მილიონობით ლარის აუთვისებელი ძვირფასი ბუნებრივი რესურსი, რომელიც წლიდან წლამდე უქმად იკარგება
ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანა გვაქვს, ჩვენი ტყე და მთისწინეთი, ბარზე აღარაფერს ვამბობ, სავსე ათასნაირი ძვირფასი ველური ხილით, კენკრით, კაკლოვანი კულტურებით: თხილით, ნიგვზით, წიფით, წაბლით, სამკურნალო თუ საკვები ბალახებით, ტყის საკვები სოკოებით და სხვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიმდიდრის მცირედითაც ვერ ვიყენებთ. არადა, ასეთი ფასდაუდებელი სიმდიდრით მსოფლიოში დღეს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.
დღეს ადამიანებზე გვინდა გიამბოთ, ვინც ცდილობს ამ სიმდიდრის სიკეთე ქვეყანას დაანახოს და ძალისხმევას არ იშურებს საქმეში მეზობლები და უკანა ფშავის მოსახლეობის ნაწილი, ვისზეც ხელი მიუწვდება, ჩართოს.
ქალბატონი ლია ბოძაშვილი უკანა ფშავის სოფელ შარახევში ცხოვრობს. სოფელი შარახევი თბილისიდან 70-ე კილომეტრზე მდებარეობს, დაახლოებით ერთი საათის სავალია. სოფლის გადასახვევამდე გზა მოასფალტებულია. ცენტრალური გზიდან სოფლამდე კი 4 კილომეტრი მოხრეშილი გზაა გასავლელი, რომელსაც კარგი არ ეთქმის, მაგრამ არც გაუსაძლისია, მსუბუქი მანქანით გადაადგილება არ ჭირს.
ქალბატონი ლია უკვე დიდი ხანია ცდილობს მიიქციოს ყურადღება, რომ ბუნების ძვირფასი ნობათი თავისი კუთხის, ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს. ჰოდა შემოიკრიბა თანამოაზრეები და კოოპერატივის „შარახევი-1“ შექმნა. კოოპერატივმა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაცია OXFAM-ის, საქართველოს და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის BLF-ის მხარდაჭერით მცირე საშრობი და სასაწყობე მეურნეობა შექმნა და მუშაობას შეუდგა.
კოოპერატივში 15 წევრია გაერთიანებული, ცხრა ქალბატონი და ექვსი მამაკაცი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება დამუშავება და რეალიზაციაა.
ამ რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია „საფერავიტვ“ და ჟურნალი „ახალი აგრარული საქართვეოლო“ უკანა ფშავში, სოფელ შარახევში კოოპერატივ „შარახევი-1“ ესტუმრა.
თუ რა საქმიანობას ეწევა კოოპერატივი, რა მიღწევების და გამოწვევების წინაშე დგას, გვესაუბრება კოოპერატივის თავმჯდომარე, ქალბატონი ლია ბოძაშვილი.
გადაცემა სრულად თანდართულ ტელეგადაცემაში: