საქართველოში სუბტროპიკულ მცენარეთა შემოტანის მოკლე ისტორია _აღმოსავლეთის 14 საჩუქარი
საქართველოში სუბტროპიკულ და ზოგიერთ ტროპიკულ მცენარეთა ინტროდუქციას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათი შემოტანა გარკვეულ დამოკიდებულებაში იყო ძველი და ახალი ბაღ-პარკების მოწყობასთან, რომელიც მოითხოვდა ახალი სახეობის დეკორატიული მცენარეებით შევსებას და გაშენება-გამრავლებას.
1825 წელს ქუთაისში გაუშენებიათ ბაღი, სადაც შემოუტანიათ ლეგა აკაცია, ცრუ აკაცია, კამელია სასანქოა, ქაფურის ხე, ოლიანდრა და სხვა.
1845 წელს ზუგდიდში დადიანის ბაღში, გარდა დეკორაციული მცენარეებისა, სათბურში გაუშენებიათ ლიმონიც.
1840 წელს სოხუმის სამხედრო ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილი ყოფილა დეკორაციული მცენარეების 66 ფორმა, მათ შორის ახალზელანდიური სელი, ოლეანდრა, კორპის მუხა და სხვა.
1896 წელს პროფ. ა. კრასნოვისა და აგრონომ ი. კლინ გელის ექსპედიციას შემოუტანია მთელი რიგი სუბტროპიკული კულტურები, რომელიც ცნობილია „აღმოსავლეთის 14 საჩუქრით“.
1925 წელს ქ. ბათუმში დაარსდა ტროპიკული ინსტიტუტი, რომლის ჩუქურთმებიანი წარწერა და დაარსების თარიღი დღესაც შემორჩენილია ყოფილი ქალაქის 1 საავადმყოფოს შენობის ფასადზე. ინსტიტუტში მაღალ დონეზე მიმდინარეობდა, როგორც სწავლა, ისე სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, სუბტროპიკული მცენარეების მოვლა-მოყვანისა და გამრავლების საკითხებზე.
1925 წელს შეიქმნა სოხუმთან ახლოს, გულრიფშში, ბოტანიკის ინსტიტუტი, რომლის მეცნიერ-მუშაკებმა სუბტროპიკული მცენარეების მდიდარი კოლექცია შექმნეს.
1930 წელს ოზურგეთის, ჩაქვისა და ზუგდიდის საცდელი სადგურების ბაზაზე ოზურგეთში (ანასეული) დაარსდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ფუნქციონირებდა აგროქიმიის, ნიადაგმცოდნეობის, მიკრობიოლოგიის, ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის ლაბორატორიები, ორი სავეგეტაციო სახლი, სამი სათბური და ორი ლიზიმეტრული სადგური, სადაც პირველივე წლებიდან დიდი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი ჩაისა და ციტრუსების მოვლა-მოყვანის საკვანძო საკითხებზე საველე ცდების დაყენებას და მრავალწლიანი ხანგრძლივი საველე ცდების ბანკის შექმნას.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი