რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს?
მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად 50%-იანი დაფინანსება მიიღონ.
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და მესამე – ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემების მოწყობა.
სამივე შემთხვევაში თანადაფინანსება არის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 ათასი ლარისა. ანუ, მაგალითად, თუ სათბური ფერმერს 40 ათასი ლარი უჯდება, პროგრამის ფარგლებში მიიღებს 20 ათას ლარს, მაგრამ თუ 340 ათასი ლარი უჯდება, მიიღებს მაქსიმუმ 50 ათას ლარს“, – გვითხრეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.
სააგენტოს განცხადებით, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 20 მაისისთვის ფერმერები შეძლებენ ამ ინფორმაციას გაეცნონ და ამავე გვერდზე პროგრამაში ჩართვის მიზნით დარეგისტრირდნენ.
წყარო:batumelebi.netgazeti.ge