ეკოლოგიური მულჩა – ნუ მივაყენებთ ბუნებას ზიანს!
გაინტერესებთ როგორ დაიცვათ ნიადაგი გამოშრობისგან და შევუნარჩუნოთ ნოტიო გარემო თქვენი მცენარეთა ფესვებს? თავი მოგბეზრდათ სარეველებთან დაუსრულებელმა ბრძოლამ, ან მორწყვის პრობლემა შეგექმნათ?
მაშინ დაზოგეთ დრო, ენერგია და წყლის რესურსი _ გამოიყენეთ მულჩი!
მულჩირება უსასუქო და უშხამ-ქიმიკატო, ჯანსაღი მოსავლის მოყვანაში დაგეხმარებათ.
მულჩირება გამოიყენება როგორც ხეების და ბუჩქების ძირებში დასაფენად (მოცვი, ჟოლო, მოცხარი და.სხვ.), ასე ბოსტანში და ყვავილნარშიც!
მულჩი არის მასალა, რომელითაც იფარება მიწის ზედაპირი და სარეველების განვითარების საშუალებას არ აძლევს, აფერხებს წყლის აორთქლებას და ნიადაგს გამოშრობისგან იცავს.
მულჩი ორი სახისაა _ ორგანული და არაორგანული.
არაორგანულია სინთეტიკური მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ფერის ფირები, ფირფიტები და საფენები.
ორგანული კი ბუნებრივი ნარჩენები, ჩამოცვენილი ფოთლები, ნამჯა, ნახერხი, ნაფოტები და სხვა. არაორგანულისგან განსხვავებით ორგანული მულჩი, სამულჩე მასალის დაშლის შედეგად საკვები ელემენტებით ამდიდრებს ნიადაგს, მიკროორგანიზმებს და ჭიაყელებს ჰუმუსის წარმოების ხელსაყრელი პირობებს უქმნის.
რა ორგანული სახის მასალები შეიძლება გამოვიყენოთ სამულჩედ და როგორ?
მეთოდი ყველასთვის ერთნაირია _ მულჩმა უნდა დაფაროს კვლები, ყვავილნარის, ხეების და ბუჩქების ირგვლივ ძირები, ან ნიადაგის ის მონაკვეთი, რომლის დაცვაც გსურთ სარეველებისგან და გამოშრობისგან.
1. ნამჯა- ყველაზე გავრეცელებული ორგანული მოსახერხებელი სამულჩე მასალაა. იგი ადვილად ატარებს წყალსა და ჰაერს.
კარგია თივაც, მაგრამ სარისკოა, რადგან მას თან მოჰყვება სარეველების თესლიც.
წინასწარ დასველებული ნამჯა ან თივა კვლებზე, ხეების, ბუჩქების ძირის გარშემო უნდა დაეფინოს სქლად
2. ხის ნარჩენები – ნახერხი, დამტვრეული ტოტები და ქერქი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთ მულჩაში ნაკლებია აზოტი;
3. ქაღალდის, ძველი გაზეთის ნარჩენები _ ის წინასწარ უნდა დალბეს წყალში. სველი ქაღალდი ეკვრება მიწის ზედაპირს. ზევიდან შეგიძლიათ რაიმე სხვა მულჩიც დააფინოთ, ან დაადოთ რაიმე სამაგრები;
4. მუყაოს ნაჭრები, რომელიც მომავალში ნაყოფიერ ჰუმუსად იქცევა;
5. ხმელი, შემოდგომით ჩამოცვენილი ფოთლები, ეფარება თხელ ფენად. დაქუცმაცებული ფოთლები, შეგიძლიათ უფრო სქლადაც დააფინოთ;
6.გათიბული, შემშრალი ბალახი;
7. ჩამოცვენილი წიწვები;
8. მარცვლეულის ნარჩენები: პარკოსნების ჩენჩო, სხვადასხვა კაკლოვანი მცენარეების ნაჭუჭი.