საქართველოს სოფელი გადაარჩენს!
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირი, რომელიც დაფუძნებულია აწ უკვე ყოფილი სოფლის მეურნეობის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-მუშაკთა, დარგის პროფესიონალ-პრაქტიკოსთა და ეკონომისტთა სამივე თაობების წარმომადგენლების მიერ, მიმართავს ყველა დაინტერესებულ ადამინს, ვისაც სოფლის და ქვეყნის სატკივარი გათავისებული აქვს.
კავშირის მიზნები და ამოცანები გამომდინარეობს არსებული გამოწვევებიდან. ჩვენი, აგრარული ქვეყანის სოფლის მეურნეობა სისტემურ კრიზისშია.შიდა ბაზარზე სასურსათო პროდუქციის 80%-ზე მეტი იმპორტულია (გაეროს (1974 წ) რეზოლუციით ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, თუ მოხმარებული სურსათის 20%-ზე მეტი იმპორტირებულია (რედ), რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბუნებრივი და ინტელექტუალური პოტენციალი, საკუთარი წარმოების პროდუქციით არა მარტო უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტიც და გააუმჯობესოს ექსპორტ- იმპორტის სალდო.
ჩვენი კავშირის მიზნები და ამოცანები საჯაროდ არის წარმოდგენილი ცენტრალურ გაზეთებში: „საქართველოს რესპუბლიკა“, „ახალი თაობა“, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში, სისტემატიურად ვრცელდება ფეისბუქით, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დიდ მხარდაჭერებს იმსახურებს.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს (ჩვენი დათვლით მათი რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის 50%-ს აღემატება) გაეცნოთ ჩვენი კავშირის მიერ წარმოდგენილი პროგრამას- სლოგანით: „საქართველოს სოფელი გადაარჩენს“ და დაგვიჭიროთ მხარი: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე, რათა საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება განხილული იქნეს, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სოციალურ- ეკონომიკური პროგრამა, და საქართველო გამოცხადდეს აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყანად.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების დაუყონებლივ განხორციელებას:
ყოვლად გაუმართლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა.საჭიროა შეიქმნას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო, როგორც ადრე იყო, რომლის ამოცანა უნდა იყოს იმ ტრადიციული დარგების აღდგენა-განვითარება, რომლებსაც პერსპეკტივა აქვთ. საქართველო უნდა გამოცხადდეს აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად.
თვისობრივადაა შესაცვლელი ეროვნული სიმდიდრის, მიწის რესურსების გამოყენებისადმი ამჟამინდელი ქვეყანაში შექმნილი დამოკიდებულება(აღრიცხვა მოუწესრიგებელია, მიწის ბალანსი არ დგება, მოსაწესრიგებელია კადასტრების სისტემა, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებანი არ ხორციელდება და ა.შ.) აუცილებელია შეიქმნას მიწის რესურსების მართვის ერთიანი სამსახური-მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურა- რომელის უზრუნველყოფს მიწასთან დაკავშირებული პრობლემების ცენტრალიზებულად გადაჭრას.
კატეგორიულად უნდა აიკრძალოს უცხოელ მოქალაქეებზე და იურიდიულ პირებზე სასოფლო სამეურნეო მიწების, დაუფასოებელი წყლის, ტყისა და საძოვრების მიყიდვა. გამკაცრდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლა.
შეიქმნას სახელმწიფო მიწის ფონდი (კოორპორაცია), რომელსაც ექნება სათანადო ფინანსური რესურსები, რათა შეიძინოს ე.წ.მიტოვებული, აითვისოს დაურეგისტრირებელი მიწის ფართობები, მოაწესრიგოს იგი, ეკონომიკური მიზანშეწონილობით გაასხვისოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეერზე განსაზღვრული წესით გადაცემა, ან იჯარით გაიცეს სპეციალური პროგრამით, არა უმეტეს ათი წლით.
დღეს საქართველოში განადგურებული, ისედაც არასრულყოფილი სასმელი წყლისა და მელიორაციის ქსელები თავიდან მოსაწყობია. ჩვენ უფალმა სამოთხე გვარგუნა წყაროებითა და მდინარეებით, რომელსაც სათანადო გამოყენება სჭირდება პირველ რიგში მთელი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად.
აღსადგენია სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა, რომლის ტრადიციაც და სპეციალისტებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენთან. აუცილებელია საქართველოში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სამეცნიერო ცენტრის შექმნა.
სოფლად გადამამუშავებელი საწარმოების სტიმულირების მიზნით ახლად შექმნილი საწარმოები ათი წლით უნდა განთავისუფლდნენ დღგ გადასახადისაგან, ასევე უნდა გაუქმდეს იურიდიული პირებისათვის წყლის დისკრიმინაციული ტარიფები. შემუშავებულ იქნას ელექტროენერგიაზე სეზონური, აგრეთვე სადღეღამისო სატარიფო სისტემები; უნდა განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები ადგილობრივი მწარმოებლების არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დასაცავად.
მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და გაფართოვდეს იაფი აგრარული კრედიტი. გაიზარდოს მცირე მწარმოებლებისათვის კრედიტზე ხელმისაწდომობა, საგირავნო ქონების სხვადასხვა პირობებით ჩანაცვლების გზით. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს აგროდაზღვევის სისტემა. მიზანმიმართულია შეიქმნას საადგილმამულო ბანკი (სახელმწიფო ან სახელმწიფო კომერციული), რომელიც მოემსახურება აგრარული სექტორის განვითარებას.
ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად სურსიდირებული იმპორტული პროდუქციისაგან, რომელიც მთლიანად განთავისუფლებულია საკომპესაციო მოსაკრებლებისაგან, დაუყოვნებლივ შემოსაღებია ანტიდემპინგური კანონმდებლობა.
ამასთან შეიზღუდება ისეთი საქონლის ჩვენ ქვეყანაში შემოტანა, რომელიც ხელს უშლის ეროვნული ეკონომიკის, დარგების განვითარებას და შესამცირებელი საბაჟო გადასახადები (ან მთლიანად გასაუქმებელია) იმ საქონელზე, რომელიც ქვეყნის უმთავრესი სასიცოცხლო ინტერესებიდანაა გამომდინარე (ხორბალი, ქერი და სხვა).
საქართველო უმოკლეს ვადაში უნდა ვაქციოთ გენმოდიფიცირებული (ტრანსგენული) პროდუქციისაგან თავისუფალ ზონად. ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოღწევის წინააღმდეგ. მომზადდეს შესაბამისი პირობები ბიოპროდუქტების წარმოების გაფართოებისათვის რაც ხელს შეუწყობს არა მარტო ეროვნული პროდუქციის წარმოების განვითარებას, ტურიზმის მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდას და რაც მთავარია ჩვენი მოსახლეობის ჯანმთელობის დაცვას.
სახელმწიფოს ძალისხმევით უნდა მოხერხდეს დარგების აღდგენა-განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვა. ამასთან საჭიროა პრიორიტეტების ობიექტურად განსაზღვრა და ამის შესაბამისად ეკონომიკური სტიმულირების ადეკვატური ფორმების გამოყენება.
სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ამაღლების, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ეტაპობრივად უნდა აღდგეს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, შესაბამისი ექსპერიმენტული ბაზებით, მეთესლეობის, სანაშენე და სანერგე მეურნეობების ფართო ქსელები. ახალი ამოცანების შესაბამისად მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პოტენციალი. აკადემიამ უნდა უზრუნველყოს სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია. უნდა განხორციელდეს დარგის განვითარებისათვის საჭირო კადრების მომზადების და გადამზადების მიზნობრივი პროგრამები, რამდენადაც ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების დეფიციტის დაძლევაა.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, რომელიც ამჟამად კერძო საკუთრებაშია, უნდა აღუდგეს სახელმწიფო სტატუსი და დაეკისროს სოფლის მეურნეობისათვის კადრების მომზადების ფუნქცია.
აღნიშნული და სხვა (ახალი გამოწვევების შესაბამისად) მიზნობრივად ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭიროა აღორძინების ერთიანი, კომპლექსური პროგრამის შედგენა. რომელშიც თავს მოიყრის ამ ტიპის ყველა დღეისათვის არსებული პროგრამები, განისაზღვრება განვითარების მიზნები, ამოცანები, მათი გადაწყვეტის ეტაპები, რეგიონალური თავისებურებანი. რომლის განხორციელების შედეგად მიიღწევა ჩვენი უმთავრესი მიზნები: სოფლის განვითარების, სასურსათო თვითუზრუნველყოფის, მიგრაციის შეჩერების, ქალაქსა და სოფელში ცხოვრების ხარისხის დაახლოების.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,ხელისუფლებას,პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ფართო საზოგადოებრიობას, მხარი დავუჭიროთ წარმოდგენილ ღონისძიებებს და დაუყონდებლივ დავიწყოთ მათი განხორციელება, რათა შეჩერებული იქნას სოფლის მეურნეობის სისტემური კრიზისი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება ჩვენი მოსახლეობის აღმასვლა კეთილდღეობისაკენ, რომლის გზა საქართველოსი სოფლის აღორძინებაზე გადის.
მურმან ქურიძე,
აიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის
აღორძინების კავშირის თავჯდომარე“,
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი