სილოსის საცავები
კაპიტალური სასილოსე ორმოს ან კოშკის დაგეგმვის დროს და ნაგებობის ტიპის შერჩევისას საჭიროა მათი სიმტკიცის და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინება. გამოყენებული მასალა მჟავების ზემოქმედებაზე ნეიტრალური უნდა იყოს, ხოლო კედლები კი წყალ და ჰაერ გაუმტარი. ისინი სრულად უნდა უძლებდნენ სითხის წნევას.
უცილებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს გამოყოფილი სილოსის წვენის შესაგროვებელი რეზერვუარი _ საცავი გამოყოფილი წვენის შესაგროვებლად. საცავის სიდიდე განისაზღვრება ცხოველთა რაოდენობიდან გამომდინარე. ნედლეულის ჩაწყობისას აუცილებელია სილოსის საცავი ამოივსოს 2-3 დღის განმავლობაში. სასილოსე კოშკებმა ჩატვირთვის მოწყობილობის სიმძლავრიდან გამომდინარე, შეიძლება მიაღწიონ 15 მ. სიმაღლეს. ის შენდება ლითონისაგან, ხისგან, ხელოვნური, სინთეთიკურ-ბოჭკოვანი მასალისაგან, ან ბეტონისგან.
სასილოსე კოშკს, როგორც წესი აქვს ცილინდრული ფორმა, თუმცა გვხვდება ოთხ ან მრავალკუთხა. საცავი, დაფარული დამცველი შემადგენლობით, ან ალუმინით, აბსოლუტურად შეუღწევადია _ ამაშია მათი უპირატესობა. თუმცა, ითხოვენ სპეციალურ ტექნიკას სილოსის ამოსაღებად (ზევით ან ქვევით მჭრელი ფრეზები), რაც მნიშვნელოვნად ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს. საცავი ივსება, როგორც წესი, გრეიფერით, პნევმატური ან ლენტისებრი _ ტრანსპორტიორით. სილოსის კოშკის ჩატვირთვა გაცილებით რთულია, ვიდრე მიწისქვეშა სილოსსაცავის, თუმცა მათში უკეთესი ხარისხის სილოსი მიიღება. საკუთარი წონის მოქმედებით მიმდინარეობს სასილოსე მასის სწრაფი დატკეპვნა და მასში არსებული ჰაერის გამოდევნა. სასილოსე კოშკი სასურველია (საჭიროა) უზრუნველვყოთ პრესით და ჰერმეტულად იქნეს დახურული. მასში აუცილებელია სილოსის წვენის მოსაცილებელი არხის გაყვანა, რომელშიც გათვალისწინებულია სიფონი, რათა არ დავუშვათ ამ გზით ჰაერის შეღწევა და აცილებულ იქნას კოშკიდან ნახშირორჟანგის გადინება.
მიწისქვეშა სასილოსეს აქვს თავისი უპირატესობები. სხვა სახეობის საცავთან შედარებით, მისი ნაგებობის უბრალოების გამო. სასილოსეს მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს 80 მ3, ხოლო მისი მინიმალური სიგანე უტოლდება სატკეპნელას ორჯერად სიგანეს. რაც მეტია სასილოსე ორმოს ზედაპირის სიდიდე, მით მეტია, როგორც წესი, სილოსის დანაკარგები და უარესია ხარისხი.
დასილოსების პროცესის ოპტიმალური მიმდინარეობისთვის, სასილოსეს ჩატვირთვა მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. უნდა უზრუნველყოთ ასევე დასასილოსებელი საკვების ტკეპვნა, რადგანაც მიწისქვეშა სასილოსეში დატკეპვნა საკვების საკუთარი მასის დაწოლით არასაკმარისია. სასილოსე მასა კარგად უნდა დაქუცმაცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია სილოსის ხარისხიანი დატკეპვნა. რაც უფრო მშრალია დასასილოსებელი ნედლეული, მით უფრო უნდა დაქუცმაცდეს იგი.
დამხმარე საცავებიში სილოსის ზვინებს აწყობენ იმ დროს, როცა არ ყოფნით სილოსის კაპიტალური ნაგებობები. ისინი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისათვის, რამდენადაც საკვების ხარისხი მათში ნაკლებია, დანაკარგები კი დიდი, ასეთ ზვინებს ათავსებენ წყალგაუმტარ მიწის ნაკვეთებზე, წყალსაცავებიდან მოშორებით, რათა თავიდან აიცილონ მათი დაბინძურება სილოსის წვენით. მინიმალური დაშორება წყალსაცავიდან შეადგენს 8-10მ. თუ მასას იყენებენ მრავალჯერადად, აუცილებელია მოეწყოს ბეტონის მოედანი სილოსის წვენის გამოსაყვანად და შესაგროვებლად. იატაკი და კედლები ყველა სილოსსაცავში, განსაკუთრებით ბეტონის, უნდა იყოს მჟავების მიმართ მდგრადი. მჟავეების და მარილების ზემოქმედება მცირდება იატაკის დაქანებისას 0,5-1,00-ით. მიწისქვეშა საცავებში _ ღერძის გასწვრივ, კოშკებში _ სილოსის წვენის საგდები არხისკენ. ბეტონის სილოსსაცავში კედელი და იატაკი აუცილებელია დაიფაროს ბითუმით, სხვადასხვა სინთეტიკური ნივთიერებით, ქლორკაუჩუკით, პოლიურეტანით და ეპოქსიდის ფისით. დაფარვის სისქე მერყეობს 0,1-დან 2,0 მმ-მდე. საფარველის ყოველგვარი დაზიანება უნდა აღმოიფხვრას ყოველი ამოვსების წინ.
სფალტირებული იატაკი არ მოითხოვს დამცველ საფარველს. საიზოლაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს პოლიქლორიდ ბიფენილებს და სხვა ხსნად ნივთიერებებს, რადგანაც ისინი ხვდებიან საკვებში, შემდგომ რძეში და ხორცში. ასეთი პროდუქტები უვარგისია საკვებად.
ხის სილოსსაცავში სოგმანი და ჭრილი უნდა შესრულდეს დიდი სიზუსტით. გარედან კედლები იცავს სილოსსაცავს წყლისგან. ხის სასილოსე შევსების წინ უნდა შემოწმდეს გამტარებლობაზე, ხოლო ცილინდრს შიგადაშიგ გადაუჭერენ სალტს. სასილოსეში ხის კედლებზე აღმოჩენილ ნაპრალებს გმანავენ და სადაც ეს შეუძლებელია _ ავსებენ სილოსის საფარით. ბოლო პერიოდში გამომშრალი მწვანე მასისგან ამზადებენ სენაჟის საკვებ რულონებს. მასა იტკეპნება რულონპრეს _ შემგროვებლით და სპეციალური მანქანის დახმარებით შემოახვევენ აპკს. მშრალი ნივთიერებების შემცველობა მწვანე მასაში უნდა იყოს 35-40%-ის დონეზე. ხოლო დატკეპვნის ხარისხი ძალიან მაღალია. დაპრესვის შემდეგ რულონები 2 სთ-ის განმავლობაში უნდა იქნეს შეფუთული აპკით. შეფუთვის შემდეგ რულონები უნდა დათვალიერდეს, დაზიანებული აპკი მოშორდეს, რათა აცილებულ იქნას ნახშირორჟანგის გაჟონვა და იმავე გზით ჰაერის შეღწევა, რაც გამოიწვევს საკვების გაფუჭებას. უკეთესია რულონები შეიფუთოს შენახვის ადგილას, როცა საჭირო არ იქნება მათი ტრანსპორტირება.
მიწისქვეშა სილოსსაცავი ჰერმეტულად გადასახურავად ფართოდ გამოიყენება პოლითილენის ფირი. უკანასკნელის არჩევისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის სიმტკიცეს და ულტრაიისფერი სხივებისადმი მდგრადობას და აირშეუღწევადობას. ფირის სისქე უნდა იყოს 0,15-0,20 მმ, სიმტკიცე გახევაზე, არა ნაკლებ 17H/მმ2, წელვადობა 400%-მდე. დიდი ოდენობით ჟანგბადის შეღწევის თავიდან ასაცილებლად აირშეღწევადობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სმ3/მ2. აპსკი ასევე უნდა იყოს მდგრადი მჟავეებისადმი. ჩვეულებრივად იყენებენ თეთრი ან შავი ფერის აპსკს. შავი აფსკის ქვეშ სილოსის ზედა ფენა ძლიერ ხურდება, თუმცა ამას ხარისხის გაფუჭებამდე არ მივყავართ. აპსკის შეღებვა შავი ფერით ყველაზე უკეთესია მურით, რადგან ეს ეკოლოგიური თვალსაზრიზით მეტნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე ტიტანის ოქსიდით შეღებვა. მიწისქვეშა სილოსსაცავის გადახურვისას, აფსკი მჭიდროდ უნდა ეხებოდეს კედლებს, რომ არ წარმოიქმნას სიცარიელე რძის მჟავა დუღილის პროცესში სილოსის მასის დაჯდომის შემდეგ. ამისათვის იყენებენ სპეციალურ დამცველ ბადეს, რომელიც იცავს აპსკს გარეგანი დაზიანებებისგან.
აფსკის და შესაბამისად ბადის საცავის გვერდებზე მჭიდროდ მისაჭყლეტად გამოიყენება სილით ავსებული კაპრონის ტომრები. შუაში აფსკის მისაწებებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძველი მანქანის, ან ტრაქტორის საბურავები. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ აფსკი არ დაზიანდეს, რადგან დაზიანების ადგილიდან შეიძლება მოხვდეს ჰაერი და გამოიწვიოს სილოსის დიდი დანაკარგები. უარი უნდა ითქვას აფსკის მისაჭყლეტად ნაკელის გამოყენებაზე. რადგან მასში ვირთხები და თაგვები სახლდებიან, რომლებიც ღრღნიან აფსკს. თუნდაც აფსკის უმნიშვნელო დაზიანებაც კი უნდა იქნას აღმოფხვრილი.
საყუათო ნივთიერებათა დანაკარგები სილოსის დამზადებისას ჯერ კიდევ მინდორში იწყება და გარკვეულ წილად დამოკიდებულია საკვების სახეობაზე, აღების ტექნიკაზე, ამინდის პირობებზე. სილოსის დამზადება დამოკიდებულია აგრეთვე გაშრობის ხანგრძლივობაზე და ხარისხზე, რაც განპირობებულია მცენარეული ფერმენტების მოქმედებით. მინდვრად კარგ პირობებშიც მწვანე საკვების მშრალი ნივთიერების 2-6% იკარგება, ცუდ პირობებში კი _ 10%-მდე და მეტიც. სიმინდის მასის დანაკარგები მინდორში დაშვებულია 3%-მდე, ჭარხლის ფოჩისთვის 20%-მდე.
დუღილის დროს დანაკარგები აიხსნება მცენარეული უჯრედების მილევადი სუნთქვით, საყუათო ნივთიერებების დაშლით და სილოსის წვენის გამოდინებით. სილოსის ხარისხზე დამოკიდებულებით მშრალი ნივთიერების დანაკარგები შეიძლება აღწევდეს 5-20%. დუღილის მიმდინარეობისას გამოიყოფა ნახშირორჟანგის გარკვეული რაოდენობა, რომლის მოცულობამ შეიძლება დასასილოსებელი მასის ათჯერად მოცულობას მიაღწიოს. სილოსის გადახურვისას საჭიროა შეიქმნას პირობები ჭარბი ნახშირორჟანგის გამოსაყოფად. სასილოსე მასაში მშრალი ნივთიერების წილის გაზრდით, მცირდება დუღილის გაზების წარმოქმნა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საყუათო ნივთიერებათა დანაკარგებს სილოსის წვენიდან. ამ დანაკარგის სიდიდე განისაზღვრება მშრალი ნივთიერების შემცვლელობით სასილოსე მასაში. წვენით გამორეცხავს უმეტესწილად ადვილად ფერმენტირებად ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს და ვიტამინებს და ართმევს ლაქტობაქტერიებს საყუათო სუბსტრატს. გარდა ამისა, ტენიან მასაში მეტია არასასურველი დუღილის რისკი. ზედმეტად ტენიანი ნედლეულის ჩადების შემდეგ მშრალი ნივთიერების დანაკარგები აღწევს 10%, იმავდროულად, როცა მშრალი ნივთიერების შემცველობა 30% და მეტია, დანაკარგები წვენიდან პრაქტიკულად არ არის. შენახვის დროს საცავში შეიმჩნევა საკვების დანაკარგები მონოლითის ზედაპირზე და გვერდებზე დაობებული სახით. რაც ნაკლებ ჰერმეტულია საცავი, მით მეტია საკვების დანაკარგი. ეს დანაკარგები დამოკიდებულია ზედაპირის ფართობზე, საცავის კედლების სიმტკიცეზე, აგრეთვე სილოსის გადახურვის ხარისხზე. მიწისქვეშა სილოსსაცავის ზედა ფართობი დამოკიდებულია მის სიმაღლეზე. ყოველგვარი სახის საცავში მონოლითის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლემ 2 მ. კაპიტალურ სილოსსაცავში მშრალი ნივთიერების დანაკარგები შეადგენს 5%, სილოსის ზვინებში ეს დანაკარგები, როგორც წესი, მეტია და შეიძლება მიაღწიოს 25%-მდე.
სილოსის საცავის ტიპების მიხედვით მშრალი ნივთიერების დანაკარგები
სილოსსაცავის სახეობა | მშრალ ნივთიერებათა დანაკარგები % |
პატარა _ ზვინი (ბურტი) | 35-40 |
დიდი _ ზვინი (ბურტი) | 25-35 |
პატარა კაპიტალური საცავი საფარის გარეს | 20-25 |
დიდი კაპიტალური საფარით | 15-20 |
სილოსის ორმო აფსკისებრი საფარით | 15-20 |
პატარა სასილოსე კოშკი საფარის გარეშე | 10-15 |
დიდი სასილოსე კოშკი საფარით ჰერმეტული სილოსის კოშკი | 4-12 |
მეორეული დუღილი, რომელიც წარმოიქმნება ნივთიერების სოკოების ცხოველქმედების შედეგად ღია სილოსსაცავში, ასევე იწვევს საყუათო ნივთიერებათა დანაკარგს. ინტენსიური მეორული დუღილისას კი ყოველდღიურად მშრალი ნივთიერების დანაკარგი შეიძლება აღწევდეს 2,5%.
სილოსის წვენის გამოყოფა დასილოსების დროს. საკვების დასილოსებისას, უჯრედების დაშლის და ფერმენტაციის პროცესში გამოიყოფა სილოსის წვენი. მისი რაოდენობა დამოკიდებულია დასასილოსებელ მასაში მშრალი ნივთიერების შემცველობაზე და დასილოსების პროცესის ხასიათზე. როცა მშრალი ნივთიერების შემცველობა 30% და მეტია, წვენის გამოყოფა პრაქტიკულად შეწყვეტილია. ჩვეულებრივ ჩაწყობიდან 10 დღეში გამოიყოფა სილოსის წვენის საერთო რაოდენობის 2/3, აქედან 1/3 – პირველ სამ დღეში.
საკვები, რომელიც ჩაწყობისას შეიცავს არანაკლებ 25% მშრალ ნივთიერებას, პირველ 10 დღეში გამოყოფს სილოსის წვენის საერთო რაოდენობის 80%-ს.
სილოსის წვენის ქიმიური შემადგენლობა
მაჩვენებელი | შემადგენლობა, გ/ლ. |
მშრალი ნივთიერება | 30-100 |
ორგანული ნივთიერება | 20-85 |
წყალში ხსნადი ნახშირწყლები | 3-40 |
რძემჟავა | 50-30 |
ძმარმჟავა | 50-15 |
ერბოს მჟავა | 0-15 |
სპირტი | 3-6 |
კალიუმი | 0,3-0,5 |
ფოსფორი | 0,5-0,6 |
კალციუმი | 0,2-3 |
საერთო აზოტი | 0,1-2 |
NH3 | 0,1-2,0 |
NO3 | 0-0,2 |
рH | 3,8-5,5 |
ბ.მ.ჟ. 5, გ О2/l* ბ | 50-100 |
*ბ.მ.ჟ. _ ბიოლოგიური მოთხოვნა ჟანგბადზე 5 დღის განმავლობაში
ვინაიდან სილოსის წვენით გამოირეცხება საყუათო ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობა, სასურველია თავიდან ავიცილოთ ეს პროცესი. წყალსაცავში სილოსის წვენის მოხვედრისას, მისი გამპოხებელი მოქმედების შედეგად, წვენი სწრაფად მოედება წყლის ზედაპირს, ამცირებს მასში ჟანგბადის რაოდენობას და იწვევს თევზის სიკვდილს. სილოსის წვენის მოხვედრა გრუნტის წყლებში, იწვევს სასმელი წყლის დაბინძურებას. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, სილოსის წვენი აუცილებელია შეგროვილ იქნას ორმოში ან თხელი წუნწუხის ან სპეციალურ რეზერვუარში, რომლის მოცულობას ანგარიშობენ წვენის სავარაუდო გამოსავლიანობის მიხედვით. სენაჟისთვის, რომელიც შეიცავს მშრალ ნივთიერებას 25%-მდე და სიმინდის სილოსისთვის, შემგროვებლის მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს სილოსსაცავის მთლიანი მოცულობის 3%-ს. შესაძლებელია სილოსის წვენის გადადენა წუნწუხის შემგროვებელში. მაგრამ წვენის გამოტანა საკანალიზაციო მილით არასასურველია რამდენადაც დუღილის მჟავეების არსებობის გამო ჰაერში გამოიყოფა გოგირდწყალბადის მომეტებული რაოდენობა.
გამოყოფილი წვენის რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია სასილოსე მასაში წყლის შემცველობაზე.
წყლის სხვადასხვა შემცველობის დროს სილოსის წვენის გამოყოფა
მაჩვენებელი | წყლის შემცველობა სასილოსე მასაში% |
საერთო მასა, კგ/მ3 |
900 | 800 | 700 | 600 | 500 |
წყლის გამოსავალი ლ/მ3 |
725 | 400 | 200 | 75 | 0 |
ტენიანი მასის დასილოსებისას გამოყოფილი წვენის რაოდენობის შესაბამისად საყუათო ნივთიერებების დანაკარგების შემცირება შესაძლებელია დაქუცმაცებული ნამჯის დამატებით. თუ დასასილოსებელი ნედლეული შეიცავს 20% მშრალ ნივთიერებას, მაშინ თანაფარდობა მწვანე მასა: ნამჯა შეადგენს 5:1.
დამატებითი დასილოსება
თუ აუცილებელია სილოსსაცავის გახსნა, საკვების დამატებით ჩასაწყობად, საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი თავისებურებანი. სილოსსაცავის გახსნისას სილოსის მასაში ხვდება ჟანგბადი და იწვევს მასში არასასურველ პროცესებს. ჟანგბადის მიწოდება იწვევს არასასურველი მიკროფლორის გააქტიურებას, რომლებიც შლიან ადრევე წარმოქმნილ რძემჟავას. დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს ნაკლებ ინტენსიურად თუ დასილოსება დამთავრებულია და სილოსის მონოლითი საკმაოდ გამკვრივებულია. პირველ კვირას, ჰერმეტული შეფუთვის პირველ კვირას, ე.ი. დუღილის მთავარი ფაზის დროს, სილოსსაცავის გახსნა არ შეიძლება. დამატებითი დასილოსების პროცესი საჭიროა მაქსიმალურად მოკლე დროში ჩატარდეს, რათა სწრაფად შეწყდეს მასისთვის ჟანგბადის მიწოდება. დამატებითი დასილოსებისთვის შეიძლება ნედლეულის გამოყენება, რომელიც შეიცავს მშრალ ნივთიერებას 30%-მდე. ასეთი საკვები არ გამოყოფს სილოსის წვენს. თუ იდება ტენიანი საკვები, წვენის გამოყოფის შედეგად სილოსის ქვედა ფენებიდან გამორეცხავს ადრე წარმოქმნილი დუღილის მჟავეებს. ამ მიზეზით დამატებითი დასილოსებისთვის არ გამოიყენება რაფსი და შაქრის ჭარხლის ფოჩი. pH-ის მნიშვნელობის ზრდისას კლოსტრიდიები იწყებენ სახამებლის და პროტეინის გახლეჩვას ერბომჟავას წარმოქმნით. ხშირად ზედაპირზე არსებულ ნედლეულს შეაფრქვევენ პროპანის მჟავას (1 ლ/მ2), რათა თავიდან აიცილონ უკვე ჩადებული სილოსის მასის ხარისხის გაფუჭება.
ავთანდილ კორახაშვილი,
„საკვებწარმოება და ცხოველთა კვება“