აგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„აისვაინი“ _ ყინულის ელიტური ღვინო

„აისვაინი“ ლუქს კლასის ღვინოა და მისი შეძენის ფუფუნება ყველას არა აქვს. ასეთი  წარმოების მთავარი სირთულე ღვინის დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიაა – აისვანი ვაზზე შეყინული ყურძნისაგან იწურება.

ყურძნის მარცვალს კრეფენ იანვარში, როცა ტემპერატურა _ 8 გრადუსამდე ეცემა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მტევანი დიდხანს დარჩება ვაზზე, ის შეიძლება ობმა ან სხვადასხვა დაავადებებმა დააზიანოს,  ფრინველმა ან ცხოველებმა (ტურა, მელა, ძაღლი) განადგუროს.

საუკეთესო პირობებშიც კი გვიანი ყურძნის მოსავალი ყოველთვის ძალიან მცირეა, რის გამო „აისვაინი“ ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის ღვინო.

კანადაში, ონტარიოს პროვინციაში, ნიაგარის ჩანჩქერიდან დასავლეთით, 40 კილომეტრში, ქალაქ ბიმსვილში მდებარეობს მარანი Malivoire, სადაც „აისვაინს“ აწარმოებენ.

„აისვაინის“ დაყენება ონტარიოში მნიშვნელოვანი ბიზნესია; ამ პროვინციაში წარმოებული ღვინის 4%-ს სწორედ „აისვაინი“ შეადგენს, თავად კანადა კი მსოფლიოში აისვაინის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია – კონკურენციას მას მხოლოდ გერმანია და ავსტრია უწევს.

ამერიკელ მეღვინეებს ერთი ფაქტორიც აღელვებთ _ კლიმატის გლობალური ცვლილების გამო დროთა განმავლობაში ნიაგარას მიდამოებში შეიძლება ისე დათბეს, რომ აისვაინის წარმოებისთვის საჭირო რაოდენობის ყურძნის დაკრეფა შეუძლებელი გახდეს.

აისვაინს ძალზე იშვიათად აყენებენ საქართველოში. მაგალითად, თელავის მარნის „აისვაინი“ _ „სატრაპეზო“ ერთ–ერთი გამონაკლისია.

ღვინო კახეთში მოკრეფილი გაყინული რქაწითლიდანაა დაყენებული; ღვინო მომწვანო ჩალისფერია, ოქროსფერი სხივებით, რბილი სურნელებით, სადაც კომშის და თეთრი ბლის მურაბის არომატები გამოდის წინა პლანზე. დაგემოვნებისას ტროპიკულ ხილს (მანგო) და მცირედ ყვავილოვანჯი არომატებიც იგრძნობა. ძალზე ტკბილი (180–240 გ/ლ), სქელი, სასიამოვნო დაბოლოების მქონე ღვინოა, ტკბილი დესერტების საუკეთესო მეგობარია.

„აისვაინი” დაღვინების პროცესითაც გამორჩეულია. ბუნებრივად ტკბილი ღვინო დაღვინების შემთხვევაში დუღილს ბოლომდე არ ასრულებს, რის შედეგადაც ღვინოში დარჩენილი შაქრის შემცველობა ღვინის ტკბილ გემოს უნარჩუნებს.

რადგან გვიანი ყურძნის მოსავალი ყოველთვის ძალიან მცირეა, აისვაინი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის ღვინო.

ტკბილი „აისვაინი” როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში და საქართველოშიც, ერთ-ერთ ელიტურ ღვინოდ მიიჩნევა.

მასალა მომზადდა „ღვინის კლუბის“ და სხვა მასალების მიხედვით