დარგებიმემცენარეობა

ფითრი _ პარაზიტი მცენარეა თუმცა მას სასარგებლო თვისებებიც გააჩნია

ფითრი, კერძოდ თეთრი ფითრი (Viscum album L.) – მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, დატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვერხვზე, ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზე. 70-მდე სახეობა ბუნებრივად არის გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება — თეთრი ფითრი.
ფითრს უძველესი დროიდან მრავალი ლეგენდა უკავშირდება. მას ბუნების მაგიურ საჩუქრად მიიჩნევდნენ და დიდად აფასებდნენ. ანტიკურ თქმულებებში ამ მცენარეს „ოქროს რტოს” უწოდებდნენ. დრუიდების ტრადიციებით, ფითრის ტოტები ოქროს დანით უნდა მოეჭრათ. მათი რწმენით, განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა წმინდა მუხის ხეებზე მზარდ ფითრს, რომელიც იშვიათობას წარმოადგენდა. მისი შეგროვება ნამდვილი დღესასწაული იყო თავისი რიტუალური ცერემონიებითა და მსხვერპლშეწირვით. დრუიდები ფითრს „ყველაფრის მკურნალს” უწოდებდნენ და სწამდათ, რომ ამ მცენარისგან დამზადებული სასმელი უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა.
მიიჩნეოდა, რომ ფითრს იდუმალი ენერგია გააჩნია, რომელიც ბოროტ ძალებს უმკლავდება. მისგან აკეთებდნენ ამულეტებს, რომლებსაც ატარებდნენ ქალები, რათა ოჯახში კეთილდღეობა გამეფებულიყო და მათი ნაყოფიერება წარმატებული ყოფილიყო, გაეგრძელებინათ გვარი. მას ასევე უნივერსალურ გასაღებად მიიჩნევდნენ, რომელსაც ნებისმიერი კარის გაღება შეეძლო.
ფითრი
სკანდინავიის ქვეყნებში მიიჩნევდნენ, რომ თუ მტრები ერთმანეთს იმ ხის ქვეშ შეხვდებოდნენ, რომელზეც ფითრი იზრდება, იარაღი უნდა დაეყარათ. სახლზე დაკიდებული ფითრის ტოტები მშვიდობის, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ასევე იცავდა ოჯახს ელვისა და ჭექა–ქუხილისგან, არ უშვებდა ოჯახში ავ სულებს. ფითრის რტოებს დებდნენ ჩვილის აკვანში, რომ ის ბოროტ ალქაჯებს არ მოეტაცათ. ინგლისელები ფითრს აჭმევდნენ ძროხებს ხბოს მოგების შემდეგ. ავსტრალიაში კარის ზღურბლზე დადებული ფითრის რტო ოჯახს ღამის კოშმარებისგან იცავდა. ასევე სჯეროდათ ფითრისა იაპონელებს, რომ ის ყველა სენისგან დაიცავდა მათ. ფითრს თესვის წინ მიწაში ფლავდნენ და სჯეროდათ, რომ ეს უხვი მოსავლის მიღებაში დაეხმარებოდათ.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი ტრადიცია, საშობაოდ ფითრისგან დაამზადონ გვირგვინები და სახლის სამშვენისები, რაც, მათი რწმენით, იზიდავს წარმატებასა და ნაყოფიერებას. ასეთი გვირგვინი, როგორც ბედნიერების მომტანი, ოჯახში შემდეგ შობამდე ინახება.

ფითრის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ პლინიუსის შრომებში გვხვდება. ის ფითრს აღწერდა, როგორც ეპილეფსიური შეტევებისა და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებას. შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ, როგორც ეფექტურ საშუალებას ჭრილობების, კანის წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალოდ, ასევე სისხლდენის შესაჩერებლად.

ამასთან, ფითრის შემადგენლობაშია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომლებსაც ძლიერი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. აზოტის შემცველი ნაერთები – გამა–ამინოცხიმოვანი მჟავა, აცეტილქოლინი, ქოლინი; ტერპენოიდები – ალფა–ამირინები, ბეტა–ამირინები, ბეტულინის მჟავა, ურსულინის მჟავა; ტრიტერპენული საპონინები – ემუთეროზიდი; ალკალოიდები – ტირამინი, ლუპანინი; ფლავონოიდები – იზორამნეტინი, კვერცეტინი, რამნეტინი; ჰისტამინები, ორგანული მჟავები – ყავის, ქლოროგენული, მანიტი; ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები.

მაგალითად, ალკალოიდი ვისკოტოქსინი აქტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ტრიტერპენულ საპონინებს ჰემოლიტური ქმედებები ახასიათებს, ზრდის ჰემოგლობინს. ქოლინი, ვიტამინი B4 კარგად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო აცეტილქოლინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ფითრი ეფექტურია გულ–სისხლძარღვთა, ენდოკრინილოგიური, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.

ფითრის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობის დროს. ფითრის შემადგენლობაში არის შხამიანი ნივთიერებები, ამიტომ ამ მცენარის გამოყენებისას აუცილებელია დოზის დაცვა.

მოწამვლის ნიშნებია პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, დიარეა.

ფითრი პარაზიტი მცენარეა და დიდ ზიანს აყენებს იმ მცენარეს, სადაც სახლდება.

ფითრის თესლი მაისის თვიდან იწყებს გავრცელებას. სხვა მცენარის ქერქზე მოხვედრის შემდეგ წებოვანი გარსით ემაგრება მას და ხელსაყრელ მომენტს ელოდება. თესლში რამდენიმე ჩანასახია, საიდანაც ღივი გამოდის, ღივი სქელი და მწვანეა. ღივის წვერი შემდეგ თანდათან ქერქისაკენ იხრება, ფარივით ბრტყელდება და წვერით ქერქს ეკვრის. რამდენიმე დღის შემდეგ გაბრტყელებული წვერის ცენტრიდან იწყება ფითრის პირველადი ფესვის განვითარება, რომელიც უშუალოდ ქერქის ქსოვილებში იჭრება.

ქერქში შეჭრილი პირველადი ფესვის ფუძიდან ქერქში ფესვის დამატებითი მორჩები წარმოიქმნება, რომლებიც ქერქში ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური მიმართულებით ვრცელდებიან. ამ ვერტიკალური მორჩებიდან შემდეგ მეორეული ფესვები ვითარდებიან, რომლებიც ქერქს არღვევენ და უშუალოდ მერქანში იჭრებიან. ასეთ მეორეულ ფესვებს პარაზიტი ყოველ წელს იძლევა. მეორეული ფესვები სისქეში არ იზრდება, მაგრამ მერქნის სიღრმეში კი აღწევენ. იმის გამო, რომ მისი მკვებავი მცენარე ყოველწლიურად სისქეში მატულობს, ახალ წლიურ რგოლებს აჩენს. მეორეული ფესვი ხანდახან საკმაოდ ღრმად რჩება მერქანში.

მცენარეში შეჭრილი ფესვებით ფითრი მას ართმევს წყალსა და მინერალურ ნივთიერებებს, შემდეგ კი ქლოროფილისა და მზის სხივების დახმარებით მის ასიმილაციას ახდენს. მცენარეში შეჭრილი ფითრი თავის პირვანდელ ფოთლებს იძლევა რამდენიმე წლის შემდეგ (2-დან 10 წლამდე).

ვინაიდან ფითრი მრავალწლოვანი მცენარეა, იგი უმრავლესად საშუალო და ხნოვანი ხეების დაავადებას იწვევს. ტოტების ის ადგილი, რაზედაც ფითრია განვითარებული, გასიებულია. ფითრის ზედაპირული ტოტების მოცილებას აზრი არ აქვს, ვინაიდან მისი ღეროს ფუძე და საწოვრები ისევ ტოტებში, მერქანში რჩება და შემდეგ წელს იმავე ადგილზე ახალი ღერო-ფოთოლი უვითარდება. უმჯობესია დაავადებული ტოტების მოჭრა.

მომზადდა sputnik-georgia.com  მასალის მიხდევით