორგანული ნივთიერებებით გაჯერებული ჰუმუსის ფენა:
- აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას;
- იცავს და ამაღლებს ნიადაგის წინააღმდეგობრივ უნარს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისადმი;
- ნიადაგში ინახავს ტენს დიდი ხნის განმავლობაში და მცენარეებისათვის ხელმისაწვდომია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
- ინახავს ნიადაგში საკვებ ელემენტებს და მცენარეს შეუძლია გამოიყენოს ხანგრძლივ პერიოდში;
- შეიცავს საკვებ ელემენტებს (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) და მიკროელემენტებს, რომლებსაც შემდგომ იყენებს მცენარე.
ნიადაგის ნაყოფიერება– ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას. ნიადაგის ნაყოფიერება გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა.
ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის არასწორმა საქმიანობამ – დამუშავებამ (მოხვნა, კულტივაცია და სხვა სამუშაოები), პესტიციდების არასწორმა და არანორმირებულმა მოხმარებამ, არასწორმა ირიგაციამ, ქარსაცავი ზოლების გაჩეხვამ, ნიადაგის ეროზიამ, საძოვრების არანორმირებულმა ძოვებამ და, რა თქმა უნდა, ბუნებრივმა კატასტროფულმა მოვლენებმა.
„ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“