ზეთისხილი (Olea europaea), ჯიშები, გაშენების თავისებურებები
ზეთისხილი სუბტროპიკულ ხეხილოვანთა შორის ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. მისი მასიური გავრცელება განაპირობა ნაყოფში უმაღლესი ხარისხის ზეთის (ზეითუნის) შემცველობამ.
ნაყოფი ხასიათდება უნიკალური შედგენილობით, რომელიც ყველა მცენარეულ ზეთზე მაღალხარისხიანია. მდიდარია B, E, C, D ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით – კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით. პროვანსის ზეთი, მიიღება ზეთისხილის მწიფე ნაყოფების მსუბუქი დაწნეხით. იგი უფერულია, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდიდარია ვიტამინებით. პროვანსის ზეთს ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ. მისი სისტემატური მოხმარება აუმჯობესებს მხედველობას და ამცირებს ონკოლოგიური დაავედებების რისკს. ნაყოფების ძლიერი ცივი დაწნეხით მიიღება ასევე ძვირფასი ზეთი, რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. დარჩენილი მასის ცხელი დაწნეხით იღებენ უფრო დაბალი ხარისხის ზეთს, რომელიც ზეითუნის სახელით არის ცნობილი და ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. დანარჩენი ნაყოფის მასა კარგი საკვებია ცხოველებისათვის.
ზეთისხილის ნაყოფი სასარგებლო და გემრიელი საკვები პროდუქტია. როგორც მწიფე, ასევე დაუმწიფებელი ნაყოფებისაგან მზადდება საუკეთესო მწნილები, მარინადები და კონსერვები. ზეთისხილი ძვირფასი დეკორატიული მცენარეა. ხის მერქანი გამოიყენება სადურგლო და სახარატო წარმოებაში.
ზეთისხილი მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებრთა (Olea) ოჯახიდან, ცნობილია ზეთისხილის 60-მდე სახეობა. ფოთლები მარტივი, ლანცეტა ფორმისაა. პატარა, მოთეთრო ფერის ყვავილები, შეკრებილია მტევნებად, ვეგეტაციას იწყებს მარტში, ყვავილობს მაისში, მშრალი სუბტროპიკული კლიმატის მცენარეა. ნაყოფი კურკიანი, ელიფსური ან მომრგვალოა, ნაყოფის კანი შავი, მუქი იისფერი ან მწვანე, წვნიანი, იჭმევა მწიფე, მწიფდება ნოემბერში. ნაყოფიდან რბილობის გამოსავალი 75-80%, რბილობიდან ზეთის გამოსავალი 25-50%. ზეთისხილის 4კგ/5კგ ნაყოფიდან გამოდის 1 ლიტრი ზეთი.
ზეთისხილის სამშობლოდ სირია ითვლება, გავრცელებულია საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთსა და საფრანგეთში. ჩვენთან უხსოვარი დროიდან არის გავრცელებული. ის საკმაოდ ყინვაგამძლეა, უძლებს _180 ყინვას. კარგად იტანს მშრალ და ცხელ კლიმატს, ნაკლებად ეგუება ტენიან გარემოს, დასავლეთ საქართველოში უნდა გაშენდეს ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე. კულტურული ზეთისხილის ხე მარადმწვანეა, სიმაღლით აღწევს 5-8, ზოგიერთ შემთხვევაში 15-22 მ-ს ვარჯი უმეტეს შემთხვევაში გაშლილია, ხშირად ოვალური და არასწორი, უხვად შეფოთლილი.
ცნობილია ზეთისხილის მრავალი ჯიში, მაგრამ საწარმოო მნიშვნელობა აქვს დაახლოებით 12-ს. მათ შორის საუკეთესო ჯიშებად ითვლება: მანზანილო, სევილიანო, ასკოლანო, მისიონი, გორდალი, ფარგა.
მანზანილო – ესპანური ჯიშია. უხვმოსავლიანი. ხე საშულო სიდიდისაა. ყვავილობს აპრილ-მაისში. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 6-7 გ, ფორმით მომრგვალო, სიმეტრიული, პრიალა, თითქმის მუქი ლალისფერი, დაუმუშავებლად მწარე გემოსი. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე ზეთის მისაღებად. გვხვდება მისი რამდენიმე ვარიაცია.
ასკოლანო – იტალიური ჯიშია. იძლევა ყველაზე დიდი ზომის ნაყოფს, რომელიც ელიფსური ფორმისაა, ღრმულებიანი, ღია ფერის შეფერვით, სრული სიმწიფის დროსაც კი, ამიტომაც ამ ჯიშს ზოგჯერ „თეთრ ზეთისხილს“ უწოდებენ. დამწიფების დროს იღებს საკმაოდ მუქ, ერთგვაროვან შეფერვას. სიმწარე ნაკლები აქვს. რბილობი ნაზია, დაკონსერვების დროს მაღალი ხარისხის პროდუქტს იძლევა.
სევილიანო – ესპანური ჯიშია. ხე საშუალო სიმაღლისაა. ნაყოფი ძალიან დიდი ზომისა, წონით 6-10 გ-ია, ფორმით ელიფსური. კანი თხელია, ნაყოფის დამწიფებისას პრიალა შავი ფერის. გამოიყენება ძირითადად ზეთის მისაღებად. აგრეთვე მწვანე ან მწიფე ნაყოფიდან მწნილის დასამზადებლად.
ადგილობრივი, ქართული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია:
თბილისური – გვხვდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ხასიათდება კარგი მსხმოიარობით. ხე მაღალმზარდია, რომელიც ინვითარებს კარგად შეფოთლილ და გადაშლილ ვარჯს. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 3-5 გ. ოვალური ფორმის, ნაყოფის ყუნწთან ოდნავ შებრტყელებული. კანი ნაზია, რბილობი კანქვეშ იისფერია. მწიფე ნაყოფი შეიცავს 60-70%-მდე ზეთს. კარგად იტანს როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემპერატურას. 20 წლიანი ხეები იძლევა 40 კგ-მდე მოსავალს. ნაყოფი ვარგისია როგორც სამწნილედ, ისე საკონსერვოდ. ზეთი მწვანე ქარვისფერია და დიდი არომატულობით გამოირჩევა.
ბუტკო – ნაყოფი ფორმით ქლიავს წააგავს; პატარა ან საშუალო ზომისაა, ფორმით ოვალურია, ნაყოფის ყუნწთან ცოტაოდენ შებრტყელებული. კანი შავია, მოცისფრო ნაფიფქით, თხელი, დამწიფების დროს ოდნავ ნაოჭდება. რბილობი ნაზია და შეიცავს ზეთის დიდ რაოდენობას. გამოიყენება საკონსერვოდ და ზეთის მისაღებად.
სოხუმური – გვხვდება სოხუმსა და ახალ ათონში. ხე საშუალო სიმაღლისაა. ინვითარებს სუსტად შეფოთლილ გადაშლილ ვარჯს, ხასიათდება საშუალო მსხმოიარობით. ნაყოფი კვერცხისებრია, საშუალო სიდიდის, წონით 2-4 გ. მწიფე ნაყოფის კანი შავია და დაფარულია თეთრი წინწკლებით, რბილობი მოთეთრო-მოყვითალოა. მწიფე ნაყოფში ზეთის შემცველობა 60-65%-ია. ყვავილობს მაისის ბოლოს. მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში. ძირითადად გამოიყენება სამწნილედ.
ახალ ათონური – ხე საშუალო სიმაღლისაა. ახასიათებს საშუალო მსხმოიარობა. ფოთლები ხაზური ლანცეტაა. ნაყოფი საშუალო ზომისაა, წონით 3-5 გ, მომრგვალო-ოვალური. კანი შავი ფერისაა წითელი ნაფიფქით. რბილობი ნაზი მოთეთრო-მოვარდისფრო. შეიცავს 60-65% ზეთს. ყინვის საშუალო ამტანია. ნაყოფი მწიფდება ნოემბერში და ძირითადად გამოიყენება სამწნილედ. ხასიათდება უხვი მსხმოიარობით.
ოთური – წარმოშობა უცნობია. გვხვდება ახალ ათონში, სოხუმის, თერჯოლისა და ბაღდადის რაიონებში. მცენარე ხასიათდება სწრაფი ზრდით. ჩვეულებრივ საშუალო სიმაღლისაა, ივითარებს ლამაზ გაშლილ, ძლიერად დატოტვილ, ხშირად შეფოთლილ ვარჯს. მსხმოიარობა უხვი, მიდრეკილება აქვს მეწლეობისაკენ. ახასიათებს გვალვა და ყინვაგამძლეობა. ყვავილობს მაისის ბოლოს. ჯვარედინი განაყოფიერების შემთხვევაში მოსავლიანობა საგრძნობლად იზრდება. ნაყოფი მსხვილი 9-14 გრ. ოვალური, სიმეტრიული, სანაყოფე ტოტებზე განლაგებულია ერთეულად. ნაყოფის კანი ნაზი, სიმწიფეში მოშავო-ლურჯი ფერის. კურკა- პატარა ზომის. ზეთიანობა – 65-68%. მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში. ნაყოფი საუკეთესოა, როგორც საკონსერვოდ, ისე ზეთის მისაღებად.
თოლგომური – წარმოშობილია კავკასიაში. სახელწოდება მიიღო ართვინის ოლქის სოფ. თოლგომიდან. უმეტესად გვხვდება ახალ ათონში. ხე საშუალო სიმაღლისაა, ივითარებს გადაშლილ, დატოტვილ, თხელ ვარჯს. ახასიათებს საშუალო რეგულარული მსხმოიარობა. მავნებელ-დაავადებების მიმართ ნაკლებ გამძლეა. ყვავილობს მაისის ბოლოს, მაღალი მოსავლის მისაღებად მოითხოვს დამამტვერიანებელს, ნაყოფი დიდია. მასით 5-7 გ. მომრგვალო-შებრუნეული კვერცხისებრი, ასიმეტრიული. მწიფე ნაყოფის კანი ნაზია. შავი ცვილისფერი ფიფქით დაფარული. კურკა დიდი ზომის. ზეთიანობა 70%. ნაყოფი მწიფდება ნოემბრის დასაწყისში. ნაყოფი ვარგისია როგორც საკონსერვოდ, ასევე ზეთის მისაღებად.
ზეთისხილი მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. საწარმოო პლანტაციების გაშენების დროს უპირატესობა ეძლევა ნერგების გამოყვანას გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით ან მყნობით ენიჭება, რადგანაც თესლით გამრავლებულ მცენარეებს ახასიათებს გადახრა ველური ფორმებისაკენ, ამიტომ მას საძირედ იყენებენ, რომელზედაც კვირტით ან კალმით ხდება კულტურული ჯიშების მყნობა ზეთისხილისათვის დამახასიათებელია ზრდის დაბალი ენერგია, ამიტომ დასაფესვიანებლად უნდა ავიღოთ პლასტიკური ნივთიერებებით მდიდარი, მომწიფებული, ორ-სამწლიანი ტოტები. კალმების დაფესვიანება ხდება პირველ წელს, ხოლო სტანდარტული ნერგების მისაღებად საჭიროა 2-3 წელი.
ზეთისხილის გასაშენებლად ვარგისია ვაკე, ქარებისაგან დაცული ფართობები. იქ სადაც ძლლიერი ქარები იცის, ეწყობა ქარსაფარი ზოლები. ვაკე ადგილებზე ტარდება პლანტაჟი 50-70 სმ. ორმოები მზადდება 50X50 სმ. დარგვა ტარდება 8X10 ან 8X8 მ კვების არით. დარგვის დროს თითოეულ მცენარეზე შეაქვთ 25 კგ-მდე გადამწვარი ნაკელი ან ტორფკომპოსტი, რომელიც ნიადაგში კარგად უნდა აირიოს. დარგვის ჩატარება შეიძლება გაზაფხულზე-მარტში და შემოდგომაზე-ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში, რათა ზამთრის დადგომამდე მცენარეები კარგად მოეჭიდონ ნიადაგს. დარგვისას მცენარეს ერთი მესამედით ვუმცირებთ ფესვებს და ტოტებს.
ზეთისხილი იზრდება ნელა, ამიტომ სრულმსხმოიარობამდე მისი რიგთაშორისები შესაძლებელია გამოვიყენთ სხვა კულტურებისათვის. ზაფხულში ოთხჯერ ტარდება ზეთისხილის ნარგავებში ნიადაგის გაფხვიერება. მსხმოიარე ბაღებისთვის ნიადაგის ტიპების მიხედვით რეკომენდირებულია ერთ ძირზე შეტანილ იქნეს: ნაკელი 40-60 – კგ; აზოტი 0,6-0,8 კგ; ფოსფორი 1-1,5 კგ; 0,5-0,8 კგ კალიუმი ღარიბ ნიადაგებში, ნიადაგის რეაქცის გათვალისწინებით.
ზამთარში და გაზაფხულზე საკმარისი ნალექების პირობებში მცენარე შეგვიძლია არ მოვრწყათ, თუ ზამთარი და გაზაფხული მშრალია, მოსავლის აღებამდე საჭიროა მოირწყას 2-ჯერ და მოსავლის აღების შემდეგ ერთხელ.
მავნებლები და დაავადებები დიდ ზიას აყენებენ ზეთისხილის ნარგაობას. ამცირებენ მის საექსპლუატაციო პერიოდს. აუარესებენ ნაყოფის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს. ამიტომ აუცილებელი მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული ღონისძიებები აგროვადების მკაცრი დაცვით.
სარეველების კონტროლისთვის გამოიყენება როგორც მექანიკური, გაფხვიერება-გამარგვლის მეთოდი, ასევე ქიმიურიც ჰერბიციდები, რომელიც ბაღში შეაქვთ მწკრივებში 80-100 სმ-ის ზოლებად. ბაღში იყენებენ კონტაქტურ და სისტემურ პრეპარატებს აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ ჰერბიციდი არ მოხვდეს მცენარის მწვანე ნაწილებზე. სარეველების კონტროლისთვის რიგთაშორისებში ახდენენ ვეგეტაციის პერიოდში ხშირი თიბვით. ასევე საჭიროა სეზონის განმავლობაში რიგთაშორისების მრავალჯერადი კულტივაცია.
ბაღში დამტვერვის აუცილებლობიდან გამომდინარე ძირითად ჯიშთან ერთად მიზანშეწონილია გავაშენოთ 1-2 დამამტვერიანებელი მცენარე.
ზეთისხილის კარგი მსხმოიარობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის წესიერ გასხვლას, რომელიც ტარდება 2-3 წელიწადში ერთხელ – გაზაფხულზე. მოცილებული უნდა იქნეს ძირის ამონაყრები, თუ ის გასამრავლებლად საჭირო არაა. განასხლავი ჭრილობები საჭიროა დამუშავდეს (წაესვას) ბაღის მალამოთი. შემოდგომით ხის ტანი და მთავარი ტოტები უნდა შეთეთრდეს კირის 10%-იანი ხსნარით.
ზეთისხილის ნაყოფი იკრიფები იმის მიხედვით თუ რა მიზნისათვის არის ის გათვალისწინებული. ზეთის მისაღებად ან დასამწნილებლად უნდა მოიკრიფოს ნოემბერ-დეკემბერში. მწვანედ დასამწნილებლად კი მის სრულ სიმწიფემდე – აგვისტო-სექტემბერში. ზეთის გამოხდა მხოლოდ მწიფე ნაყოფისგანაა შესაძლებელი.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი