პასიფლორა – (Passiflora incarnata)
პასიფლორა პასიფლორას ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც აერთიანებს 12 გვარსა და 300-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. წარმოადგენს ბუჩქოვან ან ბალახოვან მცენარეს, რომელიც ულვაშების გამოყენებით ეხვევა. იგი გავრცელებულია ამერიკის, აზიის და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. პასიფლორას ვნების ყვავილსაც უწოდებენ, წარმოშობით ბრაზილიიდანაა, ის მეტად ლამაზი მცენარეა.
პასიფლორას მიწისზედა ნაწილებისგან დამზადებულ სამკურნალო პრეპარატს „პასიფლორას ექსტრაქტს” მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა სახის ნერვულ დაავადებათა, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმის, უძილობის, კლიმატერიული მოშლილობისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ. პასიფლორას მრავალ სახეობას, ლამაზი ყვავილების გამო, ამრავლებენ, როგორც ოთახის დეკორატიულ მცენარეს, ხოლო ზოგიერთი მისი სახეობა იძლევა საჭმელად ვარგის ძვირფას ნაყოფს, რომელსაც იყენებენ, როგორც ნედლი სახით, ისე მურაბებისა და ჟელეს დასამზადებლად.
დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში კულტივირებულია პასიფლორა „ინცარნატა“, რომელიც ძვირფასი სამკურნალო და დეკორატიული სახეობაა. ის სითბოს მოყვარული მცენარეა, ჩვენს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ზამთარში მცენარე მთლიანად კარგავს მიწისზედა ნაწილებს და გაზაფხულზე ახალი ნაზარდები წარნმოიქმნება – ცოცხალ ფესვთა სისტემის ხარჯზე, მაისის მეორე ნახევარში, ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 198-211 დღეს, ნოემბრის პირველ ნახევრამდე. მცენარე ყვავილობს და მსხმოიარობს ვეგეტაციის პირველ წელსვე. ნაყოფები მწიფდება განვითარებულ ყლორტებზე 118-120 დღეს, ხოლო თესლნერგებზე 183-ე დღეს; ნიადაგის ზედაპირზე აღმონაცენს წარმოქმნის.
პასიფლორა სითბოს მოყვარული მცენარეა, კარგად ვითარდება დრენირებულ, ჰუმუსით მდიდარ, ფხვიერ ნიადაგებზე.
საუკეთესო წინამორბედად პასიფლორასათვის ითვლება სათოხნი კულტურები (სიმინდი, ალოე, თირკმლის ჩაი). ნიადაგის ძირითადი ხვნა ტარდება შემოდგომით, წინა მორბედი კულტურების მოსავლის აღების შემდეგ, 22-25 სმ სიღრმეზე, გაზაფხულზე დარგვის წინ სარგავ კვალში შეაქვთ ორგანული სასუქები _ 5 ტ/ჰა, ფოსფორიანი _ 250 კგ/ჰა და კალიუმიანი – 50 კგ/ჰა. აზოტიანი სასუქები შეაქვთ გამოკვების სახით, სამჯერ, 50-50 კგ.
სამრეწველო მიზნით პასიფლორას ამრავლებენ ვეგეტაციური წესით – გადაზამთრებული ფესურების ანაჭრებით. აპრილის დასაწყისში 10-15 სმ. სიგრძის ფესურის ანაჭრები ღია გრუნტში წინასწარ მოწყობილ, განოყიერებულ კვლებში უნდა მოათავსონ 15-20 სმ სიღრმეზე, 70×70 სმ. კვების არით.
თესლით გამრავლებისას იყენებენ ხარისხიან თესლს, რომლის თესვა წარმოებს 2-3 სმ. სიღრმეზე. თესვის ნორმაა 80-100 კგ/ჰა-ზე. მოსავლის აღება ხდება 3-4 ჯერ. ერთწლიანი კულტურის წარმოებისას მოსავლის აღება ორ ვადაში, ყვავილობის დაწყებისას და ვეგეტაციის ბოლოს; პირველად უნდა აჭრან მიწის ზედაპირიდან 20 სმ. სიმაღლეზე, შემდეგ, 3-ჯერ კი რამდენიმე სმ-ით მაღლა. აღებული ნედლეული უნდა გააშრონ სპეციალურ საშრობში. მშრალი მასის მოსავალი ჰექტარზე საშუალოდ არის 20-30 ც. მოსავლის აღება ხდება ხელით, ჭრიან მწვანე ნაწილს სეკატორით ან მჭრელი დანით.
აღებულ ნედლეულს აშრობენ სპეციალურ საშრობში, კარგად განიავებულ შენობაში. გაშრობილი მასალა ქუცმაცდება სპეციალურ საფქვავზე, უხეში ფქვილის სახით, შემდეგ იფუთება ყუთებში და იგზავნება დანიშნულებით, მშრალი მასის მოსავალი 20-30 ც-ია 1 ჰა-ზე. ტომრებში 15-20 კგ. პასიფლორას შენახვა შეიძლება 2 წლის განმავლობაში.
რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი