აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

ზანდური, გვაწა ზანდური და ჩელტა ზანდური _ ქართული ხორბლის უძველესი და უნიკალური სახეობებიბი

ზანდური – (Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan.) ხორბლის ერთ-ერთი სახეობაა. ზანდურის პოპულაციებში სპეციალისტებმა თავდაპირველად განსაზღვრეს ორი სახეობა: ცალ მარცვალა Triticum monococcum – გვაწა ზანდური და Triticum timopheevii – ჩელტა ზანდური.

1959 წელს ვლ. მენაბდისა და ა. ერიციანის მიერ ზანდურის პოპულაციებში აღმოჩენილ იქნა ისეთი მცენარეები, რომელიც მორფოლოგიურად გამოირჩეოდა ჩელტა ზანდურისაგან. ციტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს ზანდურის 2n=42 – ქრომოსომიანი ფორმის ახალ სახეობად აღწერა და ამ სახეობას კულტურული ფლორის ცნობილი მკვლევრის პ. ჟუკოვსკის პატივსაცემად – Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan-ი წოდეს (Менабде.Ерицян, 1960).

ლეჩხუმი. კოროლით გადახურული სამეურნეო ნაგებობა

ხორბლის თავთავების კრეფა შნაკვით

Triticum zhukovskyi მორფოლოგიურად ჩელტა ზანდურის მსგავსია: აქვს უფრო გრძელი, ნაკლებად პირამიდული თავთავი, ხასიათდება ფართოფოთლიანობით; აღწერილია ზანდურის გავრცელების არეალში (Менабде, Ерицян, 1960).

ზანდური ცნობილია გვალვა და ყინვაგამძლეობით. იზრდება ყოველგვარ ნიადაგზე (კირქვიანზეც). საგაზაფხულო კულტურაა, მაგრამ გვიან მწიფდება. იმ დროს, როდესაც სხვა პურეული უკვე მომკილია, ზანდური ჯერ კიდევ მწვანეა. ამიტომ მას გვიან შემოდგომაზე თესავდნენ.

ზანდურის უარყოფითი თვისებებია: თავთავის მტვრევადობა, მარცვლის ძნელად ლეწვადობა (მარცვალი მჭიდროდაა კილებში ჩამჯდარი). ზანდურის ფქვილისაგან მეტად გემრიელი და არომატული პური ცხვება. მთელი კვირის განმავლობაში რბილად ინახება. ამიტომ იყო, რომ ლაშქრობა – მგზავრობის დროს ხშირად ზანდურის პურს იყენებდნენ. ზანდურის ფქვილისაგან, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, მზადდებოდა კორკოტი.


მთხრობელთა გადმოცემით: „…გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, ზანდურს ლეჩხუმში თესავდნენ შემოდგომაზე, მცირე ფართობზე. პირველად სპეციალურად გადაბმული ორი ჯოხით „შნაკვით“ აცლიდნენ თავთავებს და აგროვებდნენ კალათებში, შემდეგ კი ზანდურის ღეროებს ნამგლით მკიდნენ, კონებად კრავდნენ. ამ ღეროებისგან დამზადებული შეკრული კონებით ხურავდნენ საბძლებს. ასეთ სახურავიან ნაგებობებს „კოროლით“ გადახურულს უწოდებდნენ“. ძველების გადმოცემით „…წინათ საცხოვრებელი სახლებიც „კოროლით“ იყო გადახურული (ცაგერის რ-ნი, სოფ. ზედა ღვირიში, მთხრ. ლ. ხეცურიანი, 2013 წ.)“.

 გვაწა ზანდური – (Triticum monococcum L.) კილიანი ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. გვაწა ზანდურის შესახებ პირველი ბოტანიკური ცნობა ეკუთვნის ი. გიულდენშტედტს (XVIII ს.). მისი აღწერით, რაჭაში (ონის რაიონი, სოფ. წესი) გვაწა ზანდური, ანუ ცალმარცვალა მცირე რაოდენობით მოჰყავდათ (გიულდენშტედტი, 1962). მოგვიანებით ასეთივე ცნობას იძლევა ი. გეორგიც (Georgi, 1800).

გვაწა ზანდური – Triticum monococcum var. eredvianum Zhuk.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

სახელწოდებები „გვაწა ზანდური“ და „ჩელტა ზანდური“ გვხვდება ლეჩხუმშიც. ქვემო რაჭაში ჩელტა ზანდურს „გობეჯას“, გვაწას კი „წმინდას“ უწოდებენ (მაყაშვილი, 1991; ბრეგაძე, 2004).

გვაწა ზანდურის ნათესებს, არცთუ ისე შორეულ წარსულში, საქართველოში ფართო არეალი ეკავა. მისი ნათესები აღწერილია საქართველოს მრავალ რაიონში: რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლში. ამ სახეობის პოლიმორფიზმი პრეისტორიულ პერიოდში დაიწყო. ი. გეორგის (Georgi, 1800) ცნობით, ამ ხორბალს თესავდნენ XVIII ს.-ის ბოლოს. ნ. კეცხოველი (1957) აღნიშნავს, რომ ცალმარცვალა ასლები (Triticum monococcum) საქართველოში ძველად იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ მას „ქართულ ხორბალსაც“ უწოდებდნენ.

გვაწა ზანდური – Triticum monococcum L.
ახალციხე, სოფ. წნისი

ქართლში, სოფ. ერედვის მინდვრებში ნ. კეცხოველის მიერ 1921 წ. შეგროვებული მასალიდან პ. ჟუკოვსკიმ (Жуковский, 1924), აღწერა კულტურულ ცალმარცვალას ერთ-ერთი სახესხვაობა – Triticum monococcum var. eretvianum Zhuk.-ის სახელწოდებით. პ. ნასყიდაშვილის (2013) მოსაზრებით, ნ. კეცხოველის მიერ შეგროვებულ მასალაში გამოვლენილი სახესხვაობა მიჩნეულია გვაწა ზანდურის ველურ წინაპრად და აყვანილია სახეობის რანგამდე – T. eredvianum (Zhuk.) Naskidashvili-ს სახელწოდებით

ჩელტა ზანდური – (Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk)საქართველოში, კილიან ხორბლებს შორის, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო.
საქართველოს ხორბლების ენდემურ სახეობათაგან ჩელტა ზანდური ყურადღებას იქცევს თავისი განსაკუთრებული იმუნიტეტით სოკოვანი დაავადების მიმართ. ამიტომ რაჭაში მოსახლეობა მას „არჯან ხორბალს“ უწოდებს, რაც გამძლეს, ამტანს ნიშნავს (ჭიჭინაძე, 1951).

ჩელტა ზანდური დასავლეთ საქართველოში დამოწმებულია რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთ-სამეგრელოში, ზღ. დ.-დან 400-800 მ სიმაღლეზე.

გ. ჯალაბაძის (1990) გამოკვლევებით, სამეგრელოში ძველად მოჰყავდათ ხორბლის ორი ჯიში: „რუხუ“ და „დურუ“. მისივე განმარტებით „რუხუ“ უნდა გულისხმობდეს ჩელტა ზანდურს, რომელსაც სპეციალური იარაღით – „შნაკვით“ კრეფდნენ.

ჩელტა ზანდური პირველად აღმოჩენილი იქნა ქართლში (გორის მაზრაში, ხაშურ-მოხისის მიმართულებით). აღწერა პ. ჟუკოვსკიმ 1924წ., როგორც ორმარცვალას ახალი, გარეული სახესხვაობა (შემოდგომის ფორმა), Triticum dicoccum var. timopheevii Zhuk.-ის სახელწოდებით (Жуковский, 1924; Менабде, 1948).

ე. სტოლეტოვას 1925 წ. აღნიშნული აქვს ამ სახესხვაობის არსებობა ლეჩხუმის მაზრაში და მის მიერ მიჩნეულია საგაზაფხულო, კულტურულ ფორმად (Столетова, 1925). მოგვიანებით, 1928 წელს, იგივე მოსაზრება გამოთქვა კ. ფლიაქს ბერ გერმა (Фляксбергер, 1928). პ. ჟუკოვსკიმ გაიზიარა წინამორბედი მკვლევრების გამოკვლევათა შედეგები და გარეულ ორმარცვლიან სახესხვაობად აღწერილი Triticum dicoccoides var. timopheevii მიიჩნია დამოუკიდებელ, კულტურულ სახეობად – Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk.-ის სახელწოდებით (Жуковский, 1928).

1925 წ. მონაცემებით, ლეჩხუმში გვხვდებოდა Triticum timopheevii-ის სუფთა ნათესები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა უხსოვარი დროიდან იცნობდა „ზანდურის“ სახელწოდებით. იქაურ მცხოვრებთა გადმოცემით, ზანდური იძლევა შესანიშნავ, გემრიელ პურს. ცომს აქვს განსაკუთრებული არომატი, დიდხანს ინახება. ზანდური როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, იკრიფება „შნაკვით“ „ოდოშად“. თავთავების მოკრეფის შემდეგ ღერო მინდვრად რჩება 7-8 დღის განმავლობაში. შემდეგ მას თხრიან და გრილ, ნესტიან დარში კრავენ ძნად (სუპატაშვილი, 1929)

ლეჩხუმი, ხვამლის მთა

ხ. ვერმიშევის მიხედვით, რაჭის მაზრაში ითესებოდა „ზანდური“, „მახა“, „ხულუგო“ და „პური“; მახა და ზანდური, ძველთა გადმოცემით, შემოტანილია სამეგრელოდან, ითესება ცოტაოდენი, განსაკუთრებით ხვანჭკარის თემში (Вермишев, 1888).

არქეოლოგიური გამოკვლევებით მტკიცდება, რომ ზანდური საქართველოში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. ციხიაგორაზე აღმოჩენილი პალეობოტანიკური მასალის მიხედვით, აქ მოჰყავდათ ზანდური, მახა, ორმარცვალა, რბილი და ქონდარა ხორბალი. კულტურულ მცენარეთა ნაშთებთან ერთად გამოვლენილია მრავალი სარეველა. მათ შორის მნიშვნელოვანია მახობელი, რომელსაც, როგორც მინარევს, იყენებდნენ ხორბალთან ერთად. ეს მიგვანიშნებს საქართველოს ტერიტორიაზე პურის გამოცხობის უძველეს ტრადიციებზე (ძიძიგური, 2002).

სოფ. დიღომში, გვიანბრინჯაოს ხანის ნასახლარზე დაფიქსირებულია ჩელტა ზანდურისა და გვაწა ზანდურის კარბონიზირებული მარცვლების თანაარსებობა (მაისაია და სხვ., 2005).

ჩელტა ზანდურის გავრცელების არეალია: რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი (ცაგერი, ორბელი, ლაილაში, პატარა ონი, ხვანჭკარა, თამაკონი, გორდი, მექვენა, დღნორისა და სხვ.). ქვემო რაჭაში (ამბროლაური) ეს ხორბალი „ზანდურის“ ან „ჩელტა ზანდურის“, სამეგრელოში (სენაკის რ-ნი, სოფ. თამაკონი) „პიტა ქობალის“, ლეჩხუმში – „ზანდურის“ სახელწოდებით იყო ცნობილი (Менабде, 1948; მაყაშვილი, 1991).

ჩელტა ზანდური, პ. ნასყიდაშვილის (2013) მონაცემებით, კარგად ხარობს აღმოსავლეთ საქართველოშიც – მუხრანის ვაკეზე, გარდაბანში.

წყარო: „პური ჩვენი არსობისა“: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია.