რატომ დაჰკრავს რძეს მწარე გემო და რატომ იცვლის ფერს?
რძე რთული ქიმიური შემადგენლობის ბიოლოგიური სითხეა, რომელსაც მდედრი ძუძუმწოვარი ცხოველების სარძევე ჯირკვალი გამოიმუშავებს ის გამოიყოფა სარძევე ჯირკვლიდან ლაქტაციის პერიოდში _ ძროხის შემთხვევაში, ხბოს მოგებიდან გაშრობამდე.
რძე ახალშობილთა კვების სრულფასოვანი და შეუცვლელი პროდუქტია. რძის შემადგენლობაში შედის: წყალი, ცხიმი, რძის შაქარი, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, ფერმენტები და იმუნური სხეულები.
რძის მწარე გემო, შეცვლილი ფერი და მისი კონსისტენცია მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად რძის მწარე გემო სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიზეზით აიხსნება. როგორც წესი, ლაქტაციის მეცხრე თვის ბოლოს – მეათეს დასაწყისში მონაწველ რძეს აქვს მომწარო გემო. ძროხის გაშრობამდე რძის მწარე გემო ფერმენტ ლიპაზის მოქმედებით აიხსნება, რომელიც ცურშივე იწყებს რძის ცხიმის დაშლას.
მეორე მიზეზია ფერმენტ რედუქტაზის მომატებული შემცველობა. ამ ფერმენტის ყველაზე დიდი რაოდენობა არის რძის პირველ ჭავლში, ამიტომ წველის დაწყების წინ რეკომენდებულია, ცხოველის საგულდაგულოდ ჩამობანა და რძის პირველი ჭავლების ჩამოწველა ცალკე ჭურჭელში. ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩამოწველა პირდაპირ იატაკზე. უმჯობესია გამოვიყენოთ ჭურჭელი მასში ჩაფენილი შავი ქსოვილით. რძის ჩამოწველისას შავ ქსოვილზე შეიძლება განვსაზღვროთ, დაავადებულია თუ არა ძროხა მასტიტის ფარული ფორმით (თუ დაავადებულია, ქსოვილზე იქნება ნაფიფქი). ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ვეტერინარს.
რძის საგემოვნო თვისებებზე უდიდეს გავლენას ახდენს უხარისხო საკვები და დარღვეული შენახვის პირობები. სპეციფიკურ ფერს, სუნსა და გემოს რძეს ანიჭებს მცენარეები: ანისული, ძირა, კამა, ცერეცო, გვირილა. გემოზე, ფერსა და სუნზე გავლენას ახდენს რძის ჰაერისმიერი კონტაქტი ქლორთან, კუპრთან, ამიაკთან, კრეოლინთან, ბელეკონთან, სამკურნალო პრეპარატებთან. კატეგორიულად დაუშვებელია ცურზე სოლიდოლის წასმა ნახეთქებისა და პაპილომების სამკურნალოდ.
რძეს ქაშაყის გემოსა და სუნს აძლევს შაქრის ჭარხლის ფოთლის სილოსი და ბადაგი, ამიტომ მათი მიცემა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით უნდა მოხდეს. ხშირად, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, რძეს დაჰკრავს საპნის გემო და ადვილად ქაფდება- ამას იწვევს მინდვრის შვიტა. ასეთივე გავლენას ახდენს რძეზე ცხოველის დაავადება – ტუბერკულოზი. შმორის სუნს რძე იძენს ძროხისთვის დაობებული საკვების მიცემით.
გაზაფხულზე რძეს შეიძლება თალგამის და ბოლოკის სუნი და გემო დაჰკრავდეს. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ცხოველების ძოვება მინდვრებში, სადაც იზრდება ბოლოკურა, თალგამურა, ველის მდოგვი. შემოდგომაზე დიდი რაოდენობით კომბოსტოს მიღება რძეს ანიჭებს კომბოსტოს სუნსა და გემოს, ის ხდება წყალწყალა. ცხოველების მიერ ველური ნივრის ან ხახვის მიღებისას რძეც იღებს ნივრისა და ხახვის სუნსა და გემოს.
რძის საგემოვნო თვისებებზე გავლენას ახდენს აგრეთვე ფიზიკური ფაქტორებიც (მზე, სათავსოს ცუდი ვენტილაცია, ჭურჭლის გაშრობა კვამლთან ახლოს, რძის შენახვა გაკვამლულ სათავსში).
საგემოვნო მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად რძე ხშირად იძენს მისთვის არადამახასიათებელ ფერს. ასე მაგალითად, ზედმეტად ყვითელი მიუთითებს არა მხოლოდ ძროხის მიერ სტაფილოს, გულყვითელას, მზესუმზირას ყვავილების შეჭმაზე, არამედ ცხოველის დაავადებაზე თურქულით, ციმბირის წყლულით, ყვითელათი, ჩირქოვანი მასტიტით, ლეპტოსპიროზით, პიროპლაზმოზით.
რძის ფერს ცვლის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებიც. ყვითელი ელფერი შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ზემოჩამოთვლილი მიზეზებისაგან, არამედ ცხიმის მაღალი შემცველობის დროსაც.
რძე შეიძლება იყოს ასევე მოცისფრო-მოლურჯო და მოვარდისფრო-მოწითალო ელფერის. მოცისფრო-მოლურჯო შეფერილობას სძენს ბალახები: კამეჩა, კესანე, ცერცველა, წიწიბურა, თეთრი სამყურა, ჭაობის შვიტა, ენძელა, იონჯა (ლურჯი, ყვავილობის ფაზაში), აგრეთვე ხაშხაშის კოპტონი. ასეთივე ფერს რძე იძენს ცურის დაავადებისას მასტიტით ან სარძევე ჯირკვლის ტუბერკულოზით. (წყლით ფალსიფიცირებისას ანდა ცხიმის მოხდისას რძეს ასევე უჩნდება მოლურჯო ელფერი).
მოვარდისფრო-მოწითალო ფერს რძე იძენს საძოვარზე ან თივასთან ერთად ისეთი ბალახების მიღებისას, როგორიცაა ენდრო, ბაია, საკვები კომბოსტო, რძიანა, ისლი, ლელქაში, ჩვეულებრივი შვიტა, მინდვრის მდოგვი, წითელი ჭარხალი, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ახალგაზრდა რტოების, აგრეთვე ზოგიერთი დაავადებისა და მოწამვლის დროს. წითელ ფერს რძე იძენს ასევე პიროპლაზმოზით დაავადებისას.
გემოს ცვლილებასთან ერთად რძე იცვლის კონსისტენციას. ხშირად ის ხდება ბლანტი, წელვადი, ლორწოვანი ან პირიქით, წყალწყალა. რძე არის აქაფებული, “ადუღებული”, “ქვიშიანი”. სქელი, ბლანტი, წელვადი, ლორწოვანი – დამახასიათებელია გაშრობის წინ და გაშრობის პერიოდში. ამ დროს ის შეიძლება იყოს მწარეც.
დამპალი და დაობებული საკვების მიცემის დროს რძე ხდება ბლანტი და წელვადი. (მეპატრონეთა საყურადღებოდ: კონსისტენციის შეცვლა ძალიან ხშირად მიუთითებს ცხოველის დაავადებაზე თურქულით, მასტიტით, ციმბირის წყლულით, პერიპნევმონიით, აგრეთვე მომნელებელი სისტემისა და ზოგადად ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე)
დიდი რაოდენობით შაქრის ჭარხლის ფოთლისა და უხარისხო სილოსის მიცემის გამო, რომელიც შეიცავს ერბომჟავასა და პროპიონმჟავას, რძე არის აქაფებული და აქვს მწარე გემო.
“ფხვნილისებრი” რძე მანიშნებელია საკვებში კალციუმის მეტობაზე ანდა სარძევე ჯირკვლის კედლებისა და სადინარების ანთებაზე. “წყალწყალა რძე” წყალწყალა საკვების, დამპალი კარტოფილის, ყურძნის ჭაჭის, ბუყის მიცემა და ა.შ. ზოგჯერ წყლიანობა მიუთითებს სარძევე ჯირკვლის ქრონიკულ ტუბერკულოზზე.
ძალიან ხშირად მწარე გემოს რძეს აძლევს მასში კაზეინის დაშლა პეპტონებამდე. პასტერიზებულში – სპოროვანი ჩხირების განვითარება ლპობის ბაქტერიების ჯგუფიდან; აქაფებულ რძეში – მიკროკოკების განვითარება სიცივეში რძის ხანგრძლივად შენახვისას. რძის მძაღე გემო აღინიშნება ცხიმის დაშლის შედეგად ერბომჟავის, ალდეჰიდების, კეტონების, ეთერებისა და სხვა ნივთიერებათა წარმოქმნით.
მეცხოველეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს. ყველა საეჭვო შემთხვევაში რეკომენდებულია მიმართვა სპეციალისტ ვეტერინართან, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს.
მიხეილ ჭიჭაყუა,
„აგროექსპერტთა ასოციაცია“ ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი