რუბრიკებისტატიები

ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს!

2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“ და ამავე სტრატეგიის „2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროგრამები და მათი ბიუჯეტი.

სამწუხაროდ, მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, არც სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ნაწილში არის მკაფიოდ განსაზღვრული, რომ ბიო/ორგანული წარმოების განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია და, რაც მთავარია, სამინისტროს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მიმართულების განვითარების ხელშემწყობ რაიმე პროგრამას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლიდან აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო გეგმავდა ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 7 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „(ბიოწარმოების ხელშეწყობის) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში.  ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ  ბიოწარმოების განვითარება შეძლონ, როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“. ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შემუშავებული და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი ჰქონდა აღნიშნული პროგრამის პროექტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში  დარგში 100 მილიონი ლარის ინვესტირებას ისახავდა მიზნად. სამწუხაროდ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებულმა პროექტებმა ეს მოლოდინები სრულიად გააქარწყლა.

რატომ არის ბიო/ორგანული წარმოების განვითარება მნიშვნელოვანი?

  • ბიოპროედუქტების მსოფლიო ბაზარი პრემიუმ კლასის ბაზარია და ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება;
  • საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფარაგმენტაცია არ იძლევა საშუალებას იაფი, მაგრამ მაღალმოსავლიანი პროდუქციით ვიყოთ კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საქართველოს შეუძლია მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის, ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება;
  • ბიო/ორგანული წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს სოფლად ეკოლოგიური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას და იძლევა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სოფლის მაცხოვრებლებისათვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბიოწარმოების სტიმულირება სახელმწიფოს მიერ?

  • ბიო/ორგანულ წარმოებაზე გადასვლა რთული პროცესია. იგი მოითხოვს წარმოების სისტემის შეცვლას, რამაც პირველ წლებში შესაძლოა მოსავლიანობის შემცირება გამოიწვიოს;
  • ბიო/ორგანული წარმოება საჭიროებს სერტიფიცირების პროცესის გავლას, რაც მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში 4 სეზონამდე შეიძლება გაიწელოს, ამ პერიოდში მეურნეობა იხდის სერტიფიცირების ხარჯებს, მაგრამ ვერ იღებს უკეთეს შემოსავალს.

შესაბამისად, კონკრეტული მასტიმულირებელი მექანიზმების არარსებობის გამო, ამ მიმართულების განვითარება კვლავ ძალიან ნელი ტემპით მოხდება; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა ფიტოსანიტარული პროგრამების ფარგლებში, ფერმერები აქტიურად იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

  • “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“-ით ბიოწარმოების განვითარება გამოცხადდეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;
  • „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმამ“ გაითვალისწინოს ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის კომპონენტი შესაბამისი ბიუჯეტით, რომელიც:
  • მოახდენს ბიოწარმოებაზე გადასვლის პერიოდში სასერტიფიკაციო ხარჯების თანადაფინანსებას;
  • მოახდენს ბიომწარმოებელთა ხარჯების (ექსტენცია, ბიოსასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები) თანადაფინანსებას გარდამავალ პერიოდში;
  • ხელს შეუწყობს ბიო სათესლე მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებას;
  • ხელს შეუწყობს ბიო/ორგანული პროდუქციის შემნახველი სიმძლავრეების ინფრასტრუქტურის შექმნას;
  • ხელს შეუწყობს ბიოპროდუქციის მარკეტინგს სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით.
  • წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამებით;
  • სახელმწიფო ფიტოსანიტარული პროგრამების ფარგლებში (მაგ., აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა), პრიორიტეტი მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას და/ან ბიომწარმოებლების უფლებების დაცვის მიზნით ბიომწარმობელებისათვის შეთავაზებული იქნას ალტერნატიული, ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებები.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“