ბოსტნეული კულტურების მყნობა_ ახალი ტექნოლოგია საქართველოსთვის
მეცნიერება სწრაფად ვითარდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობაშიც. ბოსტნეულის მყნობაზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,სმ მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი, კომპანია ,,მზა ჩითილის’’ აგრონომი ნატო კაკაბაძე. მან ჩითილები საკუთარი ხელით დაამყნო, შემდეგ დარგო და ისიც ნახა, როგორი უხვი იყო მოსავალი იმ ბოსტნეულისგან განსხვავებით, რომელთაც, ჩვენი თავგადადებული მოვლის მიუხედავად, დაავადება მაინც ანადგურებს.
_ ქალბატონო ნატო ბოლო დოროს ძალიან მომრავლდა ბოსტნეულის დაავადებები, ზოგიერთმა უკვე ხელიც კი ჩაიქნია, რატომღა უნდა დავთესო და მოვუარო რამეს, თუ მაინც გამიფუჭდებაო?!
_ ამ პრობლემაზე თუ მებოსტნეობის სხვა საკითხებზე წელიწადში ერთხელ იმართება ბოსტნეული კულტურების ნაციონალურ კოორდინატორთა სამეცნიერო ფორუმი ტაშკენტში. მოგეხსენებათ, ეს ცხელი რეგიონია და შესაბამისად, მებოსტნეობაში პრობლემები მათაც აქვთ. სწორედ შუა აზიის ქვეყნებში დაიწყეს ერთწლიანი ბოსტნის კულტურების მყნობა მოსავლის გადასარჩენად. გამოცდილება გადაიღეს უცხოეთიდან, სადაც ერთწლიან ბოსტნეულ კულტურებს ამყნობენ იმ ველურ საძირეებზე, რომელთაც ნიადაგში გავრცელებული დაავადებები ვერ მოერევა.
– დაწვრილებით გვიამბეთ, რა როგორ გააკეთეთ?
– ჩვენში ბოსტნეულის ჭკნობას, ძირითადად, ფუზარიოზული, ბაქტერიული და ვერტიცილიოზური დაავადებები იწვევს. მათ ვერც პესტიციდები უხერხებს ვერაფერს და ვერც ჰერბიციდები. ეს დაავადებები წლობით ინახება ნიადაგში. ისინი ემტერებიან ძაღლყურძენისებრთა ოჯახისა (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი) და გოგრისებრთა ოჯახის კულტურების წარმომადგენლებს (გოგრას, ნესვს,საზამთროს).
ჭკნობას იმდენი მიზეზი აქვს (დაინფიცირებული სათესლე მასალა, ჩითილები, სასოფლო იარაღები, სხვ.), რომ მასთან ბრძოლა შეუძლებელი ხდება. დაავადებული მცენარე წვერიდან იწყებს ჭკნობას და მთლიანად ჭკნება. ლპება ფესვები, ნაყოფი და ღერო, დაავადება კი დიდ ფართობზე ვრცელდება. ერთადერთი საშველი ბოსტნეული კულტურის მყნობაა, ანუ ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის ან ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირება. ერთი ოჯახის წარმომადგენლები თავსებადია საძირე და სანამყენედ გამოსაყენებლად. მაგალითად, გოგრისებრნი, ძაღლყურძენასებრნი.
– როცა ვაზს ან ბალს მისივე ველურ საძირეზე, როგორც ჩვენში უწოდებენ, მწარეზე ვამყნობთ და ძლიერ ჯიშს ვიღებთ, ეს გასაგებია. საძირის მერქანი სანამყენეს მერქანს უპრობლემოდ უხორცდება, მაგრამ ერთწლიან კულტურებში, მაგალითად, პამიდორში, საძირეს სანამყენე ღერო როგორ უნდა შეუხორცდეს? ან სად უნდა ვიშოვოთ ბოსტნეული კულტურების ისეთი საძირე, რომელსაც დაავადება ვერ მოერევა?
– სწორედ ეს არის საინტერესო, რომ ასეთი საძირეები არსებობს და არსებობს – იმ ქვეყნებში, სადაც თავის დროზე შეინახეს პომიდვრის, ბადრიჯნის, წიწაკის, საზამთროს, ნესვის ველური ჯიშების თესლი, რომელთა კულტურული ვარიანტები მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ჩვენი ჩათვლით. საძირის ველური თესლი ჩვენ ამერიკიდან მივიღეთ და სანამყენეზე 4-5 დღით ადრე დავთესეთ სათბურში. შემდეგ დავთესეთ სანამყენეც.
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეები – პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი დავამყნეთ თავისივე სახეობების საძირეზე, რაც შეეხება გოგრისებრს, – საზამთროს, ნესვს თუ ყაბაყს, ყველანი ყაბაყის ველურ საძირეზე. ნამყენი ჩითილები სათბურში – მარტივად დაცულ გრუნტში მოსაყვანად არის გამოყვანილი; თუმცაღა ჩვენ ღია გრუნტშიც დავრგეთ და კარგი შედეგი მოგვცა.
– მაგრამ სათბური ყველას არა აქვს, ჯანსაღი ბოსტნეულის მოყვანა კი რიგით გლეხსაც უნდა.
– ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგად მოქმედებს სანახევროდ დაცული სათბურები – ბოსტნის ნათესებს ზემოდან აქვს გადაფარებული სპეციალური საფარი, რაც იცავს მათ ძლიერი სიცხისგან, კოკისპირული წვიმისგან, სეტყვისგან. თუ არადა, არც ღია გრუნტში ამ ჩითილების დარგვის მსურველებს ეშლებათ ხელი, ოღონდ უფრო მეტი რისკია, რომ ჩითილები სტიქიამ გააფუჭოს.
– ნათელია, რომ ასეთი ჩითილების გამოყვანას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.
– ამ შრომას ბევრი გლეხი დათანხმდება, თუკი მოსავლის გარანტია ექნება, მით უფრო, ფერმერი, რომლის ოჯახის ბიუჯეტი ბოსტნეულის შემოსავალზეა დამყარებული. კახეთის რეგიონებში ჰექტრობით პომიდვრის ნათესები გახმა. იმდენად შეღონებული არიან ამ უბედურებით, რომ ზოგი მზად არის, ჩითილები თურქეთიდანაც კი შემოიტანოს დაახლოებით 3 ლარად, ოღონდ მოსავალი მოიყვანოს.
საქართველოში დღეს ნამყენი ბოსტნეულის მხრივ წარმატებით მიმდინარეობს სამუშაოები კომპანია ,,მზა ჩითილში’’. მებოსტნეობით დაინტერესებული ფერმერები აღნიშნულ კომპანიას უკვეთავენ პამიდორის, კიტრის, წიწაკის, საზამთროს, ნესვის ნამყენი ჩითილების გამოყვანას, ისინი მდგრადია ნიადაგის სხვადასხვა დაავადებების მიმართ, როგორიცაა: ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, ნემატოდა და სხვ.
თუ დამყნობილ ჩითილებს ჩვეულებრივ ჩითილებს შევადარებთ, ყველაზე მძიმე პირობებშიც კი 10-15%-ით უფრო მეტ მოსავალს და სარგებელს იძლევა. სათანადო მოვლისა და გაფრთხილების პირობებში, ფერმერი იღებს 2-3 ჯერ მეტ მოსავალს, მცენარეები უფრო სწრაფად იზრდებიან და მოსავლიანობის პერიოდი ხანგრძლივია, მწიფე ნაყოფები უფრო დიდი ხნით არის მდგრადი გაფუჭებისადმი. ნამყენებისაგან მიღებული მოსავალი მაღალხარისხოვანი და გემრიელია!
კომპანია ,,მზა ჩითილი’’ მყნობისთვის საჭირო ველური საძირის გამრავლებასაც გეგმავს. თუკი ჩვენ მივიღებთ საძირის თესლს და გავამრავლებთ, სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება და არ მოხდება ფინანსების გადინება საქართველოდან.