მთიანი რეგიონების განვითარების კანადური გამოცდილება
კანადის დასავლეთით ალბერტას პროვინციაში მდებარე კლდოვანი მთების (Rocky Mountains) ტერიტორიის უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს და სახელმწიფო სააგენტოების მიერ იმართება.
რამდენიმე ათწლეულის წინათ ალბერტას პროვინციის მთავრობამ კლდოვანი მთების აღმოსავლეთის კალთების მდგრადი განვითარების მიზნით, რესურსების ინტეგრირებული მართვის (IRMS) სტრატეგია დაამტკიცა. ეს ზონა მოიცავს 90 000 კვ/ კმ. მთებსა და ტყიან მთისძირებს. განვითარებულია სატყეო მეურნეობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტურიზმი, რეკრეაცია; აქვეა მრავალი მდინარის სათავე.
იმის გამო, რომ ტერიტორია იმართება საზოგადოებრივი სექტორის მიერ, პრიორიტეტული სწორედ საზოგადოებრივი ინტერესები და მიზნებია. ამ მიზნების მისაღწევად IRMS-მა ჩამოაყალიბა ინტეგრირებული რესურსების გეგმები (IRMS).
ამ გეგმების ძირითადი მიმართულებაა მოწყვლადი ტერიტორიების გამოვლენა, დელიმიტაცია და მათი გამორიცხვა სამრეწველო თუ კომერციული საქმიანობებისაგან. IRMS-ის შემუშავების პროცედურა წარმოადგენს ერთგვარ ფორუმს დაინტერესებული მხარეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის თვალსაზრისით.
IRMS გადაიქცა კანადის სხვა პროვინციაში რეგიონული დაგეგმვის მოდელად; იგი მიმართული იყო:
- მთიანეთის პრობლემატიკის რეგიონული ხედვის განსამტკიცებლად – შესაბამისი მიზნებისა და ინდიკატორების ჩათვლით;
- რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენისაკენ.
სტრატეგიის შემუშავებისას გამოყენებული იყო სიმულაციური მოდელირება ეკონომიკური და ეკოლოგიური კუმულატიური შედეგების გამოსავლენად, განვითარების სხვადასხვა სცენარის მიხედვით.
1999 წელს მიღებულ იქნა ახალი ნორმატიული აქტი – ალბერტას ვალდებულებები მდგრად რესურსებსა და გარემოსდაცვით მენეჯმენტში. წინა დოკუმენტთან შედარებით, ეს აქტი აფართოებს მდგრადი განვითარების ფილოსოფიას როგორც შინაარსობრივ-ფუნქციური, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.
2000 წელს ალბერტას პროვინციის მთავრობამ წამოიწყო ახალი პროექტი – ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთების მდგრადი რესურსებისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სტრატეგია; სტრატეგია ფარავს 40 000 კვ/ კმ. ტერიტორიას და წარმოადგენს პროტოტიპს ანალოგიური სტრატეგიებისათვის მთელს კანადაში.
რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის (1992 წ.) შემდეგ განვლილი ორი ათწლეულის მანძილზე, მრავალი ქვეყნის გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შემდეგ რეკომენდაციებს უწევენ ნაციონალურ მთავრობებს მთიანეთის მდგრადი განვითარების მიზნით:
- მთიანეთის აღიარება ნაციონალური განვითარების მნიშვნელოვან და სპეციფიკურ კომპონენტად;
- მთიანეთის მდგრადი განვითარების გათვალისწინება პოლიტიკურ დღის წესრიგში;
- კომპენსაციის სისტემის დანერგვა მთიანეთის მხრიდან ბარის ზონისთვის მიწოდებული რესურსებისა და მომსახურეობისათვის;
- მთიანეთის ეკონომიკური ცხოვრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა;
- სოციალური და საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება;
- სექტორული პოლიტიკის ადაპტირება მთიანეთის სპეციფიკურ ინტერესებთან;
- ადგილობრივი პოტენციალის გამოყენება ინოვაციების შემოსატანად;
- ცვლილებები ადგილობრივი კულტურული თავისებურებების დაკარგვის გარეშე;
- მთიანეთის ეკოსისტემების კონსერვაცია და ადრეული გაფრთხილების ფუნქციის შენარჩუნება;
- მთიანეთის მდგრადი განვითარების ინსტიტუციონალიზაცია;
- განსახლების სისტემებისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების (სქემების) წინმსწრები შემუშავება.
ამასთან ერთად, აღიარებულია, რომ არ არსებობს მთიანეთის მდგრადი განვითარების უნივერსალური, ერთიანი თარგი; ყველა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს თავისი საკუთარი პოლიტიკა მთიანეთის მიმართ.